"ექიმი ისე გაოცდა სამი ტყუპის დანახვით, რომ ჩემი მეუღლე მოიკითხა" - კვირის პალიტრა

"ექიმი ისე გაოცდა სამი ტყუპის დანახვით, რომ ჩემი მეუღლე მოიკითხა"

ძალიანაც რომ არ გინდოდეს, გასული წლის გახსენებით ნერვები მოიშალო, ჩვენი ექსტრემალური ქვეყნის გადამკიდეს გონებაში მაინც რაღაც ამოგიტივტივდება, ამიტომ მოდი, შემწყნარებლურად ვაღიაროთ, რომ გასული წელი ერთ-ერთი არეულწელთაგანი იყო და ცუდთან ერთად კარგი ამბებიც მოხდა. უმადური უნდა იყო, ეს არ აღნიშნო, უმადურობა კი სულაც არ მომწონს. ჰოდა, მადლიერებით ვწერ, რომ გასული წლის ერთ-ერთი დიდი სიხარული თეო გოგოლაურისა და მარიამ კერესელიძის ტყუპი­ შვილების დაბადება იყო. თეოს ოთხი ტყუპი გაუჩნდა, მარიამს - სამი. ორივე დედიკომ გადაწყვიტა, შვილები ხმაურიანი და მტვრიანი თბილისისთვის გაერიდებინა და სუფთა ჰაერზე გაეზარდა, ამიტომ ისინი ახალციხესა და კასპში გადასახლდნენ და შვილებს ძიძების გარეშე ზრდიან. მხოლოდ დედამთილების დახმარებას იღებენ დიდი მადლიერებით.

ტყუპი ვაჟის შემდეგ კიდევ სამი ტყუპი ბიჭი

მარიამ კერესელიძე: - როგორც ჩანს, ექიმი ისე გაოცდა სამი ტყუპის დანახვით, რომ ჩემი მეუღლე მოიკითხა. ის ჩემთან ერთად არ იყო, ამიტომ ჩავეძიე, რა ხდება-მეთქი და როცა მითხრა, სამი ტყუპი გეყოლებათო, ისეთი დაუჯერებელი მომეჩვენა, გაუჩერებლად ვიმეორებდი, ტყუპი ხომ უკვე მყავს, შეუძლებელია, კიდევ სამი გამიჩნდეს-მეთქი. მერე ექიმებმა ჩემს მეუღლეს დაურეკეს. ის მაშინვე მოვარდა და სიხარულისაგან ცეკვა დაიწყო. თან მარწმუნებდა, ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნებაო და მეც გონზე მოვედი.

- ახლა როგორ იზრდებიან ტყუპები და რა დაარქვით?

- უფროსებს, რომლებიც უკვე 4 წლის არიან, თომა და ალექსანდრე ჰქვიათ, უმცროსებს კი - დავითი, კონსტანტინე და ნიკოლოზი. მათ გაზრდაში დედა და დედამთილი მეხმარებიან. მეუღლეც, რა თქმა უნდა, როცა შინ არის.

- სახელმწიფო თუ გეხმარებათ? წარმოვიდგინე, რამდენი პამპერსი და ფაფა გჭირდებათ ბიჭების გასაზრდელად...

- რაც დაწესებულია, სახელმწიფო იმაზე მეტს ვერ გვეხმარება. არადა, ნამდვილად გვჭირდება. თუმცა, უფალმა რადგან ასეთი საჩუქარი გვიბოძა, მეიმედება, რომ გაზრდასაც შეგვაძლებინებს.

biwebi-1-1641139440.jpg
4 წლის თომა და ალექსანდრე უმცროს ძმებთან - დავითთან, კონსტანტინესა და ნიკოლოზთან ერთად

- არც ისე მზრუნველი სამშობლო დახვდათ თქვენს შვილებს, თორემ ჩვენნაირი მცირერიცხოვანი ქვეყანა უპირველესად თქვენისთანებს უნდა ეხმარებოდეს. იმედია, თქვენი შვილების თაობა შეცვლის ამ რეალობას, ჩვენ კი შესაბამის სამსახურებს ვთხოვთ, საახალწლოდ მაინც იფიქრონ ამ საკითხზე.

- არასოდეს მიფიქრია ხუთი შვილის, თანაც ტყუპების გაჩენაზე, მაგრამ გამიჩნდა და ეს სასწაული ყველანაირ სიმდიდრეზე მეტია, ის ყველაფრის ძალას მაძლევს. მთავარია შვილები ჯანმრთელები გვყავდნენ, თორემ შევძლებთ და გავზრდით.

"მაქსიმე თავისი ტყუპი და-ძმების მფარველი ანგელოზია"

თეო გოგოლაური: - გამიჭირდა­ იმის დაჯერება, რომ ოთხი ტყუპი უნდა მყოლოდა, მაგრამ მალე გაოგნება სიხარულში გადაიზარდა. საბედნიეროდ, ფეხ­მძ­იმობას არ შევუწუხებივარ, ჩემი პატარები დაბადებამდეც კარგად იქცეოდნენ და სრულიად ჯანმრთელები მოევლინენ ქვეყანას. მაქსიმე მხოლოდ 700 გრამი იყო, როგორც ექიმები ამბობდნენ, ისიც - სრულიად ჯანმრთელი, მაგრამ მაინც დაგვტოვა და ახლა უკვე თავისი და-ძმების მფარველი ანგელოზია.

- რამხელა სევდა გქონიათ, მაგრამ დანარჩენებზე ზრუნვა ამ სევდას ნაწილობრივ მაინც გაგიქარვებთ - ადვილი არ არის სამი ტყუპის მოვლა.

- მართლაც ძნელია, მაგრამ დედამთილი მეხმარება, რომელიც უსაზღვროდ გულისხმიერი ადამიანია და მეც მისი მადლიერი ვარ. მეხმარება მეუღლეც. ის პროფესიით ეკონომისტია და შინიდან მუშაობს, რაც ჩვენთვის ამ ეტაპზე შვებაა, თუმცა მაინც ხშირად გვიწევს მორიგეობით დაძინება.

- და, რა თქმა უნდა, სახელმწიფო არც თქვენს ტყუპს ეხმარება...

- სამწუხაროდ, სახელმწიფო განსაკუთრებულად ვერ გვეხმარება, თუმცა ჩემი შვილების ამქვეყნად მოვლინება ისეთი ბედნიერებაა, რომელსაც არაფერი შეედრება.

p.s. ამ ბედნიერ ოჯახებს მომავალ წელს უფრო ძლიერ და ღირსეულ სამშობლოს ვუსურვებ, სადაც თითოეულ ადამიანზე და განსაკუთრებით - ბავშვებზე ზრუნვა პრიორიტეტი იქნება.