"ირაკლი, შენ არ იცი, რა გელის... შენ შეძლებ იმას, რაც არავის გაუკეთებია! - ეს იყო განგება ღვთისა!" - კვირის პალიტრა

"ირაკლი, შენ არ იცი, რა გელის... შენ შეძლებ იმას, რაც არავის გაუკეთებია! - ეს იყო განგება ღვთისა!"

4 იანვარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების დღეა. პატრიარქს დაბადებიდან 89 წელი შეუსრულდა. "კვირის პალიტრა" ულოცავს იუბილეს მის უწმინდესობას და ჯანმრთელობასა და მხნეობას უსურვებს. ძალიან დიდი ხნის წინ უწმინდესმა შემოიკრიბა და შემოიმტკიცა ხალხი. ჯერ პირჯვრის სწორად გადაწერა ასწავლა, მერე საეკლესიო წესების სხვა ნიუანსები. ყველას ქედი მოუხარა და ამ დიდი თავმდაბლობის შედეგად დაიწყო დიდი გამოღვიძება, რომელსაც თვითონვე უწოდა "მზიანი ღამე". 44 წელი მოსესავით, ცოდვით აზვირთებული ოკეანიდან გამოიყვანა სამწყსო და დღემდე წინ მიუძღვის დედაეკლესიას. იგი ყოველთვის ადამიანების მხარესაა, არა აქვს მნიშვნელობა, მორწმუნეა თუ ათეისტი, ის ყველას პატივს სცემს. ერთხელ მუსლიმი შეიხი ეწვია ოჯახით, ხელზე ემთხვია უწმინდესს­ და ასე მიმართა: "მინდა გამოგიტყდეთ, რომ თქვენ ჩემი ოჯახისთვის ხართ წმინდანი! ამიტომ გაახლეთ ჩემი ოჯახის წევრებიც, რომ ისინი გემთხვიონ ხელზე"... ერთმა უცხოელმა დიპლომატმა პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ ჰოლში მყოფ დედებს მიმართა: "თქვენი ქვეყნის ნომერი პირველი დიპლომატი თქვენი პატრიარქია, დანარჩენებმა კი უნდა მიჰბაძონ მას".უწმინდესის სიყვარულმა, მოწყალებამ, სულგრძელობამ და სიბრძნემ მძიმე წლებში არაერთხელ გადაარჩინა საქართველო დაღუპვას. ამ წლების განმავლობაში რამდენი განსაცდელი, დარდი და ტკივილი დაითმინა მისმა გულმა. როცა უწმინდესის გვერდით ხარ, გგონია, შენთან ამქვეყნად ყველაზე ახლოსაა და ყველაზე მეტად ესმის შენი. ბევრი გადაიტანა და ახლაც გადააქვს, მაგრამ გაუძლო და ახლაც უძლებს ჩვენ გამო, თითოეული ადამიანის გამო, უფალმა ის ჩვენთვის გამოარჩია.

...შენ შეძლებ იმას, რაც არავის გაუკეთებია!

ჯერ კიდევ მისი სტუდენტობისას ასეთი­ რამ გადახდა უწმინდესს: საძინებელ­ ოთახში რამდენიმე სტუდენტი ერთად ცხოვრობდა. ერთ ღამეს, როდესაც ყველას ეძინა, ერთ-ერთ მათგანს ხმა ჩაესმა: - ირაკლი, შენ არ იცი, რა გელის... შენ შეძლებ იმას, რაც არავის გაუკეთებია! - სტუდენტმა თავი წამოსწია, რომ ენახა, ვინ ელაპარაკებოდა. მის გვერდით ყველას ეძინა.

patriarqi-1641118304.jpg

ეს იყო განგება ღვთისა!

"ჩემი აღკვეცის დროს, როცა მონაზვნებმა თავიანთი მანტიები გადამაფარეს, რატომღაც მეგონა, რომ ერეკლეს“ მიწოდებდნენ. ჩვენს ოჯახში კარგად იცნობდნენ მეფე ერეკლეს ცხოვრებას და ჩემს მშობლებს ძალიან უყვარდათ იგი. სწორედ მის პატივსაცემად მიწოდეს ირაკლი. და­ აი, ველოდებოდი, რა სახელს იტყოდნენ. მეუფე ზინობმა კი უეცრად წარმოთქვა: ილია! ეს მოულოდნელი იყო ჩემთვის და თითქოს შევწუხდი კიდეც ამის გამო. სიტყვას და მით უფრო, სახელს, საოცრად დიდი ძალა აქვს. ერეკლე ნიშნავს ფიზიკურ ძალას,„ილია“ კი - ღვთის ძალას. საოცარი დამთხვევა მოხდა - ფიზიკური ძალა, ღვთის ძალით შეიცვალა. ეს იყო განგება ღვთისა!"

"მან ჩემი პატრიარქობა იწინასწარმეტყველა"

"მინდა გიამბოთ ჩემს მოძღვარზე, მამა შიოზე, რომელმაც ჩემი პატრიარქობა­ იწინასწარმეტყველა. ამ დიდ ადამიანს ასეთი საოცარი თვისება ჰქონდა, როცა იგი ხედავდა, რომ რომელიმე ცოდვა ძალიან მაწუხებდა, მომეხვეოდა ხოლმე და მეტყოდა: უფალი, ღმერთი მოწყალეა! მეც მქონია ასეთი ცოდვა, ნუ გეშინიაო" - აი, ასე მანუგეშებდა ხოლმე. მახსენდება, როცა იგი მწოლიარე ავადმყოფი იყო (მაშინ ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ვიყავი). იგი ლოგინიდან ადგა, წამოიყოლა ორი ადამიანი და სოხუმში ჩამოვიდა. ძალიან გამიკვირდა­, ასეთი მძიმე ავადმყოფი სოხუმში რატომ ჩამოვიდა-მეთქი. აღდგომის წინა ოთხშაბა­თი იდგა. მამა შიოს ახსოვდა, რომ ამ დღეს მე აუცილებლად ვამბობდი აღსარებას. თავად მოვიდა და მითხრა: "აბა, მეუფეო, მოემზადე აღსარებისთვის". აი, ასეთი დიდი მოძღვარი მყავდა, ასეთი მოწყალე. ამის შემდეგ სულ ერთი კვირა გავიდა და მამაო ლოგინად ჩავარდა. იგი უგონოდ იყო და იძახდა: მეუფეო, მეუფეო! სახელს არ ამბობდა და იფიქრეს, რომ მე მეძახდა. ამიტომ დები შუშანიები სოხუმში ჩამოვიდნენ, მოვიდნენ და მითხრეს: უგონოდაა და შენ გიხმობსო. მე მაშინვე მოვემზადე და მასთან წავედი, თან წავიღე ზიარება. მამა შიოს მოძღვარი იყო მამა კონსტანტინე ქვარაია. რომ მივედი, მამა შიო თითქმის ვერ მცნობდა. მაშინვე მისი მდგომარეობა­ მამა კონსტანტინეს შევუთვალე, მან არ იცოდა, რომ ასე მძიმედ იყო, და იფიქრა, რომ რამდენიმე დღის შემდეგ აზიარებდა მამაოს. ამიტომ თვითონ შევედი მამა შიოსთან: თუ გინდა, მე თვითონ გაზიარებ-მეთქი, გაუხარდა; მინდა ჩქარა მაზიაროო. აღსარებისას ისეთი წუხილი ჰქონდა, მეგონა, ლოცვების დროს გარდაიცვლებოდა, მაგრამ მადლობა ღმერთს, ყველაფერი აიტანა, ეზიარა და მოხდა სასწაული: ავადმყოფობამ გაუარა და იგი სრულიად დამშვიდდა, თითქოს აღარაფერი სტკიოდა, მე მის გვერდით ჩამოვჯექი სულ მთლად გაოფლილი, რადგან მეშინოდა, რომ არ გარდაცვლილიყო. უეცრად მან ხელი დამადო და მითხრა: პატრიარქო, ჩემო პატრიარქო!“მან ჩემი პატრიარქობა იწინასწარმეტყველა".

patriarqi2-1641118305.jpg

"ღმერთი ამოკლებს დროს იმისთვის, რომ ნაკლებად დაიტანჯოს ადამიანი"

"დღეს ჩვენ გვაკლია სიმშვიდე, გვაკლია იმიტომ, რომ არეული ვართ თანამედროვე ცხოვრებაში. ძალიან ბევრს ვიღებთ ჩვენს თავზე. ძალიან დიდი იმედი გვაქვს მეცნიერების, კულტურისა და თანამედროვე მიღწევების, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი ღვთის ხელშია. აი, ეს სისწრაფე, რომელიც დღეს არის მსოფლიოში, მეტყველებს იმის შესახებ, რომ უფალი ახლოსაა ჩვენთან. დრო იწურება და მზად უნდა ვიყოთ უფლის მეორედ მოსვლისათვის. ცხოვრება ადამიანისა რთულია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უფალი სუფევს, უფალი მეფობს, უფალი გვაძლევს ძალას და სიბრძნეს. უფალი არ გვტოვებს ობლად. რთულია, მაგრამ ღმერთი ამოკლებს დროს იმისთვის, რომ ნაკლებად დაიტანჯოს ადამიანი. ამიტომ არ უნდა შეგეშინდეთ. არ შეგეშინდეთ ცოდვის სიმძიმის. არ შეგეშინდეთ დაცემისა. მთავარია, დაცემის შემდეგ ავდგეთ და ისევ გავაგრძელოთ ღვთისაკენ მიმავალი გზა!"

"ყოველი ადამიანი საკუთარ ავტოპორტრეტს ქმნის"

ერთხელ, სიონში, წირვის დროს ხმაური ატყდა. ხმა საკურთხეველშიც ისმოდა. უწმინდესმა სტიქაროსანს დაავალა, გაეგო, რა ხდებოდა, თალხებში ჩაცმული ქალი, ტირილით მოთქვამდა თავის გაჭირვებას.­ ამ ქალს კანის მძიმე დაავადება ჰქონდა, ოჯახმა მოიძულა, თბილისში ჩამოვიდა, წასასვლელი არსად ჰქონდა და სიონს შეაფარა თავი. წირვის შემდეგ პატრიარქი დედებმა მიიწვიეს ტრაპეზზე. უწმინდესმა დედებს კალენდულას მალამო მოატანინა და შეუდგა დამზადებას. დედებს უხსნიდა, რომ მალამო უნდა იყოს ისეთი კონსისტენციის, რომ არ გაუღიზიანოს კანიო და დაამატა ზეითუნის ზეთი. მალამო რომ ბოლომდე დაამზადა, დედებს სთხოვა ამ ქალის მოყვანა­ და თან დაავალა, მოემზადებინათ მისთვის ლოგინი. დაბრუნებულმა ახალგაზრდამ მოახსენა, რომ ქალი ტაძარში ვერ ნახეს, ვერც ეზოში და ვერც სიონის ქუჩაზე. უწმინდესი იმედს არ კარგავდა, ერთი ადამიანი რკინიგზის სადგურში გაუშვა, მეორე - ავტოსადგურში, შეიძლება სოფელში დაბრუნება­ გადაწყვიტა და მონახეთო. ქალი ვერსად ნახეს, დედები სადილის მაგიდის ირგვლივ ამაოდ ფუსფუსებდნენ, უწმინდესი კი მაინც იმედით ელოდა გაჭირვებულს.

"ვფიქრობ, ყოველი ადამიანი უნდა ეძიებდეს და ეხმარებოდეს გაჭირვებულს. ამ სულისკვეთებით უნდა გავზარდოთ ჩვენი­ შვილები. ყოველი ადამიანი, რომელიც რაღაცას აკეთებს, ამით საკუთარ ავტოპორტრეტს ქმნის და შინაგანად რა სულიც გააჩნია ადამიანს, ისეთია მისი ნაშრომიც".

"მე ვარ პირველი ცოდვილი ცოდვილთა შორის"

"ვინ ვარ მე როგორც ადამიანი? ნუთუ მხოლოდ ევოლუციის შედეგი და მეტი არაფერი? თუ ასეა, რატომ შეჩერდა ეს პროცესი ჩვენზე? და თუ იგი არ გაჩერებულა და კვლავ მიმდინარეობს, მაშინ ვინ უნდა შეგვცვალოს, იქნებ ზეადამიანმა? მე ვარ პირველი ცოდვილი ცოდვილთა შორის, მუხლმოდრეკით გთხოვთ, შემინდეთ და მაპატიეთ! ყოველი ადამიანი განსაკუთრებული დავალებით მოდის და უპირველესი დავალება არის ის, რომ ჩვენი ნება, მამა­-ღმერთის, წმინდა სამების ნებას დავემორჩილოთ და დავუკავშირდეთ. ყველა თქვენგანი მე კი არ მოგიყვანეთ ტაძარში, აქ უფალმა­ მოგიხმოთ და დიდება და მადლობა მას ამ დიდი წყალობისათვის! ამინ!"

ძალიან დიდხანს გვყავდეს ჩვენი უწმინდესი! ის ჩვენ ძალიან გვჭირდება! ყოველი მასთან შეხვედრის შემდეგ ნებისმიერ ადამიანს ისევ უჩნდება სურვილი მივიდეს­ და მოეფეროს მას, როგორც დიდ ბავშვს.

რუსუდან შაიშმელაშვილი