"ყოველთვის ვტოვებ სივრცეს აღიარებისთვის, სინანულისთვის... მაქვს შეცდომებიც, მარცხიც, გამარჯვებაც...
"მიყვარს დაუგეგმავი ქმედებები, როცა ადგები, გახვალ და გაჰყვები მოცემულ ნიშნებს, რომელმაც შეიძლება უცებ საოცარ თავგადასავალში აღმოგაჩინოს. მქონია ასეთები და ამ თავგადასავლებმა ბევრ საინტერესო რამეს მიმახვედრა. მიყვარს დაუგეგმაობა, არ მიყვარს, როცა ყველაფერი წინასწარ გაწერილია. მირჩევნია, რაღაცები მოულოდნელად მოხდეს..."
"სულ ვცდილობ თითოეული დღე დასამახსოვრებელი გავხადო და არ ჩაიაროს ისე, რომ აღარ მახსოვდეს. ყოველი წამით უნდა იცხოვროს ადამიანმა, არ გაანიავოს, რადგან ყველა წამი ძვირფასია. როცა დღე რუტინულად გადის, ვცდილობ რაღაც ისეთი გავაკეთო, დასამახსოვრებელი გახდეს" - მეუბნება პოეტი, მსახიობი, ტელეწამყვანი, საქართველოს ელიტური ინტელექტკლუბის წევრი და ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი ალექსანდრე ლორთქიფანიძე, რომლისთვისაც, მიუხედავად პანდემიისა, გასული წელი დასამახსოვრებელი კი არა, უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა.
"ეს იმხელა სიხარულია, ყველა სირთულეს რომ გადაწონის"
- გასულ წელზე პირველი სიტყვა, რაც მახსენდება, არის "წინააღმდეგობრივი", იმიტომ, რომ 2021 იყო ბევრი სირთულისა და ბევრი თავსატეხის, მაგრამ დიდი სიხარულის წელიც. მიუხედავად პანდემიისა, ჩემთვის აქტიური სამუშაო წელი იყო, ლიტერატურული შემოქმედების თვალსაზრისით ვერ შევაჯამე, იმიტომ, რომ არ დამისრულებია იმის წერა, რასაც ვწერდი, მაგრამ ვწერდი და ამითაც კმაყოფილი ვარ. ამ წელს ვიყავი "საბას" ჟიურიში, რაც არ იყო მარტივი, მაგრამ ეს ყველაფერი სასწორის ერთ პინაზე რომ დავდოთ, მეორეზე ის დიდი ბედნიერება იდება, შვილის დაბადება რომ ჰქვია - ლილიანას მერე მეყოლა მეორე შვილი, პაოლო, რომელსაც ჩემი საყვარელი პოეტის სახელი დავარქვი. ეს იმხელა სიხარულია, ყველა სირთულეს რომ გადაწონის, მათ შორის პანდემიით გამოწვეულ შიშსა და საფრთხეს. ამიტომაც დარჩება ეს წელი ჩემს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესად. 2022-ში უფრო დიდი შემოქმედებითი გეგმა მაქვს - ვასრულებ პიესის წერას და მინდა გამოვცე, გაისად დავასრულებ ჩემს რომანსაც. მგონი, 2022 შემოქმედებითი შრომის შეჯამების წელი უნდა იყოს.
"არა ვარ ძალიან გულღია ადამიანი"
- ჩემი ჰობია ინტელექტუალური თამაშები და ხელოვნება - ერთგვარი მოწოდება. ყველას უკვირს, ამდენს როგორ ვასწრებ, იმის გათვალისწინებით, რომ ვცდილობ ბავშვებსაც დავუთმო დრო. თურმე არ არის შეუძლებელი, ადამიანი თუ მოინდომებს, რომ ყველაფერი მოასწროს.
არ ვარ ძალიან გულღია ადამიანი. ალბათ, ჩემს თავს უფრო ინტროვერტებს მივაკუთვნებდი, ვიდრე ექსტრავერტებს. პანდემია რომ დაიწყო და სახლებში გამოკეტვამ მოგვიწია, კმაყოფილი ვიყავი, იმის საჭიროება რომ არ იყო, გარეთ მევლო. ამ ჩაკეტილობის მიღმა არის შემოქმედება, რომელშიც ვცდილობ მაქსიმალურად გამჭვირვალე ვიყო. ალბათ, ის, რასაც ცხოვრებაში არ ვამხელ და არ ვიმჩნევ, მერე ჩემს ტექსტებში გადადის მაქსიმალურად გულწრფელად. ხელოვანი უპირველესად საკუთარ თავსა და მკითხველ-მსმენელთან გულწრფელი თუ არ არის, მაშინ მის ხელოვნებას დიდ ფასს ვერ ვანიჭებ. მგონი, ავტორის მთავარი თვისება ეს უნდა იყოს - შეეცადოს გულწრფელად გადმოსცეს ის, რასაც განიცდის.
ალბათ, ყველაზე მეტად ჩემი თავი ლიტერატურაში ვიპოვე. ხანდახან მუსიკასაც ვწერ, მხატვრობაზე ვგიჟდები, ყველა დარგი მიყვარს ხელოვნების, მაგრამ ჩემი თვითრეფლექსია და თვითგადმოცემის რაღაცნაირი უნარი ყველაზე მეტად ლიტერატურაში ვიპოვე.
"როცა "წიგნების თარო" დაიწყო ჩემს ცხოვრებაში..."
- ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ნაბიჯად, ალბათ, იმას ვთვლი, რომ "წიგნების თარო" დაიწყო ჩემს ცხოვრებაში. მეც დიდი მონდომებით მოვეკიდე ამ სატელევიზიო პროექტს, რომლის ამოცანაც ახალგაზრდებსა და ბავშვებში წიგნით დაინტერესების გაღვივება და მოტივაციის მიცემა იყო. არიან ბავშვები, რომლებიც შეიძლება კითხულობენ, მაგრამ მარტოსულად გრძნობენ თავს. ჩვენი გადაცემის ამოცანა იყო ასეთი ბავშვები ერთმანეთთან დაგვეკავშირებინა, მათთვის დამატებითი მოტივაცია მიგვეცა და გვეთქვა, "შენი განათლება და შემეცნება აუცილებლად იპოვის თავის გზას და ექნება შედეგი". კონკრეტული შედეგი იქნებოდა თუნდაც ამ გადაცემაში მონაწილეობა და შემდეგ კემბრიჯში სწავლა. ჩემდა გასაკვირად, ამ პროექტმა უფრო მეტი რამ გააკეთა არა მარტო ასეთი ბავშვებისთვის, არამედ დიდი მოტივაცია მისცა პატარებსაც, რომლებიც ახლა იწყებენ აქტიურად კითხვას. "წიგნების თარომ" მოდელი აჩვენა იმისა, თუ როგორი შეიძლება იყოს ახალგაზრდა, რომელიც კითხულობს, რომელსაც უყვარს შემეცნება. მან არა მარტო მკითხველი ბავშვები, არამედ ის ბავშვებიც შემოატრიალა წიგნისკენ, რომელთაც კითხვა არ უყვარდათ. რა თქმა უნდა, ეს არ არის აბსოლუტური შედეგი, მას ამ მხრივ არ მოუხდენია რევოლუცია, მაგრამ მახარებს, რომ წიგნის პოპულარობა ახალგაზრდებში მატულობს. ეს გადაცემა 2016 წლიდან გადის და ამასობაში კემბრიჯში უკვე 36 ბავშვი იყო, წასასვლელად ემზადება კიდევ 16 ჩემპიონი. აქტიურად მიმდინარეობს სეზონებიც, რომლებმაც ახალი ჩემპიონები უნდა გამოავლინოს და ზაფხულში 14 ბავშვი კიდევ წავა ბრიტანეთში. ჩვენი გეგმით, 2022-ში 30 ბავშვი ესტუმრება და ისწავლის კემბრიჯში.
"საკუთარი წიგნების თარო"
- ჩემს წიგნების თაროზე უამრავი წიგნია, უკვე ვეღარ ვატევ და ვცდილობ გადავანაწილო. პირად თაროზე მუდმივად მიდევს ჩემი საყვარელი წიგნები: ჯორჯ ორუელის "1984", კრებული "1000 სტრიქონი", რომელიც "ცისფერყანწელთა" ლექსების კრებულია. როგორც წესი, ჩემს თაროზე დევს ბიბლია, რომელსაც პერიოდულად ვკითხულობ და მასში ახალ-ახალ რაღაცას ვპოულობ. ჩემს თავს სულ პროცესში ვხედავ და არასოდეს შედეგში იმიტომ, მორიგი დღე საშუალებაა იმისა, რომ ადამიანი განვითარდეს და დაუახლოვდეს სრულყოფილებას, რომელსაც ვერასოდეს მიაღწევ. მაქვს შეცდომებიც, მარცხიც, გამარჯვებაც... სწორი გადაწყვეტილებებიც ჩემთვის ერთიანი პროცესია, ამიტომ ყოველთვის ვტოვებ სივრცეს აღიარებისთვის, სინანულისთვის... ვფიქრობ, ჩემი თვალით დანახული საკუთარი თავი არის ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ იძერწება, თუმცაღა ამ პროცესში ვცდილობ რაღაც პრინციპები შევინარჩუნო და ვიყო ჰუმანური, ადამიანების მიმართ კეთილგანწყობილი. ალბათ, ხანდახან ვუშვებ შეცდომებსაც...
"ყოველ დილით, როცა მიმზადებ მწვანე ჩაის და შემდეგ ზიხარ ასე, რომ დამაკვირდე, მე ვხვდები, როგორ ჩერდებიან საათის ისრები", - ეს ლექსი დედაჩემს ეძღვნება, ის ჩემი ცხოვრების სუპერგმირია. მან იტვირთა ჩემი აღზრდა-განათლება, მაქსიმალურად ეცადა, ყველა სირთულის მიუხედავად.
"დიდი დუღილი მიდის ქვეყანაში..."
დიდი დუღილი მიდის ქვეყანაში... საინტერესო არეალში მოვხვდი - მუდმივად მიწევს ახალგაზრდებში ტრიალი, რომლებიც არა პოლიტიკური ნიშნით, არამედ ლიტერატურის სიყვარულით არიან გაერთიანებული. ამან მომცა შესაძლებლობა ცოტა შორიდან შემეხედა პროცესებისთვის. შეიძლება ისინი იყვნენ დაპირისპირებული მხარეების შვილები, მაგრამ რომ ვუყურებ, მათში არ ჩანს დაპირისპირება. ეს მუდმივად მაფიქრებინებს იმას, რომ ამ პოლარიზებულ გარემოში შესაძლებელია კონსენსუსები, ერთიანობის მეტი შეგრძნება. სულ ბეწვის ხიდზე გავდივართ, ჩემი ბავშვობის, სამოქალაქო დაპირისპირების სურათები მიცოცხლდება ხოლმე და მეშინია, იგივე არ დაიწყოს. მეც მოქალაქე ვარ და მაქვს ჩემი პოზიციები, არჩევნებზე კონკრეტულ პოზიციას ვაფიქსირებ, მაგრამ როდესაც ამ ახალგაზრდებს ვუყურებ, მეძლევა იმის შეგრძნება, რომ შეიძლება არასწორ პრიორიტეტებს ვსვამთ. სხვა რაღაცებზე უნდა დავსვათ აქცენტი და არა იმაზე, რომელი პარტია იქნება სათავეში, რომელი გადაწონის. ხალხს კონკრეტული მოთხოვნები და პრეტენზიები აქვს. მაგალითად, ფასების ზრდა, არ იზრდება სახელფასო შუალედი, არ არსებობს სახელფასო მინიმუმი, არ არის შესაბამისი პირობები, ყველასთვის არ არის ხელმისაწვდომი განათლება... ეს ჩემთვის კონკრეტული პრობლემებია, რომლებიც არცერთი ხელისუფლების დროს არ შეცვლილა და პრობლემად დარჩა. ვისურვებდი, რომ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ერთმანეთის ლანძღვაზეა გადასული, პრობლემების აღმოფხვრის მოთხოვნაზე გადავიდეს ნებისმიერ ძალასთან, ვინც უნდა იყოს სათავეში. საზოგადოებას შეუძლია იყოს ერთიანი. დღეს სხვა გამოწვევების წინაშე ვდგავართ, ბოლოს და ბოლოს, ტერიტორიები გვაქვს დაკარგული, რთული პოლიტიკური პერიოდია საგარეო და საშინაო ასპარეზზეც, სადაც ერთმანეთს ვასუსტებთ. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.
"დღევანდელი თაობა ძალიან იმედისმომცემია"
- რაც უკვე გაფუჭებულია და შელახული, რთულია მისი აღდგენა. მართალია, "რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია", მაგრამ ძალიან რთულია მერე ამის აშენება. იმ საზოგადოებაში მაინც, რომელსაც ახალგაზრდების სჯერა, ვისაც ჯერ არ გაღვივებია ერთმანეთის მტრობა. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ არც გაღვივდეს. ყველაზე მეტად მძულს და მაღიზიანებს, როცა თაობებს ერთმანეთს აპირისპირებენ. დღევანდელი თაობა ძალიან იმედისმომცემია, მაგრამ ისიც იმავე მასად გადაიქცევა, რომელიც ამ პრობლემებს ქმნის. ახალგაზრდა თხელი თიხაა, რომელმაც შეიძლება ფორმა იცვალოს. ბოლო დროს აღარც ვაფიქსირებ ჩემს პოლიტიკურ პოზიციას იმიტომ, რომ ამ ახალგაზრდებისთვის შეიძლება ჩემს სიტყვას დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს და არცერთ მხარეს არ მინდა გული ვატკინო და შევუქმნა იმის განცდა, რომ რომელიმე მცდარია. მათ შეუძლიათ შუღლის გარეშე ქვეყნის სასიკეთო საქმეები. ჩვენ ხომ არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, არამედ ქვეყნის კეთილდღეობისთვის ვიბრძვით.
"რა? სად? როდის?"
- ეს კითხვები ჩემს ცხოვრებისეულ კრედოსაც შეიძლება უკავშირდებოდეს, იმიტომ, რომ სულ ვცდილობ თითოეული დღე დასამახსოვრებელი გავხადო და არ ჩაიაროს ისე, რომ აღარ მახსოვდეს. ყოველი წამით უნდა იცხოვროს ადამიანმა, არ გაანიავოს, რადგან ყველა წამი ძვირფასია. როცა დღე რუტინულად გადის, ვცდილობ რაღაც ისეთი გავაკეთო, დასამახსოვრებელი გახდეს. ამიტომ, რა? სად? როდის? - ამ კითხვებზე ჩემი პასუხიც ეს იქნება - ცხოვრება, აქ, დღეს! თუ არის ისეთი დღე, რომელიც ყველა სხვა დღეს შეიძლება ჰგავდეს, ამ დროს მოულოდნელად შეიძლება ესტუმრო ადამიანს, რომელსაც ძალიან სჭირდება ყურადღება, ან წახვიდე და თბილისის უცნობ ადგილებში იხეტიალო, თუნდაც გარეუბანში გახვიდე და იქ აღმოაჩინო რაღაც საინტერესო, რაც გაგაბედნიერებს. მიყვარს დაუგეგმავი ქმედებები, როცა ადგები, გახვალ და გაჰყვები მოცემულ ნიშნებს, რომელმაც შეიძლება უცებ საოცარ თავგადასავალში აღმოგაჩინოს. მქონია ასეთები და ამ თავგადასავლებმა ბევრ საინტერესო რამეს მიმახვედრა. მიყვარს დაუგეგმაობა, არ მიყვარს, როცა ყველაფერი წინასწარ გაწერილია. მირჩევნია, რაღაცები მოულოდნელად მოხდეს...
"ამბავი, რომელიც დოჩანაშვილისას ჰგავს"
- ერთი ძველი ამბავი გამახსენდა... 2011 წელია. მაშინ შედარებით ნაკლებად ცნობილი ვიყავი. წიგნის მაღაზიაში შევიარე, ჩემს წიგნს ვეძებდი, საჩუქრად დავარიგე და აღარ მქონდა დარჩენილი. კონსულტანტიც მომყვა და ვუთხარი, რამდენიმე მინდა-მეთქი. 5 ცალი ავიღე და კონსულტანტი მეუბნება, უიმე, რა გაყიდვინებთ ამ წიგნს 5 ცალს, აგერ, სხვა წიგნებიც გვაქვს და ისინი იყიდეთო. შიშით ვერც გავამხილე, ჩემი წიგნი რომ იყო. ასეთ შემთხვევაში, ალბათ, დღეს უფრო თამამად მოვიქცეოდი. მაშინ შედარებით პატარა ვიყავი ასაკით და, ალბათ, ვერ დაუშვა, მე რომ ავტორი ვიყავი. არ არის აუცილებელი, ყველას მოსწონდეს, კაცია და გუნება...
"მგონი, სანტა-კლაუსისაც მჯერა"
- ყველას მოგილოცავთ ახალ წელს. ძალიან მიყვარს, მიუხედავად იმისა, რამდენად ბედნიერი თუ სირთულეებით აღსავსე ვხვდები, მაინც იმედიანად ვუყურებ ახალ წელს. მართალია, სიმბოლურია, მაგრამ ჩვენ ხომ სიმბოლოების ხალხი ვართ. სასწაულების მჯერა, მგონი, სანტა-კლაუსისაც. ვისურვებდი, ჩვენი მკითხველის ცხოვრებაში ის სასწაულები მომხდარიყოს, რაზეც უოცნებიათ.