რატომ არ გაწირა ბოლომდე რუსეთი დასავლეთმა...
ყოფილი საბჭოთა ბირთვული იარაღი გახდა გადამწყვეტი ფაქტორი, რის გამოც დასავლეთმა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ არ დააჩქარა რუსეთის, როგორც სახელმწიფოს ჩამოშლა...
საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი 1922 წლის 30 დეკემბერს შეიქმნა, 1991 წლის 26 დეკემბერს კი ოფიციალურად დაიშალა. 69-წლიანი საბჭოთა კავშირი 30 წლის წინ, ფაქტობრივად, რუსეთის, უკრაინისა და ბელარუსის მაშინდელი პრეზიდენტების ხელმოწერით დაიშალა, ანუ საბჭოთა იმპერიის დასასრულში ყველაზე დიდი წვლილი თავად რუსეთს მიუძღვის. საბჭოთა კავშირის დაშლიდან რამდენიმე წელში კი, განსაკუთრებით - 1996-98 წლების ჩეჩნეთის პირველ ომში დამარცხების შემდეგ, რუსეთის ფედერაციაც დაშლის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.
წარმოიდგინოს მკითხველმა, როგორი იქნებოდა ალტერნატიული ისტორია, რუსეთიც პატარ-პატარა დამოუკიდებელ რესპუბლიკებად რომ დაშლილიყო. ვინ იცის, რამდენ საფრთხეს გადაურჩებოდნენ მისი მეზობელი ქვეყნები, მაგრამ დასავლეთმა, რომელმაც ყველანაირად შეუწყო ხელი საბჭოთა იმპერიის დაშლას, ასევე ყველაფერი გააკეთა, რომ რუსეთის ფედერაცია ერთ სახელმწიფოდ შეენარჩუნებინა.
ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ყოფილი საბჭოთა ბირთვული შეიარაღება გახლდათ, რომლის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში დატოვება და შემდგომ მისი ირანსა თუ ჩრდილოეთ კორეაში ფარულად გაყიდვის დიდი ალბათობა გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისშივე იქცა თეთრი სახლისა და ნატოს თავის ტკივილად.
საბჭოთა კავშირის დაშლის დროს მის ბირთვულ არსენალში 29 154 ერთეული ტაქტიკური და სტრატეგიული დანიშნულების ბირთვული სარაკეტო ქობინი, საავიაციო ბომბი, საზღვო და საინჟინრო ნაღმი და საარტილერიო ჭურვი იყო. ამ ბირთვული არსენალიდან ტაქტიკური ბირთვული მუხტები თითქმის თხუთმეტივე საბჭოთა რესპუბლიკის ტერიტორიაზე ინახებოდა, მათ შორის 350-მდე - საქართველოშიც, მაგრამ საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებში დაწყებული პოლიტიკური კრიზისისა და ეთნიკური შეიარაღებული დაპირისპირების გამო მოსკოვმა ტაქტიკური ბირთვული იარაღი "სარისკო" რესპუბლიკებიდან გაიტანა. მაგალითად, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ ვაზიანიდან და სხვა სპეციალური მიწისქვეშა საცავებიდან რუსეთში ოპერატიულად გაზიდეს ტაქტიკური ბირთვული ქობინები.
ტაქტიკურისგან განსხვავებით, სტრატეგიული ბირთვული შეიარაღება მიწისქვეშა შახტებში დამონტაჟებული იყო საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტებზე, რომელთა დემონტაჟი და გატანა ძალიან რთული აღმოჩნდა.
ბირთვულქობინიანი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების შახტები, რუსეთის გარდა, იყო უკრაინაში, ბელარუსსა და ყაზახეთში. ბირთვული ქვეყნების კლუბის წევრთა რაოდენობა რომ არ გაზრდილიყო და ახალი თავსატეხი არ გასჩენოდათ, დასავლეთმა ყველაფერი გააკეთა, რომ სტრატეგიული დანიშნულების ბირთვული იარაღის გადამტანი ბალისტიკური რაკეტები და შორს მფრენი ბომბდამშენები უკრაინიდან, ბელარუსიდან და ყაზახეთიდან სასწრაფოდ გადაეტანათ რუსეთის ტერიტორიაზე, ან მათი დემონტაჟი ადგილზევე მოეხერხებინათ.
ბელარუსიდან და ყაზახეთიდან ბირთვული ქობინების რუსეთში გატანა თითქმის შეუფერხებლად შეძლეს, უკრაინამ კი უსაფრთხოების გარანტია მოითხოვა და 1994 წლის დეკემბერში ბუდაპეშტის მემორანდუმს უკრაინასთან ერთად ხელი მოაწერეს რუსეთმა, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა. მემორანდუმის მიხედვით, უკრაინა თავისი ნებით ამბობდა უარს ბირთვულ იარაღზე, სამაგიეროდ კი მას ეძლეოდა გარანტია, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ხელშეუხებელი იქნებოდა, მაგრამ გადის ოცი წელი და 2014 წლის გაზაფხულზე რუსეთი ჯერ ყირიმს იპყრობს, შემდეგ კი დონბასში იჭრება, ანუ ბუდაპეშტის მემორანდუმის ერთ-ერთი ხელმომწერი თავად ხდება აგრესორი, აშშ და დიდი ბრიტანეთი კი სამარცხვინოდ იქცევიან - არაფერს აკეთებენ ამის აღსაკვეთად.
1991-2012 წლებში აშშ-მა ცნობილი სენატორების, ნანისა და ლუგარის, ინიციატივით, 8,79 მლრდ დოლარი დახარჯეს რუსული ბირთვული შეიარაღებისა და მისი გადამტანი საშუალებების დემონტაჟისთვის.
ეს იყო 902 საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა, 498 სარაკეტო შახტი, 191 მობილური სარაკეტო დანადგარი, 33 ატომური წყალქვეშა ნავი, 684 საზღვაო ბაზირების ბალისტიკური რაკეტა, 906 "ჰაერი-მიწა" კლასის რაკეტა, 155 ბომბდამშენი და 194 საცდელი ბირთვული გვირაბი.
მოძველებული ბირთვული შეიარაღება რუსეთს ისედაც უნდა დაეშალა, მაგრამ უფულობის მომიზეზებით ამას არ აკეთებდა და ისევ ამერიკელებს მოუხდათ ჟანგიანი საბჭოთა/რუსული ატომური წყალქვეშა ნავების დემონტაჟისთვის მილიარდების გადახდა.უდიდესი შიში, რომ ყოფილ საბჭოთა ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლი არ შესუსტებულიყო და რომელიმე კორუფციონერ რუს გენერალს სულ რაღაც ასი სანტიმეტრი სიგრძის, მაგრამ ასი კილოტონა სიმძლავრის ბირთვული ქობინი ვინმე არაბი შეიხისთვის "მერსედესის" ლიმუზინში არ გაეცვალა ან უარესი - ბინ ლადენისთვის არ მიეყიდა, აშშ-ის პრეზიდენტებს, უფროსი ბუშით დაწყებული, ობამათი დამთავრებული, აიძულებდა, რუსეთის დაშლა და ბირთვული იარაღის უპატრონოდ დატოვება არ დაეშვათ, თუმცა სწორედ ამ შიშის გამო დასავლეთს გამოეპარა გარდამტეხი მომენტი, როდესაც ელცინის შემცვლელმა პუტინმა ნავთობისა და გაზის მსოფლიო ფასების ზრდის ფონზე რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური გაძლიერება დაიწყო და თავისი უშუალო მეზობლების - საქართველოსა და უკრაინის ნაწილობრივი ოკუპაციის შემდეგ ისევ დასავლეთს დაემუქრა, თანაც - არანაკლები რიხით, ვიდრე საბჭოთა კავშირი პირველი "ცივი ომის" დროს ემუქრებოდა მთელ მსოფლიოს.