"ძალიან ხშირად ცდილობენ, სისასტიკე შეფუთონ და თქვან, რომ მოძალადე გიჟია“ - კვირის პალიტრა

"ძალიან ხშირად ცდილობენ, სისასტიკე შეფუთონ და თქვან, რომ მოძალადე გიჟია“

"მოძალადემ, თუ აფექტის მდგომარეობაში არ არის, ხშირად ძალიან კარგად იცის, რას აკეთებს, მაგრამ თუ მის საქციელს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება, უკან დაიხევს, რადგან მშიშარაა“

შემაშფოთებელია ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკა. სამწუხაროდ, 2021 წელსაც არაერთი ქალი გამოასალმეს სიცოცხლეს. ამ დღეებში ზედიზედ რამდენიმე უმძიმესი მკვლელობა მოხდა. სპეციალისტების თქმით, ოჯახში ძალადობა კვლავ რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად. საზოგადოების ნაწილი ოჯახში ძალადობას კვლავ "პირად საქმედ" მიიჩნევს და მასში ჩარევას ერიდება, რაც ართულებს დანაშაულის გამოვლენას, დაუსჯელობა კი მოძალადეს აძლიერებს და გამბედაობას მატებს. ელისო ამირეჯიბი, წლებია, ძალადობისგან დაცვის­ ეროვნულ ქსელში ამ პრობლემაზე მუშაობს.

- არაფერი იცვლება, საზოგადოებას მაინც სჯერა, რომ მოძალადე გამოსწორდება. ახლახან მოკლული ფეხმძიმე გოგონას ისტორიაც არ არის განსხვავებული. გასულ წელს ზედიზედ რამდენიმე უმძიმესი შემთხვევა მოხდა. მიზეზი არის ის, რომ ქალები დროულად არ მიმართვენ პოლიციას და არ იცავენ საკუთარ უფლებებს იმ მექანიზმებით, რომლებიც ბევრია ჩვენს კანონმდებლობაში. როცა შენ გიზღუდავენ გადაადგილების უფლებას, გაიძულებენ, გააკეთო ის, რაც შენი ნების საწინააღმდეგოა და თუ არ აკეთებ, გსჯიან ფიზიკურად თუ ფსიქოლოგიურად, ცდილობენ შენი თვითშეფასების დაკნინებას, უნდა მიხვდე, რომ საქმე მოძალადესთან გაქვს და ეს არ დამთავრდება მანამ, სანამ მისგან არ წამოხვალ.მოძალადეები მშიშრები არიან. ყვირიან, ჩხუბობენ, გაშინებენ, მაგრამ თვითონაც ეშინიათ, ქალები კი ითმენენ, რათა საზოგადოების თვალში ცუდად არ გამოჩნდნენ იმის გამო, რომ მამას ან ქმარს პოლიციაში აბეზღებდა საზოგადოების რისხვა არ დაატყდეთ თავს. ხშირად თითქოს შვილების გამო ითმენენ. ქალებმა ძალადობის პირველივე შემთხვევაში უნდა მიიღონ ადეკვატური ზომები და მიმართონ შესაბამის უწყებას, ან გამოეხსნან ამ ადამიანის კლანჭებს. ეს რთული პროცესი თუ დროზე არ დაიწყე, რაც უფრო შორს წავა, მით უფრო გაძნელდება თავის დაღწევა.

- ხშირად ამბობენ, რომ ფსიქიკური პრობლემაა ასეთი დანაშაულების მიზეზი...

- ძალიან ხშირად ცდილობენ, სისასტიკე შეფუთონ და თქვან, რომ მოძალადე გიჟია, მაგრამ ასე არ არის. მოძალადემ, თუ აფექტის მდგომარეობაში არ არის, ხშირად ძალიან კარგად იცის, რას აკეთებს­, მაგრამ თუ მის საქციელს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება, უკან დაიხევს, რადგან მშიშარაა. აგრესია უჩნდება იმიტომ, რომ დაბალი თვითშეფასება აქვს, თვითშეფასების ამაღლება კი მხოლოდ სხვა ადამიანზე ზემოქმედებით შეუძლია, მაგრამ როცა ძალადობის ობიექტი ხელიდან ეცლება, ეს შესაძლებლობა აღარ აქვს და უფრო აგრესიული ხდება. სწორედ აგრესიით ცდილობს ქალის შეშინებას და დამორჩილებას.

ამ დროს ქალის რეაქცია დროული და ეფექტიანი უნდა იყოს. ჯერ პოლიციაში მისვლა, შემდეგ კი შეცოდება და ჩვენების შეცვლა უმძიმეს შედეგამდე მიგვიყვანს. რატომ არ ძალადობენ ძლიერ ქალებზე? იმიტომ, რომ ისინი არავის აძლევენ შეშინების უფლებას. მამაკაცების ძალადობა, გარკვეულწილად, აღზრდისა და საზოგადოების დამოკიდებულების ბრალიც არის.ჩვენ გამოვკითხეთ 21 მამაკაცი, რომლებსაც ოჯახის წევრების მიმართ უმძიმესი დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი. მათგან მხოლოდ ორს ჰქონდა ფსიქიკური პრობ­ლემა, ამიტომ ანალიზი ციხეში მყოფი 19 მამაკაცის მონაყოლით გავაკეთეთ. ყველას ჰქონდა თავისი არგუმენტები და, სამწუხაროდ, ყველა დარწმუნებული იყო, რომ სწორად მოიქცა. თანაც მათ მხარს უჭერენ თანამოსაკნეები, რომლებიც ამართლებენ ძალადობას, ქალების მიმართ გამოვლენილ აგრესიას, მიიჩნევენ, რომ ისინი ამას იმსახურებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ პარტნიორზე ძალადობა ყველა სოციალურ-ეკონომიკურ ჯგუფში გვხვდება, დიდი პროცენტული წილი მოდის იმ ქალებზე, რომლებიც სიღარიბეში ცხოვრობენ. ძალადობა ხშირია იმ საზოგადოებაში, სადაც ქალებს არა აქვთ სტაბილური შემოსავალი და ეკონომიკური დამოუკიდებლობა. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, ეს ქალები ეკონომიკურად გავაძლიეროთ, რომ მოძალადეზე არ იყვნენ დამოკიდებული, თუმცა უპირველესი მაინც არის ცნობიერების ამაღლება და განათლება.

- რას ეტყოდით იმ ქალებს, რომლებიც ახლა მოძალადეებთან არიან?

- სანამ თქვენ თვითონ არ შეეცდებით იმ გზების პოვნას, რომლებიც გაგაძლიერ­ებთ, სანამ იქნებით დამოკიდებული სხვების აზრზე და ამ აზრს გაითვალისწინებთ, დიდხანს არაფერი შეიცვლება.ხშირად ქალები ოჯახის წევრებს არ ეუბნებიან, რაც მათ თავს ხდება, რადგან ადამიანებს მოსწონთ მოჩვენებითი ბედნიერება. ბევრი ქალი საკუთარ თავს ადანაშაულებს, არადა, მათი ბრალი არ არის, რომ მამაკაცი მოძალადეა. სამწუხაროდ, ხშირად საზოგადოებაც აგულიანებს მოძალადეს. გვესმის მოსაზრებები,­ რომ მსხვერპლმა დაიმსახურა ის, რაც დაემართა; მამაკაცმა შური იძია, იმიტომ, რომ ქალი არ დაემორჩილა... და კიდევ: სისხლის სამართლის დანაშაულის დეტალური აღწერა არასწორია. ასეთ სტატიებს უამრავი გამოხმაურება მოსდევს; ბევრი, როგორც აღვნიშნეთ, ამართლებს დამნაშავეს, ეს კი მოძალადის წახალისებას იწვევს­. ასეთი ტრაგედიების გაშუქებისას საჭიროა მომხდარის ღრმა ანალიზი და არა დეტალების დაწვრილებით აღწერა, რომ დასკვნების გამოტანა შევძლოთ.

ფსიქოლოგი თამუნა ბოკუჩავა ამბობს, რომ ასეთი ტრაგედიების ერთ-ერთი­ მიზეზი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებაც შეიძლება იყოს: - საყურადღებოა პიროვნების როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური და სოციალური მდგომარეობა, მისი პიროვნული მახასიათებელები. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, ძალადობის შემთხვევები რომელიმე ნივთიერების მოხმარებას ხომ არ უკავშირდება. ეს შეიძლება იყოს ალკოჰოლი, ნარკოტიკი, სხვადასხვა ფსიქოტროპული საშუალებები... გარდა ამისა, ძალადობის მიზეზი შეიძლება იყოს ფსიქიკური აშლილობაც. სამწუხაროდ, ასეთი პაციენტებისთვის ეფექტიანი სერვისები, ფაქტობრივად, არ არსებობს. წამლის დანიშვნა არ არის მთავარი, უნდა არსებობდეს სარეაბილიტაციო სამსახურებიც; სოციალური მუშაკი, ოჯახის წევრები უნდა იყვნენ ჩართული ასეთი ადამიანის მკურნალობაში.

- ანუ ამ მხრივ ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლებიც საშიში არიან?

- რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა, ვინც ნარკოტიკს მოიხმარს, საშიშია. თუ ადამიანს აქვს ფსიქიკური პრობ­ლემები, ნარკოტიკული ნივთიერება­ აძლიერებს ამ პრობლემებს და მერე ისინი სოციალურად საშიში ხდებიან.

მსხვერპლის ფენომენის შესწავლაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაზე კარგი იქნება, თუ მსხვერპლი მიმართავს იმ დაწესებულებას, რომელიც მას დაეხმარება. თუ ოჯახში არის ფსიქიკური პათოლოგიის ადამიანი, ოჯახის წევრებმა ეს არ უნდა დამალონ.

- მალავენ იმიტომ, რომ მოძალადის ეშინიათ?

- მხოლოდ შიში არ არის მიზეზი; მათ იმედი არ აქვთ, რომ ვინმე მხარს დაუჭერთ. არის ოჯახები, სადაც ეს ნორმად მიიჩნევა. მათთვის ეს არ არის განსაკუთრებული ქცევა და არც იმედი აქვთ, რომ შეიძლება ვინმე გვერდით დაუდგეს. ამ საკითხში მედიის როლი განსაკუთრებულია. ხშირად მასობრივი ინფორმაციის საშუალებები არასწორად აშუქებენ მომხდარს, ახდენენ სტიგმატიზაციას, ვხვდებით დისკრიმინაციასაც. მედიამ მსგავსი პრობლემური საკითხები ყოველთვის პროფესიონალებთან უნდა შეათანხმოს და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიტანოს სააშკარაოზე, რომ მომხდარი სხვებისთვის წამახალისებელი არ აღმოჩნდეს.