აშმალახა! - დავაქორწინებთ თუ არა თბილისელ თორს ვეფხვის წელიწადში
ამბობენ, ვეფხვის წელი მოდისო, თუმცა მაინცდამაინც არც ამ სიმბოლოს მნიშვნელობა იციან და ვეფხვის შესახებაც მოკლედ იტყვიან, საშიში მხეცია, თუ გადაეყარე, უნდა გაიქცე და თან "აშმალახ" უნდა ეძახოო, არადა, ვეფხვის ხასიათის თავისებურებიდან გამომდინარე, თურმე კი არ უნდა გაიქცე, პირიქით, თვალებში უნდა ჩახედო და გვერდს აგივლისო. ვერ გეტყვით, ვის გამოუცდია ეს მეთოდი, რამდენისთვის აუვლია გვერდი ადამიანის თვალებში ცქერით დაბნეულ ვეფხვს და ღირს თუ არა მსგავსი ექსპერიმენტის ჩატარება, ერთი კია - ამ ულამაზესი მხეცის სანახავად ხშირად ვსტუმრობ თბილისის ზოოპარკს.
ზოოპარკელი ვეფხვები
სამყაროს ერთ-ერთი ულამაზესი ქმნილება, უსურიის ვეფხვი თორი, რამდენიმე წელია, ჩვენს ზოოპარკში, ბუნებრივ გარემოსთან მიახლოებულ ვოლიერში ცხოვრობს და მისი "ფანკლუბი" მოუთმენლად ველოდებით, ცოლს როდის მოჰგვრიან, რომ თორის მარტოხელა ცხოვრება დასრულდეს. ამ გიგანტურ მტაცებელს ისეთი კეთილი ფისოს გამომეტყველება აქვს, ზოგჯერ მგონია, ძალიანაც რომ ვეხვეწო, კბილსაც არ გამკრავს. თუმცა, არც ის მავიწყდება, რომ სიფრთხილეს თავი არ სტკივა. თორი, როგორც ყველა ვეფხვი, თუ დამშეული ან გამოუვალ მდგომარეობაში არ არის, მართალია, ადამიანზე არ ნადირობს, მაგრამ ცხვირწინ თითის ტრიალი, ალბათ, არ მოეწონება. თავის დროზე, არც თეთრ ვეფხვებს - მაქსიმუსსა და კამერონს მოეწონათ დაუდევარი ადამიანების ცდა, მათი ვოლიერის თავზე ენავარდათ და ეს ამბავი თავზეხელაღებულების დასახიჩრებით დასრულდა. მაქსიმუსი და კამერონი ზოოპარკის ულამაზესი ბინადრები იყვნენ, ვიდრე 13 ივნისის საშინელი ტრაგედია არ დატრიალდა და ყველაფერი მეწყერმა, ღვარცოფმა და წყალმა არ წალეკა. ძუ კამერონი იმ ღამითვე დაჭრეს სამაშველო ოპერაციაში ჩართულმა სპეცრაზმელებმა, თუმცა წყვილმა გაქცევა და დამალვა შეძლო, რამდენიმე დღეში კი თბილისი საშინელმა ამბავმა შეძრა - ვეფხვმა ადამიანი დაგლიჯა. მშიერმა და შეშინებულმა მაქსიმუსმა, რომელიც კამერონის ნეშტს დარაჯობდა, შენობაში შუქისა და ადამიანის გამოჩენა საფრთხედ მიიჩნია და უდანაშაულო ახალგაზრდა კაცი სიცოცხლეს გამოასალმა. ტრაგიკულად დასრულდა მისი სიცოცხლეც - გიგანტური თეთრი ვეფხვი, რომელიც ხელოვნურად შექმნილი ჯიშია და ბუნებრივ ჯიშებთან შედარებით უფრო აგრესიული, ტყვიით მოკლეს, არადა, მაქსიმუსი და კამერონი არაერთხელ მინახავს კატებივით მოკრუტუნე, სიამოვნებით ზურგს რომ აფხანინებდნენ ზოოპარკის დირექტორ ზურაბ გურიელიძეს. წყალდიდობამ მათი ორი შვილიც შეიწირა. ერთი დახურულ ვოლიერში დაიხრჩო, მეორემ, ბარბარემ კი, სახურავის ამონგრევა შეძლო, მაგრამ სპეცრაზმელის ტყვიამ იმსხვერპლა. საბედნიეროდ, მათი ათი ბოკვერი მანამდე გაშვილდა სხვადასხვა ზოოპარკში.
მოგეხსენებათ, ვეფხვები მშვენივრად ცურავენ და რომ არა ტყვია, 13 ივნისის სტიქიას ყველა ვეფხვი გადაურჩებოდა, მათ შორის - უსურიული ძუ ვეფხვი სალიმა, რომელიც თბილისში ბოკვერი ჩამოიყვანეს. ადამიანებს მიჩვეული ისეთი კეთილი და ჭკვიანი იყო, დიდ კნუტს ჰგავდა, თუმცა წყალდიდობის ღამეს იქ არავინ იყო, ვინც სალიმას ხასიათი იცოდა, ამიტომ ტყვია დაახალეს და წყალმა ისე შორს და ღრმად ჩამარხა, დიდხანს ეძებდნენ, როგორც ცოცხალს. სალიმასა და მაქსიმუსის სამი ბოკვერიც იმ ღამით დაიღუპა. გემახსოვრებათ, უკვე ვეფხვობაში გადამავალმა ბოკვრებმა სტიქიურ უბედურებამდე ცოტა ხნით ადრე, თამაშ-თამაშში, ცხოველების ცნობილი ძიძა გულიკო ვოლიერიდან ხელით დაითრიეს, რომელიც მოსაჭრელი გაუხდა. სტიქიის დროს, სამწუხაროდ, გულიკოც დაიღუპა.
ვეფხვი, როგორც ასეთი...
კატისებრთა ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენლის სხეულის სიგრძე 1,4-2,8 მეტრია; 60 სანტიმეტრიდან 1 მეტრამდე კუდი აქვს; იწონის 100-დან 300 კილოგრამამდე. წაგრძელებული სხეული მოხატული აქვს განივი ზოლებით. გავრცელებულია ჩრდილოეთ კორეაში, ჩინეთში, ინდოეთში, ინდოჩინეთში, მალაის არქიპელაგზე, ჩრდილოეთ ირანში, უსურიისა და ამურის მხარეებში, თალიშში, ამუდარიის ხეობაში, იშვიათად - თურქმენეთში. ვეფხვი ნადირობს მსხვილ ძუძუმწოვრებზე, იშვიათად - ფრინველზე, ქვეწარმავლებზე და სხვა. თუ დასჭირდა, თავს ესხმის ადამიანსაც. ვეფხვი 2-3 წელიწადში ერთხელ შობს 2-4 ბოკვერს.
სირბილის დროს 60 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს და 5-6 მეტრ სიგრძეზე ხტება.
თურმე ხვადი საკვებს ძუ ვეფხვებს და პატარებს უთმობს.
ვეფხვის წელი
2022 წლის ასტროლოგიურ, აღმოსავლურ სიმბოლოზე, ცისფერ ვეფხვზე, დაწვრილებით ასტროლოგები იტყვიან. ვეფხვი აღმოსავლური კალენდრის მესამე ნიშანია. ვეფხვის წელში დაბადებულები მეტისმეტად ამაყნი ყოფილან. დაუმორჩილებელი, შემტევი ხასიათი ჰქონიათ, რევოლუციები უყვართო. გარშემო მყოფებთან ხშირი კონფლიქტი და დაუფიქრებელი, სარისკო ნაბიჯების გადადგმა სჩვევიათ. ამ ხასიათიდან გამომდინარე, ამბობენ, ვეფხვის წელი მუდმივად დაძაბულია, რადგან არავინ იცის, როგორც ვეფხვი, საფრთხეც რომელი მხრიდან გამოჩნდებაო. რადგან ასტროლოგიურად ეს ნიშანი სიმართლის მოყვარულია, შევეცადოთ, ვიცხოვროთ სწორად, მოვეშვათ დაძაბულობას, თუ ვეფხვს ვერა, ვეფხვის წელიწადს თამამად ჩავხედოთ თვალებში და ისიც მშვიდად ჩაგვივლის. საკუთრივ ვეფხვებზე კი კაცობრიობას დიდი ზრუნვა მართებს, რომ გადავარჩინოთ სამყაროს ერთ-ერთი ულამაზესი პოპულაცია. იმის გამო, რომ ხშირად და იოლად ვერ მრავლდება და ბუნებაში დიდხანსაც ვერ ცოცხლობს თუნდაც ბრაკონიერების გამო, ვეფხვი ერთ-ერთი გაიშვიათებული ცხოველია. მეტიც - ზოგიერთი მისი ქვესახეობა სწორედ ბრაკონიერების გამო გაქრა.