"შუაღამისას სადარბაზოში­ სრულიად მარტო აღმოვჩნდი, თანაც ნამცხვრებით ხელში. ავდექი და მეზობლის კარზე დავრეკე ზარი. უცნობი ოჯახი გვარიანად შევაშინე" - კვირის პალიტრა

"შუაღამისას სადარბაზოში­ სრულიად მარტო აღმოვჩნდი, თანაც ნამცხვრებით ხელში. ავდექი და მეზობლის კარზე დავრეკე ზარი. უცნობი ოჯახი გვარიანად შევაშინე"

არ სჯერა საახალწლო ღამეს ჩაფიქრებული სურვილების, არც ბავშვობაში სჯეროდა, თუმცა ყოველთვის სჯერა საკუთარი შესაძლებლობების და წარმატების იმედიც აქვს. ფრაქცია "ლელოს" წევრ სალომე სამადაშვილის გეგმა, რომელიც 2022 წელს უკავშირდება, პანდემიამდე არსებული რეჟიმის აღდგენა და სპორტით ძველებურად დაკავებაა. ახლა მისი ფიზიკური აქტივობა ძაღლთან ერთად სუფთა ჰაერზე სეირნობით შემოიფარგლება. როგორ აფასებს წლიდან წლამდე მომხდარ ამბებს და რას ელის მომავალი 2022 წლისგან, "კვირის პალიტრას" სალომე სამადაშვილი­ ესაუბრა:

- გასულ წელს უპრეცედენტო ამბები­ მოხდა - პოლიტიკური კრიზისი, დასავ­ლელი პარტნიორების მაღალი დონის ჩართულობა ჩვენს შიდაპოლიტიკურ პროცესებში, შარლ მიშელის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, ასევე სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა და ისიც, რომ ჩვენი დამ­ოუკიდებლობის 30-წლიანი ისტორიის განმავლობაში ქვეყნის­ პირველი პირი ციხეში­ აღმოჩნდა. ამას დავამატებდი რუსეთის აგრესიულ გააქტიურებას რეგიონში... ერთადერთი პოზიტიური ის იყო, რომ ვაქცინაციამ "კოვიდთან"­ დაკავშირებული სირთულეები ცოტათი მაინც გაამარტივა და ქვეყნებს შორის მოგზაურობა შესაძლებელი გახადა. შესაბამისად, ორი წლის შემდეგ პირველად ჩემი ძმა და ძმისშვილები ახალ წელს საქართველოში ხვდებიან და ოჯახი ისევ ერთად ვართ.

- ახალ წელს როგორ ხვდებით?

- ბავშვობიდან ჩვენი ოჯახის მეკვლე ჩემი ძმაა. ჯერ ჩვენ გვილოცავს, მერე დეიდებთან მიდის. 31 დეკემბერს მხოლოდ ჩვენი ოჯახი აღნიშნავს­ ახალი წლის მობრძანებას, 1-ლ იანვარს კი დიდი ოჯახი ვიკრიბებით - დეიდები, ბიძები...­ ამ ტრადიციას ბებიას სიცო­ცხლეში ჩაეყარა­ საფუძველი, ყოველთვის მასთან ვიკრიბებოდით.

- გამორჩეულად თუ გახსენდებათ რომელიმე ახალი წელი?

- ერთხელ ძალიან უჩვეულო და ექსტრემალური ახალი წელი მქონდა. 90-იანი წლები იყო, ბავშვებმა ერთ-ერთი ჩვენი­ მეგობრის ოჯახში გადავწყვიტეთ საახალწლო ზეიმის მოწყობა. როგორც აღმო­ჩნდა, დანიშნულების ადგილზე ყველაზე ადრე მე მივედი, კაციშვილი არ იყო მოსული, მათ შორის არც მასპინძელი. ის სხვაგან ცხოვრობდა და ძველ სახლში დაგვპატიჟა. ესე იგი, შუაღამისას სადარბაზოში­ სრულიად მარტო აღმოვჩნდი, თანაც ნამცხვრებით ხელში. რა უნდა მექნა?! ავდექი და მეზობლის კარზე დავრეკე ზარი. უცნობი ოჯახი გვარიანად შევაშინე, არავის ელოდნენ და... ხომ გახსოვთ, რა დრო იყო... საბოლოოდ გაირკვა, რომ მათი მეკვლე მე ვიყავი.

- ექსტრემალურ სიტუაციებს სხვა შემთხვევაშიც იოლად ართმევთ თავს?

- ძირითადად კი. ერთხელ საფრანგე­თში საგზაო ავარია ავირიდე თავიდან და სამი კაცის, მათ შორის ჩემი სიცოცხლეც გადავარჩინე. ავტომობილს, რომელშიც მე ვიჯექი, ქალი მართავდა. უცებ ცუდად გახდა, გონება დაკარგა და მართვის უნარი­ წაერთვა. მე უცებ გადავედი მძღოლის­ მხარეს, საჭე მოვატრიალე და ხიდიდან მდინარეში გადავარდნას გადავრჩით. ახლა რომ ვიხსენებ, ვერ ხვდები, როგორ მოვახერხე.

samada2-1641128682.jpg

- ხომ არ ფიქრობთ, რომ პოლიტიკაც ექსტრემალური პროფესიაა?

- ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად არის ექსტრემალური პროფესია. ძალიან ხშირად ფიზიკურად გიწევს თავის გადადება.

- შეგიძლიათ თქვათ, რომ "ნაცმოძრაობის" დროს, როდესაც თქვენ ამ გუნდის წევრი იყავით, ადამიანების უფლებები არ ილახებოდა?

- სერიოზული შეცდომები­ იქნა დაშვებული როგორც სასამართლოს, ასევე ძალოვანი უწყებების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების­ მხრივ, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ 10 წლის წინ დაშვებული შეცდომები თუ დანაშაულები დღემდე არ გამოსწორებულა,­ პირიქით, ამას დაემატა ეკონომიკასა და საერთაშორისო პოლიტიკაში სრული ჩავარდნა.

- "ნაცმოძრაობიდან" თქვენი­ წასვლის მიზეზი მხოლოდ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერაზე უარის თქმა იყო?

- მე განსხვავებული მოსაზრება მქონდა. "ნაცმოძრაობა" მიიჩნევდა, რომ დოკუ­მე­ნტზე ხელი არ უნდა მოგვეწერა. ჩემი აზრი არ იქნა გათვალისწინებული, ამიტომ­ ჩვენი გზები დაშორდა.

- ტელეეკრანებიდან მკაცრი­ და შეუვალი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ, კადრს მიღმა როგორი ხართ?

- როგორც ყველა, მეც სხვადასხვა­ გარემოში სხვადასხვანაირი ვარ. შეიძლება­ პოლიტიკაში ძალიან პრინციპული და ხშირად შეუვალიც ვარ, მაგრამ იმავე შეუვალ­ობით მეგობრებთან ურთიერთობა­ არ გამომდის. რამდენადაც საქმიან ურთიერთობაში უკომპრომისო ვარ, იმდენად ძალიან დამთმობი ვარ მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან. ყოველ შემთხვევაში, ჩემს საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის დაძაბვა­ არ მიღირს პოლიტიკური პრინციპების გამო. ჩემი აზრით, მეგობრობას სრულიად განსხვავებულმა პოლიტიკურმა შეხედულებებმაც კი არ უნდა შეუშალოს ხელი. ერთა­დერთი, რასაც ვერავის ვაპატიებ, არის ქვეყნის წინააღმდეგ წასვლა და ხალხის ღალატი.

- როდესაც სააკაშვილის შეცდომებსა თუ დანაშაულებზე საუბრობენ, ხშირად აღნიშნავენ, რომ რიგ შემთხვევებში ქვეყნის ინტერესების საზიანოდ იქცეოდა. ამის მაგალითად ასახელებენ თუნდაც აგვისტოს ომის დროს მტრისთვის­ "ლანგრით მირთმეულ" კოდორსა და ახალგორს. თქვენ არასდროს გაგჩენიათ ეჭვი, რომ შესაძლოა ის მართლაც მიზანმიმართულად მოქმედებდა ქვეყნის საზიანოდ?

- მე არ ვამბობ, რომ სააკაშვილი უშეცდომო იყო, მაგრამ აბსურდულად მიმაჩნია ბრალდება იმის შესახებ, რომ თითქოს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებდა. პირიქით, მიმაჩნია, რომ სწორედ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში გაკეთებულმა არჩევანმა, გავმხდარიყავით ევროპული ოჯახის წევრი, გამოიწვია რუსეთის აგრესია. სხვაგვარად რომ მეფიქრა, დიპლომატიურ სამსახურს არ გავაგრძელებდი იმ ხელისუფლების პირობებში.

ხათუნა ბახტურიძე