"უწმინდესის ლოცვა სწვდება და იფარავს ყველა ადამიანს, რომელთაც სწამთ და უყვართ უფალი“
"მოწიწება და მოკრძალება მასთან ურთიერთობაში არასდროს გტოვებს, როგორ ხშირადაც უნდა გიწევდეს მის გვერდით ყოფნა... სხვა საოცარ უნარ-თვისებებთან ერთად, მას აქვს ყველა ადამიანის მიმართ თანაგრძნობა", - ამბობს საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტი დანიელ დათუაშვილი უწმინდესზე საუბრისას.
- პატრიარქი არის პიროვნება, რომელიც წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს ყველაზე, ვინც ოდესმე შეხვედრია, უფროსი იქნება თუ უმცროსი, საქართველოში მცხოვრები თუ მის გარეთ მყოფი. მასთან შეხვედრის შემდეგ ადამიანები სიკეთითა და სიმშვიდით აღსავსენი მიდიან. უწმინდესთან ურთიერთობის დროს მისგან უდიდესი სიკეთე, სულიერი ძალა, ღვთის რწმენა და სიყვარული გამოსჭვივის, იმხელა სიმშვიდე აქვს, აუცილებლად გადმოგეცემა. ერთხელ, როცა სომხეთის პრეზიდენტი ლევონ ტერ-პეტროსიანი გვსტუმრობდა, უწმინდესს უთხრა, მეორედ გეწვიეთ სტუმრად და ის განცდა, სიმშვიდე, რაც თქვენთან ურთიერთობისას, სტუმრობისას მეუფლება, სხვაგან და სხვა დროს არასდროს განმიცდიაო. ასეთი რამ ხშირად მომისმენია. ადამიანები მოდიან, ესაუბრებიან და შემდეგ დამშვიდებული და გახარებული მიდიან. ეს იმიტომ, რომ პატრიარქს მუდმივად უხილავი კავშირი აქვს ღმერთთან და მასთან საუბრის შემდეგ ადამიანი სიკეთით, მადლითა და ძალით ივსება. მასში არის სიყვარული, სიბრძნე და თანაგრძნობა. ერთი საოცარი თვისება აქვს - ადამიანის ფიქრებს ხედავს, მის სულიერ სამყაროს კითხულობს. საოცარი უნარი აქვს, ყველა ადამიანს მისთვის გასაგებ ენაზე დაელაპარაკოს და როდესაც გესაუბრება, ძალიან დიდ შვებას გრძნობ, სიმშვიდე გეუფლება. პირადად მქონია შემთხვევა, რაღაცის კითხვა მინდოდა და სიტყვის დაძვრამდე თავად ზუსტად იმ თემაზე დაუწყია საუბარი, სანამ მე კითხვას დავუსვამდი, პასუხი გაუცია... მხოლოდ მე კი არა, უამრავ ადამიანს უთქვამს ასე უწმინდესზე, რა თემაზეც მინდოდა საუბარი და კითხვის დასმა, სწორედ იმაზე გამცა პასუხიო. ადამიანის ასეთ მდგომარეობას ღვთის ძალით სისავსე ჰქვია და მას ჯერ მოპოვება სჭირდება, შემდეგ კი შენარჩუნება. ამხელა მადლის მოპოვებას ისეთი ცხოვრება სჭირდება, როდესაც ადამიანი ადამიანური სურვილებისგან იკავებს თავს და მხოლოდ უფლის სურვილების, მისი მცნებების აღსრულებაზე ფიქრობს. ასეთ ადამიანებს ჰქვიათ ღვთის ჭურჭელი - ტაძარი ღვთისა, ტაძარი სულისა წმინდისა... ეს პატრიარქში არის და ამას ყველა გრძნობს, მორწმუნეც და ურწმუნოც. შესაბამისად, მის მიმართ პატივისცემა ყველას უჩნდება. პატრიარქს სხვა საოცარ ღვთიურ თვისებებთან ერთად, ძალიან დიდი თანაგრძნობის უნარი აქვს, გაჭირვებულს გრძნობს. არაერთხელ უთქვამს, ჩადით, ეზოსთან მშიერი ადამიანი დგას, ტრაპეზზე ამოიყვანეთ, დაანაყრეთო...
როდესაც ადამიანთან ხშირი, ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს, შეიძლება შევეჩვიოთ, გავუშინაურდეთ და ჩვეულებრივი მოგვეჩვენოს, მასთან ასე არ ხდება - შესაძლოა ძალიან ხშირი, ყოველდღიური ურთიერთობა ჰქონდეს ადამიანს, მაგრამ მისი მიმართ მოკრძალება მაინც არ გტოვებს. იშვიათად მემართება, რომ სურვილის, აზრის გადმოცემა მიჭირს, ასე მემართება პატრიარქთან, თუმცა იმით მიადვილებს, რომ თავად ხვდება, კითხულობს ჩემს სათქმელს. ვინც მას არასდროს შეხვედრია, ტელევიზორით მოუსმენია, ისიც გრძნობს მის სიკეთეს, ლოცვას, რომელიც ცას სწვდება...ერთ საოცარ ამბავს მოგიყვებით: დაახლოებით 40 წლის მამაკაცი, რომელსაც უკურნებელი სენი ჰქონდა, ტკივილისგან იტანჯებოდა. ექიმები ამბობდნენ, რომ მისი გადარჩენა შეუძლებელი იყო. მას სიზმარში პატრიარქი უნახავს - სასულიერო პირის კაბა ჩაუცმევია. ამის შემდეგ ტკივილი მომეხსნაო. მე ვესწრებოდი, როდესაც საპატრიარქოში მოიყვანეს. პატრიარქს უამბო თავისი სიზმარი, რის შემდეგაც უწმინდესმა თავისი კაბა გამოატანინა და თავისი ხელით ჩააცვა. მას ცრემლები წამოუვიდა. იმ კაცის ბედნიერი თვალები არასდროს დამავიწყდება. მალევე გარდაიცვალა, მაგრამ ფიზიკური ტკივილი სრულად ჰქონდა მოხსნილი.
- კახი კავსაძის ამბავი გამახსენდა.
- დიახ, ეს ხომ ცნობილი ამბავია - სიმსივნის მეოთხე სტადია ჰქონდა და გერმანიაში ოპერაციაზე წასვლამდე პატრიარქს ესტუმრა. უწმინდესმა მისთვის ილოცა და უთხრა, ყველაფერი კარგად იქნებაო. როდესაც გერმანიაში ჩავიდა, ექიმები გაოგნდნენ - ის სრულიად განკურნებული იყო. სრულიად უცნობ ადამიანებს უთქვამთ, მის ლოცვას ვგრძნობთო. მისი ლოცვა სწვდება და იფარავს ყველა ადამიანს, რომელთაც სწამთ და უყვართ უფალი.
- 4 იანვარს იუბილარია. თავად როგორი განწყობით ხვდება დაბადების დღეს?
- ნებისმიერი მნიშვნელოვან თარიღს, დაბადების, აღსაყდრების, თუ მფარველი ანგელოზის დღეს იმით გამოხატავს, რომ ყველას აძლევს საშუალებას მასთან მივიდნენ. პანდემიამდე და იმ დროსაც, როდესაც თავს უფრო ენერგიულად გრძნობდა, საპატრიარქოს კარი ღია იყო და იმ დღეების განმავლობაში, ყველას, ვინც კი საპატრიარქოსთან გაივლიდნენ, მასთან შეხვედრის შესაძლებლობა ჰქონდა. მდინარესავით შემოდიოდა ხალხი... იმ დღეს მთლიანად იხარჯებოდა, რათა ადამიანები დაელოცა, მათთვის მოესმინა, მოწყალება გაეღო, სიკეთე ეკეთებინა. ასე ცხოვრობს, ყოველდღე, ყოველ წამს ამას უძღვნის თავს. წლებია მის გვერდში ვცხოვრობ და ვხედავ, როგორ ცხოვრობს, დილიდან საღამომდე ადამიანებთან ურთიერთობაშია, როგორც სასულიერო პირებთან, ასევე საეროებთან. მუდამ მათზე ზრუნავს. ძალიან ცოტას ისვენებს, ძალიან ცოტა ხანს სძინავს. ვიცი, რომ ღამეებს ლოცვაში ათენებს. ფენომენური პიროვნებაა. საქართველოს მისი ლოცვა იფარავს, რომ უფრო მძიმე მდგომარეობაში არ არის. ბოლო წლებია, იმდენად რთული პროცესები ვითარდება მსოფლიოშიც და ჩვენს ქვეყანაშიც, რომ არა მისი ლოცვა, შესაძლოა ბევრად მეტი არეულობა ყოფილიყო საქართველოში. მეტიც, არც ის იყო გამორიცხული, ძლივს მოპოვებული დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა დაგვეკარგა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ჩვენმა საზოგადოებამ გაიაზროს, თუ ქართველი საზოგადოება დაუჯერებს პატრიარქს და ისე იცხოვრებს, როგორც მოუწოდებს, ამით ისევ ჩვენ დავრჩებით მოგებული. შობა მოდის და მინდა ეს ბრწყინვალე დღესასწაული მივულოცო საქართველოს - ღმერთს ვთხოვ, ამ დიდებული დღის მადლი ყველა ადამიანს შეეხოს. ეს არის მადლი რწმენისა, სასოებისა და სიყვარულისა. ამისთვის კი ერთი რამ არის საჭირო - ადამიანებმა გული უნდა გაუხსნან უფალს. შეაძლებინოს ეს ყველას, ღმერთი თავის გულში შემოუშვას და იშვას მის გულში.