"წლევანდელი წელი უნდა იყოს სააკაშვილის პატიმრობის დასრულების წელი, საქართველოს არ ეკადრება მესამე პრეზიდენტი ჰყავდეს პოლიტიკურ მძევლობაში" - კვირის პალიტრა

"წლევანდელი წელი უნდა იყოს სააკაშვილის პატიმრობის დასრულების წელი, საქართველოს არ ეკადრება მესამე პრეზიდენტი ჰყავდეს პოლიტიკურ მძევლობაში"

რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მისი უფლებადამცველები მივიდნენ.

ადვოკატი ბექა ბასილაიას განცხადებით, წლევანდელი წელი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის დასრულების წელი უნდა იყოს. მისივე თქმით, პატიმრობის პერიოდში მესამე პრეზიდენტის ფუნდამენტური უფლებები არსებითად დაირღვა და ამ უფლებების აღდგენის გათვალისწინებით, უმნიშვნელოვანესია, რომ სააკაშვილი გათავისუფლდეს.

,,წელს პირველი შეხვედრა გვაქვს მიხეილ სააკაშვილთან ადვოკატებს, ბუნებრივია, წლევანდელი წელი უნდა იყოს მისი პატიმრობის დასრულების წელი. საქართველოს არ ეკადრება მესამე პრეზიდენტი ჰყავდეს პოლიტიკურ მძევლობაში ისეთ საქმეებზე, სადაც არ არის არანაირი მტკიცებულებები. ჩვენ ვხედავთ, რომ არაერთი ფუნდამენტური უფლება არსებითად დაირღვა, ამ უფლებების აღდგენის გათვალისწინებით, უმნიშვნელოვანესია, რომ სააკაშვილი გათავისუფლდეს. ამავდროულად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სააკაშვილის მიმართ განხორციელებული წამების ფაქტის ირგვლივ, ამ საქმეზე უნდა იყოს დაზარალებულად ცნობილი და მიეცეს შეფასება იმ პირთა ქმედებებს, ვინც განახორციელა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედებები“, - აღნიშნა ბექა ბასილაიამ.

უფლებადამცველი შოთა თუთბერიძის განცხადებით, რუსთავის ციხეში სააკაშვილთან შეხვედრისას კონფიდენციალობის პირობები დარღვეულია.

,,აქ არ არის უზრუნველყოფილი კომუნიკაციის კონფიდენციალურობის პრინციპი, ყველა ფანჯარა არის ამოქოლილი და ერთადერთი გზა, რომ გავაგებინოთ ერთმანეთს აზრები არის ხმამაღლა, გამოთქმით საუბარი, რათა იმ ადამიანებმა რომლებიც გვისმენენ კარგად გაიგონ რას ვამბობთ, ცხადია, ეს საკითხი ძალიან მწვავეა. ჩვენ ვთხოვთ ადვოკატთა ასოციაციას გამოეხმაუროს ამ პრობლემას და ასევე, პენიტენციურ სამსახურს მუდმივად შევახსენებთ, რომ არღვევენ ფუნდამენტურ უფლებას გვქონდეს კონფიდენციალური ურთიერთობა“, - აღნიშნა შოთა თუთბერიძემ.

"ინტერპრესნიუსი"