"ოცნება“ კი არ განათდა, განაცდა!“
"ამ ადამიანების წინაშე დანაშაული მარტო „ნაცმოძრაობას“ კი არ მიუძღვის, „ოცნებასაც“, იმიტომ, რომ დამნაშავეები არ დაისაჯნენ“
ერეკლე საღლიანი, საქართველოზე შეყვარებული უშბისმიდამოელი პოეტი, სვანური პირდაპირობით ლაპარაკობს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და "კვირის პალიტრასთან" განვლილ წელსა და საახალწლო ტრადიებზეც მსჯელობს.
- როგორი იყო 2021 წელი?
- მძიმე იყო ყველასთვის... ისეთი ადამიანები გამოგვაცალა ხელიდან ამ 2021 წელმა, რომ საშინელი სიცარიელე გაჩნდა. მე არ ვიცი, ამას თუ რამე ამოავსებს... დიახ, ყველა მხრივ მძიმე წელი იყო, მაგრამ უფრო დიდი განსაცდელისთვის გაგვიძლია და, მე მგონი, ამასაც გავუძლებთ.
- პანდემიას რომ თავი დავანებოთ, პოლიტიკურად როგორი წელი გვქონდა?
- ძალიან მძიმე, იმიტომ, რომ გაურკვევლობაში ვართ. ისეთ თამაშში ვართ ჩართული, საიდან რა გამოდნება, არ ვიცით. მძიმეა, მაგრამ ფაქტია - ყველაზე დიდი პლუსი, თუ რამე გააჩნია ამ ხელისუფლებას, გახლავთ ის, რომ ყველაფერი გააკეთა, რუსეთს საქართველო რომ არ დაერბია, მაგრამ არის შიდა საკითხები... ჯერ - არჩევნების გაყალბება, შემდგომ - ამომრჩეველზე ზემოქმედება, სარგებლობა ამ ამომრჩევლის მძიმე მატერიალური მდგომარეობით და შეპირებები, რომელთაგან მერე არაფერი სრულდება.
- მაგალითად, რომელი შეპირებები?
- უამრავი... ჯერ ერთი, ის, რომ სამუშაო ადგილები გაჩნდებოდა, მაგრამ არ არის ეს სამუშაო ადგილები. ფაქტობრივად, დღევანდელ ხელისუფლებას ქვეყანა იმ გზით მიჰყავს, რომ დამოკიდებული ვიყოთ უცხოეთსა და უცხოელებზე. საკუთარი ხმა რომ გავაგებინოთ მსოფლიოს, ამის მცდელობას ვერ ვხედავ. მეორე - თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ბატონი ბიძინა რამდენიმე ხელოვან ადამიანს აფინანსებს, ხელოვანებს ჯეროვანი ყურადღება არ ექცევათ, თუმცა კულტურის მინისტრი მეიმედება. ალბათ, გადადგამს ქმედით ნაბიჯებს.
- დიდი შერიგების პროცესი როგორ წარმოგიდგენიათ, რას გულისხმობს ეს შერიგება, მიტევებას? შეთანხმებას? პირადი წყენის განზე გადადებას ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ?
- შერიგება ყოველთვის ემყარება სიკეთეს, იმიტომ, რომ როცა მოწინააღმდეგეს მიუტევებ, თავად უფლისგან მოგეტევება, მაგრამ არის ერთი რამ - მე ვერც ერთი მხარის სინანულს ვერ ვხედავ. ადამიანს ღუპავს არა დიდება, არა ცოდვათა სიმრავლე, არამედ მოუნანიებლობა. ეგ არის ყველაზე დიდი ცოდვა. ადამიანი, რომელიც ჭეშმარიტ სინანულს იგრძნობს, ისწრაფვის, უკეთესობისკენ შეცვალოს საკუთარი ცხოვრება. წმინდა წერილიც ამას გვეუბნება: "აღიარე, რომ სცოდე და აღიხოცება შენი ცოდვები", მაგრამ როცა ეს არ არის, ადამიანებს შერიგების ნაკლებად სჯერათ. თავისთავად ინიციატივა, რომ ადამიანები შერიგდნენ, ცუდი არ არის, ოღონდ თავდაპირველად უნდა ვკითხოთ იმ ადამიანებს, წინა რეჟიმის დროს ყველაზე მეტად რომ დაზარალდნენ. აპატიებს სულხან მოლაშვილის მამა, შვილი რომ მოუკლეს?! ან ბუტა რობაქიძის მშობლები აპატიებენ, ქუჩაში რომ მოკლეს მათი შვილი?! და გირგვლიანი?! ცხონებული ირინა ენუქიძე შეეწირა სიმართლისთვის ბრძოლას. ჰოდა, შეხვდი ამ ადამიანებს, დაელაპარაკე! შერიგებას ამათი გვერდის ავლით თუ აპირებ, ამგვარ შერიგებას არავინ დაიჯერებს.მინდა კიდევ ერთი რამე აღვნიშნო: ამ ადამიანების წინაშე დანაშაული მარტო "ნაცმოძრაობას" კი არ მიუძღვის, "ოცნებასაც", იმიტომ, რომ დამნაშავეები არ დაისაჯნენ. ცოდვა მარტო იმის კი არ არის, ვინც ეს ჩაიდინა, იმისაც, ვინც, ფაქტობრივად, დუმილით დასტური მისცა წინა ხელისუფლებას. ეგ არის უმთავრესი, რის გარეშეც შერიგება შეუძლებელია. სინანული საიდან მოდის? საკუთარ ცოდვათა ხედვით. თუ ამას ვერ ხედავ, არც სინანული აღიძვრება შენში. ამიტომაც არ ინანიებენ ესენი არაფერს, პირიქით, ისე გველაპარაკებიან, თითქოს დამნაშავეები ჩვენ ვიყოთ.
მე მონანიებისაკენ მარტო "ნაცმოძრაობას" და "ოცნებას" კი არ მოვუწოდებ, თითოეულ ჩვენგანს, უპირველესად კი საკუთარ თავს, იმიტომ, რომ უცოდველი არავინ ვართ, ყველას გვაქვს ჩვენი წილი ცოდვები...
- პოლიტიკური თვალსაზრისით კიდევ რას გამოყოფდით ამ წლიდან?
- ტყუილი ყოველ ნაბიჯზე, თვალებში ნაცრის შეყრა და ძალაუფლების შენარჩუნებისთის ყველაფრის კადრება! "ნაცებმა" იმიტომ დაკარგეს ძალაუფლება, რომ ყოველგვარ საშუალებას იყენებდნენ მის შესანარჩუნებლად, დღეს კი რა გამოვიდა? "ოცნება" განაცდა! კი არ განათდა, განაცდა! "ნაცმოძრაობას" დაემსგავსა!
რატომ მივუტევეთ ჩვენ დემეტრე მეორეს ყველა ცოდვა? იმიტომ, რომ რასაც ის აკეთებდა, პირადი კეთილდღეობისთვის არ იყო გამიზნული, ეს ქვეყნის ინტერესებისთვის იყო და როცა არღუნ ყაენმა მოითხოვა მისი ილხანთა სამეფოში წასვლა, დაუფიქრებლად წავიდა. პრინციპულ მომენტში მოიქცა ვაჟკაცურად და ქვეყანა გადაარჩინა. დღევანდელ ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები ქვეყნის საკეთილდღეოდ კი არა, პირადი კეთილდღეობისთვის იბრძვიან.
დღევანდელი ფასები და მგზავრობა არის ხალხის დაცინვა, გაუბედურებული ხალხის უბედური მდგომარეობით ლაღობა! საფრანგეთში მარილს რომ ფასი მოუმატეს, ლუდოვიკომ იკითხა, რა ხდებაო? ხალხი ღელავსო, უთხრეს. მოუმატეთ კიდევო! - გასცა ბრძანება და იკითხა, რა ხდებაო? ხალხი ისევ ღელავსო. ამის მერე კიდევ მოუმატა და ისევ იკითხა, რა ხდებაო? იცინიანო, მოახსენეს. მაშინ შეწყვიტეთ ფასების მომატებაო!.. მე არ ვიცი, მთლად ლუდოვიკოს დაემსგავსებიან თუ არა პარლამენტსა და მერიაში მომუშავე ადამიანები... ღმერთმა ქნას, ვცდებოდე.
- ის ბედნიერი ახალი წლებიც გავიხსენოთ, რომლებმაც ამ დღესასწაულთან შეხვედრის ტრადიცია დაგვიტოვა...
- ჩვენთან, სვანეთში, ეს იყო საოცარი ზეიმი. ეს ხდებოდა მხოლოდ ახალ წელს და შობის დროს. ფანჯრებს გააღებდნენ, სინათლე რომ კარგად შემოსულიყო. მეკვლე შემოდიოდა ოჯახში სიმღერით და მასპინძელსაც სიმღერით უნდა გაეცილებინა.
- თბილისურ ტრადიციაზეც მიამბეთ. აქაც გყავთ მეკვლე?
- ჩემი მეუღლის ძმისშვილიშვილია ჩვენი მეკვლე, პატარა ბიჭი, ხუთი წლის. ჯერ დააკაკუნებს, მერე დაიმალება და უცებ შემოვარდება, კანფეტებს ისვრის და, ბარაქა, ბარაქაო, იძახის. სიცილი და სიხარული, ბავშვის სიწმინდე შემოაქვს ოჯახში...
ბედნიერი იყავით, დალოცვილი, დღეგრძელი. მადლი, რომელიც ჩვენს ქვეყანას დაეფინება, თქვენს ოჯახებში შემოსულიყოს. სიკეთე იყოს თქვენკენ, წყალობა იყოს უფლისა, დაგვემარცხებინოს კარს მომდგარი ყოველი საფრთხე: პანდემიაც, უცხო ქვეყნების აგრესიაც... ეს წელი იყოს განსაკუთრებული, როცა საქართველო მსოფლიოს ისტორიაში თავის განსაკუთრებულ ადგილს დაიმკვიდრებს.