"მეუღლეს რომ ჰკითხოთ, მეცხრე შვილიც უნდა“ - კვირის პალიტრა

"მეუღლეს რომ ჰკითხოთ, მეცხრე შვილიც უნდა“

"როცა ბავშვებს დავაძინებ, მერე ვიმზადებ ჩაის და იწყება სხვა ცხოვრება - თოჯინებს ვაკეთებ“

ოთხი წლის წინ ხატვითა და მეთოჯინეობით დაინტერესდა და უამრავი თოჯინა შექმნა. ეს მისთვის განტვირთვისა და საკუთარი თავის გამოხატვის შესაძლებლობაა, ბედნიერების მთავარი წყარო კი მისთვის შვილები არიან. პროფესიით ბიბლიოგრაფი­ ეკა ბერიძე რვა შვილის დედაა. ხშირად ერევა, რომელი რომელ კლასშია. რვავე მთელი დღე მის გარშემო ტრიალებს, ის არის მათთვის დედამიწის ცენტრი. ყველას რაღაც უნდა, ყველა რაღაცას ეკითხება...

- ვინ რაში ხედავს ბედნიერებას, ჩემთვის კი ბედნიერება დედობაა. ბავშვების ერთი ჩახუტება ყველაფერს მავიწყებს. სხვათა შორის, მეოთხე შვილი რომ გავაჩინე, მამაჩემმა მითხრა, მეტი აღარ გინდა, მეცოდებიო და რა იცის, ახლა რვა რომ მყავს - ვეღარ მოესწრო. ჩვენ ოთხი და ვართ.

18 წლის ვიყავი, როდესაც ტაძარში დავიწყე სიარული. ჩემი მოძღვარიც მრავალშვილიანია. ალბათ, ამანაც მოახდინა­ გავლენა­. ჩემი მეუღლეც ტაძარში გავიცანი­. 26 წლის ვიყავი და იმ წელსვე, რამდენიმე თვეში დავქორწინდით. ლუკას ერთი ძმა ჰყავს­ და თავიდანვე უნდოდა, ბევრი შვილი გვყოლოდა. რომ ჰკითხოთ, მეცხრეც უნდა. 45 წლის ვარ და ბავშვებს შორის 2-2 წელია განსხვავება. უფროსი პეტრე 18 წლისაა, წელს ჩააბარა თავისუფალ უნივერსიტეტში საინჟინროზე, მამამისის პროფესიას გაჰყვა. თამარი 16 წლისაა, შემდეგ მოსდევენ­ გრიგოლი, მარინე, ნინო, თეკლა, ლილიკო. ნაბოლარა ბარბარე სამი წლისაა.­ ჩემს ტოლებს სამი წლის შვილიშვილები ჰყავთ და მე ამხელა შვილი მყავს. ეს უდიდეს ენერგიას გვმატებს. ყველას დაბადება ხომ საოცრება იყო, მაგრამ პირველი შვილის დაბადებისას განსაკუთრებული ემოციები მქონდა. ალბათ, იმიტომ, რომ პირველად გავხდი დედა. ჩემი საყვარელი წმინდანია პეტრე მოციქული და სულ ვამბობდი, ბიჭი თუ მეყოლება, აუცილებლად პეტრეს დავარქმევ-მეთქი.

- როგორ შეგიძლიათ, ამდენს თანაბრად გაუნაწილოთ დროც, ყურადღებაც, სითბოც?

- ზოგჯერ მაინც ვახერხებ მეგობრებთან შეხვედრას, მაგრამ, ძირითადად, სახლში­ ვარ, ასე რომ, მაქვს დრო, ყველას ჩავეხუტო, მათთან ერთად ფილმებს ვუყურო. დროს ვანაწილებ, რაშიც თვითონაც ძალიან მიწყობენ ხელს. ესენიც ხვდებიან, რომ მრავალშვილიან ოჯახში სხვანაირად შეუძლებელია, რომ დედა ერთია და ყველას და ყველაფერს ვერ გასწვდება. ასე მგონია, ყველას იმდენი შვილი ჰყავს, რამდენის გაზრდის უნარიც აქვს. ზოგჯერ მიკვირს კიდეც, საიდან მაქვს ამხელა ენერგია, თუმცა ვიცი, რომ ამ ყველაფერს ღმერთი გაძლევს!

- თვითონ თუ ზრუნავენ ერთმანეთზე?

- ერთმანეთის მიმართ ძალიან ყურადღებიანები არიან. პატარაზე ყველა გიჟდება, განსაკუთრებულად უყვართ. დამოუკიდებლებიც არიან, რადგან შეიძლება დედას არ ეცალოს და თვითონ უნდა შეძლონ კონკრეტულ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღება. არასდროს ვეჩხუბები იმის გამო, რა ნიშანი მიიღეს სკოლაში. ვთვლი, რომ ბავშვმა დღის უმეტესი ნაწილი უნდა ითამა­შოს, რადგან პატარაა და ის დრო აღარასდროს დაუბრუნდება.

tojina2-1641138926.jpg

- ყველაზე მნიშვნელოვანი რა უნდა მისცენ მშობლებმა შვილებს?

- დილით ყავასა და ჩაის ერთად მივირთმევთ ხოლმე. ვსხედვართ და ვსაუბრობთ ბევრ რამეზე. ვასწავლი, რომ ყოველთვის იყვნენ სამართლიანები. თუ ბავშვი ყველასთან სამართლიანი იქნება, ასეთს პატივს სცემენ თანატოლებიც და უფროსებიც. როდესაც სწორად ცხოვრობ, ეს გზა აუცილებლად მიგიყვანს ტაძრამდე. ჩვენ, მთელი ოჯახი, ყოველკვირა დავდივართ ტაძარში, ვეზიარებით და მგონია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია­ ბავშვებისთვის. მე არ ვარ მკაცრი დედა, ყველაფერზე შენიშვნებს არ ვაძლევ. ხომ შეიძლება რაღაცები თავიანთ შეცდომებზეც ისწავლონ, მუდმივად ჩვენ ხომ არ დავარიგებთ? მერე რა, თუ შეეშლება?! წამოდგება და მეორედ აღარ დაუშვებს შეცდომას. ლუკა უფრო მკაცრია და როცა მე არ მიჯერებენ, მამა ერთვება საქმეში.

მეიმედება ახალი თაობა, თუ მოინდომებენ, ბევრი კარგი რამის გაკეთება შეუძ­ლიათ. უფროსმა ბიჭა მითხრა, ყველაზე კარგად შვილების ნიჭსა და უნარ­ებს დედა ხედავს და შენ უნდა მოგვცე­ მიმა­რთულება, ვინ საით წავიდეთო. მინდოდა­ ჩემი ხელობა ესწავლათ, დავისვი პატარები­ და რაღაცები გამოვაძერწვინე, მაგრამ ვერ შეძლეს. ალბათ, იმიტომ, რომ რთული საქმეა. ბიჭებს­ უფრო ტექნიკური ნიჭი აქვთ. გოგონები თანდათან გამოავლენენ ინტერესებს.

- უამრავ ენერგიას გასცემთ და სამაგიეროდ იღებთ...

- სამაგიეროდ ულევ ენერგიას, სიყვარულს, სიკეთეს, სიტკბოს ვიღებ... სახლში ვინც უნდა იყოს, ყველას პირზე მაინც დედა აკერია, ჩემ გარშემო ტრიალებენ. ოთხს ერთდროულად ვაძინებ. რადგან ყველას უნდა დედასთან დაძინება, ორს ერთ მხარეს მოვიწვენ ხოლმე, ორს - მეორე მხარეს. მერე ვიმზადებ ჩაის და იწყება სხვა ცხოვრება - ჩემს თოჯინებს ვგულისხმობ.

ბავშვობიდანვე გატაცებული ვიყავი ხელოვნებით, მიყვარდა ხატვა, მაგრამ საკუთარ შესაძლებლობებს გასაქანი ვერ მივეცი, რამდენიმე წლის წინ კი ორნამენტული გრაფიკით დავინტერესდი და ხატვის მოყვარულთა ჯგუფში ჩავეწერე. შემდეგ შემთხვევით ვნახე ხელნაკეთი თოჯინები და ძალიან მომეწონა. ძვირი ღირდა­ და ამიტომაც გადავწყვიტე, თვითონ მესწავლა. დავუკავშირდი არაჩვეულებრივ მეთოჯინეს, იულია სოროკინას, და დავიწყე სწავლა. კერვაც მეხერხება, რაც თოჯინების შემოსვაში ძალიან მეხმარება. ეს არ არის იოლი - აქანდაკებ სახეს, ტანს, უნდა დაიცვა პროპორციები... მაგრამ შევძელი. ფეხსაცმელსაც კი თვითონ ვუხატავ. პანდემიამდე ხშირად ტარდებოდა გამოფენა-გაყიდვა, ეს ორი წელია აღარ ტარდება, მაგრამ სულ ვმუშაობ, შეკვეთები მაქვს. ახლაც შეკვეთით ვაკეთებ თოვლის ბაბუას. ეს აქამდე არ მიცდია, მაგრამ ახალი წელი და შობის დღესასწაული ისე მიყვარს, უარი ვერ ვთქვი. მინდა განსხვავებული გამოვიდეს და თვითონაც ინტერესით ველოდები შედეგს.

- რას უსურვებდით დამდეგ ახალ წელს ჩვენს მკითხველს, ჩვენს ქვეყანას?

- თითოეულ ოჯახს ვუსურვებ სიყვარულს, სიკეთეს, დოვლათს, ბარაქას და, რაც მთავარია, შვილთა სიმრავლეს. არ შეგეშინდეთ გაჭირვების! ღმერთი შვილს რომ მოგცემთ, გზასაც გიჩვენებთ. ერთ და ორშვილიანი გაჭირვებული ოჯახები არ გინახავთ? ერთ თეფშ საჭმელს ნუ დაამადლით იმ შვილს, რომელსაც სიკვდილ-სიცოცხლის არჩევას თვითონ უწყვეტთ!

ნინო ჯავახიშვილი