"ომიკრონის“ 144 დადასტურებული შემთხვევიდან 4 ინფიცირებულის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო" - რას აცხადებს ამირან გამყრელიძე? - კვირის პალიტრა

"ომიკრონის“ 144 დადასტურებული შემთხვევიდან 4 ინფიცირებულის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო" - რას აცხადებს ამირან გამყრელიძე?

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, "ომიკრონის“ 144 დადასტურებული შემთხვევიდან 4 ინფიცირებულის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

როგორც მან "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტა, ოთხივე მათგანს თანმხლები დაავადება აქვს და ჰოსპიტალიზაცია კოვიდის სიმძიმით არ იყო გამოწვეული.

"ყველა შემთხვევა მსუბუქი გახლავთ, აქედან 12 არის 18 წლამდე ბავშვი და მოზარდი. მთლიანად 144-დან მხოლოდ 4 იყო ჰოსპიტალიზებული, ისიც სხვა თანმხლები დაავადების გამო, მათი ჰოსპიტალიზაცია არ იყო გამოწვეული კოვიდის სიმძიმით. საშუალო ასაკი 144 ადამიანში სადღაც 37-38 წელია. 144-დან 105 არის საქართველოს მოქალაქე, 39 უცხო ქვეყნის. მათგან 70% არის სრულად ვაქცინირებული“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში „ომიკრონის“​ ცირკულაცია თანდათანობით იმატებს და დადასტურებულ შემთხვევებზე დაახლოებით სამჯერ მეტია.

"144 არის ლაბორატორიულად დადასტურებული იმ საეჭვო შემთხვევათა რაოდენობიდან, რომელიც ჩვენთან იგზავნება. თუ 10 დღის წინ გამოგზავნილ შემთხვევებში ორში ან სამში დასტურდებოდა „ომიკრონი“, ახლა 30 გამოვლენილი შემთხვევიდან ნახევარზე მეტში დასტურდება. ეს ნიშნავს, რომ "ომიკრონის“​ ცირკულაცია ქვეყანაში თანდათანობით იმატებს. როდესაც ვსაუბრობთ 144 ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევაზე, რეალურად შემთხვევები მეტია, რამეთუ რეალურად ხდება მხოლოდ PCR ნიმუშების კვლევა. სწრაფი ტესტით დადგენილ დადებით შემთხვევაში ლაბორატორიულად ეჭვს ვერ მივიტანთ. ამიტომ, ჩემი გადმოსახედიდან ცირკულაცია 144 შემთხვევაზე სამჯერ მეტია“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

"ინტერპრესნიუსი"