"ჯუჯები" დაბერდნენ, მაგრამ თქვენი სიყვარულით მაინც მღერიან" - "სამზარეულოს ომები" ანუ ვისი ადგილია "კუხნაში"?
საქართველოში საახალწლო სუფრას უფრო ქალები აწყობენ - ეს ჩვენი ტრადიციაა, რომელიც ბოლო წლებში შეიცვალა, არის თუ არა კაცის ადგილი "კუხნაში?" ჩვენმა რესპონდენტებმა ამ შეკითხვას ნახევრად ხუმრობით და ნახევრად სერიოზულად უპასუხეს:
"ჩემი "მოღვაწეობისას" სამზარეულო საომარ ველს ემსგავსება"
დათო ოქიტაშვილი, "საქართველოს კულტურის პალატის" პრეზიდენტი:
- მე ჩემს მეუღლეს როგორც შემიძლია, ისე ვეხმარები. უბრალოდ, ის არ მიშვებს "კუხნაში" და სულ ცდილობს სამზარეულოსგან შორს ვიყო. რატომ? - ერთი ცუდი თვისება მაქვს: როცა რამეს ვაკეთებ, ყველაფერს არეულ-დარეულს და მინგრეულ-მონგრეულს ვტოვებ. თამამად ვიტყოდი, რომ ჩემი "მოღვაწეობისას" სამზარეულო საომარ ველს ემსგავსება. მიუხედავად ამისა, პოზიციებს არ ვთმობ და ხორცეული კერძების მომზადებას არავის ვანდობ. ადრე ამ მისიას მამაჩემი ასრულებდა: ახალი წლის დღეებში მთელ ოჯახს და სამეგობროს კრებდა და თავისი ნახელავით გვიმასპინძლდებოდა. უკვე ერთი წელია, რაც ჩვენთან აღარ არის და ძალიან მინდა მისი ტრადიცია მე გავაგრძელო. სხვათა შორის, სუფრის გალამაზება და სახლის მოწყობაც მომწონს და ნაძვის ხის მორთვაშიც ვმონაწილეობ.
რას ვუსურვებ ჩემს ხალხს მომავალი 2022 წლისთვის? - გვიყვარდეს ერთმანეთი, რადგან ამ ქვეყნიდან ვერაფერს წავიღებთ, გარდა სიყვარულისა და სახელისა. 2022 წელი დაწყნარების წელი უნდა იყოს, რადგან ჩვენს ქვეყანას ახლა ყველაზე მეტად სიმშვიდე სჭირდება.
"კაცისთვის სამზარეულოში ყოფნა ჰობი უნდა იყოს"
რომა ქერქაძე, მსახიობი:
- არც მე ვეკუთვნი იმ კატეგორიას, რომელიც ცოლს საახალწლო სამზადისში არ ეხმარება, თანაც ამ პანდემიის და შინ ყოფნის დროს ხორცეულის მომზადებაში ძალიან დავოსტატდი - ეს ჩემი ჰობი გახდა. ძალიან მიყვარს ჩაქაფულის გაკეთება და კარგადაც გამომდის. ჩემს მშობლიურ მხარეში, გურიაში, კაცებისგან ხშირად გაიგონებ: "მთავარია "პრიპასები" მქონდეს, ძამა, თვარა ჩემ ცოლს რავა შევაჩერდები ხელში, ყორფელს ლამაზად და გემრიელად გავაკეთებო"... მოკლედ, გურულებს ხელიდან ყველაფერი გამოგვდის, მაგრამ თქვენს მკითხველს ერთ საიდუმლოს გავუმხელ: კაცისთვის სამზარეულოში ყოფნა ჰობი უნდა იყოს, სადილების კეთება და "კუხნაში" ტრიალი მოვალეობად თუ ექცა, დაღუპულა და ეგ არის! გენდერულ თანასწორობას რა ჯობია, მარა გურიაში ფიქრობენ, რომ ქალმა ოჯახს და სამზარეულოს უნდა მიხედოს, კაცმა - ყანას და ვენახს. ფემინისტები თუ გამიბრაზდებიან, იცით, რას ვიზამ? - დავპატიჟებ გურიაში, ზაფხულის პაპანაქება სიცხეში სუფსის პირას, თოხით ხელში დავაყენებ, მთელ ყანას რომ დათოხნიან, მერე თქვან, ქალი და კაცი თანასწორიაო.
ახლა რაც შეეხება საახალწლო სუფრას, როგორც გითხარით, მთავარი მაინც "პრიპასებია". "გოჭს და ინდაურს ცეცხლი უკიდია, ძამა, და საახალწლო პურმარილს რაფერ გააკეთებ?" - ჩივიან გურულები, მაგრამ როგორც ყოველთვის, იხტიბარს არ იტეხენ. ამის დასტურად ერთ ამბავს მოგიყვებით, რომელიც მერე ანეკდოტად იქცა და ხალხში გავრცელდა:
1990-იანი წლებია, არც შუქია, არც არაფერი და ყველას ძალიან უჭირს. გურულს გამოუარა "ბაღნობის" ძმაკაცმა, რომელიც ცხენზე იჯდა და სადღაც მიიჩქაროდა.
- ჩამოი, ძამა, მეცი პატივი და ოჯახი დამილოცეო, - შეუჩნდა გურული მეგობარს, მაგრამ ის უარზე იყო. "ჩამოი და ჩამოი", - უმეორებს გურული, არადა, სახლში არაფერი ეგულება. აქეთ ცოლი უბრიალებს თვალებს, მარა არ მეიშალა გურულმა, იმდენ ხანს ეხვეწა, იძულებული გახადა ცხენიდან ჩამომხტარიყო. სტუმარს ხელში აღვირი ეჭირა, მიუბრუნდა "სტუმართმოყვარე" მასპინძელს და ეკითხება:
- ძამა, აი ცხენი სად დავაბა, ხომ ვერ მეტყვიო?
- მაი ცხენი, ძამა, აგერ დამაბი ენაზე, ღირსი ვარო, - უპასუხა გურულმა...
"წელს სჯობს გოჭიც შევიწყალოთ და ინდაურიც"
ნუგზარ ერგემლიძე, მუსიკოსი:
- მგონი, დიდი მნიშვნელობა არა აქვს, სუფრას ქალი გააწყობს თუ კაცი, რადგან ყველაფერი ოჯახის შემოსავალზეა დამოკიდებული: დღეს შეგიძლია დარეკო და 20 წუთში ყველაფერს მზამზარეულს მოგართმევენ. მოგეხსენებათ, ყველაფერი ძალიან გაძვირდა და გირჩევთ, წელს ამერიკული ტრადიცია გადმოვიღოთ - გოჭიც შევიწყალოთ და ინდაურიც. ამ საახალწლოდ ერთი ნატვრა მაქვს: ევროპელებს რაც კარგი აქვთ, ქართველებმა ის გადმოვიღოთ და უფრო ყაირათიანები გავხდეთ. სხვა რა გითხრათ? - ახალ 2022 წელს მეც ჩვეულებრივად აღვნიშნე - უკეთესი ხვალინდელი დღის მოლოდინითა და იმედით.
"არ მითხრათ, საახალწლო სუფრაზე აჯაფსანდალს რა უნდაო?!"
ვახტანგ ტატიშვილი, მომღერალი:
- წელს შვილიშვილებმა არ მომასვენეს და ნაძვის ხე დეკემბრის დასაწყისში მოვრთეთ. ახლა მარტო ნაძვის ხე კი არა, მთელი სახლი ბრჭყვიალა სათამაშოებით გვაქვს მორთული. ნოემბერში 80 წელი შემისრულდა და ბედნიერი კაცი ვარ, რომ ამ ახალ წელს 6 შვილიშვილსა და უსაყვარლეს შვილთაშვილთან ერთად შევხვდი. ჩემი რჩეული კერძი აჯაფსანდალია და წლის ნებისმიერ სეზონზე დიდი სიამოვნებით ვამზადებ, ოღონდ არ მითხრათ, საახალწლო სუფრაზე აჯაფსანდალს რა უნდაო - საცივსაც მირჩევნია და სხვა გემრიელობებსაც.
2021-მა წელმა ჩვენს სამეგობროს ბევრი ტკივილი მოუტანა, მაგრამ მაინც კარგად დავასრულეთ: "ორმა ჯუჯამ", მე და ნუგზარ კვაშალმა, ლამის მთელი საქართველო შემოვიარეთ. ჩვენი კონცერტებით უამრავი ბავშვი და მოზრდილი გავახარეთ. ორ ჯუჯას წელს 150 წელი შეუსრულდა - 80 წლის მე ვარ და 70-ის - ნუგზარ კვაშალი. "ჯუჯები" დაბერდნენ, მაგრამ თქვენი სიყვარულით მაინც მღერიან. ჩემი ნატვრაა, 2022 წელი სიყვარულის და სიხარულის წელი იყოს, მინდა ყველას წელთა სიმრავლე გისურვოთ, რადგან ცხოვრება ნებისმიერ ასაკში თავისებურად მშვენიერია.
ხათუნა ჩიგოგიძე