"შთაბეჭდილება მრჩება, რომ "ოცნება“ რაღაცის მოსწრებას ჩქარობს“ - კვირის პალიტრა

"შთაბეჭდილება მრჩება, რომ "ოცნება“ რაღაცის მოსწრებას ჩქარობს“

"დღეს იმაზე კი არაა საუბარი, რომ წინ წავიდეთ, არამედ იმაზე, რომ უკუსვლა შევაჩეროთ“

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე "კვირის პალიტრასთან" ამბობს, რომ მმართველ პარტიას ის გადაწყვეტილებები, რომლებიც წლის ბოლოს გააჟღერა და დაჩქარებული წესით განიხილავს, მათ შორის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასა და სხვა საკითხებს, რაც მედიას, სასამართლოსა და არჩევნებს შეეხება, "თავხედობაა" და "ცუდად მიუტრიალდება". კონკრეტულად, სად ხედავს პრობლემას და როგორ აფასებს ამ პროცესში ოპოზიციის ქმედებებს თუ უმოქმედობას, ამ საკითხებზე გიორგი­ ვაშაძე „"კვირის პალიტრას" ესაუბრა.

- ყველა მიმართულებით კატასტროფაა, იქნება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული საქმე, მართლმსაჯულებაში დამატებითი ცვლილებები, საარჩევნო კოდექსში ცვლილებები თუ სხვა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ცვლილებების კასკადია, რომელიც, ფაქტობრივად, უკან გვხევს იმ მიღწევებისგან, რისთვისაც ჩვენმა თუ საერთაშორისო ექსპერტებმა დიდი ძალისხმევა გასწიეს. თუ ამას დავამატებთ იმასაც, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ეს ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ "ქართული ოცნება" უფრო მეტი რადიკალიზმისკენ მიდის. ის კი არ სურთ საქმე შეთანხმებისკენ წაიყვანონ, პირიქით, ყველაფერს აკეთებენ მეტი რადიკალიზმისთვის.

- ეს რაში აწყობთ?

- ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს რაღაცის ეშინიათ, რაღაცის მოსწრებას ცდილობენ და ნერვიულობენ. ამას დრო გვიჩვენებს, არავის გასვლია ასეთი თავხედობები და „"ქართულ ოცნებასაც" ძალიან ცუდად მიუტრიალდება.

- ამ ყოველივედან გამომდინარე მოლაპარაკებას თუ შერიგებას, თუნდაც პრეზიდენტის ინიციატივას, რა პერსპექტივა აქვს?

- დღეს მოლაპარაკების პროცესი რეალურად არ არსებობს, არსებობს საჯარო საუბრის ცდები, ინიციატივები. რაც უფრო მეტს და საჯაროდ ვისაუბრებთ იმ პრობლემაზე, რომელიც ქვეყანაშია, კარგია და განსაზღვრულ შედეგს მოიტანს. ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას აქვს ასეთი პრინციპი, რომელსაც მივყავართ ევროკავშირის თუ ნატოს წევრობისკენ - მეტს გააკეთებ, მეტს მიიღებ, ნაკლებს გააკეთებ, ნაკლებს მიიღებ. სამწუხაროდ, მთელი წლის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო სულ უფრო ნაკლებს აკეთებს და ნაკლებს იღებს. მაგალითად, 75 მილიონი ევრო, რომელიც, ფაქტობრივად, გამოყოფილი იყო საქართველოს მოქალაქეებისთვის, ვერ მივიღეთ და კიდევ ნაკლებს მივიღებთ და ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, მათ შორის ეკონომიკურად. ამიტომ, რაც მეტი პლატფორმა იქნება, სადაც საჯაროდ ვისაუბრებთ, და რაც მეტი ადამიანი ჩაერთვება ამ პროცესში, უკეთესი იქნება.

- როდესაც ხელისუფლება არ თანხმდება თუნდაც მოლაპარაკებაზე, რამდენად ექნება მნიშვნელობა მხოლოდ საუბარს და პროცესისთვის რა პერსპექტივას გააჩენს?

- რამ შეიძლება "ქართულ ოცნებას" სწორი გადაწყვეტილება მიაღებინოს? ცხადია, საზოგადოებრივმა წნეხმა, მათ შორის უცხოელი პარტნიორებისგან. სხვა მექანიზმი არ არსებობს. ამიტომ უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ საზოგადოებაში იყოს მეტი ადამიანი, რომლებიც ქვეყნის ნორმალური განვითარებისა და რელსებზე დაყენების პროცესში ჩაერთვებიან. ახლა აბსოლუტურად აცდენილი ვართ გზას. დღეს იმაზე კი არაა საუბარი, რომ წინ წავიდეთ, არამედ იმაზე, რომ უკუსვლა შევაჩეროთ. "ოცნების"“ ყველა ნაბიჯი თუ საკანონმდებლო ინიციატივა უკუსვლა­ და იმ მოდელების დაბრუნებაა, რომლებიც თითქოს გადალახული გვქონდა. ამიტომ საზოგადოების ჩართულობა მნიშვნელოვანია.

- ოპოზიციის დიდი ნაწილი - "ნაციონალური მოძრაობა" და მასთან აფილირებული პირები თუ ძალები კონცენტრირებული არიან სააკაშვილის გათავისუფლებაზე, ოპოზიციის მეორე ნაწილი ვეღარ აქტიურობს და ჩანს, რომ ოპოზიციის მიზანი მხოლოდ სააკაშვილის გათავისუფლებაა. ასეთ ვითარებაში ოპოზიციის ქმედებები რამდენად სწორი გგონიათ ან სად არის შეცდომა?

- ოპოზიცია არ არის ერთი პარტია და კარგია, რომ გაყოფილია. ჩვენ ჩვენი პოზიცია გვაქვს, სხვას - სხვა და ეს ძალიან კარგია, მთავარია, კომუნიკაცია ხალხთან, რათა ჩვენ ჩვენი მხარდამჭერები თუ ისინი, ვინც გვისმენენ, მაქსიმალურად დავარწმუნოთ, რომ გამოსავალია მოსაძებნი.

- ეს გასაგებია, მაგრამ ყურადღება გადატანილია სააკაშვილის გათავისუფლებაზე. მარგველაშვილმაც კი სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" ნარატივი გაიმეორა. რა უნდა გაკეთდეს, რომ სხვა საკითხებიც მოექცეს ყურადღების ცენტრში?

- ვერ დაგეთანხმებით. მაგალითად, ბოლო ორი დღეა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საკითხია დღის წესრიგში, მაგრამ ეს საერთო კონტექსტის ნაწილია. გვინდა თუ არა, სააკაშვილის თემას, რომელიც ამდენი წელი საქართველოს პრეზიდენტი იყო, ასე მარტივად ვერ გადავიტანთ უკანა პლანზე. ვფიქრობ, ეს კიდევ იმიტომაც არის ასეთი აქტუალური, რომ აწყობს "ოცნებასაც". სპეციალურად აკეთებენ ამას, რათა არ იყოს მსჯელობა ეკონომიკურ, სოციალურ პრობლემებზე, უმუშევრობაზე, შემოსავლების არარსებობაზე, ემიგრაციაზე და იყოს მხოლოდ პოლიტიკურ პრობლემებზე მუდმივი მსჯელობა.

- შედეგებიდან ვხედავთ, რომ ასეთი­ სიტუაცია "ნაცმოძრაობასაც" აძლევს ხელს და მმართველ პარტიასაც. დანარჩენი­ ოპოზიცია რას ვერ აკეთებთ სწორად, მათ დღის წესრიგში კორექტირებაც რომ ვერ შეგაქვთ?

- ჩვენ პარლამენტში ვიცავთ იმ პოზიციებს, რომლებიც სწორად მიგვაჩნია. ვფიქრობ, ჩვენს მუშაობას დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა ხალხი დავარწმუნოთ, რომ განსხვავებული არჩევანი უნდა გავაკეთოთ. ჩემი აზრით, უპირველესად უნდა გავხსნათ მაქსიმალურად ბევრი პლატფორმა, ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნება საუბარი პრობლემებზე და ამაში ჩართული უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი აქტორი. ვფიქრობ, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. და შემდგომ მეტი მსმენელიც გაჩნდება და გადავტეხთ იმ ვითარებას, რაშიც დღეს ვართ. ჩვენ ახალი წლიდან უკვე გვექნება ინიციატივები ამ პლატფორმების შექმნაზე. პირველი - აუცილებლად მივიღებთ ყველა ფორმატში მონაწილეობას, იქნება პრეზიდენტის ინიციატივა თუ ვინც უნდა დააინიციროს მსგავსი ფორმატი; მეორე - თებერვლიდან ვგეგმავთ რეგიონებში აქტიურ მუშაობას. განსაკუთრებით იქ, სადაც საკრებულოებში გვყავს წარმომადგენლები, რათა გავხსნათ ბევრი პარალელური პროცესი, რომელშიც საზოგადოებას ჩავრთავთ.

რუსა მაჩაიძე