"სპორტსმენი უნდა მართავდეს წარმატებას და არა წარმატება სპორტსმენს" (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

"სპორტსმენი უნდა მართავდეს წარმატებას და არა წარმატება სპორტსმენს" (ექსკლუზივი)

"სპორტის ერთგული ვარ - მან ყველაფერი მომცა, მაგრამ მეც ყველაფერს ვაძლევ!“

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაჯილდოებაზე 2021 წლის საუკეთესო სპორტსმენებად ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ტალახაძე და ლაშა ბექაური აღიარეს. ოლიმპიური ოქრო უმაღლესი მიღწევაა სპორტში და გვესმის, რომ მხოლოდ ერთი ჩემპიონი ვერ გამოარჩიეს, მაგრამ... თუ "წლის მესამე ლაშად" დასახელებას არა, ლაშა შავდათუაშვილი რომელიმე ნომინაციას აუცილებლად იმსახურებდა. "შავი" (შავდათუაშვილის მეტსახელია. - რ.შ.) გასულ სეზონში მსოფლიო ჩემპიონი გახდა, "ტოკიო-2020"-ის დრამატულ ფინალში დამარცხების შემდეგ კი პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელიც სამივე სინჯის ოლიმპიურ მედალს ფლობს. გარდა ამისა, მსოფლიო ჩემპიონატის მოგებით სწორედ ლაშაა ერთადერთი ქართველი ძიუდოისტი, ვინც ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონის ტიტულის მფლობელია. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გამოკითხვაში ლაშა შავდათუაშვილი­ წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტადაც დასახელდა. ექსკლუზიური ინტერვიუ ამ თემაზე საუბრით დავიწყეთ:

- ეს აღიარება ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ბედნიერებაა, როცა წლის განმავლობაში ნაჩვენები შედეგების შემდეგ გულშემატკივრის რჩეულიც ხდები და შენს წარმატებას ამდენი ადამიანი იზიარებს.

- "მთავარია, ჩემმა კარიერამ ახალგაზრდებს მისცეს სტიმული", - ამბობს შრომისმოყვარეობის, დისციპლინის, სტაბილურობის მაგალითი ლაშა შავდათუაშვილი. კარიერის დასაწყისში, თქვენთვის ვინ იყო შთაგონების წყარო?

- თუ ვარჯიშის გაცდენის შემდეგ ახალგაზრდა სპორტსმენს დანაშაულის გრძნობა აწუხებს, ესე იგი, უყვარს სპორტი, პასუხისმგებლობას გრძნობს. ასეთი ახალგაზრდა აუცილებლად მიაღწევს მიზანს! ძალიან მნიშვნელოვანია მიღწეულის შენარჩუნება და მართვაც: სპორტსმენი უნდა მართავდეს წარმატებას და არა წარმატება სპორტსმენს. ჩემთვის ყველა წარმატებული ადამიანი მაგალითია, მოტივაცია. მაგალითს დიდი ძალა აქვს: მან თუ შეძლო, - მეც შევძლებ! მინდა მეც ვიყო მაგალითი მომავალი თაობისთვის ჩემი შედეგებით და საქმისადმი მიდგომით.

- ქართულ ძიუდოს უამრავი გამორჩეული ფალავანი ჰყოლია. როცა აცნობიერებთ, რომ ყველაზე ტიტულოვანი ხართ, სიამაყეს გრძნობთ თუ უხერხულობას?

- დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, იყო პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელმაც ოლიმპიადა, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატები მოიგო. ბედნიერი ვარ, მაგრამ არ გავჩერდები - კიდევ მეტი ტიტული მინდა! ამისთვის რესურსიც მაქვს და გამოცდილებაც. მადლობა უფალს, რომ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა არ შევწყვიტე.

- გეგმის თანახმად, ნახევარფინალის შემდეგ აღარ აპირებდით მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის გაგრძელებას. რთული არ იყო მსოფლიო ჩემპიონობაზე ოცნებაზე უარის თქმა? თუნდაც ოლიმპიადისთვის მზადების გამო!

- ოლიმპიური თამაშები ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება და რადგან ტოკიოში გამგზავრებამდე დიდი დრო აღარ რჩებოდა, მსოფლიო ჩემპიონატზე ჩემი მონაწილეობაც კი სათუო გახლდათ. საბოლოოდ, ბუდაპეშტში მაინც წავედი, ოღონდ გეგმის თანახმად, ნახევარფინალამდე უნდა მეჭიდავა, მერე კი... მერე, იმის მიუხედავად, რომ მსოფლიო ჩემპიონობა ჩემი ოცნება იყო, მზად ვიყავი ოლიმპიადის ხათრით უარი მეთქვა ოქროსთვის ბრძოლაზე და იაპონიაში საუკეთესო კონდიციაში ჩავსულიყავი. მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ ყოველთვის არის რისკი, სპორტსმენი მიღწეულით დაკმაყოფილდეს, აღარ ივარჯიშოს, ფიზიკურად ან ფსიქოლოგიურად გადაიღალოს და ა.შ. მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, მე ეს საშიშროება არ მემუქრებოდა, თანაც ბუდაპეშტში ყველაფერი ისე აეწყო, ჭიდაობა აუცილებლად უნდა გამეგრძელებინა. გავაგრძელე და ჩემპიონიც გავხდი.

- ოლიმპიური ჩემპიონი კარიერის დასაწყისშივე გახდით. სპორტის უმაღლეს მწვერვალზე ასვლის შემდეგ რა იყო ყველაზე რთული ახალგაზრდა სპორტსმენისთვის?

- წონითი კატეგორიის შეცვლა. დარწმუნებული ვარ, რომ არა წონის მატება, დაბალ წონაში (66 კგ) უფრო მეტ შედეგს მივაღწევდი! ახალ წონაში, ფაქტობრივად, თავიდან დავიწყე ყველაფერი: ძალიან დიდი დრო მოვანდომე ადაპტაციას, მეტოქეების გაცნობას. ვფიქრობ ხოლმე, მეტოქეებზე ბევრად ნიჭიერი არ ვყოფილვარ, არც მათზე უკეთესი პირობები მქონია, მაგრამ ოლიმპიური ჩემპიონი სწორედ მე გავხდი, იმიტომ, რომ ვიბრძოდი და მინდოდა გამარჯვება! სპორტთან ვალდებულად ვგრძნობ თავს, რაც მაქვს ყველაფერი ძიუდომ მომცა. სპორტის ერთგული ვარ, მან ყველაფერი მომცა. თუმცა მეც ყველაფერს ვაძლევ! ჩემთვის ყოველი დღე ვარჯიშით იწყება და მთავრდება. მწვერვალზე ასვლის შემდეგ კიდევ მეტი უნდა იმუშაო, ყოველდღიურად განვვითარდე. თავი არასდროს დამიზოგავს, არც რეჟიმი დამირღვევია, მაგრამ ზოგჯერ მაინც ვფიქრობ, რამე ხომ არ დავაკელი? კარიერას თავიდან რომ ვიწყებდე, კიდევ მეტს ვიშრომებდი!

- 20 წლის ბიჭს ერთბაშად დაგატყდათ თავს დიდი წარმატება, პოპულარობა, ბევრი ფული... ამ ყველაფერთან გამკლავება რთული არ იყო?

- ამ ყველაფრის გაძლება ურთულესი იყო! მხარდაჭერისთვის მადლობელი ვარ ჩემი ოჯახის, მეგობრების, გულშემატკივრების, მაგრამ მთავარი მაინც შენზეა - როგორ გადალახავ, როგორ გაუძლებ ამ ყველაფერს. შედეგმა არ უნდა გმართოს, შენ უნდა მართავდე. თუ ისევ აცნობიერებ, რომ ყველაფერი სპორტმა მოგცა, შენ კი ძველებური მონდომებით აღარ იხარჯები, თუ ვარჯიშის გაცდენისას ისევ გაწუხებს დანაშაულის გრძნობა, ესე იგი, წარმატებამ ვერ გაჯობა! მნიშვნელოვანია მოტივაციაც: ზოგიერთი სპორტსმენი ერთი ტიტულით კმაყოფილდება, სხვას ყოველ წელს ჩემპიონობა სურს და ა.შ.

- ტატამზე გასასვლელად როგორ ემზადებით.

- ყოველ ჯერზე განსხვავებულია: ორთაბრძოლის წინ დამიძინია კიდეც, მოთელვის გარეშეც გავსულვარ საჭიდაოდ ან პირიქით - ზედმეტად გავხურებულვარ. გააჩნია ტურნირს, მეტოქეს, სიტუაციას... შეჯიბრების დაწყებისას მნიშვნელობა აღარ აქვს, ვინ რამდენი ივარჯიშა, ვის უკეთესი პირობები, ტიტულები ან გვარ-სახელი აქვს. ყველაფერი უნდა დაივიწყო, ტატამზე გახვიდე და ბოლომდე დაიხარჯო გამარჯვებისთვის. ყველაზე მეტად შენ უნდა გინდოდეს გამარჯვება! ბევრჯერ უკითხავთ, ძიუდოისტი რომ არა, ვინ ვიქნებოდიო? პასუხი მარტივია: თუ ლაშა ისეთივე იქნებოდა, როგორიც დღეს არის, წარმატებას ყველგან მიაღწევდა! არ მჯერა, რომ რომელიმე სფეროში მარტივად შეიძლება დიდი წარმატების მიღწევა! ყველგან აუცილებელია თავდაუზოგავი შრომა, მონდომება, სიყვარული - ბოლომდე "გადაშვება" იმ საქმეში, რასაც აკეთებ. ძიუდომ იმდენი თავისუფლება მომცა, დაბრკოლებას ვერცერთ საქმეში ვერ ვხედავ. პირიქით, რაც მეტია დაბრკოლება, მეტი მოტივაცია გეძლევა, სირთულე საშენოდ უნდა გამოიყენო. რასაც ეძებ, იმას იპოვი. ვინც ყველაფერში უარყოფითს ეძებს, დადებითს როგორღა დაინახავს?!

- ჰოდა, ჩვენც "პოზიტივი" დავინახოთ "ტოკიო-2020" ფინალის წაგებაში: რომ მოგეგოთ, ოლიმპიადებზე ორი ოქრო და ბრინჯაო გექნებოდათ. ახლა სამივე სინჯის მედლის მფლობელი ხართ!

- ის ფინალი ტიტულისთვის ბრძოლა არ ყოფილა: ორი ოლიმპიური ჩემპიონი, მე და შოჰეი ონო გამარჯვებისთვის ვიბრძოდით! იმ წუთებში არც ჩემს ტიტულებზე მიფიქრია, არც მედლის სინჯზე - ჩემ წინ მდგომი უძლიერესი მეტოქე უნდა დამემარცხებინა... ძალიან ახლოსაც ვიყავი იმ საოცრად დაძაბული შეხვედრის მოგებასთან, მაგრამ ერთ მომენტში მოძრაობა დავაგვიანე და დავმარცხდი. ოცი წლისა ოლიმპიური ჩემპიონი გავხდი, მაგრამ იმ შეგრძნებას, რაც ონოსთან ორთაბრძოლისას მქონდა, ვერაფერს შევადარებ. ჩემს კარიერაში ეს საუკეთესო, ყველაზე ემოციური მატჩი იყო.

- ფინალის შემდეგ რა გითხრათ შოჰეი ონომ?

- გადამეხვია და მითხრა, რომ ეს იყო საუკეთესო ბრძოლა! მე და შოჰეი თანატოლები ვართ (ჩემზე სამი დღით უმცროსია) და წლებია, ჩვენი კონკურენცია გრძელდება. გარდა იმისა, რომ უძლიერესი ძიუდოისტია, კარგი კაციც არის. ადამიანში მთავარ თვისებებად უბრალოება და თავმდაბლობა მიმაჩნია.

- იანვრის ბოლოს 30 წლის ხდებით. ძიუდოსთვის ეს ნამდვილად არ არის "საპენსიო" ასაკი, მაგრამ... უკვე ფიქრობთ, რას გააკეთებთ კარიერის დასრულების შემდეგ?

- მოვლენებს წინ არასდროს ვუსწრებ. 30 წლის ვხდები, მაგრამ ჯერაც ისევე მოტივირებული ვარ, როგორც 17-18 წლის ასაკში. მოტივაციას მაძლევენ ოჯახი, გულშემატკივრები, სპორტის სიყვარული... როცა მაღვიძარა გამორთე და ძილი გააგრძელე, იმ დღეს თავს ვერ აჯობე, დააშავე, საქმეს უღალატე! ვცდილობ ყოველ დილით დავამარცხო ჩემი თავიც და სიზარმაცეც, ყოველდღიურად ვისწავლო რაღაც ახალი. უკვე ყველა ტურნირის მედალი მაქვს, მაგრამ ტიტულებით ხომ არ დავბადებულვარ? დაბალი საფეხურიდან დავიწყე და აქამდე მოვედი. თუ იმავე მოტივაციით დავიწყებ ახალ საქმესაც, იქაც წარმატებული ვიქნები. მაგრამ როგორც კი ახალ საქმიანობაზე დავიწყებ ფიქრს, როგორც კი დავკარგავ 18 წლის ახალგაზრდის მონდომებას, მივხვდები, რომ ძიუდოში თავი ამოვწურე და მაშინვე დავასრულებ კარიერას.

- ტატამზე "ცეცხლი" ხართ, ძიუდოს მიღმა - მშვიდი და გაწონასწორებული. როგორია ლაშა შავდათუაშვილი შინ, ოჯახის წევრებთან?

- ჩვეულებრივი, უბრალო ბიჭი. "აგრესია" ტატამზე რჩება, შედეგები - კვარცხლბეკზე, ძიუდოს მიღმა დადებითი, მხიარული ბიჭი ვარ. ვცდილობ ყველას ვასიამოვნო. დღის უმეტეს ნაწილს დარბაზში ვატარებ, დანარჩენი დრო კი ოჯახს, შვილებს, მეგობრებს ეთმობა. მიყვარს ოჯახის წევრებთან ერთად გასეირნება, კინოში, კონცერტზე, თეატრში წასვლა. ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე, შვილებს სულ ვენატრები და ვცდილობ თავისუფალი დროის უმეტესი ნაწილი მათთან გავატარო. ჯერ პატარები არიან, მაგრამ როცა საზღვარგარეთ მივდივარ ტურნირზე, უკვე იციან, რაც უნდა დამაბარონ - მედალი!

- ახალ წელს საჩუქრების მიღება უფრო გიყვართ თუ გაცემა?

- ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი ოჯახის წევრების, მეგობრების, საყვარელი ადამიანების კარგად ყოფნაა, სპორტული შედეგები მერე მოდის, მატერიალური საჩუქრები კი მეორეხარისხოვანია. საერთოდ, საჩუქრების გაკეთება უფრო მიყვარს. დიდი ბედნიერებაა, როცა ამის შესაძლებლობა გაქვს.

- რას ეტყვის ლაშა შავდათუაშვილი ქართველ გულშემატკივარს, რას უსურვებს სამშობლოს 2022 წელს?

- გულშემატკივრის სიყვარულს და მხარდაჭერას მთელი კარიერის განმავლობაში ვგრძნობ, დიდ ძალას და მოტივაციას მაძლევენ. იმაზე დიდი ბედნიერება არაფერია, როცა სრულიად უცხო ადამიანებისგან წრფელ სიხარულს და სიყვარულს გრძნობ. მადლობა უფალს ამხელა პატივისთვის. მადლობა მათაც, ვინც მაკრიტიკებს ხოლმე - ეს მოტივაციას მმატებს. მადლობა IJF-ს ჩემი წარდგენისთვის, მადლობა ყველა გულშემატკივარს, ვინც ხმა მომცა, მადლობა ძიუდოს იმ ყველაფრისთვის, რაც მაქვს! გილოცავთ ახალ წელს, ჯანმრთელობას, მშვიდობას, უფლის წყალობას, წარმატებას ვუსურვებ ჩემს სამშობლოს.