"საუკეთესო იყო ის 6-7 ახალი წელი, როდესაც თოვლის ბაბუად გამოწყობილი ჩემს გოგონასთან საჩუქრებით მივდიოდი, მასთან ერთად ვცეკვავდი და ვმღეროდი"
არქივი, გამოქვეყნებულია 2022 წლის 7 იანვარს
"ახალი წლის მეორე დღეს ეკონომისტები ცაში გასროლილ და ჩინეთის ეკონომიკაში ინვესტირებულ მილიონებზე დარდობენ, ექიმები ამპუტირებულ ხელებზე, მეხანძრეები გასაგებია, რაზეც... მე მაშხალებს არ ვყიდულობ, მომბაძეთ! ფინანსური ბოიკოტი პიროტექნიკას", - აი, ასეთია ყოფილი ვიცე-პრემიერის, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, ხუთგზის პარლამენტის წევრისა და ორიგინალური პერფორმანსების ავტორის რომან გოცირიძის პოზიცია. ალბათ, ბევრს გახსოვთ, როგორ აწონა რომან გოცირიძემ ჩანთაში ჩადებული საგადასახადო კოდექსი საპარლამენტო ტრიბუნაზე. როგორც ამბობს, ამით საზოგადოებისთვის უფრო თვალსაჩინო გახადა საქართველოში და საერთოდ, მსოფლიოში, საგადასახადო ტვირთის შემცირება. როგორც გაირკვა, ბატონი რომანი ახალ წელსაც ორიგინალურად შეხვდა. მეკვლეც განსხვავებული ჰყავდა.
- ძალიან მძიმე წელი გავაცილეთ - 13500 კაცი წაგვართვა კორონამ, უმრავლესობა 2021 წელს დაიღუპა. გასულ წელს იმაზე მეტი ადამიანი მოკვდა, ვიდრე ქართლ-კახეთში აღა-მაჰმად-ხანის ლაშქრობის დროს. თუმცა ისეთი ამბებიც მოხდა, რამაც ყველა ქართველი გაგვახარა. მაგალითად, ლაშა ტალახაძის უნიკალურმა წარმატებამ. ყველა რეკორდი მოხსნილი ჰქონდა, მხოლოდ ერთი ჰქონდა დარჩენილი, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს ბელარუსმა სპორტსმენმა დაამყარა. ტალახაძემ 33 წლის შემდეგ დაამხო ეს რეკორდი. კიდევ ერთი 33 წელი იქნება საჭირო იმისთვის, რომ ვინმემ ეს რეკორდი მოხსნას.
- როგორ შეხვდით 2022 წელს?
- კორონამ ხომ ყველაფერი შეცვალა. ამიტომ ძალიან პრინციპული ვარ - არანაირი სტუმრიანობა, არანაირი ხალხმრავალი ადგილები. შინ, ცოლ-შვილთან ერთად შევხვდი. კიდევ ერთ საკითხში ვარ ძალიან პრინციპული - მიმაჩნია, რომ ფეიერვერკი ყველაზე უაზრო გართობის საშუალებაა - ხარჯიანი, სახიფათო, დამაბინძურებელი, ხმაურიანი, წამიერი. განსაკუთრებით ცუდია, თუ ზალპის მიცემის პლაცდარმი საკუთარი სახლის ფანჯარა ან აივანია. ეროვნულ ბანკში რომ ვმუშაობდი, თანამშრომელს კორპუსში ბინა მთლიანად დაუწვა ფანჯრიდან შემოვარდნილმა მაშხალამ.
- საუკეთესო ახალ წელს თუ გაიხსენებთ?
- საუკეთესო იყო ის 6-7 ახალი წელი, როდესაც თოვლის ბაბუად გამოწყობილი ჩემს გოგონასთან საჩუქრებით მივდიოდი, მასთან ერთად ვცეკვავდი და ვმღეროდი. ამას მანამდე ვაკეთებდი, სანამ იმხელა არ გახდა, რომ ჩემს გაშიფვრას შეძლებდა.
- მეკვლეობის ტრადიცია თუ გაქვთ?
- წინასწარ მეკვლე არასდროს შემირჩევია, თუ ჩემთვის სასიამოვნო მეზობელი მოგვიკაკუნებდა, მიხაროდა. წელს პირველად მყავდა წინასწარ შერჩეული და ასე განსაჯეთ, გაწვრთნილი მეკვლე - კატა. თუ შეიძლება ძაღლი იყოს მეკვლე, კატა რატომ არ შეიძლება?! ძალიან მაგარი კატა მყავს. მეკვლემ ხომ უნდა დააკაკუნოს და სასიამოვნო სიტყვები თქვას, ჰოდა, ჩემი კატა ძალიან მშიშარაა - თუ გარეთ დატოვებ, მაშინვე დაეტაკება კარს და თათებით ფხაჭნის. ორი წუთით გავსვი გარეთ, მაშინვე კარს დაეტაკა და ფხაჭნა დაიწყო, ეს დაკაკუნებად მივიჩნიეთ, მერე დაიკნავლა - ეს საახალწლო დაკნავლება იყო. გავუღეთ თუ არა კარი, გახარებული შემოვარდა, გადავრჩი, გარეთ არ დამტოვესო. აბა, მითხარით, ასეთი ბედნიერი სხვა ვინ შემოვიდოდა?! კატაც ბედნიერი იყო და ჩვენც.
- ბედნიერება თქვენთვის რა არის?
- ხომ გაგიგონიათ გამოთქმა, "კარგი მთავრობა ის არის, რომლის არსებობა არ გახსენდებაო". ესეც ასეა, ბედნიერი მაშინ ხარ, როდესაც შენი ცხოვრება ისე მიედინება, რომ ბედნიერებაზე არ ფიქრობ.
- როგორც ვიცი, ფილოსოფიით, ფსიქოლოგიით, სპორტითა და მუსიკით იყავით გატაცებული. პროფესიით კი ეკონომისტი ხართ.
- ფილოსოფია, ფსიქოლოგია, სპორტი და მუსიკა ძალიან მიყვარდა, ეკონომისტი კი სრულიად შემთხვევით გავხდი. ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ფილოსოფია-ფსიქოლოგიაზე მინდოდა ჩამებარებინა. მაშინ ჰუმანიტარულ ფაკულტეტებზე დიდი კონკურსი იყო და ჯარში რომ არ წავსულიყავი ეკონომიკურზე ჩავაბარე. ოთხი თვის შემდეგ, როდესაც საშემოდგომო გაწვევა დასრულდა, გამოვიტანე საბუთები და მოსამზადებელ ფაკულტეტზე დავიწყე სიარული. მეორე წელს გავიგე, რომ ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე მოსახვედრად, ყველა საგანში ხუთიანების მიღება იყო საჭირო. ავდექი და ხელახლა ჩავაბარე ეკონომიკურზე. ამასობაში რა მოხდა? მე ხომ საბუთები დეკემბერში გამოვიტანე უნივერსიტეტიდან, მაისში კი საგაზაფხულო გაწვევა ყოფილა. არ გამოვცხადდი კომისარიატში, შედეგად დეზერტირად გამომაცხადეს. შინ მომადგნენ და ისანში, გამწვევ პუნქტში წამიყვანეს. საბოლოოდ შორეულ რუსეთში, ჩინეთის საზღვართან მიკრეს თავი. ჯარიდან დაბრუნებულმა ისევ ეკონომიკურზე შევიტანე საბუთები. ჩემმა დეკანმა ნათელა მესხმა რომ დამინახა, გადაირია, აბიტურიენტებს მიუბრუნდა და უთხრა, ვინაა ეს დარტყმულიო. მეორე კურსზე ჯავახიშვილის სტიპენდიატი, მესამე კურსზე კი ლენინური სტიპენდიატი გავხდი. ლენინური სტიპენდია მაშინ ინჟინრის ხელფასს უდრიდა, თავად მისი ლაურეატობა კი სტუდენტური ნობელის ტოლფასი იყო. როდესაც ასპირანტურაში გადასასვლელად ფილოსოფიის გამოცდა ჩავაბარე კომისიას, მეორე დღეს დამირეკეს და ფილოსოფიის ასპირანტურაში გადასვლა შემომთავაზეს. ვიფიქრე და მივხვდი, რომ სულით ეკონომისტი ვიყავი. მიხარია, რომ მაშინ ასეთი გადაწყვეტილება მივიღე. რომ არა ეკონომისტი, ვერც ეროვნულ მოძრაობაში მოვხვდებოდი და ვერც პოლიტიკაში.
- ერთხელ მითხარით, რომ თქვენს ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია როკის, ფეხბურთისა და წიგნების სიყვარულმა.
- თუ რომელიმე ავტორი მომეწონებოდა, ყველა მისი ნაწარმოები უნდა წამეკითხა. რაც შეეხება ფეხბურთს, ეს დღემდე ჩემი სუსტი წერტილია. "ტყავის ბურთის" და საბავშვო ჩემპიონატების გამარჯვებული ვარ. სხვათა შორის, იყო დრო, როდესაც ღამეებს ვათენებდი კახა კალაძისა და ლევან კობიაშვილის ყურებაში. კალაძე "მილანში" რომ თამაშობდა, ვინ ჰყავდა სათადარიგოებში, ვინ მისი დუბლიორი და შემცვლელი, ყველას სახელი და გვარი ვიცი. ყაველაშვილს თავადაც უკვირს ხოლმე, მის გატანილ გოლებს რომ ვიხსენებ. ეჰ, არ ჯობდა, რომ სპორტში ყოფილიყვნენ?
- თქვენი პროფესია ეროვნულ მოძრაობასთან რა კავშირში იყო?
- "პერესტროიკის" დროს ახალგაზრდა მეცნიერებათა კანდიდატი ვიყავი. პრესასთან, რადიოსა და ტელევიზიასთან ვთანამშრომლობდი. მერე გადაცემის წამყვანადაც მიმიწვიეს. პირველი ჩაწერა ძალიან რთული იყო. მაშინ ყველაფერი წინასწარ იწერებოდა. როდესაც გადაცემა ჩავწერეთ, ტელევიზიის დირექტორმა არჩილ გოგელიამ საერთაშორისო და ეკონომიკური განყოფილების რედაქტორს შამილ ჭიაბრიშვილს ჰკითხა, როგორი იყოო? იმან უპასუხა, კარგი იყო დოლ-გარმონის თანხლებითო. თურმე ნერვიულობისგან მაგიდას ფეხებს ვურტყამდი - ჩემი ნახევარსაათიანი გადაცემა ფეხების ბრახუნის თანხლებით იყო ჩაწერილი. ასე, "დოლ-გარმონით" გავედი ეთერში. ამის შემდეგ იყო პირველი ეთერი "საღამო მშვიდობისა", "ალიონი". თან ლექციებს ვკითხულობდი, თან სტატიებს ვწერდი, პარალელურად, გადაცემებიც მიმყავდა ეკონომიკურ საკითხებზე. მერე ჯერ "კავკასიურ კლუბში" ვიყავი, შემდეგ - "რუსთაველის საზოგადოებაში", საბოლოოდ, დეპუტატი გავხდი "სახალხო ფრონტიდან". მას შემდეგ ხან მთავრობაში გადავდიოდი, ხან ოპოზიციაში მივდიოდი.
- ოპოზიციაში პირველად რის გამო წახვედით?
- შევარდნაძეს დავუპირისპირდი. ეროვნულ ბანკს შევარდნაძის ხელშეწყობით საშინელი მონეტარული პოლიტიკა ჰქონდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თავი მოიკლა. შევარდნაძე აიძულებდა, ფული გაეცა ბანკებზე, ბანკების საშუალებით კი ფული მისი ახლობლებისა და პოლიტიკაში გავლენიანი პირების ხელში ხვდებოდა.
- შევარდნაძის ხელისუფლებაში ვიცე-პრემიერის პოსტზე როგორ აღმოჩნდით?
- "სახალხო ფრონტიდან" ოპოზიციონერი დეპუტატის სტატუსით ვიყავი. ფრაქციის თანათავმჯდომარე ვიყავი ბატონ ნოდარ ნათაძესთან ერთად, რომელსაც "დემოკრატიული ცენტრი ერქვა". ჩვენ ვეწინააღმდეგებოდით პუტჩს. ოპოზიცია ზურაბ ჟვანიას მწვანეთა ოფისში შევიკრიბეთ და გადავწყვიტეთ ხელისუფლებისთვის ულტიმატუმი წაგვეყენებინა, რომ ვიცე-პრემიერის პოსტი ოპოზიციისთვის დაეთმო. პოლიტიკური ლიდერები: თამრიკო ჩხეიძე, ზურაბ ჟვანია, ნოდარ ნათაძე, დათო ბერძენიშვილი, სულ 7 თუ 8 კაცი, შევიდნენ შევარდნაძესა და სიგუასთან ამ მოთხოვნით. ასე აღმოვჩნდი ამ პოსტზე.
- მომავალი მეუღლე ამ პოლიტიკური ბატალიების დროს გაიცანით?
- ჩემი მეუღლე და სიდედრი მერაბ მამარდაშვილის ლექციაზე გავიცანი. როდესაც მეკითხებიან, რითი მოვხიბლე, ვამბობ, ქათინაურებით-მეთქი... არ უყვარს, როდესაც მის შესახებ საჯაროდ ვსაუბრობ. პროფესიით ფსიქიატრია, ასევე ცნობილი ფსიქიატრის გაიოზ შარაშიძის ქალიშვილი. დედაც ცნობილი ფსიქიატრი ჰყავს. თურმე ბატონი გაიოზი ჩემს მეუღლეს ეუბნებოდა, სანამ რომანს მთვრალს არ ვნახავ, ცოლად არ გაგაყოლებო. წარმატებით მაქვს სიმთვრალის გამოცდა ჩაბარებული, სულ ფსიქიატრიულ რენტგენში ვარ გატარებული. ჩემი მეუღლისა და სიდედრ-სიმამრის წყალობით ჩემ გარშემო უამრავი ფსიქიატრიული წიგნი იყო. როდესაც მთავრობიდან წამოვედი, ამ წიგნების კითხვა დავიწყე. იმდენი წავიკითხე, ვგონებ, დიაგნოზის დასმაც შემიძლია.
- კოლეგებს პარლამენტში თუ უსვამთ დიაგნოზს?
- არ მომწონს, როდესაც ამბობენ, დეპუტატებს "ფსიქო" ისევე უნდა ჰქონდეთ, როგორც მძღოლებს მართვის მოწმობაო. დისკრიმინაციული გამონათქვამია. ადამიანს როგორი ემოციური მდგომარეობაც უნდა ჰქონდეს, ამომრჩევლის გადასაწყვეტია, იქნება თუ არა ის პარლამენტში. ისევე, როგორც ამომრჩევლის გადასაწყვეტია, შევა თუ არა პარლამენტში მარიხუანას მომხმარებელი.
- თქვენ თუ ყოფილხართ ოდესმე მარიხუანას მომხმარებელი?
- სტუდენტობისას ორჯერ გავსინჯე, ვერაფერი ვიგრძენი და ამით დასრულდა ჩემი გამოცდილება ამ სფეროში.
- ქალიშვილის შესახებ რას გვეტყვით?
- მეუღლე დარწმუნებული იყო, რომ სამედიცინო გზას დაადგებოდა. ბოლოს იურიდიული დაამთავრა ახლახან ჰოლანდიაში. ერთადერთი, რაშიც მიზანმიმართულად ვერეოდი, ის იყო, რომ გამეზარდა ტოლერანტობის სულისკვეთებით. ფილმებსაც შესაბამისს ვურჩევდი და ერთად ვუყურებდით. გვიტირია კიდევაც ერთად, როდესაც გოდერძი ჩოხელის მოთხრობის მიხედვით დადგმულ ფილმს ვუყურებდით. შვილისთვის საჩვენებელი ფილმების ნუსხაში მქონდა შეტანილი სტივენ სპილბერგის ფილმი "ვესტსაიდის ისტორიის" ძველი ვერსიაც, მაგრამ ადრე მომივიდა მიუზიკლის ჩვენება. დაიტანჯა. ერთხანს ჩემი ხათრით უყურა და როცა იმ ეპიზოდამდე მივიდა, როდესაც შეყვარებული მღერის "მარიაა", ოთახიდან გავარდა. მას შემდეგ მიუზიკლი არ უნახავს. იმ ამბიდან ათი წლის შემდეგ ვეუბნები, მალე თბილისის ეკრანებზე იქნება ახალი ვერსია-მეთქი და როგორც "ვესტსაიდი" ვახსენე, ოთახიდან გავარდა და მომაძახა, მიუზიკლი არ მიხსენოო.
ხათუნა ბახტურიძე