"რთულია, როდესაც ცალ ხელში მობილური გიჭირავს და ამერიკაში ან ევროპაში საუბრობ, მეორე ხელიდან კი თოხი და ბარი ვერ გაგიგდია“ - კვირის პალიტრა

"რთულია, როდესაც ცალ ხელში მობილური გიჭირავს და ამერიკაში ან ევროპაში საუბრობ, მეორე ხელიდან კი თოხი და ბარი ვერ გაგიგდია“

ინტერვიუ დაიბეჭდა გაზეთ "კვირის პალიტრაში" 2022 წლის 1-ელ ნომერში.

"სევდიანი და დამთრგუნველი იყო 2021 წელი, თანაც იმდენად, რომ ახალ 2022 წელსაც ვერ შევხვდი ხალისით. ასეთი უპერსპექტივობის განცდა 90-იან წლებშიც არ მქონია. კიდევ კარგი, შინაური ცხოველები და ფრინველები მყავს­ და ცოტაოდენ ისინი მიუმჯობესებენ განწყობას. ერთადერთი კარგი­ ამბავი, რაც გასულ წელს მოხდა, ის იყო, რომ შვილიშვილი შემეძინა",­ - ამბობს ცნობილი უფლებადამცველი ლია მუხაშავრია. ყველაზე დასამახსოვრებელ საახალწლო მოგონებად ფილადელფიაში ცხოვრების დროს, ჩიკაგოში თავს გადამხდარ ამბავს იხსენებს: "1995 წლის დილა რომ თენდებოდა, ჩიკაგოში ჩემს მეგობარს დავურეკე და ვუთხარი, რომ მასთან მივდიოდი. გადავწყვიტეთ, 2 იანვარს ჩიკაგოში მსოფლიოს მაშინდელ ყველაზე მაღალ შენობაზე ავსულიყავით და სიმაღლეზე ყოფნა დაგვკვებებოდა. ჩვენ ეს გავაკეთეთ. საოცრება იყო". ფიქრობს, რომ იღბლიანია. გაუმართლა, რომ საშუალება მიეცა განათლება მიეღო ამერიკაში, ესწავლა ის, რაც აინტერესებდა, და ეკეთებინა საქმე, რომელიც უყვარდა. ახლაც ბედის მადლიერია, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილზე მოხვდა. წარმატებული უფლებადამცველი, რომელიც მხოლოდ ევროსასამართლოსთვის მუშაობს, ერთ დღეს ადგა, თბილისი მიატოვა და გურიის ულამაზეს სოფელში, შუხუთში დასახლდა...

- დედაჩემი მეგრელი ქალი იყო და ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, თუ ვინ იქნებოდა მეკვლე. ამიტომ ჩვენივე ოჯახის წევრს მივცემდით ხელში­ ხონჩას, დავუწყობდით ზედ ყველაფერ საუკეთესოს, მათ შორის ფულსაც, და ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე გარეთ გავუშვებდით. რაც სოფლად გადმოვსახლდი, წესად ვაქციე - ავიღებ სავსე ხონჩას­, მოვივლი ჩემი ეზოს კუთხე-კუნჭულს და ახალ წელს ვულოცავ ყველა სულიერს, დილით კი მათთვის საყვარელი კერძებით ვუმასპინძლდები, მაგალითად, ფისოებს თევზის კონსერვებით, ძაღლებს ძვლებისგან მოხარშული სადილით და ა.შ.

- გურიაში გადასახლებას ხომ არ ნანობთ?

- არა, რას ამბობთ, კიდევ კარგი, რომ გადმოვსახლდი. რაც უნდა ცუდ განწყობაზე გავიღვიძო, საკმარისია ჩემს ეზოში გავიარო, ბაღ-ბოსტანს გადავხედო, ფრინველები­ და ცხოველები შევათვალიერო, რომ მაშინვე გუნება გამომიკეთდება. მეექვსე ახალ წელს შევხვდი გურიაში. მიუხედავად იმისა­, რომ ქალაქში დავიბადე და გავიზარდე, ყოველთვის მიყვარდა სოფელი. ქალაქში დაბრუნება აღარ მინდოდა. 2015 წლის ერთ მშვენიერ ზაფხულს გად­ავ­წყვიტე, რომ საერთოდ დავრჩენილიყავი­. ჩემი შვილი ამ გადაწყვეტილებას სკეპტიკურად უყურებდა. ზამთარი რომ დადგა, ახალი­ წელი მოვიდა­ და ნახა, რომ ქალაქში­ არ დავბრუნდი, მიხვდა, სოფელში ცხოვრება მყარად მქონდა გადაწყვეტილი. ამას ნამდვილად აქვს ახსნა­ - გარდა იმისა, რომ სოფელი მიყვარს, 1989 წლიდან უფლებადამ­ცველი იურისტი­ და ადვოკატი ვარ. ჩვენ ვიცავთ ადამიანებს, რომლებსაც ძალიან მძიმე ამბები აქვთ გადატანილი, ან წამების­ მსხვერპლი არიან. ისინი უნებლიეთ გვაყენებენ ტრავმებს­. ეს ყველაფერი წლების განმავლობაში გროვდება და გადატვირთვა გვჭირდება. სულ რაღაც 10 წლის წინ ფსიქიატრებმა და ფსიქოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ მეორეული ტრავმების მქონე ადამიანებისთვის საუკეთესო გამოსავალი ბუნებასთან კავშირია. როგორც ჩანს, გულმა მიგრძნო და დროულად ვუშველე თავს. ბოლო წლებში კომუნიკაციის საშუალებები ნებისმიერი ადგილიდან მუშაობის საშუალებას იძლევა. მე მხოლოდ ევროსაბჭოს სასამართლოსთვის ვმუშაობ, ამისთვის აქედანაც ვგზავნი და ვიღებ კორესპონდენციებს. იმის განცდა, რომ ცუდ ამინდში შემიძლია გარეთ არ გავიდე, დიდ კომფორტს მიქმნის. გარდა ამისა, აქ გაცილებით თავისუფლად ვარ, პანდემიაც არ იგრძნობა ისე მძაფრად, როგორც ქალაქში.­ წლიდან წლამდე ვიუმჯობესებ სამე­ურნეო ცოდნას, ინტერნეტით ბევრი რამ ვისწავლე, მამას­ აგრონომი მეგობრისგანაც. მაქვს­ თხილის პლანტაცია, სხვადასხვა­ ხეხ­ილი, მომყავს სიმინდი, ვიცი ელემენტარული ტექნიკის, მაგალითად, საცელავისა და კულტივატორის მოხმარება, ვიცი, როგორ დავთესო ბოსტანი... ცხვრებიც მყავს. ახლა რომ დაგიჯდეთ და გელაპარაკოთ, კარგი აგრონომი გეგონებით, არადა,­ იყო დრო, როდესაც ელემენტარული რაღაცებიც კი არ ვიცოდი.

foto-1641881474.jpg

- გურიაში ბევრი მიტოვებული­ კარ-მიდამოა. ისიც გამიგონია, რომ მათი პატრ­ო­ნები ქალაქში ქირით ცხოვრობენ და დღიური მწირი შემოსავლით ძლივს გააქვთ თავი. თქვენი მაგალითის მიხედვით, შესაძლებელია თუ არა სოფელში ღირსეული შრომით ოჯახის რჩენა?

- შესაძლებელია, მაგრამ გლეხებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა სჭირდებათ. მაგალითად, ხვნა-თესვის სეზონზე ძალიან გვჭირდება ტრაქტორი, რომელიც არ არის სოფელში. რთულია, როდესაც ცალ ხელში­ მობილური გიჭირავს და ვიდეოზარით, ამერიკაში ან ევროპაში საუბრობ, მეორე ხელიდან კი თოხი და ბარი ვერ გაგიგდია. იმდენად ანომალიურია, როდესაც ერთი მხრივ ცივილიზაციის უმაღლესი­ მიღწევით­ სარგებლობ, მეორე მხრივ კი ელემენტარული ტექნიკა არა გაქვს. იმისთვის, რომ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა შეიძინო, არ არის საბანკო კრედიტები და შესაბამისი პროგ­რამები. ამასთან, ახალგაზრდებს ძალიან ნიჰილისტური განწყობა აქვთ, ფიქრობენ, რომ მაინც არაფერი გამოვა და ტყუილად მოუწევთ წვალება. დღეს აქ მუშახელის კატასტროფული სიმწირეა. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ თავად მოიყვანონ თავისი სარჩო-საბადებელი, ან გააუმჯობესონ მეურნეობა და მეტი მოსავალი აიღონ.

- თქვენი ქალიშვილი თუ აპირებს სოფელში­ ცხოვრებას?

- არა, მისი მეუღლის საქმიანობა არ არის დაკავშირებული სოფელთან. თუმცა ლოკდაუნის დროს აქ ცხოვრობდნენ და ეს ძალიან კარგი იყო. ახლა იმას ვფიქრობ, რომ ჩემი სახლი და მეურნეობა ისეთ ადამიანს გადავცე, ვინც აქ იცხოვრებს და არ დააქცევს ამ ყველაფერს. მე ჩემს ცხოველებს, ფრინველებსა და მცენარეებს ადამიანივით ველაპარაკები. რომ წარმოვიდგენ, ერთ დღესაც ამათ აღარავინ მოუვლის, ძალიან მტკივა გული.

- თქვენს ქალიშვილს არ სწყინს თქვენი­ ასეთი გადაწყვეტილება?

- არა. ზაფხულში კი ჩამოდის, მაგრამ­ სამუდამოდ აქ ცხოვრება არ უნდა. რა ვქნა, მისი არჩევანია და პატივს ვცემ. შვილიშვილის გადმობირებაზე ვფიქრობ...

- რისი თქმა შეგიძლიათ თქვენს ქალიშვილზე, რომელიც წლების წინ იშვილეთ და ეს ამბავი თქვენ თავადვე გამოიტანეთ საჯაროდ?

- პირადი ბედნიერება მოვიპოვე იმით, რომ მარი ვიშვილე და გავზარდე. მე ფემინისტი ვარ და ეს მას შემდეგ აღმოვაჩინე,­ რაც ჩემს ცხოვრებას თვალი გადავავლე. ვფიქრობ, ჩემს მსგავს ქალებს, რომლებსაც­ კარიერა ძალიან ჩაითრევს და პირად ცხოვრებას ვეღარ იწყობენ, ოჯახის ყოლის სურვილი მაინც აქვთ. ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჰყავდეს­ შვილი და არა აქვს მნიშვნელობა­ რა გზით გახდება დედა - ქორწინების გარეშე გააჩენს თუ იშვილებს. ბავშვის აყვანის გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მივიღე, დედაჩემისთვისაც არაფერი მიკითხავს. სხვათა შორის, დედა ძალ­იან გამიბრაზდა, მაგრამ მოგვიანებით­ დადებითად შეაფასა­ ჩემი გადაწყვეტილება. ბევრი­ მეკითხება, ხომ შეგეძლო თავად გაგეჩინა, თუნდაც ქორწინების გარეშეო. რა თქმა უნდა, შემეძლო, მაგრამ მე იურისტი ვარ და ჩემი გამოცდილება მეუბნება, რომ დღეს, როდესაც ბიოლოგიურ მამას შესაძლებლობა ექნებოდა დაემტკიცებინა საკუთარი უფლებები, ეს ჩემთვის სერიოზული პრობლემა იქნებოდა. ვერავინ იტყვის, რომ მამა არ შეეცდებოდა შვილის ცხოვრებაში და ჩვენს ურთიერთობაში ჩარევას. ჩვენ არა გვყავს მამა, ვართ დამოუკიდე­ბელი ადამიანები, თუმცა ჩემს გოგონას სულ ვეუბნებოდი­, მე არ მომბაძო, მე უბრალოდ ასეთი გამოსავალი მოვძებნე, როდესაც მივხვდი, შვილი მინდოდა-მეთქი. ძალიან მიხარია,­ რომ მან ტრადიციული გზა აირჩია, გათხოვდა და შესანიშნავი ქმარ-შვილი ჰყავს. ვიცოდი, რომ შეყვარებუ­ლი იყო. ისე მოხდა, მისმა შეყვარებულმა ხელის თხოვნა 14 თებერვალს დაამთხვია, თანაც ტელეეთერის საშუალებით.­ სასიძომ დამირეკა, მარიმ არ იცის, რას ვაპირებ, წესით, მისი ხელი თქვენთვის უნდა მეთხოვა და ხომ არ გეწყინებათ, ეს რომ გავაკეთოო. ვუთხარი, რას ჰქვია მეწყინება-მეთქი. ჩემი შვილისთვის მართლა სიურპრიზი იყო ბექას გადაწყვეტილება.

- თქვენი ქალიშვილი უკვე 27 წლის არის, როგორც ვიცით, 6 წლის იყო, როდესაც­ იშვილეთ...

- 2000 წელი იყო, შემთხვევით გავიგე­, რომ თელავში დაობლდნენ დები, რომელთა­ გაშვილებასაც ბებო და პაპა აპირებდნენ­. ბავშვების მშობლები უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ, მათი გვამებიც კი ვერ იპოვეს. ეს ამბავი დღემდე ბურუსით არის მოც­ული. იმხანად თელავში სასამართლოსთან დაკავშირებულ საქმეზე მომიწია ჩასვლამ და სხდომის შემდეგ წავედი სოფელში, სადაც ეს ბავშვები ცხოვრობდნენ. აღმოჩნდა, რომ სამი და კი არა, ორი ძმა და ორი და დაობლებულა. სამი უკვე გაშვილებული იყო. ამასთან, მითხრეს, რომ მარი გერმანელ კაცს უნდა წაეყვანა. ამბავი­ კარგად რომ გამოვიკითხე, მივხვდი, ეს კაცი ბავშვს ვერ გაიყვანდა. ბებო და პაპა კი იმაშიც დავარწმუნე, რომ აჯობებდა ბავშვი მე მეშვილებინა, რადგან და-ძმას და ბებო-პაპასაც მისი ნახვის საშუალება ექნებოდათ. სხვათა შორის, ბავშვებს იმ პირობით აშვილებდნენ, რომ და-ძმას ერთმანეთის და პაპა-ბებოს ნახვის საშუალება ექნებოდათ. როდესაც პატარები იყვნენ, ჩვენ, მშობლები, ბავშვებს ყოველ არდადეგებზე ვახვედრებდით ერთმანეთს.

- დამეგობრება არ გაგიჭირდათ?

- არა. მიუხედავად იმისა, რომ 6 წლის იყო, წინასწარ შევუთანხმდი, რომ ერთხანს ჩემთან ვაცხოვრებდი და თუ მოუნდებოდა დარჩენა, მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიშვილებდი. ერთი თვის შემდეგ ჩვენ შორის ძალიან­ საინტერესო დიალოგი შედგა. ვსადილობდით და უცებ თელავური კილოთი­ მკითხა: "აი, ეხლა რო ჩემი დედ-მამა გამოჩნდნენ, ჩემს თავ გაატან?" ჩემი პროფესიის­ წყალობით ბევრი რთული კითხვისთვის გამიცია პასუხი, თუმცა ეს ყველაზე ურთულესი იყო. დავფიქრდი და ვუთხარი, მე და შენ ერთად გადავწყვიტეთ გვეცხოვრა თუ არა ერთად. ახლა შენი გადასაწყვეტი იქნება, წახვალ თუ დარჩები-მეთქი. არაფერი მითხრა. სამი დღის მერე სრულიად მოულოდნელად მითხრა, მე შენთან დავრჩებიო. უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი. ბევრს ეგონა, ვინაიდან ბავშვმა იცოდა, რომ ნაშვილები იყო, ეს ჩვენს ურთიერთობას გაართულებდა. პირიქით, მე მას არაფერს ვუმალავდი, და-ძმასთან ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდა.

ერთ ამბავს გავიხსენებ: გურიაში ვართ, მარის ძმა და მისი დედობილი გვყავს სტუმრად და ამ დროს შემოვიდა მეზობელი­ ქალი, ჩვეულებრივი გურული. მარიმ გააცნო, ეს ჩემი ძმაა, ეს კი დედამისიო. მომიბრუნდა ეს ქალი და მეკითხება, რას ჩივა, ცა, აი ბაღანეო? ვუთხარი, სიმართლე ეგ არის-მეთქი. აი, ქი გევიგე, რომ აი, მისი ძმაა, მარა აი, ქალი რაფრაა დედაო. მოკლედ, ბევრი ვიხალისეთ.

ხათუნა ბახტურიძე