"არ არის გამორიცხული, რომ სააკაშვილს სწორედ ბიძამისის ხელით "ამუშავებდნენ ბნელად“ - კვირის პალიტრა

"არ არის გამორიცხული, რომ სააკაშვილს სწორედ ბიძამისის ხელით "ამუშავებდნენ ბნელად“

მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა ოპოზიციამ პუტინისთვის მიძღვნილ საახალწლო საჩუქრად მიიჩნია. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები სააკაშვილის ციხეში დაბრუნებას "პატიმრის განგრძობით წამებად" აფასებენ და მწვავე პროტესტით იმუქრებიან. მმართველი გუნდის ლიდერები "ნაციონალების" მუქარას უსაფუძვლოდ მიიჩნევენ და ამბობენ, რომ სააკაშვილი უბრალოდ ჭირვეულობს, სურს უკეთეს მდგომარეობაში იყოს, ვიდრე სხვა პატიმრები. მათი განცხადებით, არსებობს დასკვნა, რომ რეფიდინგი (კვების განახლების სინდრომი) დასრულდა 2 კვირის წინ და პატიმარს კვლავ სურს დარჩეს იქ, სადაც არ ეკუთვნის ყოფნა. რა ხდება კულისებს მიღმა, რა სურს ექსპრეზიდენტს და რა მიზანი აქვს ოპოზიციას, ამის შესახებ ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე გვესაუბრება:

- სიმართლე გითხრათ, გაუგებარია, რატომ გახდა ახლა სააკაშვილის გადაყვანა­ აუცილებელი გორის ჰოსპიტლიდან, რა საჭიროა ამის ფორსირება წინასაახალწლო დღეებში. მაინტერესებს, დროდადრო რატომ მწვავდება სიტუაცია და რატომ იღებენ­ ნაჩქარევ, შედეგებზე არა­ორიენტირებულ გადაწყვეტილებას. ჩემი ვერსიით, საქმე გვაქვს არსე­ბული ვითარების უგულებელყოფასა­ და გულგრილობასთან. სხვაგვარად ეს ამბავი­ საბოტაჟს ჰგავს. თუმცა საბოტაჟსა და ასეთ გაუაზრებელ ქმედებას შორის დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ.

ახლა რაც შეეხება "ავადმყოფს", ეს არის უზარმაზარი სპექტაკლი, რომელსაც უკვე თვეებია უყურებს ხალ­ხი, მაგრამ დარბაზი მაყურებლისგან ნელ-ნელა იცლება, სცენის მემანქანე და მეორე რეჟისორი უკვე დიდი ხნის წასული არიან. მუდმივად დაძაბულობის შექმნა, სააკაშვილის მაღალ რანგში აყვანისა და მისი სხვა პატიმრებისგან დისტანცირების ცდა პიარტექნოლოგიის ნაწილია...

- ოპოზიცია ამას იმით ამართლებს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

- "ნაციონალებს" რომ ჰკითხო, მათი სხვა თანამებრძოლების საქმეებიც პოლიტი­კურად მოტივირებულია და ბაჩო ახალაიას ან მეგის ქარდავას გათავისუფლებას რატომ არ ითხოვენ?! რამდენიმე დღის წინ აჭარაში 6 "ნაციონალი" დააპატიმრეს, მათი გათავისუფლების მოთხოვნით რატომ არ მართავენ აქციებს?! გამოდის, აქ სააკაშვილის პერსონაზეა საუბარი და არა პოლიტიკური ნიშნით დევნილზე. სააკაშვილს სულაც რომ საკუთარი ხელით მოეკლა კაცი, მაინც იბრძოლებდნენ მის ციხიდან გამოყვანაზე. სააკაშვილის გამო თავს იმიტომ­ კი არ იკლავენ, რომ მათი ლიდერი ან ექსპრეზიდენტია, მათი მამოძრ­ავებელი ძალა ძალაუფლების დაბრუნების­ სურვილი და ფულია.­ ჩვენამდეც მოვიდა ამბავი, რომ თემურ ალასანია თბილისში ულტიმატუმით ჩამოვიდა. მან პირდაპირ დაუსვა საკითხი "ნაციონალებს", გამოიყვანეთ მიშა ციხიდან, როგორც გინდათო! თუ არადა, შეუწყდებათ დაფინანსება. ალასანიას მუქარის ამოქმედება უკვე დაეტყო "ნაციონალების" პირად ტელევიზიას.

- თქვენც ფიქრობთ, რომ "ნაციონალების"­ გამოცხადებული საყოველთაო შიმშილობა თემურ ალასანიას დირექტივა იყო?

- ლოგიკა ამას გვკარნახობს. რა შე­დეგის მომტანია ეს შიმშილობა? ჯერ ერთი, შიმშილობისთვის არასწორი ადგილია შერჩეული. მეორეც, ხალხისთვის მათ შიმშილობას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. ამასთან, ეს შიმშილობა კონტროლს მიღმაა - შიმშილობენ თუ არა, კაცმა არ იცის. "ნაციონალებმა" თავიანთ შიმშილობას ფასი დაუ­კარ­გეს­. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ხალხი სულელია და ვერ ხედავს "ნაციონა­ლების" ფორმულას, "მიშა კანონს ზემოთაა", ძალიან ცდებიან! ყველა ყველაფერს ხვდება, იმიტომაც არავინ გამოდის მათ მხარდასაჭერად.

- "ნაციონალები" სააკაშვილს პუტინის პირად პატიმრად მიიჩნევენ. ეს უკვე საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმაც გაიმეორა.

- მარგველაშვილის მიმართ განსაკუთრებულად კარგი დამოკიდებულება არასდროს მქონია, თუმცა პატივს ვცემდი მის ინტელექტს. ამ განცხადებით კი ყველაფერს ხაზი გადაუსვა, მათ შორის იმ დადებითს, რაც პრეზიდენტობის დროს გაუკეთებია. პრაქტიკულად, მან თქვა, ეს ხელისუფლება ასრულებს პუტინის დავალებას, შესაბამისად, არის პუტინის მონა და მეც პუტინის მონა ვიყავიო. თუ მარგველ­აშვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილს პუტინი დევნიდა, თავისი პრეზიდენტობის დროს რატომ არ შეიწყალა, უფრო სწორად, მისი განაჩენები რატომ არ გააუქმა?

- მარგველაშვილს ხომ არ უთქვამს, რომ ხელისუფლებამ პუტინის დავალება შეასრულა. მან თქვა, წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს პუტინსო და დასძინა, რომ პუტინს ბევრი სხვა ქვეყნის ხელისუფლებაც ვერ უწევს წინააღმდეგობას.

- თავად გაეწია თავის დროზე! ეთქვა, შეწყდეს სააკაშვილის სამართლებრივი დევნა, თქვენ ვერ უწევთ პუტინს წინააღმდეგობას და მე ვიღებ ამას ჩემს თავზეო.

- შეიძლება სიმართლის მარცვ­ა­ლი­ იყოს მარგველაშვილის ვარაუდში, რომ "ოცნებას" სააკაშვილის ციხეში ყოფნა არ აწყობს?­

- მათ სააკაშვილის ციხეში­ ყოფნა მანამდე არ აწყობდათ, სანამ პროცესი­ დეგრადაციას დაიწყებდა. დღეს უკვე საკითხავია, არ აწყობს თუ აწყობს? მე მაინც მგონია, რომ სააკაშვილის საკითხი ბევრ დროს იკავებს და პოლარიზებას ამწვავებს. "ოცნებაც" ამ ამბავშია ჩართული და მნიშვნელოვანი საკითხები ყურადღების მიღმა რჩება. წესით, უნდა ხვდებოდნენ, რომ მთელი ეს პროცესი ქვეყნის განვითარებას აფერხებს.

- შესაძლოა ხვდებიან კიდეც, მაგრამ რა გამოსავალი აქვთ, ჩვენ ხომ ვიცით, რომ "ოცნებას" ამომრჩეველი სააკაშვილის გათავისუფლებას არ აპატიებს, თუნდაც ეს პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან იყოს გამომდინარე?

- მართალი ხართ, პროცესი უკვე ღრმა ჩიხშია შესული. ხელისუფლებას თავის დროზე უნდა გადაეცა სააკაშვილი უკრაინისთვის, დღეს ესეც აღარ არის გამოსავალი. უკრაინაც აღარ ითხოვს მის გადაცემას, მხოლოდ ბრტყელ-ბრტყელი განცხადებებით შემოიფარგლება და დროდადრო გვახსენებს, რომ თვალს ადევნებს სააკაშვილის საქმეს. მე როგორც ვხედავ, უკრაინაში მხოლოდ კონკრეტული პარტიები იბრძვიან სააკაშვილისთვის, თორემ პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის მეასეხარისხოვანია მისი ბედი. მგონი, ძალიანაც გახარებული არიან, სააკაშვილი თავიდან რომ მოიშორეს.

- კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიაში, ალბათ, სააკაშვილის პარტიას გულისხმობთ.

- დიახ და ტიმოშენკოს პარტიასაც. სხვებს არ ანაღვლებთ მისი ბედი. ნუ დაიზარებთ და მოიკითხეთ უკრაინაში, რამდენად არის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ჩართული მისი გათავისუფლების საქმეში.

- სააკაშვილისგან ქაოსის შექმნის მუდმივ­ მცდელობას რით ახსნით?

- ქაოსურ სიტუაციაში თავს გრძნობს­ როგორც თევზი წყალში. ის ერთდროულად­ წარმოდგება­ ამ ქაოსის დამლა­გებ­ლად­ და პროცესის წარ­მ­მართველადაც­. ეჭვი არ მეპარება, რომ სააკაშვილს გარკვეული ძალები მართავენ, რომლებმაც­ იციან მისი ხასიათი და აძლევენ დავალებებს. ასეთი შეიძლება იყოს თუნდაც ბიძამისი.

- ბიძამისის მოტივი რა შეიძლება იყოს?

- დიდი ფინანსური რესურსი. გარდა ამისა, ისეთი სამსახურის ყოფილი თანამშრომელია, სადაც ყოფილები არ არსებობენ. ნებისმიერ ძალას შეუძლია ადამიანის სუსტი მხარეები საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს. მსოფლიოს პოლიტიკურ ისტორიაში უამრავი ლიდერია, რომელთა პატივმოყვარეობა მისივე ქვეყნის საწინააღმდეგოდ გამოუყენებიათ. ზოგჯერ სააკაშვილი ისეთ რაღაცებს ამბობს, მგონია, ამნეზია აქვს. მაგალითად, მას შეუძლია თქვას, რომ არ იცნობს ძმებ ახალაიებს, მეგის ქარდავას, რომ მისი თანხმობის თუ ნებართვის გარეშე, მალულად ხდებოდა ყველა უბედურება. ისიც კი შეუძლია თავისი შვილების დედაზე თქვას, რომ ბიუჯეტიდან მისთვის იხარჯებოდა ფული. რაც ყველაზე უცნაურია, ხალხის ერთ ნაწილს ყველაფრის სჯერა. ეზარებათ ფაქტების გაანალიზება და სააკაშვილსაც ისეთი ბუნება აქვს, ასეთ ადამიანებს ანალიზის გაკეთების შანსს არ უტოვებს.

- ადამიანი, რომელიც ქმნის ქაოსს და ხლართავს ინტრიგებს, როგორ აღმოჩნდა დიდი ინტრიგის მსხვერპლი,­ რომელიც ქვეყანას ომის ფასად დაუჯდა?

- ის ქაოსი კი არა, რეგიონული კატასტროფა იყო. სააკაშვილმა კარგად იცოდა, მის ქმედებებს რაც მოჰყვებოდა­. დამიჯერეთ, ეს ადამიანი სულელი არ არის. 1992 წლის თებერვლიდან ვიცნობ, ვიცი, რისი გამკეთებელია და რისი არა. იმდენად დიდია მისი პოლიტიკური ამბიცია,­ შეიძლება­ ისეთი რამ დაუშვას, რაც პოლიტიკოსს არ ეკადრება. მან გადაწყვიტა, რომ მსოფლიო პოლიტიკური ლიგის უმაღლესი­ მოთამაშეა. იმას კი არ ფიქრობდა, ალბათ, დამიდგებიან გვერდითო, არა, უნდა დამიდგნენო! მიიჩნევდა, რომ იმ ავანტიურაზე, რომელზეც 2008 წელს წავიდა, პასუხისმგებლობა სხვა, უფრო მსხვილი კალიბრის პოლიტიკოსებსაც უნდა გაეზიარებინათ და ძალიან გაუკვირდა, ასე რომ არ მოხდა. დღეს პოპულარულია აზრი, რომ სააკაშვილმა მიზანმიმართულად გააკეთა ყველაფერი, რათა რუსეთისთვის გადაებარებინა საქართველოს ნაწილი. მე ვერც ამის მტკიცებას დავიწყებ და ვერც უარყოფას. მხოლოდ ერთ ამბავს გიამბობთ: 2008 წლის მაისში ჩემი თვალით ვნახე, რა ტიპის მზადება მიმდინარეობდა­ ჯავის რაიონში, სოფელ მსხლებში. ჩამოვედი და მოვყევი, სადაც­ საჭირო­ იყო. ვიცი, სააკაშვილმა ეს ამბავი იცოდა. ივლისის მეორე ნახევარში­ თქვენს გაზეთშიც დავბეჭდე, რა იგეგმებ­ოდა საქართველოს წინააღმდეგ. ერთი პატარა ცდომილება მომივიდა - მეგონა, 14 აგვისტოს დაიწყებოდა­ ეს ყველაფერი. მე გენიალური სტრატეგი კი არა ვარ, ინფორმაცია მქონდა. რუსები რომ ყველა მიმართულებით აგებდნენ ხაფანგს, სააკაშვილმა იცოდა და მაინც გადადგა ის ნაბიჯი... აქ ორი ვარიანტია: ან მართლა რუსეთის დაკვეთით მოქმედებდა, ან მისმა პატივმოყვარეობამ ითამაშა დიდი როლი. მე მეორე ვერსია უფრო მართალი მგონია. ერთი რუსული გამოთქმაა: "ბნელად ამუშავებდნენ" (ანუ ობიექტს ისე ამუშავებენ, რომ მან ამის შესახებ არ იცის). არ არის გამორიცხული, რომ სააკაშვილს სწორედ ბიძამისის ხელით "ამუშავებდნენ ბნელად".

- თუ "ნაციონალების" შიმშილობამ ნაყოფი ვერ გამოიღო, რა შეიძლება იყოს ამ პოლიტიკური გუნდის შემდგომი ნაბიჯი?

- "ნაცმოძრაობა", სულ მცირე, სამ ჯგუფად არის დაყოფილი, რომლებიც ერ­თმანეთს ეჭვით უყურებენ. მათი გამაერთიანებელი დღეს მხოლოდ სააკაშვილის მდგომარეობაა. ახლა ერთმანეთს ეჯიბრებიან­, რომელი უფრო იქნება რომის პაპზე კათოლიკე. ამ შიმშილობით­ იმის დადასტურება სურთ, რომ ერთად არიან. ის, რომ მოშიმშილეების დისლოკაციის ადგილი არის სადღაც ტრასაზე, იმის დამადასტურებელია, რომ ვიღაცას მაინცდამაინც არ უნდოდა შიმშილობა. ამ ვიღაცამ კარგად იცის, რომ ეს შიმშილობა არ არის იმ შედეგის მომტანი, როგორიც მავანს სურს.

ხათუნა ბახტურიძე