"აშკარაა, რომ რუსეთი მზად არის ომის დასაწყებად“ - კვირის პალიტრა

"აშკარაა, რომ რუსეთი მზად არის ომის დასაწყებად“

"ახლა დასავლეთმა უნდა დაამტკიცოს, რომ ერთიანია“

ნატო მოსკოვს რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკების დაწყებას 12 იანვარს სთავაზობს. პუტინმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წინადადება მიიღო. ახლა მთავარია, რა შედეგით დასრულდება შეხვედრა. როგორ პასუხობენ ქართული პოლიტიკური ძალები საგარეო საფრთხეებს, საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი კორნელი კაკაჩია საუბრობს.

- უკრაინა-რუსეთის კრიზისის გამო, სანამ პუტინის რუსეთი აშკარა აგრესორად ჩამოყალიბდებოდა, ნატო-რუსეთის საბჭო იკრიბებოდა და ევროკავშირის საკითხებს განიხილავდნენ. დიდი ხანია სხდომა არ გამართულა და ახლა ნატომ ეს საკითხი ისევ დააყენა. თუმცა რუსეთმა ევროპის უსაფრთხოების საკითხზე თავისი პოზიცია უკვე გააცნო ამერიკასა და ნატოსაც. კრემლს უკრაინის საზღვართან 100 ათასამდე ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული და კრემლის რუპორი ჟირინოვსკი თავდასხმის სავარაუდო დეტალებზე საუბრობს. ამ ვითარებაში ნატო იძულებული გახდა დროებით გაუქმებული საბჭო მოეწვია, რათა რუსეთის პოზიცია მოესმინა. ნატომ რუსეთთან თანამშრომლობაზე უარი თქვა, ახლა კი ამ ფორმატში განიხილავენ, თუ რა სურს რუსეთს...

- მსოფლიო ინტერესით ელოდება, ხომ არ წავა დათმობაზე დასავლეთი?­

- რუსეთის არასტაბილური ქმედებებიდან გამომდინარე ძნელად სავარაუდოა, რა შედეგს მოიტანს შეხვედრა, მაგრამ ნათელია, რომ ნატოსა და ნებისმიერი­ დასავლური ლიდერისთვის რუსეთის წინადადების მიღება, რომ საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრებაზე ლაპარაკიც არ უნდა იყოს, არარეალურია. ეს ამ ორგანიზაციის ფასეულობებსა და რაც მთავარია, მომავალზე უარის თქმას ნიშნავს­. დასავლური სამყაროს არც- ერთი ლიდერი ვერ მისცემს თავს უფლებას უარი თქვას და ივაჭროს სხვა ქვეყნის სუვერენიტეტით. ახლა მე-18 საუკუნე არ არის, როგორც პუტინს აქვს წარმოდგენილი. თუმცა ნატოსა და დასავლეთს კარგად ესმით, რომ რუსეთის ყველა პუნქტზე მკვახე უარის თქმა ცეცხლზე ნავთის დასხმა იქნება და ამიტომაც შესაძლებელია განიხილონ ზოგიერთი საკითხი, მაგალითად, შეიარაღება. თუმცა ისეთ ფუნდამენტურ საკითხზე, როგორიც არის ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის შეცვლა, რაც ეწინააღმდეგება პარიზის ქარტიას და სხვა საერთაშორისო შეთანხმებებს, რაზეც თავის დროზე რუსეთს ხელი აქვს მოწერილი, გამორიცხულია. არცერთ სახელმწიფოს, ზომის მიუხედავად­, უფლება არა აქვს თავისი საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგი შესთავაზოს. თუმცა­ დასავლეთში არიან წრეები, რომლებიც ცდილობენ რუსული იარაღის ჟღარუნი როგორმე გაანეიტრალონ, რათა დრო გაიყვანონ და უკრაინის საზღვართან ვითარების დაძაბვას ხელი შეუშალონ. აშკარაა, რომ რუსეთი მზად არის უკრაინასთან ომის დასაწყებად. რაც შეეხება საქართველოს, ყველაფერი, რაც ახლა რუსეთ-უკრაინას შორის ხდება, პირდაპირ შეეხება საქართველოს. ამ დროს კი გადართული ვართ შიდაპარტიულ კინკლაობაზე. ეს ითქმის ოპოზიციაზე, რომელიც მუდმივად ცდილობს პოლიტიკური კრიზისი შექმნას, და ხელისუფლებაზეც, რომელსაც უკრაინის მხარდამჭერი განცხადებაც არ გაუკეთებია. არადა, თუ რუსეთმა უკრაინაში თავის გეოსტრატეგიულ მიზანს მიაღწია, შემდეგი საქართველო იქნება. ევროპის უსაფრთხოებისთვის უკრაინა­ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფოა და მასზე გავლენის მოპოვება რუსეთს საქარ­თველოში მოქმედებისთვის ავტომატურად აძლევს კარტ-ბლანშს. კრემლში ამ ყველაფერს ასე აღიქვამენ: თუ ნატოსა და დასავლეთის სუსტი წინააღმდეგობის გამო ერთი მეზობლის დამორჩილებას შეძლებენ­, შემდეგ საქართველო რეგიონულ იზოლაციაში მოექცევა.

putini2-1641137393.jpg

- ამას ხელი შეუწყო ყარაბაღის მეორე ომის შემდგომ განვითარებულმა პროცესებმაც?

- დიახ, ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ სამხრეთ კავკასიაში არარეგიონული აქტორები, რუსეთი, თურქეთი და ირანი­ ახალი რეგიონული დღის წესრიგის ჩამო­ყალიბებას ცდილობენ დასავლეთის, ევროკავშირის, კერძოდ, ამერიკის მონაწილეობის გარეშე. ეს კი ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის საქართველოს, რადგან თუ რეგიონში ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები არ იქნებიან 3+3-ის სამიტის ფორმატში, საქართველო დამოუკიდებლად ვერასდროს მოახერხებს აგრესიულ რუსეთთან საკუთარი ინტერესების დაცვას. საყურადღებოა მოსკოვში გამართულ­ სამიტზე ქართული დროშის გამოჩენა. საქართველოს ამ ფორმატში მონაწილეობაზე მხოლოდ რუსეთი კი არა, თურქეთის საგარეო საქმეთა­ სამინისტროც აქტიურობდა - იმედია, ამ ფორმატს საქართველოც შემო­უერთდებაო. რუსეთის აქტიურ­ობა გასაგებია, მაგრამ, გაუგებარია, თურქეთი რატომ ცდილობს­ საქართველოს იქ შეყვანას­. თუ უკრაინაში რუსეთმა ახალი აგრესია­ დაიწყო­, შეიძლება საქართველოს არც ჰკითხონ და აიძ­ულონ მონაწილეობა. სწორია, რომ საქართველო ამ ფორმატში მონაწილ­ეობისგან თავს იკავებს, მაგრამ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან მეტი მუშაობაა საჭირო­. რუსეთი ახლა ისეთ ვითარებაშია, მისი დათმობაზე წაყვანა შეიძლება, თუ დასავლეთი, ევროკავშირი, აშშ და მათი სხვა მოკავშირეები ერთიანი იქნებიან.სხვა შემთხვევაში, დღეს თუ ხვალ რუსეთი მათაც მისწვდება. ბოლო ხანს დასავლეთშიც არსებობდა პრობლემა - ტრამპის ადმინისტრაციის დროს აშშ-ისა და ევროპელი მოკავშირეების ურთიერთ­ობა მთლად დალაგებული არ იყო. ახლა ბაიდენი და მისი გუნდი ცდილობენ ეს უთანხმოება მოაგვარონ. ამის ნაწილი იყო "ნორდ-სტრიმ-2"-ზე დათანხმება და სხვა ნაბიჯებიც. ახლა დასავლეთმა უნდა დაამტკიცოს, რომ ერთიანია. ბოლო ხანებში ვითარება ნამდვილად შეიცვალა ისეთ ქვეყნებშიც, რომელთაც ადრე შედარებით რბილი პოზიცია ჰქონდათ - მაგალითად, გერმანიასა და საფრანგეთს. უკრაინის საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, გერმანიის ახალ ხელისუფლებასა და საფრანგეთსაც ორმაგი თამაში და ბუნდოვანი პოზიციების დაჭერა ძალიან გაუჭირდებათ, ვინაიდან ასე რუსეთის აგრესია არ შეჩერდება. შემდეგი იქნებიან პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომლებიც ნატოს წევრები არიან. თუ რუსეთი დაინახავს, რომ დასავლეთი მოისუსტებს, ცხადია, გაფართოებისა და გავლენის გაძლიერების შანსს ხელიდან არ გაუშვებს, რადგან ასეთ საგარეო პოლიტიკაზე დგას პუტინის შიდა რეჟიმი. ამ დროს კი საქართველოში სრულიად გაუგებარ პოლიტიკურ ხაზს მივყვებით...

- ამ დროს კი თანამდებობა დატოვა­ კახა კუჭავამ, რომელიც მკაფიოდ პროდასავლურ კადრად ითვლებოდა...

- "ქართული ოცნების" შიდა გადაადგილებებს კარგად არ ვიცნობ. არადა, ითქვა, რომ პრემიერ-მინისტრობას უპირე­ბდნენ, მაგრამ თავად თქვა უარი... პირადად მე საერთაშორისო პარტნიორებისგან არაერთხელ მსმენია, რომ კუჭავასთან კომუნიკაცია უადვილდებოდათ. მათი ფორმულირება ასეთი იყო - ამ ახალგაზრდას ესმოდა დასავლელი პარტნიორების ენა, რაც, ვფიქრობ, მისი უპირატესობა იყო. მგონი, მიზეზი, რის გამოც ის პარლამენტის­ თავმჯდომარედ აირჩიეს, სწორედ ეს იყო. რატომ წავიდა? გაუგებარია.­ და ეს ხდება მაშინ, როდესაც რუსეთი უკრაინის სუვერენიტეტს ემუქრება და აშკარაა, რომ შემდეგი საქართველო იქნება. რუსეთი ომის საბაბის შექმნას ცდილობს, ჩვენ კი ისე გვიჭირავს თავი, თითქოს ეს ყველაფერი ჩვენს თავს არ ხდება...

ლალი პაპასკირი