"საქართველოს მთავრობა მიისწრაფვის ერთპარტიული მმართველობისკენ" - რას აცხადებს აშშ-ის ყოფილი ელჩი? - კვირის პალიტრა

"საქართველოს მთავრობა მიისწრაფვის ერთპარტიული მმართველობისკენ" - რას აცხადებს აშშ-ის ყოფილი ელჩი?

საქართველოს მთავრობა მიისწრაფვის ერთპარტიული მმართველობისკენ , - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი "ტვიტერზე" წერს, რითაც ეხმაურება საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას.­

"მესიჯი ნათელია: მარგინალიზებით ან აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ ყოველგვარი შემოწმების გაუქმებით, საქართველოს მთავრობა მიისწრაფვის ერთპარტიული მმართველობისკენ. გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს მეგობრებმა დაიწყეს ეჭვის შეტანა მთავრობის ევროატლანტიკურ კეთილსინდისიერებაში",- წერს კელი "ტვიტერზე" და საელჩოს შესაბამის განცხადებას აზიარებს.

შეგახსნებთ, საქართველოში აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა. განცხადების თანახმად, გასულ კვირას მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით.განცხადებაში ნათქვამია, რომ განზრახ თუ უნებლიედ, მმართველი პარტიის გზავნილი იყო, რომ ხელისუფლების დამოუკიდებელ ზედამხედველობას ან განსხვავებულ აზრს, კანონით განსაზღვრულსაც კი, პასუხი გაეცემა სამაგიეროს გადახდით, დასჯითა და გათავისუფლებით.როგორც საელჩო განცხადებაში აღნიშნავს, ნაბიჯები, რომლებიც ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, როგორიცაა სასამართლო ან დამოუკიდებელი საზედამხედველო უწყებები, აზიანებს საქართველოს მისწრაფებებს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და ძირს უთხრის ძირითად თავისუფლებებს.

"ინტერპრესნიუსი"