"პრეზიდენტმა თავისი ინიციატივით პოლიტიკური ელიტა ჩიხში მოაქცია...“ - კვირის პალიტრა

"პრეზიდენტმა თავისი ინიციატივით პოლიტიკური ელიტა ჩიხში მოაქცია...“

"საზოგადოდ, ანტივაქსერები ანარქისტები არიან და სახელმწიფო ინსტიტუტებს ეწინააღმდეგებიან, ჩვენ კი მათ ძალიან ბევრი მიმართულებით კოჭს ვუგორებთ“

საქართველომ პანდემიის გამო და პოლიტიკურადაც ურთულესი წელი მოიტოვა უკან. 2021-ის მიწურულიც მოვლენებით დატვირთული აღმოჩნდა. თუ ჯანდაცვის მინისტრის პოსტიდან ეკატერინე ტიკარაძის წასვლას მედია კარგა ხნის განმავლობაში წინასწარმეტყველებდა, პარლამენტის თავმჯდომარეობიდან კახა კუჭავას გადადგომა ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. საქართველოში დაბრუნების შემდგომ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში საინფორმაციო სივრცე მნიშვნელოვნად შეცვალა და, დიდი ალბათობით, ამ წლის დამდეგსაც ერთ-ერთი მთავარი თემა ისევ მესამე პრეზიდენტი იქნება, რომელიც 30 დეკემბერს გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში დააბრუნეს. გასული წლის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენების შეფასებითა და ახალი წლის პროგნოზით ჩვენი რუბრიკის სტუმარი ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძეა:

tvalchrelidze-sandro.jpg

- ნება მიბოძეთ თქვენს მკითხველს და მთელ საქართველოს მივულოცო ახალი წელი და ვუსურვო, რომ 2021 წლის გამოწვევები მეტად აღარ გვქონდეს. გამოწვევა კი სხვადასხვაგვარი იყო, მათ შორის ეპიდემიოლოგიური, პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური... თუმცა ქართველმა საზოგადოებამ, მიუხედავად პოლიტიკოსების არასწორი ქმედებებისა, მოახერხა მეტ-ნაკლებად გამკლავებოდა ამ პრობლემებს. შედეგად, ქვეყანა დარჩა პროცესების ისეთ ნაკადში, რომელიც მის განვითარებას უზრუნველყოფს.

როგორც მთელი 2021 წელი, ისე მისი მიწურულიც პოლიტიკურად აქტიური გამოდგა. ვფიქრობ, მართლაც მოულოდნელი იყო პარლამენტის თავმჯდომარეობიდან კახა კუჭავას წასვლა, თუმცა ამაში ახალი არაფერი ყოფილა, რადგან ასეთი წასვლები ამ ხელისუფლებაში მანამდეც არაერთხელ გვინახავს. ამ თემაზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ კახა კუჭავა ახალგაზრდა, გონიერი კაცია. ის ფიქრობს როგორც ქვეყანაზე, ასევე საკუთარ პერსპექტივაზეც. ჩემი აზრით, თანამედროვე ძალიან რთულ პოლიტიკურ ვითარებაში ის თავის ადგილს ეძებს. ვვარაუდობ, რომ მის სახელს კიდევ ხშირად გავიგებთ. ჩემი აზრით, ასევე არ შეიძლება ქალბატონი ეკატერინე ტიკარაძის "ჩამოწერაც", ნურავის ჰგონია, რომ ის დამარცხებული კოზირის ორიანია. ვფიქრობ, მას წინ საინტერესო საზოგადოებრივ-პოლიტიკური მომავალი აქვს. არ ვიცი, შეიძლება მეშლება კიდეც, მაგრამ ფაქტია, რომ ჯანდაცვის მინისტრობამ მას მოუწია ძალიან რთულ ვითარებაში, პანდემიისას, რომელთან გამკლავებასაც დიდი ძალისხმევა დაახარჯა. ბოლო პერიოდმაც აჩვენა, რომ ის ამბიციური და გამბედავი ადამიანია. ვნახოთ, მასაც და კუჭავასაც წარმატებას ვუსურვებ.

ჩემი აზრით, წინ კიდევ არაერთი მოულოდნელობა გველის. ვფიქრობ, მომავალ წელს კიდევ იქნება სამთავრობო ცვლილებები.

- წლის ბოლოს წამოიწყო ეროვნული თანხმობის პროცესი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც...

- ჩემი აზრით, პრეზიდენტმა ამ ინიციატივით პოლიტიკური ელიტა გარკვეულწილად ჩიხში მოაქცია. ვერავინ გაბედავს თქმას, რომ ეროვნული თანხმობა და პოლიტიკური შერიგება არ არის საჭირო. დღეს ყველა აღიარებს, რაოდენ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის პოლიტიკური დიალოგი. სალომე ზურაბიშვილს ახალი არაფერი უთქვამს, გაიმეორა ის, რაც ეწერა პრეზიდენტად კენჭისყრისას წარმოდგენილ მის წინასაარჩევნო პროგრამაში. კარგად მახსოვს, პროგრამის ერთ-ერთი მთავარი თეზისი იყო ქვეყანაში დაპირისპირებისა და რადიკალიზმის შემცირება. ის გამოცდილი დიპლომატი და პოლიტიკოსია და ძალიან კარგი დრო გამონახა ამისთვის. სურთ თუ არა, თანხმობაზე წასვლა პოლიტიკოსებს მოუწევთ. ყველაფერი დამოკიდებული იქნება რეალურ ვითარებაზე, იმაზე, თუ როგორი მოცემულობა გვექნება გაზაფხულზე, მაგრამ ის, რომ ამის წინააღმდეგ ვერავინ წავა, ცხადია. ჩვენს მოსახლეობას მართლაც სურს პოლიტიკური სიმშვიდე და ეროვნული თანხმობა. აქამდეც არაერთხელ მითქვამს, რომ დიდი სირცხვილია, რომ პოლიტიკური პარტიები უცხოელი შუამავლების გარეშე ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ. ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილი შეძლებს ამ პროცესის წარმატებით წარმართვას და გადატანითი მნიშვნელობით რომ ვთქვა, ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება რეანიმაციული მდგომარეობიდან ჩვეულებრივი გრიპის მდგომარეობაში გადავა.

- ამ ინიციატივას გამოეხმაურა მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ხოლო გორის ჰოსპიტალში მისი და გიორგი მარგველაშვილის შეხვედრის შემდგომ ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ სასურველი იქნებოდა მისი, სააკაშვილისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა...

- ჩემი აზრით, სალომე ზურაბიშვილს გათვლილი აქვს თავისი სტრატეგია და ტაქტიკა. ის შეხვდა გიორგი მარგველაშვილს, მაგრამ ამაზე კომენტარი არ გააკეთა, ისევე, როგორც არ გამოხმაურებია მარგველაშვილ-სააკაშვილის შეხვედრას და მათ ინიციატივას. ეს დაძრულ ტრამვაიზე შეხტომის მცდელობას ჰგავს, რათა არ დარჩნენ თამაშგარე მდგომარეობაში. ვფიქრობ, ყველას, ვისაც შეუძლია ამ პროცესში დადებითი როლის თამაში, უნდა მიეხმაროს პრეზიდენტს, მაგრამ უნდა მიეხმაროს მაშინ, როდესაც იდეის ინიციატორი ამას ითხოვს. სხვაგვარად ყველაფერი კარგი შეიძლება გაფუჭდეს. ასე რომ, ნებისმიერი კარგი იდეის გაფუჭება შესაძლებელია, მით უფრო, რომ მიხეილ სააკაშვილთან თანამშრომლობას ქალბატონი სალომე არ აპირებს. მან თქვა, რომ არასდროს შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს. დარწმუნებული ვარ, არც გადათქვამს. თუ სააკაშვილს ჰგონია, რომ პოზიტიურ როლს შეასრულებს ამ პროცესში, ვფიქრობ, ცდება. ჩემთვის ეს წარმოუდგენელია, რადგან მისი ქმედებები აქამდე, ძირითადად, ერის გახლეჩისკენ იყო მიმართული.

- წინასაახალწლოდ ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტლიდან ისევ რუსთავის ციხეში გადაყვანა გადაწყვიტა. უკრაინის ომბუდსმენისა და ქართველი უფლებადამცველების თქმითაც, როგორც სააკაშვილს ექცევა ხელისუფლება, ეს წამების ტოლფასია, მით უფრო, როგორც მისი ადვოკატები ამბობენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა... ჩამოსვლის დღიდან სააკაშვილი ქვეყანაში დესტაბილიზაციის ფაქტორად იქცა. სავარაუდოდ, იგივე გაგრძელდება წელსაც. უპრიანი ხომ არ იქნებოდა, ის თუნდაც ჯანმრთელობის მდგომარეობის მოტივით გაუშვან ქვეყნიდან. ბოლოს და ბოლოს, ექსპრეზიდენტი უკრაინის მოქალაქეა...

- ვერც მე, ვერც თქვენ და ვერც რომელიმე გარეშე ადამიანი ვერ გადაწყვეტდა, უნდა გადაეყვანათ თუ არა სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან. ეს იყო მისი მკურნალი ექიმების პრეროგატივა და როგორც ჩანს, მიიჩნიეს შესაძლებლად გადაყვანა. როგორც ითქვა, ეს მოხდა კანონის დაცვით. ჩემი აზრით, წამებაზე ლაპარაკი ძალიან არასწორია. თუ გვინდა ვიყოთ დასავლური დემოკრატიის ქვეყანა, კანონის უზენაესობას უნდა ვცეთ პატივი. კანონი სალომე ზურაბიშვილისთვისაც, მიხეილ სააკაშვილისთვისაც, ჩემთვისაც და თქვენთვისაც ერთი უნდა იყოს. სააკაშვილს მისჯილი აქვს პატიმრობა. იმისთვის, რომ ის გაიყვანონ ქვეყნიდან, ჯერ სასამართლოს დადგენილებით უნდა მოხდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა. დადგინდეს, რომ ნამდვილად ავად არის, რომ ამ ავადმყოფობას საქართველოში ვერ კურნავენ და მხოლოდ ამის შემდგომ, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაძლებელი იქნება მისი უცხოეთში გადაყვანა.ის, რომ 200 კაცი შიმშილობს, ან თუ ისევ დაიწყო შიმშილობა, ეს მისი ციხიდან გამოშვების საფუძველი ვერ გახდება. მას ამის გამო არავინ გაათავისუფლებს. რომც უნდოდეთ, ამას ვერ გააკეთებენ, რადგან საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ამას ხელისუფლებას არ აპატიებს. ამ ქვეყანაში სააკაშვილის რამდენი მომხრეც არის, ორჯერ მეტი მოწინააღმდეგეა. სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, მაგრამ ის არის საქართველოში, ამ ქვეყნის კანონმდებლობით მსჯავრდადებული. სხვა საქმეა, არის თუ არა მისი პატიმრობა პოლიტიკურად მოტივირებული. ფაქტია, ქართულმა სასამართლომ მიიღო მისი პატიმრობის გადაწყვეტილება, სტრასბურგმა კი მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა. ეს არის მოცემულობა, ამას ვერავინ აუვლის გვერდს.

- გასულ წელს პოლიტიკურ პროცესებში ჩვენი დასავლელი პარტნიორების უპრეცედენტო მონაწილეობა ვნახეთ. მარტო ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის არაერთი ვიზიტი რად ღირს, რის შედეგადაც ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმება შედგა. თუმცა საბოლოოდ "ქართულმა ოცნებამ" ცალმხრივად ისე დატოვა შეთანხმება, რომ მისი პუნქტების ნაწილი შეუსრულებელი დარჩა...

- ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ჩართულობა. ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმებამ კი ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება განმუხტა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ თვითონ მიშელმაც მშვენივრად იცოდა, რომ ამ შეთანხმების ყველა პუნქტი ვერ შესრულდებოდა. მაგრამ ეს იყო პოლიტიკური ილეთი, სვლა. ის ჩვენს პოლიტიკოსებზე ბევრად ჭკვიანია და მან მიაღწია მიზანს - ბოლოს და ბოლოს, შეძლო და უზრუნველყო პარლამენტში ყველა საპარლამენტო პოლიტიკური ძალის შესვლა და ასევე მეტ-ნაკლებად უზრუნველყო "ქართულ ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" დიალოგი. ვფიქრობ, სწორედ ამ ჩართულობის შედეგია, რომ ძალიან მკვეთრად შეიცვალა ჩვენი პოლიტიკოსების რიტორიკის შინაარსი. მაგალითად, შეგვიძლია ავიღოთ ნიკა მელიას აპრილის და დღევანდელი განცხადებები, ისინი ცა და დედამიწასავით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ეს ჩვენი დასავლელი პარტნიორების, განსაკუთრებით კი შარლ მიშელის დამსახურებაა. მან, როგორც გროსმაისტერმა, ჩვენს პირველთანრიგოსან პოლიტიკოსებს ჩაუტარა პოლიტიკური გაკვეთილი და აჩვენა, რა არის რეალური პოლიტიკა. ჩვენმა ახალბედა პოლიტიკოსებმა თუ გამოიტანეს აქედან დასკვნა, ძალიან კარგი... ამ თვალსაზრისითაც, ვფიქრობ, ეს პროცესი ძალიან წარმატებული იყო.

- 2021 საარჩევნო წელი გახლდათ. საინტერესო გამოდგა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. თითქოს გამოჩნდა მესამე პოლიტიკური ძალის კონტურები - ოპოზიციაში წასული ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიამ კარგი სასტარტო შედეგი აჩვენა. 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში კი მერის გამოსავლენად მეორე ტურის გამართვა გახდა საჭირო...

- როგორც თავის დროზე ვივარაუდე, არაერთ ქალაქში გაიმართა მეორე ტური, მაგრამ უმეტესად გაიმარჯვა მმართველმა პარტიამ, რაც მოსალოდნელი იყო. რაც შეეხება მესამე ცენტრის გაძლიერებას, ამ თვალსაზრისით მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებ. გახარია მნიშვნელოვნად დააზარალა მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამ, მაგრამ ვხედავთ, რომ მისი პარტია საკრებულოებში მნიშვნელოვნად არის წარმოდგენილი და მისი წარმომადგენლების გარეშე გადაწყვეტილებებს ბევრგან, ფაქტობრივად, ვერ იღებენ. ამ არჩევნებმა კიდევ უფრო ცხადად აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ეძებს მესამე ძალას. ამიტომ გახარია და კიდევ რამდენიმე პატარა პარტია, თუ სწორი სტრატეგიით დაგეგმავენ თავიანთ საქმიანობას, ჩემი აზრით, 2024 წელს შესაძლოა კოალიციური მთავრობა გვყავდეს.

- გასული წლის მნიშვნელოვან მოვლენებში უნდა ვახსენოთ "ნამახვანჰესის" გამო განვითარებული პროცესები, პროტესტი, რასაც კომპანიისგან პროექტზე უარის თქმა მოჰყვა...

- დარწმუნებული ვარ, რომ "ნამახვანჰესის" წინააღმდეგ ბრძოლა იყო რუსული ინტერესებით გამოწვეული. ის, რომ ჩვენი მთავრობა დაჰყვა ამ პროტესტს და კომპანიას შეუცვალა პირობები, ყოვლად გაუმართლებელია, მიუხედავად იმისა, რომ ეს პირობები არ იყო მთლად გამართული, რაც პირდაპირ თეა წულუკიანის სინდისზეა. "ნამახვანჰესი" აუცილებლად უნდა აშენდეს. ნებისმიერი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამ პროექტის წინააღმდეგ წავა, ამ ქვეყნის არაკეთილმოსურნეა...

- რუსეთი ახსენეთ და, მთელი გასული წლის განმავლობაში ვხედავდით, ეს ქვეყანა რაოდენ კონფრონტაციულად იქცეოდა, წლის მიწურულს კი, ფაქტობრივად, შეტევაზე გადავიდა - უკრაინის საზღვართან უპრეცედენტოდ დიდი სამხედრო კონტინგენტი განათავსა. ვნახეთ აშშ-სა და ნატოსთვის წაყენებული მისი ულტიმატუმი - კრემლის მომზადებული ე.წ. შეთანხმების პროექტების თანახმად, ნატომ უარი უნდა თქვას აღმოსავლეთით გაფართოებაზე.

- რუსეთმა ბოლოდროინდელი რადიკალური ქმედებებით, ფაქტობრივად, აშშ და ნატო აიძულა მასთან მოლაპარაკებას დასთანხმებოდნენ. თუმცა, ჩემი აზრით, ამაზე მეტს ვერაფერს მიაღწევენ. თუმცა ამ პროცესით თავის მოსახლეობას ცოტას დააწყნარებს. მოკლედ, ჩემი აზრით, ეს ყველაფერი არის შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე გათვლილი. რუსეთში სრული ეკონომიკური კოლაფსია. სანქტ-პეტერბურგისა და მოსკოვის გარდა, თითქმის ყველგან უმძიმესი მდგომარეობაა. ეს პუტინმა ვიღაცას უნდა დააბრალოს, ახლა ადგა და ისე ცდილობს ვითარების წარმოჩენას, თითქოს ეს ნატოს, უკრაინისა და საქართველოს ბრალია. საქმე ის არის, რომ რუსეთი ეკონომიკურად 2-კვირიან ომსაც ვერ გაუძლებს. თუ ეს გაბედა უკრაინაში, ეს იქნება მისი, როგორც ფედერალური სახელმწიფოს დასასრულის დასაწყისი. ვფიქრობ, პუტინმა ეს კარგად იცის, მაგრამ დანის პირზე გავლას და დასავლეთისგან რაღაც დივიდენდების მიღებას ცდილობს, მაგრამ როგორ მოახერხებს, არ ვიცი.ვფიქრობ, ნატოც და აშშ-ც მომავალ წელს პოლიტიკურ-ეკონომიკურად უფრო იაქტიურებენ შავი ზღვის რეგიონში. ამიტომაც უმნიშვნელოვანესი იყო ანაკლიის პორტის აშენება. არ მინდა ამ საახალწლოდ ვინმე მწარედ გავაკრიტიკო, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ამ პროექტის შეჩერება ჩვენი, ქართული სიბეცის ბრალია. ჩვენი უსაფრთხოების გარანტიები ამ პროექტის აშენების შემთხვევაში ხარისხობრივად გაცილებით მაღალ დონეზე ავიდოდა.

- მსოფლიომ პანდემიის მეორე წელი მოიტოვა უკან. ჩვენთვის 2021 გაცილებით მძიმე გამოდგა. ახლა უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პანდემიის მართვაში არაერთი შეცდომა იქნა დაშვებული...

- გეთანხმებით, რომ საქართველოში პანდემია, განსაკუთრებით გასულ წელს, არასწორად მართეს და ეს განაპირობა იმან, რომ საკოორდინაციო საბჭოში არ იყო ერთსულოვნება, პოლიტიკოსები არ უსმენდნენ პროფესიონალებს... ამასთანავე, მომხდარში უარყოფითი წვლილი შეიტანა ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმაც. ჩემთვის დიდი შოკი იყო, რომ ჩვენს საზოგადოებაში ანტივაქსერების ამხელა წილი აღმოჩნდა. საზოგადოდ, ანტივაქსერები ანარქისტები არიან და სახელმწიფო ინსტიტუტებს ეწინააღმდეგებიან, ჩვენ კი მათ ძალიან ბევრი მიმართულებით კოჭს ვუგორებთ. განსაკუთრებით ამჟამინდელი სამთავრობო ადმინისტრაცია, რაც ძალიან ცუდია. დიდი იმედი მაქვს, კორონავირუსის ახალი შტამი "ომიკრონი" დაასრულებს პანდემიას, თუმცა საქართველოში მაინც დიდი იქნება მსხვერპლი, გაცილებით მეტი, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო სწორი სამთავრობო და არა ეპიდემიოლოგიური მართვის პირობებში.

- დასასრულ, თქვენი აზრით, პოლიტიკურად როგორი წელი იქნება 2022?

- რთულია პროგნოზის გაკეთება. სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური კლასი სხვისი კი არა, საკუთარ შეცდომებზე ვერაფერს სწავლობს. მაგალითად, ბოლო წელმაც აჩვენა, რომ ქართველი საზოგადოება პოლიტიკოსების დაძახილზე ქუჩაში არ გადის. მეტიც, აღარ მოსწონთ პოლიტიკური პროცესის ქუჩაში გადატანა, თუმცა ოპოზიცია ისევ ჯიუტად ექაჩება ხალხს აქციებზე, საბოლოოდ კი ვხედავთ, რომ ყველაზე ორგანიზებული საპროტესტო მანიფესტაციებზეც კი 20 ათასი კაცი ძლივს გადის. ახალი ტექნოლოგიებია მოსაფიქრებელი, ახლებური მიდგომები... ხალხს პრობლემების მოგვარებაზე უნდა ელაპარაკო, მათი გადაჭრის გზებზე იფიქრო. რაც ნაკლებად რადიკალური იქნება ოპოზიცია, მით მეტ პოლიტიკურ გამარჯვებას მოიპოვებს. რაც შეეხება ხელისუფლებას, მიმაჩნია, რომ ამ მთავრობის ყველაზე დიდი პრობლემა ეკონომიკის არასწორად მართვაა. კვლავ გვესმის ლოზუნგები, არიქა, ტურიზმი განვავითაროთო. არადა, თანამედროვე გლობალიზებულ სამყაროს სულ სხვა მექანიზმები და საშუალებები სჭირდება. თუ მთავრობამ არ შეცვალა მიდგომები, სხვა ვერაფერი მოიგონა, ჩვენ კვლავაც განწირული ვიქნებით სიღარიბისთვის.