"რაც ჩავიფიქრე, იმ წელს ზუსტად ამიხდა" - რა საახალწლო რიტუალები აქვს კრისტი ყიფშიძეს
"მე ჯანსაღ კვებას ვამჯობინებ, მაგრამ ახალი წლის საღამოს ყველანაირ სასუსნავს გემო გავუსინჯე“
"სამყარო ისეთია, როგორადაც ჩვენ აღვიქვამთ, რაც უფრო პოზიტიურად განვეწყობით, მით უკეთესად წავა ჩვენი ცხოვრება", - გვარწმუნებს მიმზიდველი და ჰაეროვანი მოდელი კრისტი ყიფშიძე. როგორი იყო მისთვის 2021 წელი და რას ელოდება მომავალი 2022 წლისგან? - ამ და სხვა საკითხებზე კრისტი მისთვის ჩვეული გულწრფელობით გვესაუბრება:
- 2021 წელს დიდი მადლიერების გრძნობით ვაცილებ. საერთოდ, ვცდილობ ყველაფერში პოზიტივი დავინახო. შეიძლება წელს ყველა დღე ბედნიერი არ იყო, მაგრამ, ასე თუ ისე, ძალიან კარგი წელი მქონდა: მიუხედავად პანდემიისა, რამდენჯერმე ვიმოგზაურე, სამჯერ ვიყავი ამერიკაში, ასევე ბაჰამის კუნძულებზე, ბოლო ხანებში კი ალმა-ათაში, სადაც დათუნა სულიკაშვილის კოლექციის ჩვენება გაიმართა. ეს ჩემთვის ორმაგად სასიხარულო მოვლენა იყო, რადგან პოდიუმზე გამოსვლა ძალიან მენატრებოდა. მიუხედავად იმისა, რომ "პოსტ ტვ"-ში ვმუშაობ, სადაც ჩემი ბლოგი მიმყავს, ამ ჩვენებამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ მოდის სამყარო ჩემთვის მეტისმეტად ძვირფასია. 2021 წელი იმ მხრივაც იყო საინტერესო, რომ ტელეწამყვანობა ძალიან მომეწონა, მოგზაურობის დროს დიდი მასალა მოვაგროვე და გადაცემაში ხშირად ვიყენებ.
- ახალ წელს როგორ შეხვდით?
- ყველაზე მნიშვნელოვანი პირობა, რომ 31 დეკემბრის საღამოს აუცილებლად ახალი სამოსი უნდა მეცვას, არ დამირღვევია. ახალი წლის ღამეს, ზუსტად 12 საათზე აუცილებლად სურვილს ჩავიფიქრებ ხოლმე. ყოფილა შემთხვევები, რაც ჩავიფიქრე, იმ წელს ზუსტად ამიხდა. ჩემს ოჯახში კიდევ ერთი ლამაზი ტრადიცია გვაქვს: ყველას ბავშვობის დროინდელი სათამაშოები გვაქვს შენახული და ნაძვის ხეს ამ სათამაშოებით ვრთავთ. ყოველ წელიწადს ვყიდულობთ კიდევ ერთ ახალ სათამაშოს და ჩვენს ნაძვის ხეს ყველა ერთად ამშვენებს. მოგეხსენებათ, ვეფხვის წელია და ამიტომ ვეფხვის პატარა, ლამაზ ფიგურას ნაძვის ხესთან საპატიო ადგილს მივუჩინეთ.
ჩემი შვილი ნატალი "ჯიპაში" სწავლობს და თავისი მონდომებით ყველას გვახარებს. მეტისმეტად დატვირთულია, მაგრამ ნაძვის ხის მორთვაში მაინც მოგვეხმარა.
ნაძვის ხე ყველამ ერთად ავაწყვეთ და ამ საქმეში ჩემი არაჩვეულებრივი დისშვილები - გიორგი და ნიკუშაც დაგვეხმარნენ. ისინი 10-11 წლისანი არიან, ამიტომ საახალწლო საჩუქრები და თოვლის პაპის მოლოდინი ყველაზე მეტად მათ უხარიათ. ახალ წელს ყველა ერთად შევხვდით - ესეც ჩვენი ოჯახური ტრადიციაა. მე ჯანსაღ კვებას ვამჯობინებ, მაგრამ ახალი წლის საღამოს ყველანაირ სასუსნავს გემო გავუსინჯე.
- საქართველოში ბევრი ფიქრობს, რომ 2021 წელი მოდის სამყაროში დემნა გვასალიას წელი იყო. თქვენც ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
- დემნა გვასალიამ საქართველო ასახელა. ჯილდოები ადრეც მიუღია, მაგრამ 2021 წელს განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია. მისი მოდელების მიმართ ყველას განსხვავებული დამოკიდებულება აქვს, მაგრამ დემნამ ძალიან სწორი გათვლა გააკეთა: მისი კოლექცია ზედმიწევნით ასახავს დღევანდელ პანდემიურ ვითარებას - როგორც ჩანს, მან სწორედ ასეთი ადამიანი დაინახა და მერე მთელ მსოფლიოს აჩვენა. აუცილებელი არაა მაღალი მოდა ძალიან გადაპრანჭული და ძვირფასი იყოს, რომ მისი შეძენა ჩვეულებრივმა ადამიანებმა ვერ შეძლონ. კოკო შანელის სიტყვებს გავიხსენებ: როცა ღარიბი ვიყავი, სულ მინდოდა მდიდრებივით ჩამეცვა, დიზაინერი გავხდი და ყველას ისე ჩავაცვი, როგორც მე მეცვაო. მან მთელ მსოფლიოს ცხოვრება გაუმარტივა. დემნა გვასალიამ თანამედროვე სამყაროში რევოლუცია მოახდინა და გვითხრა, რომ არ არის აუცილებელი ყოველთვის ძვირფასი კაბა გეცვას, რომ შეიძლება უბრალო ჯინსი ჩაიცვა და შენი თავი ძალიან მოგწონდეს. მის კოლექციაში ყველაფერია თავმოყრილი: სოხუმის ნოსტალგია, იქ გატარებული ბავშვობის შთაბეჭდილებები... თავად ამბობს, რომ ბევრი რამ თავის კოლექციაში ბებიის ნივთებმა შთააგონა. მიხარია და მეამაყება, რომ მას პირადად ვიცნობ, რომ მისი სიტყვა მოდის სამყაროში ძალიან ბევრს ნიშნავს.
- რას ელოდებით 2022 წლისგან?
- ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პანდემია დასრულდება, პირბადეს მოვიხსნით და ერთმანეთთან კონტაქტის შიში აღარ გვექნება. მინდა თქვენი გაზეთის მეშვეობით მივულოცო მთელ საქართველოს და მსოფლიოს მომავალი წელი. ვინც ამ სტატიას წაიკითხავს, მინდა ყველას მოვეფერო და ბედნიერი მომავალი ვუსურვო. როგორღაც უნდა მოვახერხოთ და ყველაფერს დადებითი თვალით შევხედოთ. დამიჯერეთ, ასე ყველაფერი გაადვილდება და ჩვენი ყოველდღიურობა უფრო დალაგებული, მშვიდი იქნება.
ხათუნა ჩიგოგიძე