"სააკაშვილი გადაყვანა საპატიმროში პენიტენციარული დაწესებულების პრეროგატივაა და როცა ჩათვალა საჭიროდ, მაშინ გადაიყვანა“ - კვირის პალიტრა

"სააკაშვილი გადაყვანა საპატიმროში პენიტენციარული დაწესებულების პრეროგატივაა და როცა ჩათვალა საჭიროდ, მაშინ გადაიყვანა“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანა პენიტენციარული სამსახურის გადაწყვეტილებაა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე და დასძენს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" პრეტენზიები საზოგადოებისთვის გაუგებარია.

- საზოგადოების დღის წესრიგში დიდი ხანია აღარ დგას პატიმარ სააკაშვილის საკითხი თუნდაც იმის გამო, რომ ყველამ ნახა, რომ მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება მის პირად მოსაზრებებს,­ უცხოეთში უნდა წასვლა, გასეირნება თუ კვების რაციონის შეცვლა, და მისი ახლობლების სურვილს, რომ კურორტებზე დაისვენოს, ინტერესის საგანს აღარ წარმოადგენს... სააკაშვილი გადაყვანა საპატიმროში პენიტენციარული დაწესებულების პრეროგატივაა და როცა ჩათვალა საჭიროდ გადაყვანა, მაშინ გადაიყვანა, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პოლიტიკური სპეკულაციები არსებობდა. თუ დაკვირდებით, "ნაცმოძრაობაში" სხვა პოლიტიკური საკითხი აღარ არის, გარდა პატიმარ სააკაშვილისა და როგორც ჩანს, ეს მისი კატეგორიული მოთხოვნა იყო. ეს კი იმის ნიშანია, რომ ეს პოლიტიკური ძალა ნელ-ნელა სუსტდება.

- ხმაური მოჰყვა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას. რა არგუმენტები გაქვთ ამ გადაწყვეტილების სასარგებლოდ?

- ოპოზიცია არასოდეს ობი­ექტურად არ აფასებს არცერთ საკითხს, ამიტომ არა აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა. შეიძლება მართლაც არსებობდეს გასაკრიტიკებელი საკითხი, მაგრამ იმდენად სუბიექტურად სვამენ, რომ შეუძლებელია საზოგადოებამ ეს დადებითად მიიღოს. ინსპექტორის სამსახური ჩვენ შევქმენით, ხელმძღვანელი ჩვენ ავირჩიეთ, რასაც მაშინ ხმა არ მისცეს, მაგრამ მას შემდეგ, რაც მისგან ხელისუფლებაზე რაღაც კრიტიკული­ მოისმინეს, ჩათვალეს, რომ მხარდაჭერა მათთვის მომგებიანია. როგორც კი ვინმე "ოცნების" საწინააღმდეგო განცხადებას გააკეთებს, მიუხედავად მათი გემოვნებისა, ის ხდება მათთვის მისაღები. ახლა თოლორაიაზე ამბობენ ოპოზიციაც და არასამთავრობოებიც, ორი წელია წარმატებულიაო. ამ ორი წლის განმავლობაში ერთხელ რატომ არ გააკეთეს მსგავსი განცხადება?

- თავად სახელმწიფო ინსპექტორი მიიჩნევს, რომ სამსახურს გაძლიერება სჭირდება­ და არა დაყოფა. შესაბამისი კანონპროექტიც არის მომზადებული და ხელისუფლებამ ეს ინიციატივა­ ამ სამსახურის გარეშე რატომ შეიმუშავა?

- ჯერ ერთი, სახელმწიფო ინსპექტორი­ არ არის საკანონმდებლო ინიციატივაზე უფლებამოსილი პირი. მიუხედავად მის მიმართ პატივისცემის დადასტურებისა, ადამიანს თანამდებობაზე­ რომ დანიშნავენ, უჩნდება განცდა, მისი საკუთრებაა და მის გარეშე იქ არაფერი არ უნდა გაჭაჭანდეს. ეს სამსახური ხელისუფლებამ შექმნა და ამ თანამდებობაზე აირჩია ეს ადამიანი. ჩაითვალა­ საჭიროდ, რომ გაიყოს ფუნქციები, რადგან დასავლეთშიც არ არის აპრობირებული, რომ ეს ორი ფუნქცია ერთად იყოს. ამიტომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული და თუ დააკვირდებით, არცერთი სამართლებრივი არგუმენტი არ ჰქონიათ, გარდა სუბიექტურისა და ზოგადი ფრაზებისა, რომ ეს სამსახური უნდა გავაძ­ლიეროთ. როდის უფრო ძლიერი იქნება, როდესაც ცალკე იქნება საგამოძიებო სამსახური თუ არა? მით უმეტეს, რომ 2 წლის წინ თვითონაც ამბობდნენ, ცალკე უნდა იყოსო.

- ეს გადაწყვეტილება დაემთხვა სააკა­შვ­ილთან დაკავშირებულ მის დასკვნას. გამო­რიცხავთ ამ ორ ფაქტს შორის კავშირს?

- არანაირი პოლიტი­კური კავშირი­ არ არის, არცერთით არ ჩაგვიწერია ქულები. სააკაშვილის საკითხზე არ გვჭირდება ზედმეტი მხარდამჭერები, რადგან საზოგადოებას უკვე აქვს გამოტანილი ვერდიქტი და სხვათა შორის, კარგა ხანია, აღარ ცვლის. მისი მხარდამჭერებიც კი არ უჭერენ მხარს რადიკალურ პროცესებს. ეს ძალიან კარგად ჩანს, რაც ადასტურებს, რომ საზოგადოება პოლიტიკურად ძალიან გაზრდილია.

- წლის ბოლოს მმართველ პარტიაში საკადრო გადაადგილებებზე რას იტყვით? თუნდაც კუჭავას პარლამენტიდან წასვლა დიალოგს რამდენად წაადგება...

- კუჭავა არის ჩვენს გუნდში ერთ-ერთი ლიდერი, მაგრამ ადამიანს ხომ აქვს უფლება მისთვის სასურველი გადაწყვეტილება მიიღოს და მერე გუნდთან შეათანხმოს, რათა მისი რესურსი უფრო წარმატებით იქნეს გამოყენებული? ეს პროცესი არ უნდა იწვევდეს ასეთ ინტერესს, იმის ძიება, რა თქვა კუჭავამ, მინიმუმ, შეურაცხყოფაც არის. თქვა ადამიანმა, რომ ორ თვეში გააკეთებს პრეზენტაციას და ვაცადოთ.

- მისი პროექტების შესახებ ორი ვერსიაა. ერთი ის, რომ ანაკლიის პროექტს ჩაუდგება სათავეში და მეორე 2024 წლისთვის ევროკავშირში განაცხადის შეტანისთვის მოსამზადებელ პროექტს უხელმძღვანელებს. აქედან რომელიმე რეალობასთან ახლოსაა?

- ინფორმაციას რომც ვფლობდე, არ ვიქნები მართალი, ამაზე ვილაპარაკო. დაველოდოთ მოვლენებს.

- სალომე ზურაბიშვილის მიერ დაწყებულ პროცესზე რას აპირებთ, რაიმე ხომ არ შეცვლილა მმართველი გუნდის ხედვაში?

- ხელისუფლება ახლაც ჩართულია იმ პროცესში, რომ ქვეყანაში სტაბილურობა და უსაფრთხოება იყოს. თუ ვინმე ამ პროცესს შემოუერთდება, მოხარული ვიქნებით. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მიხვდა, რომ "ნაცმოძრაობის" გზაზე სიარული აღარ შეიძლება, იმიტომ, რომ ეს პოლიტიკური ძალა ჭამს ყველას და ყველაფერს. უფრო შიგნით არის პრობლემა, იქ, მინიმუმ, ორი მიმდინარეობაა და კარგია, რომ ადამიანები ხვდებიან ამას. ვინც ვერ ხვდება, დაკარგავს იმ პერიოდს, რა პერიოდიც არის მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე და უფრო ნაკლებ შედეგს მიიღებს, რაც აქამდე ჰქონდათ. "ნაცმოძრაობა"­ ნელ-ნელა დაკარგავს სივრცეს და ის ამ პარტიების მიერ იქნება ასათვისებელი.

- საკონსტიტუციო ცვლილებების საკი­თხის გააქტიურება თუ იგეგმება?

- ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ურთიერთობა სურს საპარლამენტო ოპოზიციას. თუ აჩვენებენ, რომ საკითხებისადმი ჯანსაღი მიდგომა აქვთ, ეს ბუნებრივად მოხდება. თუკი პარლამენტში არ შემოვლენ, ხან ბოიკოტში იქნებიან, ან ქუჩაში, მხოლოდ ჩვენ რას ვიზამთ, 84 კაცის მიერ პროცესის დაწყებას რა აზრი აქვს?!

რუსა მაჩაიძე