საახალწლო მკითხაობა სვანურად, მეკვლე და აბრამიანი, სარიტუალო კვერები და ბასილა - როგორ ხვდებოდნენ ახალ წელს ძველად საქართველოში - კვირის პალიტრა

საახალწლო მკითხაობა სვანურად, მეკვლე და აბრამიანი, სარიტუალო კვერები და ბასილა - როგორ ხვდებოდნენ ახალ წელს ძველად საქართველოში

ახალი წლის დღესასწაულის მოახლოებას ოდითგანვე უჩვეულო ფუსფუსი და სამზადისი ახლდა თან.

იდუმალებით მოცული სადღესასწაულო განწყობა ადამიანებს დღესაც არ განელებიათ. ყველაზე იდუმალი და ჯადოსნური დღესასწაულის მისაგებებლად საგანგებოდ იქმნებოდა ადათები, რიტუალები, დალოცვები, ატრიბუტები, სარიტუალო კერძები - შუამავალი უზენაესსა და ადამიანს შორის. ჩვენც ცოტა ადრიანად შევუდგეთ საახალწლო ამბების გაზიარებას და ჩვენი წინაპრების საახალწლო განწყობიდან რამდენიმე ეპიზოდი გავაცოცხლოთ.

მტევანა და იმერული საახალწლო მილოცვა ვენახსა და მარანს

ახალი წელი ბედნიერების მოლოდინით აღსავსე დღესასწაულია და საახალწლო მოლოდინის იდუმალებით გარემოცული ძველი იმერლებიც ყველაფერს აკეთებდნენ სვე-ბედნიერი და ბარაქიანი წელიწადის "გამოსაძერწად". იმერელი გლეხკაცის ოჯახის ხვავსა და ბარაქას ძველთაგანვე ვაზი და ღვინო განსაზღვრავდა და საახალწლოდ უჩვეულოდ აფუსფუსებულ იმერლებს, არც ვენახი და ღვინის სახლი ავიწყდებოდათ...

ეთნოგრაფიულ ჩანაწერებში დასტურდება, რომ საახალწლოდ ცხვებოდა მტევნისგამოსახულებიანი სარიტუალო პური - მტევანა. საგანგებოდ შერჩეული მეკვლე მტევანას ვენახში წაიღებდა და ვაზს მიულოცავდა. ნინო თოფურია წერს: იმერეთში პურ-"მტევანი" ვენახში შეჰქონდათ, სამ მარცვალს ამოიღებდნენ, იქვე შეჭამდნენ, ვაზს გასხლავდნენ და ზედ მტევანას ჩამოჰკიდებდნენო.

იმერლების გენეტიკურმა მეხსიერებამ ლამის იყო, თანამედროვე სამყარომდე მოიტანა ვაზის ძირში დაკოდილი მამლის დაკვლის ადათი - გულით სჯეროდათ, თუ ვენახს კარგად ჩასუქებულ მამალს შესწირავდნენ, მამლის მსგავსად ჩასუქებულ მტევნებს მოისხამდა და უხვი მოსავალი დაებედებოდათ.

კიდევ ერთი აუცილებელი რიტუალი იყო მარნისთვის ახალი წლის მილოცვა. საახალწლო ხონჩითა და ანთებული სანთლებით ხელდამშვენებული ოჯახისთავი დედაწულიანად მიულოცავდა წმინდა ნაგებობას ახალი წლის შემობრძანებას. მერე საახალწლოდ საგანგებოდ გადანახულ საზედაშე ქვევრს თავს ახდიდნენ, პირთამდე სავსე ქვევრთან დაილოცებოდნენ, - ასე სავსე გვამყოფე, ასე მთელი გვამყოფეო! - და უზენაესის კეთილგანწყობის დაბევებით დაიმედებულები აგრძელებდნენ საახალწლო ზეიმს.

"სამკლოვიარო გვერგვი"

გვერგვი რაჭული საახალწლო გვირგვინია, რომელიც რაჭაში ძველად ვენახის მოსალოცად მიჰქონდათ და მამულის ანგელოზს ლერწის გამრავლებასა და მოსავლიან წელიწადს შესთხოვდნენ...

გვერგვი მზის ემბლემას განასახიერებდა და აუცილებლად მზის მსგავსი ფორმა უნდა მიეცათ. ახალი წლის წინადღეს ძველი რაჭველი ვენახში ცხრა ძირ საუკეთესო ვაზს შეარჩევდა, ყველას სათითაოდ შეაჭრიდა რქას და შინ დაბრუნებული, "სამკლოვიარო გვერგვის" გაკეთებას შეუდგებოდა: ვაზის რქებს ჯერ მზის დისკოს მსგავსად მოამრგვალებდა და ერთმანეთში შეაგრეხდა, მერე თხილის ხის აშოლტილ ტოტს დააჩიჩილაკებდა და საახალწლო გვირგვინს "ჯვრის სახედ" ჩაუმაგრებდა. გვერგვს კურკანტელებით (კუნელით) და სხვადასხვა ტკბილეულითა და მწვანე ტოტებით რთავდნენ.

ახალი წლის დღეს მეკვლე კერიის მოლოცვას მორჩებოდა თუ არა, მორთულ-მოკაზმული გვერგვითა და საზედაშე ღვინით სავსე დოქით ვენახისკენ გაეშურებოდა და თოვლის თეთრ საფარში გახვეულ ვენახში ბარაქიანობის დასაბევებლად მოლოცვის რიტუალს მართავდა. ბოლოს გულმხურვალედ დაილოცებოდა: ღმერთო დიდებულო, მამულის ანგელოზო, ლერწი გვიმრავლე და გაგვიხარე. სიკეთეში მოგვახმარე ხარისა და კაცის ნამუშევარიო. საახალწლო გვერგვიდან ამოღებულ ბზისა და ბაძგარის რამდენიმე რტოსაც მოაბნევდა ვენახში და ზეციური წყალობის დასაბევებლად გამართული მოლოცვის რიტუალიც სრულდებოდა...

ერთი უცნობი ამბავი საახალწლო ჩიჩილაკზე

ძველ საქართველოში, როდესაც ჯერ კიდევ წარმართული პანთეონის ღმერთების იმედად დარჩენილ ქართველს ახალი წლის მისტიკურობა მოიცავდა, უზენაესი ძალების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად თადარიგს ადრიანად იჭერდა. პირველ რიგში, თხილის ხის კარგად აშოლტილ ტოტს შეარჩევდა და ახალი წლის მთავარ ატრიბუტს - ჩიჩილაკს გამოთლიდა.

ჩვენი შორეული წინაპრების სააზროვნო სისტემაში მთავარ ღვთაებას მზე წარმოადგენდა. მზის სადგომ წმინდა ხედ თხილი ითვლებოდა და დიდ პატივს მიაგებდნენ. თხილის ხე მზესთან ძირითადად, ჩიჩილაკის სახით იყო დაკავშირებული და მის არსში მომავალი წლის ბედნიერება, დოვლათი და კეთილდღეობა იყო ჩატეული - ბედნიერებასა და სიუხვეს განასახიერებდა. სერგი მაკალათია ამბობს, რომ თხილის ხისგან გაკეთებული ხუჭუჭა გრძელთეთრწვერიანი ჩიჩილაკი მზის სიმბოლოდ იყო მიჩნეული და მასზე ხელის შეხებით ქართველი მეკვლე მომავალს წინასწარმეტყველებდაო.

საახალწლო მკითხაობა სვანურად, გვიზი და კერიაში გაცარებული ცეცხლი

ძველად სვანი ახალი წლის წინ საგანგებოდ მიდიოდა ტყეში, ხეს მოჭრიდა და ხის მოჭრის დროს დამდეგი წლის ავ-კარგიანობის ამოსაცნობად მკითხაობდა.

სვანეთში დღესასწაულისთვის ტყიდან მოჰქონდათ ხის მორიც. მას ჯვრის სახისებურად, თაფლსა და ერბოს წაუსვამდნენ, ზედ პატარა ბიჭს შესვამდნენ და სიმღერით შემოიყვანდნენ სახლში; სიმღერითვე სამჯერ წრიულად შემოტრიალდებოდნენ კერიის გარშემო, შემდეგ ბიჭს გადმოსვამდნენ და მორს კერიაში შეუკეთებდნენ, რომელიც დილამდე გუზგუზებდა. საერთოდ, საახალწლო რიტუალში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მეკვლისა და ოჯახის წევრების მიერ კერიაში ცეცხლის გაჩაღებას.

გვიზი კიდევ ერთი გამორჩეული საახალწლო ატრიბუტია, რომელსაც სვანები ძველთაგანვე ამზადებდნენ თხილის ხის ტოტებისგან. მას ვერცხლის მონეტებითა და საახალწლო ნუგბრით რთავდნენ. ახალი წლის დღესასწაულზე ოჯახში მისულ მეკვლეს გვიზს კართან მიაგებებდნენ და მეკვლეც მთელი გულით დაილოცებოდა გვიზზე, ოჯახის სვე-ბედნიერი წელიწადის გამოსათხოვად.

მეკვლე და აბრამიანი

საახალწლო სადღეობო რიტუალი რამდენიმე დღე გრძელდებოდა. რომელსაც სხვადასხვა სარიტუალო თავისებურება და ნაირსახეობა ახლდა, თუმცა არსებობდა რამდენიმე მთავარი ელემენტი, რომელიც საქართველოს ყველა ისტორიულ ეთნოგრაფიულ მხარეში ერთმანეთის მსგავსი გახლდათ, მაგალითად - მეკვლის ტრადიცია. ახალი წლის სადღესასწაულო დღეებში ოჯახს ჰყავდა რამდენიმე მეკვლე, უმეტესწილად - შინაური და გარე მეკვლე. მაგალითად, სვანეთში იცოდნენ წყლის მეკვლეც.

საახალწლო სამზადისის დასრულების შემდეგ მზადდებოდა საახალწლო ხონჩა, სამკვლევარი, ტაბლა - "აბრამიანი", მას საახალწლო რიტუალებში განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა. "აბრამიანი გახლავთ სხვადასხვა სანოვაგით შემკული ტაბლა. გლეხს სწამს, რომ საახალწლო ნატვრა შესრულდება, ამიტომ ყველას ულოცავს დღესასწაულს, კაციდან დაწყებული - საქონლამდე"; ყველაფერი მისალოცი "ხონჩაზედ აწყვია, ხონჩის შუა ღორის თავი ძევს და თვითონ დატვირთულს ხონჩას გარშემო წმინდა სანთლები უნთია, - აი, ეს არის აბრამიანი" (ხიზანიშვილი, 1940 წ.).

საოჯახო ლოცვის დასრულების შემდეგ ოჯახის უხუცესი წევრი მამაკაცი მისაკვლევი ტაბლითურთ, გავიდოდა სახლიდან და ღამეს სამეურნეო ნაგებობაში ათევდა. დილით ადრე ოჯახს ახალი წლის შემობრძანებას მიულოცავდა და ხვავს, ბარაქსა და სიხარულს უსურვებდა. ოჯახი ერთად შემოუსხდებოდა სუფრას და ამის შემდეგ მას ახალ წელს ულოცავდა წინასწარ საგანგებოდ შერჩეული გარე მეკვლე...

ალიონზე შემოაღებდა ჭიშკარს თუ კარს მეკვლე, რომლის დალოცვაც ამგვარი იყო: "შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი! ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისა!.."

მივიდოდა მეკვლე ბუხართან, აიღებდა დიდ მუგუზალს, გააყრევინებდა ნაპერწკლებს და შემოსძახებდა: - იმდენი სიხარული მოგცემოდეთ, რამდენიც ეს ნაპერწკლებიაო, ან კიდევ: - ამდენი ვაჟი, ამდენი ქალი, ამდენი ბარაქა და ოქრო-ვერცხლი დაგბედებოდეთო. - ამინ, უფალმა გისმინოსო! - ეტყოდნენ მასპინძლები. სუფრასთან მიიწვევდნენ, ხშირად საჩუქარსაც უძღვნიდნენ, ჭიქას ან თასს (ზოგან ყანწსაც!) აუვსებდნენ და კერას კიდევ ერთხელ დაალოცვინებდნენ...

სარიტუალო კვერები და ბასილა

საახალწლო დღესასწაულისთვის ყველა კუთხეში აუცილებლად ცხვებოდა სხვადასხვა გამოსახულებისა და ფუნქციური დატვირთვის ბედისკვერები და სარიტუალო პურები.

პირველ იანვარს, როდესაც ახალი წელი შემობრძანდებოდა, მოსახლეობა წმინდა ბასილის სახელზე ლოცულობდა. შემორჩენილია ლოცვის ტექსტები, სადაც მოიხსენიება წმინდა ბასილი. სწორედ მას შესთხოვდნენ ქართველები მშვიდობიან და ბარაქიან წელიწადს. ათეისტურ პერიოდში მეცნიერები მოკლებულნი იყვნენ კვლევის თავისუფლებას, იკრძალებოდა ქრისტიანული ელემენტების ყოფაში არსებობის შესახებ საუბარი, ამიტომ წმინდა ბასილისადმი მიძღვნილი რიტუალები წარმოდგენილია როგორც წარმართულ ღვთაება ბოსელისადმი მიძღვნილი ვარიაციები. არადა ვიცით, რომ პირველი იანვარი (ძველი სტილით) არის წმინდა ბასილის ხსენების დღე. ცხადია, წმინდა ბასილის შესახებ მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანობის პერიოდში მოსახლეობამ იცოდა და ხალხურ ყოფაშიც სრულდებოდა წმინდა ბასილისადმი აღვლენილი ლოცვაც. ასევე აცხობდნენ კაცის გამოსახულების სარიტუალო პურებს - ბასილებს, რომელიც სწორედ წმინდა ბასილისადმი იყო მიძღვნილი.

შორენა მერკვილაძე

ჟურნალი "გზა"