"რაც ახლა ხდება, ეჭვი მაქვს, რომ "ნაცმოძრაობის“ დაშლაზე მიუთითებს“ - კვირის პალიტრა

"რაც ახლა ხდება, ეჭვი მაქვს, რომ "ნაცმოძრაობის“ დაშლაზე მიუთითებს“

პოლიტიკის ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე­ ამბობს, რომ სააკაშვილის რუსთავის ციხეში გადაყვანა მისთვის გაუგებარია და ახსნას საჭიროებს.

- "ნაციონალების" ფორმულა, არიქა, სააკაშვილის მოკვლას ცდილობენო, ადეკვატური არ მეჩვენება - თუ ვინმეა დაინტერესებული, თმის ღერიც არ ჩამოვარდეს სააკაშვილს, ხელისუფლებაა. რაც შეეხება იმას, თუ რატომ გადაიყვანეს ჰოსპიტლიდან ციხეში ასე სახელდახელოდ, მიჭირს ახსნა. გაჩნდა ვერსია, რომ ახალი წლის დღეებში ხალხს პროტესტისთვის არ ეცლება, მაგრამ არც ეს მეჩვენება დამაჯერებლად, დღეს შესაძლოა არ ეცალოს, მაგრამ ერთ კვირაში უფრო დიდი აგრესია ჰქონდეს.

- როგორ ფიქრობთ, ეს გადაწყვეტილება კავშირშია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან?

- იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს გადაწყვეტილება კავშირშია სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებებთან, რასაც პოლიტიკური ანარეკლი ჰქონდა. თუმცა, არის იურიდიული მხარეც - შეუძლია სახელმწიფოს ერთი უწყება ორად გაყოს? ცხადია, შეუძლია. ამის იქით ვინ იგულისხმებს­ პოლიტიკურ მიკერძოებულობას­ და ვინ არა, ეს რიტორიკაა და იურიდიული ბარიერი არა აქვს. ჩემი აზრით, ამ კამათს უნდა ჰქონოდა უფრო საქმიანი სახე და არგუმენტირებული ყოფილიყო ამ ინსტიტუტის ამ სახით არსებობის აუცილებლობა.

- ანუ ოპოზიციის ბრალია ის, რაც მოხდა? მან ვერ გაუწია საკმარისი ოპონირება ხელისუფლებას?

- რაზეც აპელირებს ოპოზიცია, რომ ამ ადამიანმა თავისი აზრი გამოთქვა და ამიტომ აუქმებენ უწყებას, საკმარისი არ არის. შეუძლია გაუქმება და გააუქმა, დანარჩენი უკვე დაბრალებაა. უპრიანი იქნებოდა ოპოზიციას სახელმწიფოს მშენებლობის საკანონმდებლო ტიპის მოდელით ეხელმძღვანელა და დაემტკიცებინა, რომ დემოკრატიული სახელმწიფოსთვის ის ფორმაა მისაღები, რაც იყო და ამ ორი ფუნქციის გაყოფა დაუშვებელია.

- ოპოზიცია ამას ვერ თუ არ აკეთებს?

- კარგი კითხვაა, იმიტომ, რომ რამდენიმე ეტაპზე ყველას გაგვიჩნდა ეს კითხვა. ანუ პარლამენტში შესვლა არ სურთ, იმიტომ, რომ პარლამენტში ვერ იმუშავებენ და იქიდან ვერ მოახერხებენ ოპოზიციური­ ფლანგის გაშლას, თუ არ სურთ ამის გაკეთება. ეს საკითხი ფიგურირებდა მანამდე, სანამ ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში იყო. შეიყვანეს ოპოზიცია პარლამენტში და ახალი არაფერი მოხდა, ოპოზიციის საპარლამენტო ფრონტი­ არ გაიშალა, ეს მაფიქრებინებს, რომ ოპოზიციას ამ ხერხების გამოყენების უნარი არ გააჩნია.

- "ნაცმოძრაობის" საყოველთაო შიმში­ლობა რისი გამოხატულებაა? ითქვა, რომ ეს შიდა დაპირისპირების შედეგია.

- ანალიტიკოსებიც არაერთხელ ახსენებენ ტეთჩერს, რომ თუ ხელისუფლებამ კეთილი ნება არ გამოხატა, მხოლოდ შიმშილობა არაფერს იძლევა. თუკი ხელისუფლებას დათმობისკენ არაფერი უბიძგებს, მაშინ მხოლოდ შიმშილობით არაფერი მოხდება. რაც ყველაზე უარესია, ამ ნაბიჯით "ნაციონალები" საკუთარ თავს ჩიხში შეიყვანენ. ცოტა ხანში მათ დასჭირდებათ რაიმე მიზეზი თუ საბაბი, რის გამოც შიმშილობაზე უარს იტყვიან. პირველი შიმშილობის დროს ადამიანების ჯანმრთელობა გახდა ასეთი მოტივი. ახლა შესაძლოა არ იყოს მოტივი, რადგან არის შესაძლებლობა, ხელოვნურ კვებაზე გადაიყვანონ... ამიტომ ვერ ვხედავ აქციის დასრულების ისეთ გამოსავალს, რომელიც "ნაცმოძრაობას" მისცემდა საშუალებას, არ დაკარგოს სახე.

- შესაძლებელია, რომ შიმშილობაც და ყველაფერი, რაც "ნაცმოძრაობის" თავს ხდება, გახდეს პარტიის დაშლის საფუძველი?

- რაც ახლა ხდება, ეჭვი მაქვს, რომ "ნაცმოძრაობის" დაშლაზე მიუთითებს. ეს აქცია მოჰყვა თემურ ალასანიას მკაცრ შეფასებას, შეუძლებელი არ გააკეთოსო, და პარტიამ გადაწყვიტა შეუძლებელი გააკეთოს. ეს კი ნიშნავს, რომ დაშლა დაწყებულია, რადგან ეს ეხება ამ პოლიტიკური ჯგუფის რომელიღაც ფენას. ეს არ არის საერთო-სახალხო, ასე ვთქვათ, ამ პარტიის ელიტის გადაწყვეტილება, გახდეს უფრო რადიკალური. ჩვენ ვახსენეთ ალასანია, რომელიც პარტიის ერთი შტოს გამოხატულებაა და როგორც ის უჩივის პარტიას, შეუძლებელს არ აკეთებთო, ალბათ, არის რაღაც ნაწილი, რომელსაც რადიკალიზმი დიდად არ მოსწონს. ეს კი დაშლას მოასწავებს.

- პარალელურად საკადრო გადა­ადგი­ლებებია "ოცნებაში". თანამდებობა და პარლამენტი დატოვა კუჭავამ. ამას რით ახსნით?

- იმ ვერსიების მიხედვით, რაც ვრცელდება, მათ წასვლასაც ეძებნება ლოგიკა. კუჭავას გამოცდილებიდან გამომდინარე, შესაძლოა პროექტებში უფრო წარმატებული იყოს. რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრს, ისეთი რაღაცები გაჟღერდა, რომ ნამდვილად ითხოვს დაფიქრებას. კერძოდ, ახალი მინისტრი უფრო ფინანსებშია ჩახედული და შესაძლოა ეს იყოს წამლების ბაზარზე წარმოქმნილი სიტუაციის შედეგი. წამლების უსაშველოდ გაძვირება მოითხოვს­ რეგულაციას და შესაძლოა ამით იყოს განპირობებული ამ თანამდებობაზე ფინანსებში ჩახედული პირის დანიშვნა.

- ამ პროცესზე რა გავლენა ექნება პრეზიდენტის კამპანიას?

- სანამ შერიგების თემაზე ვიმსჯელებთ, ვთქვათ, რომ 2020-დან 2021 წლის ჩათვლით მმართველმა პარტიამ ყველა რაუნდი მოიგო და ის მოგებულის პოზიციიდან მოქმედებს. ეს ცვლილებებიც მოგებულის პოზიციიდან არის. ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ ცვლილება შეიძლება წაგებულის პოზიციიდანაც, როდესაც იძულებულია გააკეთოს. ამ ორი არჩევნების შედეგებით პოლიტიკური ოპონენტების იძულება გამორიცხულია და თუკი "ოცნება" რამემ ცვლილებაზე აიძულა, ეს რეალობაა. მაგალითად, იმან, რომ ჯანდაცვის მინისტრმა ვერ მოუარა პანდემიას და საჭირო გახდა ჯანდაცვის სისტემის თავიდან დალაგება. რაც შეეხება შერიგება-არშერიგებას, პირადად მე შესარიგებელი თემები არ მეგულება. განცხადებებიც ყველაზე მძაფრი ჰქონდა მარგველაშვილს, რომელმაც თქვა, რომ სააკაშვილი პუტინის პატიმარია და ერთიანი პოზიცია საჭიროა იმისთვის, რათა მტერმა დაინახოს, რომ მის მიმართ ქვეყნის პოზიცია ერთიანია. აქ კი მეჩვენება, რომ რიტორიკული გადახრაა, იმიტომ, რომ არც ოპოზიციას და არც მმართველ პარტიას არ უთქვამთ, რუსეთის ნაბიჯებს ვეგუებითო და შეურიგებლობის პოლიტიკა გრძელდება. ამიტომ ვამბობ, რომ ეს პროცესიც ნელ-ნელა დაკარგავს აქტუალურობას სწორედ იმის გამო, რომ რეალური საჭიროებიდან არ გამომდინარეობს.

რუსა მაჩაიძე