"ბედმა პარიზში შემახვედრა კიაო კიას. მან უმალ მიიქცია ჩემი ყურადღება, ენით აღუწერელი რამ მოხდა ჩვენ შორის..." - კვირის პალიტრა

"ბედმა პარიზში შემახვედრა კიაო კიას. მან უმალ მიიქცია ჩემი ყურადღება, ენით აღუწერელი რამ მოხდა ჩვენ შორის..."

"მე ვმუშაობ მარკეტინგული ზეწოლის გარეშე, რომელიც კლავს შემოქმედებაში ინდივიდუალურობას და რის გამოც მოდის სამყაროში ყველაფერი ერთფეროვანია!“

პარიზში მცხოვრები ცნობილი ქართველი დიზაინერი ირაკლი ნასიძე­ განსხვავებულ და ორიგინალურ სამოსს ქმნის. მისთვის ტანსაცმელი სულის სარკეა და არა - მხოლოდ გარეგნული სილამაზის გამოხატულება. სწორედ ამიტომ ქართველ დიზაინერს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს მსოფლიოს არაერთ კუთხეში, მისი მოდელები კი მსოფლიოს ბევრ დიდ ქალაქში იყიდება. დიზაინერს თბილისში ყოფნის დროს შევხვდი. საუბარი დედით დავიწყეთ, რომელიც მისთვის მუდამ შემოქმედების წყაროა.

- დედა ის ხილული თუ უხილავი სამყაროა, რომელშიც ვცხოვრობ, ვაზროვნებ და ვქმნი ჩემს შემოქმედებას. იგი რაღაც ზებუნებრივს შემიძლია შევადარო მხოლოდ. ის მუდამ ჩემშია, უფრო მეტად ვგრძნობ მის ძალას და მადლს მას შემდეგ, რაც ფიზიკურად აღარ მყავს გვერდით... ბავშვობიდან ახერხებდა ჩემს გაოცებას თავისი ნატიფი ინდივიდუალიზმით, შინაგანი კულტურითა და თანამედროვეობით. უდავოა, რომ მისი დამსახურებაა ჩემი ყოველი წარმატება. დედა იყო სიცოცხლეშიც ვარსკვლავი, რომელიც ჩემს აღქმაში ახლა უკვე ცაზე მოკაშკაშედ მევლინება!

ნასიძეების ტრადიციულ ოჯახში აღვიზარდე, მათგან მივიღე უდიდესი სიყვარ­ული, სილაღე, თავდაჯერებულობა და სათანადო­ განათლება. რასაც დღეს ვაკეთებ,­ მხოლოდ გულით და უანგაროდ, ეს ჩემი ბუნების, ოჯახში აღზრდისა და ტრადიცი­ის შედეგია. ოჯახი ჩემთვის სალოცავი ხატია, წმინდა გვირგვინია, რომელსაც სიამაყით ვატარებ, რომელიც ფრთებს მასხამს და მასხივოსნებს. მახსენდება, ჩემი მშობლები­ როგორი პატივისცემით შეხვდნენ წლების წინ ჩემს ამბიციურ გადაწყვეტილებას, როდესაც თვრამეტი წლისამ, სამხატვრო აკადემიის პირველი კურსის სტუდენტმა, განვუცხადე, რომ საფრანგეთში, პარიზში წასვლა მინდოდა, რათა გავცნობოდი მაღალი მოდის სახლების მუშაობის სტილს და იმდროინდელ ტენდენციებს, რომ მომავალი ცხოვრება ამ ქვეყანასთან დამეკავშირებინა. მაშინ ზუსტად ვიცოდი, რა მინდ­ოდა. როცა ახალგაზრდა ხარ, არ გეშინია სირთულეების, არც კი ფიქრობ მათზე... ეს იმხელა სურვილი იყო, რომ ჩემთვის ყველაფერი ლოგიკურად ლაგდებოდა და ყველა კარი იღებოდა, არადა, მართლაც რთულია გაიკვლიო გზა და დაიმკვიდრო ადგილი ქვეყანაში, ქალაქში, სადაც ბუმბერაზები მოღვაწეობენ, თუმცა მე ეს მეტ იმპულსს მაძლევდა, წინსვლის, მწვერვალების დაპყრობის სურვილს მიღვივებდა... ამ პერიოდის ჩემს ნამუშევრებს "სულის სამოსი" ვუწოდე. ეს შემთხვევითობა სულაც არ გახლავთ, ოღონდ აქამდე უნდა მიხვიდე... ისეთ მოდის სახლებთან ვიმუშავე, როგორიცაა: კრისტიან დიორი, ივ სენ ლორანი, კრისტიან ლაკრუა, ჟან-ლუი შერერი... ამის დამსახურებით დღეს უკვე არსებობს ფრანგული ბრენდი IRAKLI, რომლის თაყვანისმცემელი და მომხმარებელი გახლავთ მაღალი ინტელექტის, რაფინირებული გემოვნების საზოგადოება

nasidze2-1641141596.jpg

- თქვენი მეუღლე და შემოქმედებითი პარტნიორი კიაო კია საინტერესო მხატვარია.

- დიახ, ბედმა ინება და ჩემს ერთ-ერთ ქასტინგზე, პარიზში, შემახვედრა კიაო კიას, ჩინელ მოდელს, რომელიც ქასთინგზე პარიზის სამოდელო სააგენტოდან მოხვდა. მან უმალ მიიქცია ჩემი ყურადღება, ენით აღუწერელი რამ მოხდა ჩვენ შორის... ის საოცრად თვითმყოფადი ფერმწერი, საუკეთესო მეუღლე და დედაა. გვყავს 4 წლის გიორგი და სულ ახლახან მეორე ვაჟიც შეგვეძინა. ჩემი შემოქმედების ყველაზე დიდი წარმატება არის ის, რომ მყავს ბევრი თანამოაზრე, ჩემი შემოქმედების თაყვანისმცემლები, კოლექციონერები და მომხმარებლები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ხოლო ჩემი შექმნილი სამოსი თანამედროვე ხელოვნების არაერთი ფონდის კერძო კოლექციის თუ მუზეუმის საკუთრებაა.

ჩემი სამოსის მომხმარებლები არიან: კეტრინ­ დენევი, იზაბელ იუპერი, იზაბელ აჯანი, ემანუელ ბაერტი, ფან ბინგბინგი, ბრიჯიტ ფონტეინი, რობერტ სმითი, მარიე­ ბელტრამი....

- არაერთხელ აღგინიშნავთ, რომ არც ერთ მაღალი მოდის სახლთან არ თანამშრომლობთ. დამოუკიდებლად მუშაობთ?

- დიახ, ასეა. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ შემომთავაზეს პარიზის ამა თუ იმ მოდის სახლში მთავარი დიზაინერის პოსტი, პიროვნული თვისებებიდან­ გამომდინარე, ვარჩიე, შემენარჩუნებინა დამოუკიდებლობა, ანუ მეკეთებინა ის, რაც მსურს, როგორც ვგრძნობ და ვხედავ. ვმუშაობ მარკეტინგული ზეწოლის გარეშე, რომელიც­ კლავს შემოქმედებაში ინდივიდუალურობას და რის გამოც დღევანდელ მოდის სამყაროში ყველაფერი ერთფეროვანია! აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის დიდი პატივია მიწვევა მასტერკლასების ჩასატარებლად, თუ სხვადასხვა ბრენდის კონსულტანტად მსოფლიოს მოდის უმნიშვნელოვანეს ქვეყნებში: საფრანგეთში, ჩინეთში, იაპონიაში, ბელგიასა და ლიეტუვაში. წლების მანძილზე გახლდით პარიზის მაღალი მოდის გილდიის წევრი. ყოველ ზაფხულს მონაკოში ეწყობა საიუველირო კოლექციის ჩვენება, 2019 წელს ბრენდმა PIAJET-მა დახურულ ჩვენებაზე თავისი სამკაულები IRAKLI-ს სამოსით წარმოაჩინა. რამდენიმე თვის წინ საფრანგეთში, პარიზის მაქმანებისა და ნაქარგების ფედერაციის დაკვეთით გამოიცა არტკატალოგი L’ART DE TISSER LE REVE, რომლის ავტორია მოდის ისტორიკოსი ლიდია კამისტისი. კატალოგში წარმოდგენილია მსოფლიოს საუკეთესო დიზაინერთა ნამუშევრები და მათ შორის არის ჩემიც, რაც დიდი პატივია, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ანალოგიური კატალოგი მხოლოდ ნახევარი საუკუნის წინ გამოიცა... არაერთი მნიშვნელოვანი, წარმატებული მოვლენა იყო ჩემს შემოქმედებაში, რომელთა ჩამოთვლაც, ვფიქრობ, აქ შეუძლებელია, თუმცა შემიძლია ვთქვა - წარმატება იმის შედეგია, რომ არცერთი წუთით ჩემი იდეებისა და პრინციპებისთვის არ მიღალატია. ვაკეთებ იმას, რასაც შინაგანი სამყარო მკარნახობს და არა - მარკეტინგი, ტენდენციები და ა.შ. ვთვლი, რომ დიდი ფუფუნებაა, დღეს იყო შემოქმედებითად დამოუკიდებელი. რაც შეეხება მარცხს, ის ჩემს აღქმაში აღდგომაა, რომელიც ფენიქსად გაქცევს, მის მიღმა კი დიდი სიბრძნეა, რომელიც თან გდევს ცხოვრების ყველა ეტაპზე. ის ჩემი კეთილი მეგობარია, რომელიც მე მხოლოდ მაძლიერებს და სრულყოფილებისკენ მიბიძგებს.

- თქვენ სამშობლოსთან კავშირი არასოდეს გაგიწყვეტიათ.

- რა თქმა უნდა! ამის დასტურად ახლახან განხორციელებულ პროექტს დავასახელებდი. ეს გახლდათ პროფესორ დავით ტატიშვილის ახალი წიგნის, "ღვინო - თერაპია, ჯანმრთელობა და სილამაზე", პრეზენტაცია "შატო ზეგაანში", რომელიც დასრულდა ჩემი მხატვრული პერფორმანსით "ღვინო - სხეულის და სულის სამოსი". პროექტის დამდგმელი რეჟისორი მომღერალი მანანა მენაბდე გახლდათ, ხოლო სპეციალური სტუმარი - ტოპმოდელი ტატიანა დიაგილევა. სამშობლოს შორიდან აღქმა ჩემთვის წარმოუდგენელია, რადგან ის ჩემი ორგანული ნაწილია და მე მის სუნთქვას მსოფლიოს ყველა კუთხეში ვგრძნობ. ყველაზე დიდი წვლილი ჩემს ცხოვრებასა და შემოქმედებაში სამყაროს შემქმნელს მიუძღვის და მისი მადლიერი ვარ.