"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება პირდაპირ ნიშნავს ავტორიტარული ქვეყნების ოჯახში ადგილის დამკვიდრებისკენ გადადგმულ ნაბიჯს“ - კვირის პალიტრა

"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება პირდაპირ ნიშნავს ავტორიტარული ქვეყნების ოჯახში ადგილის დამკვიდრებისკენ გადადგმულ ნაბიჯს“

სამართალმცოდნე ლევან ალაფიშვილი­ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევს და არგუმენტად ასახელებს იმ გაუხმაურებელ საქმეებს, რომლებიც ამ უწყებას უკავშირდება და კანონდარღვევაში­ სახელმწიფო იქნა დადანაშაულებული.

- ინსტიტუტებზე ხელისუფლების პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმა ახალი არ არის, მორიგი სერიაა. მით უმეტეს, ეს არ არის კონსტიტუციური ინსტიტუტი. ჩვენ გვახსოვს უფრო მწარე თავდასხმა, როდესაც საერთაშორისო, სამართლებრივი თუ ფინანსური ინსტიტუტი აკრიტიკებდნენ ჩვენს ხელისუფლებას, როდესაც ეროვნულ ბანკს, კონსტიტუციურ ორგანოს, გააფთრებით თავს ესხმოდა სწორედ პოლიტიკური მოტივით და, ფაქტობრივად, ბოლოშიც გავიდა. საკონსტიტუციო სასამართლო რომ არ ჩარეულიყო და მერე არჩევნები არ მოსულიყო, ეროვნ­ული ბანკი არ იქნებოდა ის ორგანო, რომელიც პოლიტიკურ დაკვეთებს არ ასრულებს. 2013 წლიდან ვადევნებთ თვალს ქვეყნის დეინსტიტუციონალიზაციას. დემოკრატია ინსტიტუტების გარეშე არ არსებობს და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება პირდაპირ ნიშნავს ავტორიტარული ქვეყნების ოჯახში ადგილის დამკვიდრებისკენ გადადგმულ ნაბიჯს. ყველა ხელისუფლებას ავიწყდება, რომ როდესაც რაღაცას ანგრევს, ნანგრევებში თვითონაც აუცილებლად მოჰყვება.

- ამ გადაწყვეტილების პოლიტიკურად მოტივირებულობას რა გაფიქრებინებთ?

- თავად ის, რომ ინიციატივის შესახებ ინფორმაციამ ვითომ შემთხვევით გაჟონა და ამ ვითომ გაჟონილზე კანონის ერთ-ერთი­ ავტორი ამბობს, ჯერ არ არის მზად და ვფიქრობთ, როგორ დავწეროთო... საზოგადოებამ არ იცის, მაგრამ გეტყვით, რომ სააკაშვილის ციხის კადრების გამო სახელმწიფო ინსპექტორის მიერ პენიტენციარული სამსახურის კანონშესაბამისი, თუმცა მკაცრი დასჯა პირველი არ არის. 2020 წლის გაზაფხულზე პენიტენციარული სამსახურიც და იუსტიციის სამინისტროც სწორედ ციხის კადრების უნებართვო და კანონდარღვევით გავრცელებისთვის დაჯარიმდა. საქმე ეხებოდა იუსტიციის მაშინდელი მინისტრის დაპირისპირებას სახალხო დამცველთან. მაშინ დაისაჯა წულუკიანიც და მისი სამინისტროც. სააკაშვილის შემთხვევაშიც არსებითად იგივე საკითხი იყო, მაგრამ ცხადია, სააკაშვილის ფაქტორის გამო უფრო მეტად მოექცა ყურადღების ცენტრში. სახელმწიფო ინსპექტორი სხვა გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. ცხადია, სხვა საკითხებიც დაემატა: არასათანადოდ მოპყრობა, რაზეც გამოძიება მიდის, და შესაბამისად, ამ პირობებში მათთვის "საუკეთესო" პროცესუალური სამართლებრივი გაგრძელება შეიძლება იყოს ამ სამსახურის ლიკვიდაცია, რადგან ეს გამოიწვევს პროცესის გაჭიანურებას და მათ იურიდიულად სასამართლოსგან აღიარებული კანონდამრღვევები არ ერქმევათ. ეს დააზიანებს ჩვენს ინსტიტუციურ დემოკრატიას და საერთაშორისო მწვავე რეაქციაც მოსალოდნელია.

- ხელისუფლება ამბობს, რომ ორი უწყება შეიქმნება და ფუნქციები გადანაწი­ლდება. თავი რომ დავანებოთ პოლიტიკურ მოტივს, ამ ფუნქციების ერთობლიობა რამდ­ენად იყო უწყების საქმიანობისთვის ხელშემშლელი? ეს რამდენად წონადი არგუმენტია?

- ამაზე ანეკდოტით გიპასუხებთ: 90-იანებში შუქის მოსვლას ჟრიამულით ვხვდებოდით. ერთხელაც უცბად მოვიდა შუქი, ყველამ გაიხარა, მაგრამ ერთ ოჯახში ერთი კაცი არათუ გახარებულია, იგინება, ვინც შენ აგანთოო. მეუღლე შეწუხდა და ეკითხება, რატომ აგინებ, აანთო, ხომ არ ჩააქროო და კაცი პასუხობს, მაგან არ ჩააქროო.­ ამ შემთხვევაშიც ეს კონცეფცია ვისი მიღებულია და როდის? თუკი რაღაცას საჯაროდ იტყვი, იმის თავიც უნდა გქონდეს, რომ ცოტა სერიოზული ახსნა-განმარტებაც მოუძებნო. ეროვნული ბანკი­ შემთხვევით არ მიხსენებია. გავიხსენოთ, რა ფუნქციები აქვს და რისთვის დაესხნენ თავს. საქართველოში არის სხვა ინსტიტუტები, სადაც რამდენიმე ფუნქციაა თავმოყრილი, მაგალითად, პროკურატურა, რომელსაც აქვს გამოძიებაზე ზედამხედველობის ფუნქცია და გამოძიების მწარმოებელიც თავადაა. ასე რომ, წონადი რამე მაინც ხომ უნდა მოიფიქრონ, არგუმენტი სასაცილო რომ არ იყოს? რაც მთავარია, ხომ ამბობენ, პრობლემა იყოო. თუკი პრობლემაა, ამ სამსახურის წარმომადგენლებს არ უნდა ჰკითხო, აქვთ თუ არა პრობლემა? ეს ხალხი ამბობს, რომ პრობლემა ის არის, რომ უწყებას გაძლიერება სჭირდება, რათა პროკურატურაზე ნაკლებად იყოს მიბმული. ვინ არის მართალი? ბუნებრივია, ის, ვინც მუშაობს. ესენი კი ამბობენ, პრობლემა ისაა, პროკურატურის წინააღმდეგ საქმეებს რომ იწყებენ, მერე პროკურატურა ამ საქმეებს თაროზე შემოდებსო. ასე რომ, სჭირდებათ გაძლიერება და არა დაყოფა, ორი უწყების შექმნა.

- პრეზიდენტის განცხადებით თუ ვიმსჯელებთ, ალბათ, ვეტოს დაადებს ამ კანონს, მაგრამ დღევანდელი მოცემულობით ვეტოს დასძლევენ. სხვა რა მექანიზმები რჩება ამის შესაჩერებლად?

- საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრება. შეიძლება პარლამენტართა ჯგუფმა მიმართოს სასამართლოს, ან მოქალაქეებმა და მათ შორის ლონდა თოლორაიამ გაასაჩივროს დასაქმების უფლების შეზღუდვა. სახალხო დამცველსაც შეუძლია გასაჩივრება. სხვა საქმეა, რომ ეს ჩვეულებრივი კანონია და საკონსტიტუციო სასამართლოს ორივე კოლეგია, სადაც "ოცნებას" უმრავლესობა ჰყავს, ისე ოსტატურად გააჭიანურებს პროცესს, აზრიც აღარ ექნება განხილვას.

რუსა მაჩაიძე