"ჩვენ დავპირდით საქართველოსა და უკრაინას ადგილს ნატოს მაგიდასთან და დროა, ჩამოვაყალიბოთ სამოქმედო გეგმა დაპირების შესასრულებლად" - კვირის პალიტრა

"ჩვენ დავპირდით საქართველოსა და უკრაინას ადგილს ნატოს მაგიდასთან და დროა, ჩამოვაყალიბოთ სამოქმედო გეგმა დაპირების შესასრულებლად"

ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი გამოცემა ,,პოლიტიკოში“ წერილს აქვეყნებს.

ანდრეს ფოგ რასმუსენის თქმით, რუსეთის სურვილი ნატო-ს დაშლაა და თუკი ნატო-ს მოკავშირეები ჩაერთვებიან რუსეთის ახალი წინადადების განხილვაში ევროპაში უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, ეს პირდაპირ დაეხმარება პუტინს მიზნის მისაღწევად ნაბიჯის გადადგმაში.

გარდა ამისა ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ რუსეთმა 1999 წელს ეუთო-ს ქარტიას მოაწერა ხელი, რომელიც გულისხმობს გარანტიას, რომ ყველა წევრ სახელმწიფოს თავად აქვს უფლება აირჩიოს და შეცვალოს უსაფრთხოების ზომები, მათ შორის ალიანსების შეთანხმებები.

,, ჩვენ უნდა მოვუღოთ ბოლო უკრაინისა და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე დადებულ დე ფაქტო ვეტოს, რასაც მან ამ ქვეყნებში კონფლიქტების გაღვივებით მიაღწია, რომელთა ინტენსივობასაც პუტინი საკუთარი დღის წესრიგის მიხედვით ზრდის ან ამცირებს”, - ნათქვამია წერილში.

მისი თქმით, დროა ჩამოყალიბდეს სამოქმედო გეგმა, რომელიც უკრაინისა და საქართველოს ნატოში შესვლას შეუწყობს ხელს.

,,2008 წელს, ჩვენ დავპირდით საქართველოსა და უკრაინას ადგილს ნატოს მაგიდასთან და დროა ჩამოვაყალიბოთ სამოქმედო გეგმა ჩვენი დაპირების შესასრულებლად. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება იმ პირობით, რომ ნატოს მე-5 მუხლი მოიცავს მხოლოდ კიევისა და თბილისის კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიას. მაგრამ ნატო-ს არ შეიძლება ჰქონდეს ღია კარის ისეთი პოლიტიკა, სადაც კარისკაცის როლს პუტინი ასრულებს“, - წერს ანდერს ფოგ რასმუსენი.

კითხვაზე, შეიჭრება თუ არა რუსეთი უკრაინაში, დიპლომატი აღნიშნავს, რომ ეს მხოლოდ რუსეთმა იცის და ასეთი სცენარის შემთხვევაში უკრაინაში სამხედრო დახმარება უნდა გაიგზავნოს. ასევე უნდა დაწესდეს ეკონომიკური სანქციები, რომელიც რუსეთის ეკონომიკას ჩამოშლის, თუნდაც გაზსადენის პროექტის ,,ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაუქმებით.