"შეყვარებული ვარ... თან სიმშვიდეა ჩემს ცხოვრებაში, თან - ფორიაქი. გაურკვეველი სიყვარულია..." - კვირის პალიტრა

"შეყვარებული ვარ... თან სიმშვიდეა ჩემს ცხოვრებაში, თან - ფორიაქი. გაურკვეველი სიყვარულია..."

"ნარკოტიკზე დამოკიდებულება სისუსტეა"

"ჩემი ცოლის დაქალებში" მეგობრებისგან ნარკოტიკით მოწამლული მაკოს როლის შემსრულებელი ინგა ბალანჩინი პროფესიით მხატვარი, ფერმწერია. მას ცხოვრების დიდი პერიოდი საბერძნეთში აქვს გატარებული. მისი ცხოვრების ნაწილია სიმღერა, წლების წინ ბერძნულ მუსიკალურ მეგაშოუ "რისინგ სტარში" დიდი წარმატებით გამოვიდა. მსახიობობა ახალი გამოწვევაა, რომლის მიმართაც დიდ მიზიდულობას გრძნობს.

რა საერთო იპოვა საკუთარ პერსონაჟთან, რა სიძლიერე აღმოაჩინა საკუთარ თავში, რას ფიქრობს პრობლემაზე, რომლის სახელია ნარკოტიკი, და რისი თქმა შეუძლია დამოკიდებულების მქონე ადამიანებისთვის? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1995 წლის 25 ნოემბერი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მხატვარი. სულ ვხატავდი. ეს საქმე იყო ჩემი პირველი დიდი და ნამდვილი სიყვარული. სიმღერა ჩემს ცხოვრებაში მოგვიანებით შემოვიდა. როცა პროფესიული არჩევნის დრო დადგა, სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე, ფერმწერი ვარ.

- ფერწერა, მუსიკა, მსახიობობა...

- ...მუსიკა და მხატვრობა ერთ დონეზეა. როცა ვხატავ, მუსიკა ჩართული მაქვს. არა მხოლოდ შემსრულებელი ვარ, არამედ სიმღერის ტექსტებს ვწერ, კომპოზიციებზე ვმუშაობ. კონსერვატორიის შვიდწლედი მაქვს დამთავრებული, ფორტეპიანოზე ვუკრავ. კომპოზიციის აწყობაში მეგობრებიც მეხმარებიან. ჩემი ოცნება ჰოლივუდში მოხვედრაა, ჯერ დინებას მივყვები. მსახიობობა ახალი საქმეა, გამოწვევაა, მისდამი დიდი მიზიდულობა მაქვს.

- ჩემი სავიზიტო ბარათია...

- ...ჩემი ხასიათი. როგორი ვარ? უცნაური, ძლიერი, თავისუფალი. ყოველთვის ვცდილობ, ადამიანებს გავუგო.

- ჩემზე ამბობენ...

- ...ნიჭიერი, გიჟი და საინტერესო ადამიანიაო.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...არაფერს შევცვლიდი, ზუსტად იმავე გზას გავივლიდი, იმავე გამოწვევებით, გამოცდილებით.

- ჩემი პირველი წარმატება იყო...

- ...ბერძნულ მუსიკალურ მეგაშოუში გასვლა. ჩემი მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა ძალიან დიდი რისკი იყო, რადგან ასოციალური ადამიანი ვარ (სოციალური ქსელიც კი გაუქმებული მაქვს) და ეს რომ გავბედე, პირველ რიგში ჩემს თავთან მიღწეული წარმატება იყო, შემდეგ - შოუში მიღწეული წარმატება. საჯარო სივრცეში ჩემი პირველი გამოჩენა იყო. საბერძნეთში გავიზარდე. ჩემი ოჯახი იქ ცხოვრობდა, დედა და ჩემი ძმა ახლაც საბერძნეთში არიან, მე თბილისში მარტო ვარ.

- ემოცია, რომელიც ამ შოუმ მომიტანა...

- ...ძალიან უცხო იყო. მაგ დროს დაბალი თვითშეფასება და ზოგადად რთული პერიოდი მქონდა. შოუში გამოსვლამ, ჟიურის შეფასებებმა ჩემში გაკვირვება გამოიწვია. რა თქმა უნდა, ბედნიერი ვიყავი... საბერძნეთიდან 3 თვის წინ დავბრუნდი, ამ ორ ქვეყანას შორის ხშირად დავდივარ.

- სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები"...

- ...მოულოდნელად მოვხვდი. მათ ბაზაში ჩემი ვიდეო და მონაცემები ჰქონდათ. კონკრეტულად მაკოს როლისთვის კი არა, დაახლოებით ერთი წლის წინ გავგზავნე, მინდოდა, მათ ბაზაში ვყოფილიყავი. სრულიად მოულოდნელად დამიკავშირდნენ და მითხრეს, მაკოს როლზე დაგამტკიცეთო. მსახიობობის სურვილი და ინტერესი სულ მქონდა. რა თქმა უნდა, დავთანხმდი.

- ჩემი თვალით დანახული მაკო...

- ...როგორია?.. ეს გოგო მე მგავს. უფრო სწორად, 18 წლის ასაკში რომ ვიყავი, მაგ პერიოდის ინგას ჰგავს. ახლა, ამ ასაკში მის პრობლემას სხვაგვარად შევხვდებოდი, ტოქსიკურ ოჯახს გავექცეოდი. მაკო ჩემსავით ძლიერი არ არის. ჩემსა და ჩემს პერსონაჟს შორის მსგავსებებს ვპოულობ. მთლად ეგეთ ტოქსიკურ ოჯახში არ გავზრდილვარ, მაგრამ... ბებომ გამზარდა. დედა და მამა დაშორებულები არიან. დედა საბერძნეთშია, მამასთან ურთიერთობა დიდი ხანია, არ მქონია. ალბათ 4 წლის ვიქნებოდი, მახსოვს, ოჯახში როგორი დაძაბული გარემო იყო. მერწმუნეთ, ეს ბავშვზე ძალიან მოქმედებს. ზოგიერთი მოგონება გონებიდან წაშლილიც კი მაქვს, ძალით დავიწყებული. რა თქმა უნდა, იმ გარემოს უკვალოდ არ ჩაუვლია, ჩემს პიროვნებაზე მკვეთრად აისახა. დღევანდელი გადასახედიდან შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ცხოვრების რაღაც ეტაპზე შეიძლებოდა გავბოროტებულიყავი, ხელი ჩამექნია, მაგრამ ბევრი რამ სხვაგვარად გადავხარშე, მივიღე, როგორც გამოცდილება, ნეგატივისგან დადებითი რაღაც შევქმენი. მგონი, იმ პერიოდმა გამაძლიერა.

- როცა ოჯახის წევრებმა მაკოს როლში მიხილეს...

- ...ძალიან გაუკვირდათ. სამსახიობო გამოცდილება არ მქონია, ეს ჩემი პირველი როლია. მხარში მიდგანან. დედას ჰქონდა სურვილი, მსახიობი ყოფილიყო, მინდა, სურვილი ჩემი მსახიობობით ავუსრულო. ოჯახის წევრები ჩემით ამაყობენ, რაც დიდი სტიმულია.

- პრობლემა, სახელად ნარკოტიკი...

- ...ის პრობლემაა, რომელიც ადრეც არსებობდა, დღესაც არის და ალბათ მომავალშიც იქნება, რადგან ეს დიდი მაფიაა. ადამიანს ვერ აუკრძალავ, თავად უნდა მიიღოს შეგნებული გადაწყვეტილება. მე რომ შვილი მყავდეს, აუცილებლად დაველაპარაკებოდი, ავუხსნიდი, რაც არის, ყველაფერს გავაკეთებდი, რომ სწორად ახსნით ამერიდებინა. კლუბურ ნარკოტიკთან შეხება თავადაც მქონდა, ჩემი მხრიდან ეს ინტერესის დაკმაყოფილება იყო, გავსინჯე, დიდად არც უმოქმედია. როგორც ხელოვანს, მინდოდა, ჩემი თავი სხვა კუთხითაც გამეცნო. მსურს ბევრნაირ ინგას ვიცნობდე და ვიცოდე, თუნდაც ასეთ დროს რა შემიძლია. თავიდან არის ინტერესი, მერე შეჩვევა, მნიშვნელოვანია გარემო, დიდ როლს თამაშობს. მე საკმარისად ძლიერი აღმოვჩნდი. გავსინჯე, გავიგე, აღარ მაინტერესებს.

- ადამიანებს, რომლებსაც დღეს აქვთ ინტერესი, ვეტყვი...

- ...სუსტები ხართ! დიახ, ნარკოტიკზე (და ნებისმიერ რამეზე) დამოკიდებულება სისუსტეა. შეგახსენებთ, ყველა ადამიანში პატარა ბავშვი ცხოვრობს. ნებისმიერ რამეზე დამოკიდებულებით, თქვენში იმ პატარას ანადგურებთ. ეს ბავშვი არ ჩაკლათ, თქვენი ცხოვრებაც განადგურდება. ჩემი ამბავი დედას მოვუყევი. ჩვენ ერთმანეთის ყველაზე ახლო მეგობრები ვართ, ვდაქალობთ. დედამ მითხრა: - ხომ იცი, აღარ უნდა გაიმეოროო. - ვიცი-მეთქი, - ვუთხარი და ეს თემა აქ დავასრულეთ.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...შემიძლია, მარტო ვიყო ძლიერი.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...წონაში მოვიმატო, ძალიან გამხდარი ვარ.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...სამართლიანი ვარ.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...სპონტანურობას გამოვასწორებდი. შეიძლება, ეს თვისება ადამიანს საინტერესო პიროვნებადაც ხდიდეს, მაგრამ გამაღიზიანებელია. მიუხედავად იმისა, რომ იმ წუთებში სიამოვნებას მანიჭებს, მერე შედეგი ცუდია.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...რომ შეცდომები არ უნდა გაიმეორო.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...საერთოდ არ ვფიქრობ. ყველა გამოწვევას, რომელიც ცხოვრების გზაზე მხვდება, ვიღებ.

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...ბევრი რამის პატიება შემიძლია. ბევრი ცუდი საქციელის შემდეგ თუ შევძლებ ადამიანს ვაპატიო, მერე მის მიმართ ინტერესს ვკარგავ.

- ვიბნევი...

- ...როცა კომპლიმენტს მეუბნებიან. თითქოს სასიამოვნოა, მაგრამ... ვიბნევი, როცა მეკითხებიან, რას შვრები?

- ვნანობ...

- ...ბევრ რამეს, მაგრამ ზედაპირულად, სინანულით თავს არ ვიტანჯავ, ასეთი არც არაფერი ჩამიდენია.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...მშვიდად. აფორიაქებული ვარ. ადამიანის ცხოვრებაში კარგთან ერთად, ცუდიც ხომ ხდება. ახლა ამ კარგსა და ცუდს შორის ვარ "გადაჭიმული", არადა, სიმშვიდე მინდა.

- ...წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...მხოლოდ ჩემს თავს. სხვა შემთხვევაში, საკუთარ თავზე კონტროლს ნაკლებად ვკარგავ.

- მეზარება...

- ...ახალი რამის დაწყება, მაგალითად, ვარჯიშის. საჭმლის მომზადებაც მეზარება.

- სიყვარული - ეს...

- ...გულის აჩქარება იყო ბავშვობაში. ახლა სიყვარული სიმშვიდეა, ჰარმონიაა, ნდობაა, დაცულობის შეგრძნებაა.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...რისკიანი ვიყავი.

- ყველაზე დიდი სიგიჟე, რაც შეყვარებულს ჩამიდენია...

- ...თბილისიდან ქუთაისში გაპარვა იყო - იმ ბიჭის სანახავად, ვინც მიყვარდა. ჩემი კლასი ექსკურსიაზე მიდიოდა. კლასის ხელმძღვანელმა იცოდა, არ მივდიოდი. ბებიას კი ვუთხარი, რომ ექსკურსია მქონდა და ერთი დღით ქუთაისში წავედი. მაშინ 17 წლის ვიყავი.

- ახლა შეყვარებული...

- ...ვარ. თან სიმშვიდეა ჩემს ცხოვრებაში, თან - ფორიაქი. გაურკვეველი სიყვარულია. თითქოს ძალიან ნამდვილს და როგორზეც მიფიქრია, ისეთს ჰგავს, მაგრამ ცოტა გაურკვევლობებიც ახლავს.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...ჩემს საუკეთესო მეგობარ თორნიკეს. ჩვენ ბავშვობიდან ვმეგობრობთ.

- ვრისკავ...

- ...დღეს უკვე ნაკლებად, მაგრამ ძველი ინგა ძალიან რისკიანი იყო.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...ანუ რა დროს ვპატარავდები?.. როცა შეყვარებული ვარ. რატომ არის სიყვარული სისუსტე, არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ასეა.

- შიში მაქვს...

- ...ახლობლების დაკარგვის, გარდაცვალების.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...საჭმელი ჭამე, თავს მოუარე, ხატე, იმოქმედე.

- ვუფრთხილდები...

- ...საყვარელ ადამიანებს, ქუჩაში - ცხოველებს.

- ვიტყუები, როცა...

- ...სხვა გამოსავალი არ მაქვს, ეს იშვიათად ხდება.

- თავისუფლება არის...

- ...არჩევნის უფლება.

- მენატრება...

- ...ძმა და დედა.

- ბედისწერის...

- ...მჯერა. ნარკოტიკის თემაზე რომ ვლაპარაკობდით, ხშირია ამ დროს ერთმანეთის ცხოვრებაში ჩარევა. მართალია, რაღაც დოზით ეგ "ბუსტავს" ადამიანს, მაგრამ მგონია, ბედისწერა თავისას შვრება. ჩვენს ცხოვრებას სამყარო განაგებს. სამყაროს მიმართ უნდა ვიყოთ მომთმენნი, კარგი ბედისწერით რომ დაგვასაჩუქროს.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...განვმარტოვდები, ვხატავ, კარაოკეზე ვმღერი, საკუთარ თავს ველაპარაკები...

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...ბებიის დარიგებები მახსოვს. სხვას ისე მოექეცი, როგორც გინდა, შენ მოგექცნენო. ვცდილობ გავითვალისწინო, მეტწილად გამომდის.

- დიდი მადლობა გულწრფელობისთვის. დაბოლოს, გეტყვით...

- ...მინდა ყველამ გაიზიაროთ მარტოობის არსი. მარტოობა არ არის ტრაგედია. არ უნდა ვიყოთ ვინმეზე დამოკიდებულები. შფოთვები ახლავს განშორებებს, ეს არ უნდა აღიქვათ ტრაგიკულად. როცა საკუთარ თავთან მარტო რჩებით, გაიაზრეთ, თქვენი სახით რა მაგარი ვინმე გყავთ და ეს შეიყვარეთ, გაძლიერდებით, ცხოვრებაში გაცილებით მეტი რამ გამოგივათ. მარტოობის არასდროს შეგეშინდეთ.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი "გზა"