საახალწლოდ კოსმოსშიც "საცობები“ შეიქმნა... - კვირის პალიტრა

საახალწლოდ კოსმოსშიც "საცობები“ შეიქმნა...

უზარმაზარი ჩინეთი გაეროში ერთი კერძო პირის წინააღმდეგ საჩივლელად რომ მოიცლიდა, აქამდე ძნელი წარმოსადგენი გახლდათ, მაგრამ ფაქტია - პეკინმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში…ილონ მასკის წინააღმდეგ ოფიციალური საჩივარი შეიტანა ახლო კოსმოსში, დედამიწის ორბიტაზე "საცობების" შექმნის გამო.

ხელისუფლება აცხადებს, რომ ჩინეთის სორბიტულ სადგურს წელს უკვე ორჯერ მოუხდა ფრენის ტრაექტორიის სასწრაფოდ შეცვლა, რომ მას ილონ მასკის კომპანიის მიერ გაშვებული კოსმოსური "ტესლა" არ დასჯახებოდა.

2018 წლის თებერვალში ილონ მასკმა პიარის მიზნით კოსმოსში მართლაც გაუშვა "ტესლას" კაბრიოლეტი, მაგრამ დღეს ის სადღაც მარსის სიახლოვეს მიფრინავს და ჩინელებს ხელს ვერ შეუშლიდა.

ჩინეთის პროტესტს იწვევს მასკის კომპანია SpaceX -ის დაწყებული გრანდიოზული პროექტი. Starlink-ი დედამიწის ორბიტაზე (550-570 კმ სიმაღლეზე) 12 ათასამდე მცირეგაბარიტიანი ხელოვნური თანამგზავრის გაყვანას ითვალისწინებს, რომლებმაც გლობალური თანამგზავრული ინტერნეტის სისტემა უნდა აამოქმედონ ისე, რომ დედამიწის ნებისმიერ წერტილში შესაძლებელი იყოს ინტერნეტით სარგებლობა, მიუხედავად იმისა, არის იქ თუ არა იქ მობილური კავშირის გადამცემი სადგურები.

მთელი დედამიწის დაფარვა შედარებით იაფი, სწრაფი და თანაც - გლობალური ინტერნეტის ქსელით მართლაც ისტორიული მოვლენა იქნება, მაგრამ დედამიწის ორბიტაზე 12 ათასამდე თუნდაც მხოლოდ 260 კგ-იანი თანამგზავრის გაყვანა გადატვირთავს სხვა თანამგზავრებითა და "კოსმოსური ნაგვით" ისედაც "დახუნძლულ" ახლო კოსმოსს.

ილონ მასკის "კოსმოსური ინტერნეტის" გლობალური პროექტით არც სხვა ქვეყნების ასტრონომები არიან აღფრთოვანებული. ღამის ცის ფონზე სწრაფად მოძრავი მასკის თანამგზავრები კაშკაშებს და ასტრონომებს ხელს უშლის ტელესკოპებით ვარსკვლავებზე დაკვირვებაში.

მასკის ინჟინრები გამოსავლად თანამგზავრების სპეციალური შავი საღებავით დაფარვას მიიჩნევენ, რომ თანამგზავრის კორპუსმა სინათლის სხივები აღარ აირეკლოს.

P.S. საბჭოთა პერიოდში საქართველოდან, კერძოდ, სართიჭალის საკომანდო-საზომი პუნქტიდან, სამხედრო დანიშნულების თანამგზავრების ფრენის ორბიტა განისაზღვრებოდა და საჭიროების შემთხვევაში იცვლებოდა კიდეც.