იანვრის მეორე ნახევრიდან "ომიკრონი" დომინანტი გახდება
"ჩემი მშობლები თბილისში არ ცხოვრობენ და მათთან, ხონში, ყოველ წელს ჩავდივარ. სანამ იმ სახლში ვინმე მელის, აუცილებლად იქ შევხვდები ახალ წელს. წელსაც დედასთან, მამასა და ბებოსთან ერთად ვიზეიმე“
საახალწლო განწყობისა და ფუსფუსის მიუხედავად, ვერ ვუღალატებთ მთავარ საქმეს, მივაწოდოთ მოსახლეობას ამომწურავი ინფორმაცია პანდემიის მიმდინარეობის შესახებ. ჩვენი რესპონდენტია ყველასათვის საყვარელი ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.
- პანდემია 2020 წელს გამოჩნდა. 2020 წლის სექტემბრამდე მხოლოდ 1000 პაციენტი გვყავდა, მაგრამ მერე მივიღეთ მეორე ტალღა, რომელიც ძალიან სერიოზული აღმოჩნდა და ჯანდაცვის სისტემას, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს გავუმკლავდით, დიდი ჯაფა დაადგა. ძალიან გართულდა პაციენტების ნაკადის მართვა; გამოჩნდა ბევრი სხვა სიძნელეც, მაგალითად, "სასწრაფოს" დაგვიანება, ოჯახის ექიმებთან ნაკლები კომუნიკაცია, პირველადი ჯანდაცვის რგოლის სისუსტე... ამის მერე რაღაც გამოცდილება შევიძინეთ და ყველა შემდგომი ტალღისას ქვეყანა ასე თუ ისე მართავდა სიტუაციას, თუმცა, სამწუხაროდ, 13 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ჩვენ ჯერ არ ვიცით, კიდევ რა გველოდება.
2021 წლის ბოლოს ახალი შტამი - "ომიკრონი" გამოჩნდა და ჩვენც, სხვა ქვეყნების მსგავსად, ველოდებით, რომ იანვრის მეორე ნახევრიდან ის დომინანტური გახდება. როგორც ჯანმო ამბობს, ქვეყნებს "ცუნამი" ელოდება, ოღონდ შემთხვევების რაოდენობის ზრდით და არა - მაინცდამაინც ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის თვალსაზრისით, თუმცა ამით ვითარების სრულფასოვნად შეფასება შეუძლებელია. ისეთი ქვეყნები, სადაც მოზრდილი მოსახლეობის 90%-მე მეტი აცრილია, მაგალითად, დიდი ბრიტანეთი და მისი პრემიერი ყოველდღე მოუწოდებს მოსახლეობას, დაიმატონ ბუსტერი, რადგან ამის გარეშე ინტენსიური თერაპიის განყოფილებები ავადმყოფებით გაივსება. ჩვენ კი რა გველოდება, როდესაც არათუ ბუსტერით, ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ორჯერაც კი არ არის აცრილი?! ეს რას გამოიწვევს "ომიკრონის" ტალღის შემთხვევაში, რთული სათქმელია. იმედს ვიტოვებთ, რომ იქნება შედარებით მეტი შემთხვევა, მაგრამ ნაკლები ჰოსპიტალიზებული და უფრო ნაკლები - გარდაცვლილი. მე ფრთხილი ოპტიმიზმით ვუდგები საკითხს და ყველას ვთხოვ, რაც შეიძლება სწრაფად აიცრან. არც პირბადე კარგავს აქტუალობას და იმედია, ამ ერთობლივი ღონისძიებებით შევძლებთ ახალი ტალღის გადატანას, რომელიც იანვარ-თებერვალში გველოდება.
- ეს მეექვსე ტალღა იქნება?
- დიახ. იანვრის მეორე ნახევრიდან "ომიკრონი" დომინანტი გახდება. ახლა ყოველდღიურად 60-მდე შემთხვევაა, მაგრამ ორ-სამ დღეში ერთხელ ორმაგდება.
- ახალი წლის დღესასწაული რა როლს ითამაშებს ამ ტალღის "გაცუნამებაში"?
- ნებისმიერი თავშეყრა საფრთხეს ზრდის, ალკოჰოლი კი ადამიანებს სიფრთხილეს უკარგავს, ასე რომ, რისკი, უდავოდ, დიდია, ამიტომ ყველას ვთხოვ, შობა-ახალი წელი ოჯახურ დღესასწაულად გადააქციონ და ფართომასშტაბიან ღონისძიებებში მონაწილეობას ნუ მიიღებენ.
- "ომიკრონზე" ახალი რა გავიგეთ მას შემდეგ, რაც მისი კვლევა სამხრეთ აფრიკის ლაბორატორიებს გასცდა?
- ჯერჯერობით ისეთ ქვეყნებშიც კი აქტიურად ვრცელდება, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა აცრილია. მაგალითად, საფრანგეთში შემთხვევების რაოდენობა 200 ათასს მიუახლოვდა. ბრიტანეთში ახლა მილიონ-ნახევარი ადამიანია ავად, მაგრამ ყოველდღიური გარდაცვალებისა და საავადმყოფოში მოხვედრის შემთხვევები არ იზრდება. 50-70%-მდე ნაკლებია კლინიკაში მოხვედრის საჭიროება, ამიტომ ეს ქვეყნები აცხადებენ, რომ "ომიკრონი" შედარებით მსუბუქი შტამია, თუმცა, აშშ-ის ზოგიერთ შტატში, სადაც ის უკვე ლამის დომიმანტურია და აცრილიც ნაკლებია, 50%-ით გაიზარდა ჰოსპიტალში მოხვედრილი ადამიანების რაოდენობა. ჩვენ მოსახლეობის მხოლოდ 30% გვყავს აცრილი, ბუნებრივი იმუნიტეტის მქონე კი დაახლოებით 65%-ია, ასე რომ, მოსალოდნელია, მოსახლეობის 30-35% ნებისმიერი ახალი ვარიანტით ადვილად დაავადდეს. როგორ იმოქმედებს "ომიკრონი" აუცრელებზე, ან მათზე, ვისაც "კოვიდი" არ გადაუტანია, ჯერ არ ვიცით.
- ლაპარაკი დაიწყო მეოთხე ბუსტერზე...
- ისრაელია პირველი, სადაც უკვე მეოთხე ბუსტერს სთავაზობენ მოსახლეობას, ოღონდ, ძირითადად, მათ, ვისაც სუსტი იმუნიტეტი აქვთ და 60 წელს არიან გადაცილებული. ჩვენს ქვეყანაში, შესაძლოა, ამას ნაკლები პერსპექტივა ჰქონდეს. თუ კომპანიები, როგორც ამბობენ, გაზაფხულზე შექმნიან "ომიკრონის" საწინააღმდეგო ვაქცინებს, შესაძლოა ჩვენთან ასეთი ასაკობრივი კატეგორიისთვის სტანდარტული იყოს არა მეოთხე აცრა, არამედ სპეციფიკური, ანუ "ომიკრონზე" მოდიფიცირებული ვაქცინები. მე ამის იმედი უფრო მაქვს, იმიტომ, რომ მესამე დოზამდე ვერ მიგვიღწევია და მეოთხე დოზის პერსპექტივა მით უფრო არარეალურია.
- ე..ი. ახალ წელს ახალ შტამსა და ახალ მინისტრთან ერთად ვხვდებით?
- ასე გამოდის... ის ჩვენი კოლეგა არ არის, თუმცა სამინისტრო ფართომასშტაბიანია, არაერთი ფუნქცია აქვს, ქვეყნის ბიუჯეტის თითქმის 30%-ს განკარგავს და გვესმის, რომ მაინცდამაინც ექიმობა აუცილებელი არ არის, მთავარია, კარგი მენეჯერი იყოს. ხმებიც ასეთი ისმის - ამბობენ, რომ კარგი მენეჯერული უნარები აქვს.
- ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროს ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა: "მნიშვნელოვანია და მთავარი გამოწვევაა ინფექციის კონტროლი, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში არათუ "კოვიდი", არამედ სხვადასხვა ჰოსპიტალური ინფექცია ხდება ლეტალობის გამომწვევი მიზეზი". ეთანხმებით?
- ხატოვნად რომ ვთქვათ, საავადმყოფოს კედლები ძალიან რეზისტენტული მიკრობებით არის დატვირთული და ასეა მთელ მსოფლიოში. იმ ქვეყნებსა და საზოგადოებებში, სადაც ამბულატორიული მომსახურება მასშტაბურია და ანტიბიოტიკები ადვილად ხელმისაწვდომია, იქმნება ანტიბიოტიკური რეზისტენტობის მაღალი რისკი. სადაც ანტიბიოტიკური რეზისტენტობა მაღალია, ბუნებრივია, იქ მეტია ანტიბიოტიკებისადმი გამძლე ბაქტერიებით ინფიცირების შემთხვევა. ამას მეორენაირად ნოზოკომიალური, ანუ საავადმყოფოში შეძენილი ინფექცია ჰქვია. ვაქცინაციის არსი სწორედ ის არის, რომ საავადმყოფოში მოხვედრისგან მაინც იცავს ადამიანს. სწორედ კლინიკაშია მაღალი ჰოსპიტალური ინფექციის რისკი.მაგალითისთვის გეტყვით, რომ ავტოავარიის შედეგად საავადმყოფოში მოხვედრილი ადამიანი შესაძლოა ავარიის დროინდელი დაზიანებებით არ დაიღუპოს, მაგრამ დაემართოს ჰოსპიტალური ფილტვის ანთება და გარდაიცვალოს. სწორედ ასე შეიძლება მოხდეს "კოვიდით" დაავადების შემთხვევაშიც. ეს იშვიათად ხდება, მაგალითად, ფინეთში, ნორვეგიაში, სადაც ანტიბიოტიკს ვერ იყიდი, თუ ექიმმა რეცეპტი არ მოგცა. ეს კომპექსური პრობლემაა და "კოვიდთან" დაკავშირებული არ არის.
- საახალწლო დღეებია და ცოტა უკეთეს თემაზეც ვისაუბროთ... როგორ ხვდებით ამ დღესასწაულს?
- ახალ წელს ყოველთვის სახლში ვხვდები. ჩემი მშობლები თბილისში არ ცხოვრობენ და მათთან, ხონში, ყოველ წელს ჩავდივარ. სანამ იმ სახლში ვინმე მელის, აუცილებლად იქ შევხვდები ახალ წელს. წელსაც დედასთან, მამასა და ბებოსთან ერთად ვიზეიმე.
- მეკვლეს ინსტიტუტის გჯერათ?
- ჩვენთან, იმერეთში, მეკვლეობა ბარბარობას არის. ჩვენს სახლში ყოველთვის ბებიაა მეკვლე. დილით ჯერ ბრინჯს შემოყრის, მერე შემოვა და გვლოცავს - გამრავლდით, გაიხარეთო და ა.შ. წელსაც არ უღალატია ამ ტრადიციისთვის.გილოცავთ ახალ წელს. გისურვებთ, 2022 ყოფილიყოს პანდემიისგან გათავისუფლებისა და გარდატეხის წელი. დაწმუნებული ვარ, 2022 იქნება ახალი ათვლის წერტილი ჩვენი ქვეყნისთვის, მოსახლეობისა და თითოეული ოჯახისთვის კი იქნება ჯანმრთელობის, წინსვლის, ბარაქის, დღეგრძელობის წელი.