"ავდექი და გავრბოდი - გადაშენდნენ აქედან, დამანებეთ თავი, არ დამიჭირონ-თქვა" - კვირის პალიტრა

"ავდექი და გავრბოდი - გადაშენდნენ აქედან, დამანებეთ თავი, არ დამიჭირონ-თქვა"

პოლიტიკოსმა გოგი წულაიამ რამდენიმე თვეა, რაც საკნის კარი გამოიხურა და ისევ პოლიტიკ­აში ჩაერთო. ახალ პარტიას "ახალი ქრისტიან-დემოკრატები" დაარქვა და დანებებას არ აპირებს, მშობლიურ ქალაქში მწვავე­ პერფორმანსებს მართავს და არც იმას გამორიცხავს, რომ სიმართლისთვის ისევ "გაუჩალიჩონ". ბევრჯერ მიფიქრია ქვეყნიდან გაქცევაზეო, ამბობს, დაღლა და გამოფიტვაც ახსენა, მაგრამ მერე ისევ იმ აზრზე რჩება, რომ გაქცევა არ არის გამოსავალი და ბედნიერების ძებნას ისევ გააგრძელებს. იმ კაცის გაცნობასაც აპირებს, ვინც ჰიმალაის თავზე დროშა აღმართა და გოგი წულაიას სახელზე ვიდეომიმართვა გაავრცელა.

- მე ციხეშიც თავისუფალი ვიყავი და გარეთაც. სულ იმას ვამბობ, რომ ადამიანს შეიძლება წაართვა სახლი, კარი, მანქანა, ცოლი, შვილი, უფლისგან ბოძებული ყველაზე ღირებული - სიცოცხლეც, მაგრამ თავისუფლებას ვერ წაართმევ. მას ადამიანები თვითონ კარგავენ და თვითონ აბარებენ სხვა ადამიანებს. მე იქაც თავისუფალი ვიყავი და აქაც. ამ ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრება მკვდარია, მაგრამ რისი საშუალებაცაა, ისე ვაკეთებ პოლიტიკას - პერფორმანსებით, დავდივარ ამომრჩეველთან, ხალხს ვხვდები, ვწვალობ, ვშრომობ, ვსაუბრობ და ვაჩვენებ, რომ ხელისუფლებისა და ამ სიტუაციის ცვლილების გარეშე ქვეყანა დაღუპულია.

- უკან დარჩა 2021, რომელმაც არცთუ სასიამოვნოდ ჩაიარა თქვენთვის...

- ამ წელს დავარქმევდი ტყუილად დაკარგულ წელს. ჩემზე არ მინდა საუბარი, მირჩევნია, ზოგადად ვისაუბრო. პოლიტიკური სიტუაციისა და კრიზისის განმუხტვას მთელ მსოფლიოში, ყველა ეპოქაში არჩევნები წყვეტდა. იტალიაში შეიძლება წელიწადში 3 არჩევნები ჩატარდეს, ისრაელშიც გვახსოვს ამნაირები. სხვა გზა არ არსებობს. ახლა უკიდურესად დაპირისპირებული და პოლარიზებული ვართ, ორი პარტიის ჩხუბს ვუყურებთ და ვართ ასე. "ოცნებას" რომ ჰკითხო, არაა პოლიტიკური კრიზისი, მაგრამ საკრებულოს სხდომას 200 პოლიციელის გარეშე რომ ვერ ჩაატარებ ქალაქებში, ბათუმი იქნება, რუსთავი, ქუთაისი თუ ზუგდიდი, პარლამენტთან რომ მუდმივად აქცია გაქვს, ამდენი ხალხი რომ შიმშილობს, პოლიტპატიმრები რომ გყავს, ქვეყანაში რომ შიმშილი გაქვს, ფასები რომ გარბის, ბენზინი რომ 3 ლარია, წამლის ფასი იმატებს და პერსპექტივა არ ჩანს, კრიზისია, აბა, რა სიკვტილია?! ცუდი რა არის, იცით? გუშინ 5 ახალგაზრდას ვესაუბრებოდი და ხუთივეს უცხოეთში უნდა წასვლა. ვეუბნები, სხვა ქვეყანაში ბედნიერების ძებნას, მოდი, ამ ქვეყანაში ეძიეთ, ყველამ ერთად მოვიწადინოთ და ჩვენს ქვეყანაში მივაღწიოთ რეალიზებას-მეთქი. არ უნდათ, არა აქვთ იმედი, რომ აქ რამე შეიცვლება. ესაა უბედურება...

wulaia2-1641143120.jpg

- ისევ აგრძელებთ პერფორმანსებს, ყველა პრობლემაზე მწვავედ რეაგირებთ... არ გეშინიათ, კიდევ "გაიჩალიჩოთ" სიმართლისთვის?

- რა თქმა უნდა, არის საშიშროება. როცა ქვეყანაში ასეთი სასამართლოა, მოსამართლეებად გვყავს ჩინჩალაძე, მურუსიძე და ა.შ., არის საშიშროება ხელახალი გაჩალიჩების, მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა თქვას სიმართლე და ხელისუფალი აიძულოს რაღაც გააკეთოს? მეც უკვე ვიღლები, ხანდახან იმასაც ვფიქრობ, ხომ არ გევიქცე და აღარ ღირს-თქვა. ასეთ ყოფაში იფიტები, ულევი რესურსი ხომ არა აქვს ადამიანს? 58 წლის ვარ, შვილები გზაზე მყავს დასაყენებელი და 30 წელია სულ ქუჩა, სულ უბედურება, აქციები, ცემა-ტყეპა, დაჭერები... მიშას ხელისუფლებასაც დაჭერილი ვყავდი, ედიკასასაც, ზვიადის ხელისუფლების ოპოზიციაც ვიყავი და მადლობა უფალს, ავტომატი ცხოვრებაში არ მკავებია, პაციფისტი ვარ და სახლში ქათამს რომ კლავდნენ, იმასაც ვერ ვუყურებდი, სისხლის დაქცევა არ მიყვარს. ოპოზიცია ვიყავი ზვიადის დროსაც და კომუნისტების დროსაც, ეროვნული მოძრაობიდან მოვდივარ. პერფორმანსებს რომ ვაკეთებ, ბევრი ადამიანის უმადურობას ვუყურებ - როცა ვიღაცისთვის სიკეთე გააკეთე, ლოგიკურად ხმა რომ უნდა მოგცეს და არ გაძლევს, ეს ხომ გფიტავს და ნერვებს გიშლის? გულახდილი კაცი ვარ და გეტყვით, რომ წკიპზე ვარ, ხომ არავის ვათქმევინებ, დამნაშავე იყო და მიზა გეიქცაო, თორემ ხანდახან ვფიქრობ აქედან გაქცევას, არაფერი აღარ მინდა, მინდა პატარა ხანს მაინც დავისვენო. მეორე დილას სხვა განწყობაზე ავდგები, გავვარდები, გავაკეთებ პერფორმანსს. ჯერჯერობით, წამსვლელი არა ვარ, მაგრამ მსგავსი ფიქრები ყველას გვაწუხებს, ალბათ.

- ახალ მერზე რას იტყვით, გჯერათ მისი დაპირებების?

- რა ვთქვა, "ბოცას" ეძახიან. ამ კაცს ადამიანურად ვიცნობ, მქონდა მასთან ნორმალური ურთიერთობა. არაა არაფრის გამკეთებელი. რომც უნდოდეს, ამ საკანონმდებლო სივრცეში ვერაფერს გააკეთებს. რაც უნდა მეინდომონ, ისეთი ცენტრალიზებული ხელისუფლება გვყავს და კანონები გვაქვს, თვითრეალიზებას ვერ აღწევ. მარა ეს კი არ გამართლებს, მიადგე და ხლამპო­ ყველაფერი. არც შევაქებ და არც გავაკრიტიკებ, რა ვიცი, ვერც გააკეთებს და არც აკეთებს. ამაზე ბევრჯერ მევიტეხე კისერი და ლანძღვას უნდა შევეშვა. ჩემი სათქმელი უკვე ვთქვი, ჩავატარე პერფორმანსი მერიასთან - ლეკვი მივიყვანე და ვთქვი, ესენი არიან ერთი კაცის ლეკვები და ასრულებენ მის დავალებას და არა ქუთაისის-მეთქი.

- ამას წინათ, ვიდეო გავრცელდა, სადაც გამცნეს, რომ ჰიმალაის თავზე დროშა­ აღმართეს და ავტორმა ეს თქვენ მოგიძღვნათ, აღარ ინერვიულოთ ამ საკითხზეო...

- მადლობელი ვარ და მოხარული, რომ ჰიმალაიზე ჩემი სახელი გაისმა. არ ვიცი, ვინაა ეს ადამიანი, ვერ მოვახერხე ნახვა და დიდი მადლობის თქმა, ეს ჩემი სირცხვილია. მგონი, ახალი წლიდან უფრო დავალაგებ ჩემს ცხოვრებას, ქვეყანაც დალაგდება და აუცილებლად მოვახერხებ მის ნახვას და ერთი ჭიქის დალევასაც... ბავშვობაში ასე იყო, ავტობუსში ან ტროლეიბუსში ბილეთს რომ ავიღებდით, წყვილი ნომრები­ თუ შეგვხვდებოდა, ვთვლიდით, რომ ეს იყო ბედნიერების მომტანი. ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ, 2022 წყვილი­ ნომრებია და კარგი წელიწადი იქნება.

- ჭიქა ღვინოზე გამახსენდა, ქალების სადღეგრძელოზე მართლა გაიქეცით წვეულებიდან­?

- ავდექი და გავვარდი გარეთ. ექიმები დაჯილდოვდნენ ქუთაისში, ეს ცერემონია ყოველ წელს იმართება. ქალების სადღეგრძელოზე ავდექი და გავრბოდი, აღარ მინდა მათი გაგონება... სად გარბიხარო, მომაძახა დათო ლიკლიკაძემ და მივუგე, ქალების სადღეგრძელოა, გადაშენდნენ აქედან, დამანებეთ თავი, არ დამიჭირონ-თქვა.

- სახლში თუთიყუშიც გყოლიათ, ლაპარაკი ასწავლეთ?

- სახლში იმდენს ვლაპარაკობ, თუთიყუშს ვინ ალაპარაკებს? კი, რაღაც-რაღაცებს ვასწავლით. მე იმდენად არა, უფრო ჩემი გოგონა ასწავლის ლაპარაკს. საჭმელი კი მომაქვს მისთვის. მიყვარს, საღამოობით ბეჭზე რომ შემომაჯდება და მეფერება.

- ახალ წელს როგორ შეხვდით?

- ჩვეულებრივად, არა გადაპრანჭულად, არა ზუთხით და რაღაცებით, მოკრძალებულად, თანაც მეუღლე მარხულობს. ტრადიციულად მიყვარს ოჯახურ წრეში შეხვედრა და მეორე დღეს ნათესავებში წასვლა, ან ძმისშვილების მოწვევა.

- ახალ პარტიაში ბევრი წევრი გყავთ?

- სადაა ბევრი წევრი? ვცდილობ ახალი­ წლიდან ემიგრაციასთან უფრო ვიმ­უშაო, მათთან მქონდეს კავშირი, მინდა რამდენიმე გასვლა გავაკეთო საბერძნეთსა და იტალიაში. ერთხელ ვიყავი საბერძნეთში, შევხვდი ემიგრანტებს და იმ ერთი კვირის განმავლობაში მძიმე სურათი­ ვნახე. მათ პრობლემებს ხშირად ვახსენებ და გადაჭრის გზას ერთ რამეში ვხედავ - სამუშაო ადგილები უნდა შეიქმნას საქართველოში.

- ემიგრანტებზე სწორებაში მიშას ეცილებით?­

- როცა პრეზიდენტი იყო, ჯობდა, მაშინ გეეკეთებია საკეთებელი. დიდი ხანია ვამბობ, როგორ შეიძლება ტრუსიკი ვერ შეკეროს და ფეხსაცმელი ვერ გამოუშვას ქვეყანამ? სოფლებში ხშირად დავდივარ და გული მიკვდება, ამდენ გამოკეტილ სახლს და მსხმოიარე კარალიოკის ხეებს რომ ვუყურებ. უამრავი სოფლის სახლია გამოკეტილი და სახელმწიფოს ის ვერ მოუხერხებია, მოსახლეობას მისცეს იმის ინტერესი, ხილი დაკრიფოს და ჩააბაროს... ამას წინათ, კაცმა მომწერა გუდაურიდან, იქნებ გაახმოვანოო და თქვენთან გავახმოვანებ: ტურისტი ჩამოსულა ფილი­პინებიდან და ვიზა არ ჩაურტყენ, საქართ­ველოში დარჩები­ ემიგრანტადო. ამნაირი მიდგომებით რაის ეკონომიკა უნდა ავაყვავოთ? ისევ კარალიოკი გამახსენდა, ყველა კარალიოკზე ხომ არ ავაწყო­ბთ რაღაცას­, მაგრამ სოფელი ხომ არ უნდა დეიცალოს? გული მოგიკვდება, რომ გეივლი - გამოკეტილი და ჩამოხონცილი სახლები, დოუკრეფავი ხეხილი... უპატრონობისა და მარტოობის განცდა რომ გაქვს, რა არის, კაცო, ეგი რას ჰგავს?!

- რას ელით სალომე ზურაბიშვილის ინიციატივისგან?

- ქვეყანაში კრიზისია და ამის განმუ­ხტვის ერთ-ერთი გზაა, ადამიანებმა­ დაიწყონ საუბარი. ამას შერიგება არ ჰქვია, უნდა შევთანხმდეთ თამაშის წესებზე და წესების დამრღვევი უნდა დაისაჯოს. ეს ციკლი უნდა დაიწყოს, თორემ ქვეყანა გადაშენდება, აღარ იქნება ქართველი ერი. შეწყალების ფორმით იქნება, უდოთი, ამნისტიით თუ რაღაც ფორმით სააკაშვილი უნდა გამოვიდეს გარეთ. მოვიწვიოთ დასავლეთიდან რამდენიმე მოსამართლე, რომელსაც ვენდობით, არც "ქოცი", არც "ნაცი" და არც გოგია წულაია. იმათ ჩაატარონ პროცესი და დაადგინონ სიმართლე. ეს იწილობიწილო რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს?

- რამე საახალწლო კურიოზი ან ქუთაისური ანეკდოტი მოგვიყევით...

- ერთ წელიწადს იყო, გოჭი დემეკარგა. თორნეში მივიტანე. საერთოდ, მეგობარსა­ და ახლობელთან არ უნდა გააკეთო საქმე, არც კაფელი უნდა დააგებიო და არც გოჭი შეაწვევინო. სანამ ეგი შეიწვებოდა, ქალაქში მქონდა საქმე და წავედი, თორნისგან ცოტა შორს ვცხოვრობდი. მივედი 12-ის ნახევარზე, მევიკითხე და მეუბნება, რა ვიცი, სადაა გოჭიო. მევიხედე და ვინცხას წოუღია და დავრჩი იმ წელიწადს უგოჭოდ. გამევიდა ისე, რომ გოჭი ვიყიდე­ და გოჭი არ მქონდა ახალ წელს. ისე, ხუმრობის ხალისი დაკარგული მაქვს. მე კი არა, ქუთაისი ხომ იუმორის ქალაქია, მარა არსებულმა სიტუაციამ ისე ჩაკლა იუმორი, კაი ხანია, ქუთაისში ახალი ანეკდოტი არ მომისმენია. იმედია, გამოსწორდება ყველაფერი. მთელ საქართველოს ვულოცავ შობა-ახალ წელიწადს.

ნანა ფიცხელაური