"მძიმე ბავშვობა მქონდა. ჩემი და, რომელსაც სწორი დიაგნოზი ვერ დაუსვეს, ექვსწლიანი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა... შემდეგ კი ძმაც გარდამეცვალა..."
"სულის ტკივილი" ის თოჯინაა, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ გავაკეთე...", - ამბობს ირმა ფრანგიშვილი. იგი საზოგადოებას ახსოვს იმით, რომ თავისი ხელნაკეთი თოჯინა საქართველოში მყოფ ცნობილ მევიოლინეს, დევიდ გარეტს, აჩუქა.
- ქალბატონო ირმა, როგორც ვიცი, პროფესიით ქიმიკოსი ხართ...
- დიახ, ქიმიკოსი ვარ, მაგრამ პროფესიით თითქმის არ მიმუშავია. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ოჯახური მდგომარეობის გამო, სამსახურს თავი დავანებე. გარკვეული პერიოდი სახლში ვიყავი და ვზრდიდი შვილებს... ბავშვობიდან მიყვარდა ხატვა, ძერწვა. ბებიამ მასწავლა ხელსაქმე (კერვა, ქსოვა, ქარგვა). ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტთან ერთად დიზაინის სპეციალობით მეორე ფაკულტეტიც დავამთავრე.
- ხელოვნების პედაგოგობა როდის გადაწყვიტეთ?
- ჩემს შვილებთან ერთად რამდენიმე წელი საბავშვო ბაღში დავდიოდი, სადაც პედაგოგად ვმუშაობდი. მერე მათ სკოლაშიც გავყევი და დავიწყე მუშაობა ხატვისა და შრომის პედაგოგად. მივხვდი, ბავშვებთან ურთიერთობა ჩემთვის საინტერესო იყო, ამიტომ სკოლის ერთგული დავრჩი. უკვე 23 წელია ხელოვნებას ვასწავლი. სკოლაში მოსწავლეები აქტიურად მყავდა ჩართული სხვადასხვა სახის გამოფენა-კონკურსებში, სადაც წარმატებებსაც აღწევდნენ.
- როგორც ვიცი, ბავშვობაში თქვენს ოჯახში ტრაგედიები დატრიალდა...
- დიახ... მძიმე ბავშვობა მქონდა. ჩემი და, რომელსაც სწორი დიაგნოზი ვერ დაუსვეს, ექვსწლიანი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. მთელი ამ ხნის განმავლობაში დედა უამრავ სამედიცინო ლიტერატურას კითხულობდა, ხსნას წიგნებში ეძებდა. დედამ ხალხური მედიცინაც შეისწავლა, სამკურნალო მცენარეებს ერთად ვაგროვებდით. მას შემდეგ დედა უანგაროდ ეხმარებოდა ყველას. როდესაც განკურნებული ადამიანი მასთან მადლობის სათქმელად მოდიოდა, დედაზე ბედნიერი არავინ იყო. ამ ყველაფრის შემდეგ ოჯახში გაჩნდა სურვილი, სამედიცინოზე მესწავლა. კარგად ვსწავლობდი, მერვე კლასის დამთავრების შემდეგ სამედიცინო ტექნიკუმში ჩასაბარებლად ვემზადებოდი, როდესაც ჩემი ძმა გარდაიცვალა. ალბათ, ბედისწერა იყო - გამოცდებზე ვერ გავედი. დროებით სწავლა თბილისის მსუბუქი მრეწველობის ტექნიკუმში გავაგრძელე და ოთხი წლის შემდეგ წითელი დიპლომით დავამთავრე ტექნიკუმი სამკერვალო წარმოების ტექნოლოგის სპეციალობით... შემდეგ ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე მაგრამ ხელოვნების სიყვარული სულ თან მდევდა. თავისუფალ დროს და ლექციებზეც სულ ვხატავდი. თიხით დეკორატიულ თეფშებს, მინიქანდაკებებს, კოლაჟებს ვაკეთებდი. ვიკერავდი ნაირ-ნაირ კაბებს, ვქსოვდი პალტოებს და თავს ბედნიერად ვგრძნობდი. მივხვდი, ამ კუთხით აუცილებლად განათლება უნდა მიმეღო. მესამე კურსზე იმავე ინსტიტუტში დიზაინის ფაკულტეტზე ჩავაბარე და ჩემზე ბედნიერი არავინ მეგულებოდა. ასე ავიხდინე ოცნება...
- მნიშვნელოვან გამოფენებზე რას იტყვით?
- არასოდეს დამავიწყდება პირველი გამოფენა, რომელიც თბილისში 2018 წელს ჩატარდა. თოჯინების შექმნა სამი თვის ნასწავლი მქონდა და ჯერ მხოლოდ ხუთი თოჯინა მქონდა. ამ დღეს საზოგადოებამ გამიცნო, როგორც მეთოჯინე. გავიცანი ჩვენი ცნობილი მეთოჯინეები და ვნახე მათი ზღაპრულად ლამაზი ნამუშევრები. ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ისინი ჩემს ნამუშევრებს მიქებდნენ... შემდეგ გვქონდა გამოფენები პარლამენტში, ფოლკლორის ცენტრში, თოჯინების თეატრში, ზურაბ წერეთლის მუზეუმში... გამოვარჩევდი პრაღაში გამართულ თოჯინების საერთაშორისო ფესტივალს, რომელშიც 22 ქვეყნის მეთოჯინეები მონაწილეობდნენ. გერმანელმა მეთოჯინემ (რომელიც გამოფენაზე გავიცანი და დავმეგობრდით) მოკლე ტექსტური შეტყობინება გამომიგზავნა. ძალიან გახარებული იყო, შენს "ფრიდას" გერმანულ ჟურნალში წავაწყდიო და ჟურნალიც მაჩვენა. ეს მართლაც სიურპრიზი იყო ჩემთვის. 2019 წელს თბილისში, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, გაიმართა თოჯინების მესამე საერთაშორისო ფესტივალი AრტDოლლ, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მეთოჯინეები მონაწილეობდნენ. საკონკურსო თემა იყო, "შანელის სამყარო". კონკურსისთვის დავამზადე რთული კომპოზიცია - სუნამოს ბოთლი, შიგ მოთავსებული სარკეებიანი ოთახი და კოკო შანელი, ბოთლის თავზე კი შემომსხდარი იყვნენ მისი ქართველი მოდელები - მერი შერვაშიძე და რიმა ერისთავი კოკო შანელის სამოსით. ამ კომპოზიციამ გაიმარჯვა. ეს ყველაზე დიდი წარმატებაა ჩემს შემოქმედებაში... შობის დღესასწაულთან დაკავშირებით გავაკეთე ანგელოზების კომპოზიცია.
- სოციალური ქსელი შეძრა თქვენმა თოჯინამ "სულის ტკივილი"...
- "სულის ტკივილი" მამის გარდაცვალების შემდეგ გავაკეთე. იგი ზუსტად ასახავს უფალთან ჩემი სულის ტკივილის გაზიარებას... აგვისტოში მთელ ოჯახს "კოვიდი" გვქონდა. მოხუცმა მამამ ვერ დაამარცხა ეს ვერაგი ვირუსი. მამა ისე დაკრძალეს, მე და დედამ ვერ დავიტირეთ და ბოლო გზაზე ვერ გავაცილეთ ჩვენთვის ძვირფასი ადამიანი. ჩემს ცხოვრებაში საშინელი დღეები იყო, გადავწყვიტე, ჩემი ემოცია თოჯინით გამომეხატა... "სულის ტკივილი" მივუძღვენი ყველა კოვიდჭირისუფალს.
- კიდევ ერთი უდიდესი ტრაგედიის გადატანა მოგიხდათ - სარძლო დაგეღუპათ...
- დიახ, ეს თავზარდამცემი იყო ჩვენი ოჯახისთვის. სამი წელი გავიდა მას შემდეგ. შეიძლება გახსოვთ კიდეც - 20 წლის გოგონას ყურსასმენები ეკეთა და ლიანდაგზე გადასვლისას მატარებლის სიგნალის ხმა ვერ გაიგო... ასე გაგვიფრინდა ჩვენი ნანუკი, უზომოდ შეყვარებული და ბედნიერი და დაგვიტოვა ტკივილი და მონატრება... ჩვენს გულებში მუდამ იცოცხლებს ჩვენი ზეცაში გაფრენილი ანგელოზი.