მეღვინეების 2021 წელი და იმედიანი მომავალი - კვირის პალიტრა

მეღვინეების 2021 წელი და იმედიანი მომავალი

2021 წელიც, წინა წლის მსგავსად, პანდემიისა და კიდევ არაერთი ფაქტორის გამო რთული აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, ადამიანების ნაწილი, სიძნელეების გათვალისწინებითა და განსაზღვრული წესების დაცვით, თავის საქმეს მაინც უძღვებოდა. მშრომელი და გამრჯე მეურნეები წლის განმავლობაში ჩვენი რესპონდენტებიც ყოფილან. ისინი თავიანთი გამოცდილების, ექსპერიმენტებისა თუ შედეგების შესახებ გვიამბობდნენ. როგორ დაასრულეს წელიწადი და როგორ აფასებენ საკუთარ შრომას წარმატებული მეურნეები, ამაზე თავად მოგვიყვებიან. ამჯერად ორი ფერმერი შევარჩიეთ: სანდრო მილორავა,­ მეღვინე თელავიდან და გივი ჩუბინიძე, მემარნე თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საზანოდან.

თელავში მილორავების საოჯახო მარანი პოპულარული ადგილია. იქ სტუმრობა მხოლოდ ღვინის დასაჭაშნიკებლად არ უყვართ, ამას ღვინის ხარისხი და გულითადი მასპინძლობა განაპირობებს.

megvine4-1641116157.jpg

"რა გეგმებიც გვქონდა, თითქმის 100%-ით შესრულებულია"

სანდრო მილორავა:

- წინა წელთან შედარებით, 2021 უკეთესი წელი აღმოჩნდა. მეტი ღვინოც გაიყიდა, სტუმარიც მეტი გვყავდა. ამაზე იმოქმედა პანდემიური შეზღუდვების შემსუბუქებამ, ვაქცინაციამ, ქვეყნების გახსნამ. რა გეგმებიც გვქონდა, თითქმის 100%-ით შესრულებულია.

- რას გულისხმობთ?

- ახალ პროექტს - ვენახების გაშენებას და იქ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას. დავრგეთ ქართული ყურძნის ჯიშები - ქისი, ხიხვი, მწვანე, რქაწითელი, ალექსანდროული, საფერავი და სამი არაქართული ჯიში: იტალიური მონტეპულჩანო (Montepulciano), ირანული ესირა და ესპანური ტემპრანილიო. მოსავალს 2-3 წელიწადში მივიღებთ.

megvine3-1641116157.jpg

- 2022 წლისთვის რა გეგმები გაქვთ?

- უკვე გაშენებულ ვენახებში ვგეგმავთ ახალი მარნის მშენებლობას. ჯერ ზუსტად არ ვიცით, დამდეგ თუ მომავალ წელს, მაგრამ აუცილებლად ავაშენებთ. ამ საქმისთვის საფუძველი უკვე ჩაყრილია, ამჟამად პროექტირება მიმდინარეობს.

- წარმატებულად განვლილი წლის ბოლოს დამდეგ 2022-ს როგორ ხვდებით?

- როგორც ყველა ქართული ოჯახი, ჩვენც ტრადიციულად შინ ვხვდებით. 31-ში თუ დაკვეთა გვაქვს (ზოგჯერ 4-5 თვით ადრე ჯავშნიან), რატომაც არა, ახალ წელს საინტერესო სტუმრებთან ერთად ვხვდებით. ახლა 2 იანვარს ფრანგ სტუმრებს ველოდებით - ცოლ-ქმარი მოდის, რომ ქართული ახალი წელი ნახონ. ჩვენი ტრადიციაა, სუფრაზე გვქონდეს გემრიელი კერძები, კარგი ღვინო და კარგი განწყობა. მეკვლეს წინასწარ არ ვირჩევთ, ვინც მოდის, ის არის ჩვენი მეკვლეც.

megvine2-1641116157.jpg

- როგორია ნაღდი საახალწლო კახური სუფრა?

- კახეთში, თითქმის ყველა ოჯახში, ძალიან გემრიელი საცივი მზადდება, ისევე, როგორც ღვინოს აყენებენ გემრიელს. მMერე კი სუფრა სურვილისა და გემოვნების მიხედვით მდიდრდება. ჩვენს ოჯახში საახალწლოდ გოზინაყი, საცივი და გოჭი ყოველთვის არის.

- რას უსურვებთ საქართველოს მოსახლეობას, ჩვენს მკითხველს?

- უპირველესად - ჯანმრთელობას, რადგან ეს მნიშვნელოვანია, მერე - გამარჯვებას, თავიანთი მიზნების 100%-ით განხორციელებას. ჩვენთან ჩამოსულ სტუმრებს კი კარგი ღვინის გასინჯვას და თავიანთ ქვეყნებში საქართველოზე საუკეთესო მოგონებებით დაბრუნებას. მგონია, რომ 2022 წელს პანდემია უნდა დასრულდეს.

გივი ჩუბინიძეს წინაპრებიც მემარნეები ჰყავდა - დიდი ბაბუა სოლომონ II-ის მემარნე იყო. ის მათ დაწყებულ საქმეს განაგრძობს. მუდმივად ეძებს სიახლეებს, წვლილი შეაქვს ვაზის ჯიშების გამრავლებასა და გადარჩენაში. მისი ეზო საკოლექციო ნაკვეთია, სადაც გავრცელებულ ვაზის ჯიშებთან ერთად იშვიათი და უნიკალური ჯიშებიც არის თავმოყრილი.

"საახალწლოდ ქვეყნის გაერთიანების, უკეთესი ცხოვრებისა და მომავლის სადღეგრძელოს შევსვამ"

გივი ჩუბინიძე: - 2021 წელი 2020-ს ნამდვილად სჯობდა. ტურისტების მხრივაც კარგი მდგომარეობა იყო და ღვინის რეალიზების მხრივაც. 2020-ში პანდემიის გამო შეშინებული ვიყავით, წლეულს კი გავთამამდით, ვაქცინაც შემოვიდა და გზებიც გაიხსნა. იმედი მაქვს, 2022 წელს უკეთესი მდგომარეობა იქნება და მსოფლიო პანდემიისგან გათავისუფლდება.

megvine5-1641116157.jpg

- შეძელით გასული წლის ჩანაფიქრის განხორციელება?

- ისეთ გეგმებს არ ვისახავ, რომ ვერ გავწვდე. წინსვლა ნამდვილად იყო. ნელი ნაბიჯებით, მაგრამ წინ მივდიოდით. წარმატებას ბოთლებში ჩამოსხმული ღვინის რაოდენობით არ ვთვლი. წარმატება იმ კმაყოფილი ადამიანების ემოციებია, რომლებიც ჩემს ღვინოს სინჯავენ და კმაყოფილებას გამოხატავენ, ასეთი კი წლეულს საკმარისად იყო.კარგი წელი იყო იმითაც, რომ მომავალი წლისთვის ახალი იდეები გააჩინა.

- თქვენს ზონაში ვაზის ჯიშების გამორჩეული კოლექციონერი ბრძანდებით. ამ კუთხით 2021 წელს რა სიახლეები გქონდათ?

- წლეულს პირველი მოსავალი მოვიდა იმერული წითელყურძნიანი ჯიშების - ქველოურისა და ადანასურის, მათგან სანიმუშოდ პირველი ღვინოც დავაყენე. ახალ ჯიშებს კი წლეულს 18-მდე დავამატე. მაისში, ვფიქრობ, 100 ჯიშამდე ავალ.

- 2022-ისთვის რა დაისახეთ მიზნად?

- მიზანია, კარგი და ნაყოფიერი ნაბიჯები გადაიდგას იაპონიისა და ამერიკის ბაზრებზე. მინდა, ამ ორ ქვეყანაში უფრო აქტიურად შევიდე. იაპონიაში ჩვენი ღვინო აქამდეც შედიოდა, მაგრამ მასშტაბის გაზრდა ურიგო არ იქნება.

- თქვენს საახალწლო ტრადიციებზე რას გვიამბობთ?

- იმერეთში ახალი წელი უფრო ძველით ახალ წელთან ასოცირდება, ანუ შობის შემდეგ. ტრადიციული სუფრა იშლება, სადაც ღორის თავი, საცივი და კარგი ღვინო აუცილებელია. ადრეულ წლებში, როცა ბებია ცოცხალი იყო, სარიტუალო პურს აცხობდა, რომელსაც მტევნის ფორმას აძლევდა. ასაკოვანი ადამიანები ამ პურს ისევ აცხობენ, აცხობენ ასევე რგოლებს, ბასილას მსგავსად, რომლითაც მერე ვენახში მიდიან, ბოსელში საქონელს რქაზე ჩამოაცვამენ... ეს ყველაფერი ნაყოფიერების, ბარაქის სიმბოლოდ მიიჩნევა.

- და რომელ სადღეგრძელოს სვამთ ყოველთვის?

- საახალწლოდ შევსვამ ქვეყნის გაერთიანების, უკეთესი ცხოვრებისა და მომავლის სადღეგრძელოს. ბოლო დროს ძალიან დაძაბული ვართ. ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ერთად ვართ და ასე ვექიშპებით ერთმანეთს. უნდა გავერთიანდეთ, რომ ჩვენს შვილებს უკეთესი მომავლისთვის ნიადაგი შევუქმნათ, ეს კი სიმდიდრესა და ქონებას არ ნიშნავს. ურთიერთობები უნდა ავაწყოთ.

- რას უსურვებთ ჩვენს მკითხველს?

- მშვიდობას, წარმატებას, ჯანმრთელობას, სწორი გეგმების დასახვასა და მათ შესრულებას.