"სააკაშვილი მეტ დინამიკურობას შემოიტანს. ამ ქვეყანაში კარდინალურ ცვლილებებს მისი პოლიტიკური ფიგურა განაპირობებდა"
"ის, რაც "ოცნებამ“ 30 დეკემბერს გააკეთა, პოლიტიკური შურისძიება და არაადამიანური მოპყრობაა მესამე პრეზიდენტის მიმართ“
"კანონი უნდა აღსრულდეს - პატიმართა საზოგადოებაში არ უნდა გაჩნდეს წინასაახალწლო პერიოდში განცდა, რომ შეიძლება უსამართლობა იქნეს დაშვებული", - ასეთია მმართველი გუნდის ვერდიქტი სააკაშვილისთვის. რას ფიქრობს ამ საკითხზე "ნაციონალური მოძრაობა", პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური გვესაუბრება:
- ის, რაც "ოცნებამ" 30 დეკემბერს გააკეთა, პოლიტიკური შურისძიება და არაადამიანური მოპყრობაა მესამე პრეზიდენტის მიმართ. ამგვარი უკანონობა მინიმუმამდე ამცირებს პოლიტიკური სტაბილურობისა და ეროვნული თანხმობის შესაძლებლობას. რაც შეეხება პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიციატივას, მის კონკრეტულ ნაბიჯებს ველით, თუმცა მმართველი გუნდისგან სასწაულებს არ ველი. უბრალოდ, "ნაცმოძრაობა" არ იქნება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც დისკრედიტაციას გაუწევს ან ძალისხმევას დააკლებს ეროვნული თანხმობის ინიციატივას. მოდი, სიმართლე ვთქვათ, ყველაფრის განმსაზღვრელი მაინც სალომე ზურაბიშვილის პოზიციაა.
- მან თქვა, რომ ეროვნული თანხმობის პროცესი არ არის პარტიების შერიგება, რომ მას არა აქვს არც ბერკეტი, არც ძალა ესოდენ დაპირისპირებული ძალების შესარიგებლად.
- სამაგიეროდ, მისი განცხადება ზუსტად აღწერს იმ რთულ მდგომარეობას, რომელიც დავინახეთ მას შემდეგ, რაც "ოცნებამ" ზურაბიშვილის ინიციატივის ტორპედირება მოახდინა. "ოცნების" ლიდერებმა თქვეს, "ნაცმოძრაობა" უნდა წავიდეს პოლიტიკური ასპარეზიდან და მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ ეროვნულ თანხმობაზე საუბარსო. ამის შემდეგ ჩვენ შორის თანხმობის იმედი არა მაქვს, მაგრამ იმას მაინც თუ მივაღწევთ, რომ პრეზიდენტი ჩვენთვის ყველაზე პრინციპულ საკითხზე გააკეთებს აქცენტს, დიდი მიღწევა იქნება. ზურაბიშვილს აქვს საპრეზიდენტო იმპერატივი, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულების შეწყვეტისკენ გადადგას ნაბიჯი.
- სააკაშვილის გათავისუფლებას გულისხმობთ?
- სააკაშვილის გათავისუფლებასაც და მედიამენეჯერების პოლიტიკური დევნის შეწყვეტასაც. განსასჯელის სკამზე ზის ავთანდილ წერეთელი, ნიკა გვარამიაზე აღძრულია საქმეები, პოლიტიკური ლიდერები გამოგონილ ბრალდებებისთვის ელიან განაჩენს ახალი წლის დღეების შემდეგ.
- ვთქვათ, ზურაბიშვილმა შეიწყალა სააკაშვილი, რა მოხდება შემდგომ?
- მე არ ვარ პოლიტიკური მიმომხილველი, რომ ეს განვსაზღვრო.
- ანუ პარტია არ განიხილავს, როგორი იქნება მისი სტრატეგია ლიდერის გათავისუფლების შემდგომ?
- ჩვენ ბევრ რამეს განვიხილავთ, თუმცა არ ვიცით, როგორ განვითარდება პროცესები. თუ იმას მეკითხებით, რომ ამ პროცესში სააკაშვილი შემოიტანს თუ არა მეტ დინამიკურობას, დიახ, შემოიტანს. ამ ქვეყანაში კარდინალურ ცვლილებებს დიდწილად მისი პოლიტიკური ფიგურა განაპირობებდა.
- შიმშილობა, რომელიც სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაიწყეთ, ფაქტია, რომ შედეგიანი არ არის...
- ის, რომ შიმშილობას პარტია უწევს ორგანიზებას, სულაც არ ნიშნავს, რომ პარტიული დირექტივა გვაქვს მიღებული. როდესაც შიმშილობა იწყებოდა, ყველამ ძალიან კარგად იცოდა, რომ ეს იყო თავგანწირული ბრძოლის ერთ-ერთი გზა და დიქტატურა შეეცდებოდა პროტესტის ნიველირებას. ისევე როგორც ახდენს განსხვავებული აზრების ნიველირებას. ასე ექცევიან როგორც პოლიტიკოსებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე ჟურნალისტებს და საზოგადოდ, ხალხს. შესაბამისად, არ გაგვიკვირდება, თუ შიმშილობასაც გულგრილობით უპასუხებენ.
- მმართველ გუნდს თქვენც ხომ არ ეხმარებით თქვენი პროტესტისადმი გულგრილ დამოკიდებულებაში, თუნდაც იმით, რომ ცენტრიდან სადღაც შორს მყოფი თქვენი აქტივისტები არანაირ დაბრკოლებას არ ქმნიან და შესაბამისად, მათი არშემჩნევაც ადვილია?
- რა, თბილისის ცენტრში გამოხატული პროტესტი მაშინვე გულთან მიაქვთ? იქამდეც კი მივიდნენ, რომ თავად სახელმწიფოს მიერ შექმნილ სახელმწიფო ინსტიტუტს იმიტომ აუქმებენ, რომ ამ უწყებამ გაბედა და განსხვავებული აზრი გამოხატა.
- სახელმწიფო ინსტიტუტის გაუქმებაზე ოპოზიციის დამოკიდებულების შესახებ საინტერესო მოსაზრება გამოთქვა თინა ხიდაშელმა. მისი აზრით, ოპოზიციას შეუძლია "ოცნებას" წინასაახალწლოდ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გეგმა ჩაუშალოს. "სამოციოდე პარლამენტარმა ტრიბუნა რომ გამოიყენოს, შეკითხვა დასვას, მოსაზრება გამოთქვას... მათემატიკის ამბავია, ვერ გაიტანს "ოცნება" კანონპროექტს კენჭისყრაზე, მაგრამ ოპოზიციის ნაწილს, ეტყობა, ასეთი საკითხები არ აინტერესებთ, ინდივიდუალური ქვეყნის საჭიროებისგან დაცლილი დღის წესრიგი აქვთ. არადა, იშვიათად მიეცემათ ასეთი შანსი. მხოლოდ "რაც უფრო ცუდად იქნება საქმე, უკეთესია" პრინციპით მოქმედებენ", - აი, ასეთია მისი აზრი.
- მგონი, ქალბატონი ხიდაშელი ძალიან გამარტივებულად ხედავს ამ პრობლემას. იყო დრო, როდესაც პარლამენტში 50 კაციც ვიყავით და მეტიც, მაგრამ ამას არც "ოცნებისთვის" შეუშლია ხელი ოდიოზური გადაწყვეტილებების მიღებაში და არც ქალბატონი თინასთვის ამ ოდიოზური განცხადებებისთვის მხარდაჭერაში. აქ დემოკრატიის იმიტაციაზე კი არ არის ლაპარაკი, საუბარია მთელი საზოგადოების დაპყრობაზე. ხომ ვნახეთ, როგორ დააპირეს ბათუმში არჩევნებში მოგებული ნუგზარ ფუტკარაძის მოსყიდვა, რომელმაც ტერორს ვერ გაუძლო და გარდაიცვალა. ქვემო ქართლიდანაც გაიტაცეს ადამიანი, რომელიც უკან სრულიად შეცვლილი პოზიციით დაბრუნდა. სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა ერთ დღეს თქვა, რომ ციხეში მისი განკურნება შეუძლებელია, მეორე დღეს კი აღარ იყო სააკაშვილის მკურნალი ექიმი. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ მასირებული შეტევა მიმდინარეობს ყველა ინსტიტუციასა და ყველა ადამიანზე, რომლებიც განსხვავებულ აზრს გამოხატავენ.
ხათუნა ბახტურიძე