"პუტინმა ევროკავშირს "ჭკუით აჯობა": მოსკოვი პეკინს იმდენივე გაზს მიაწვდის, რამდენიც "ჩრდილოეთის ნაკადი-2"-ის მილსადენით ევროპისთვის უნდა მიეწოდებინა" - რას წერს ბრიტანული გამოცემა - კვირის პალიტრა

"პუტინმა ევროკავშირს "ჭკუით აჯობა": მოსკოვი პეკინს იმდენივე გაზს მიაწვდის, რამდენიც "ჩრდილოეთის ნაკადი-2"-ის მილსადენით ევროპისთვის უნდა მიეწოდებინა" - რას წერს ბრიტანული გამოცემა

ბრიტანულმა გაზეთმა "დეილი ექსპრესმა" (Daily Express) გამოაქვეყნა სტატია სათაურით - "პუტინმა ევროკავშირს "ჭკუით აჯობა": მოსკოვი პეკინს იმდენივე გაზს მიაწვდის, რამდენიც "ჩრდილოეთის ნაკადი-2"-ის მილსადენით ევროპისთვის უნდა მიეწოდებინა" (ავტორი - ენტონი აშკენაზი).

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და მის ჩინელ კოლეგას - სი ძინპინს ერთი ნაბიჯიღა აშორებთ ახალი მილსადენის მშენებლობის დაწყებამდე, რომელსაც შეუძლია კიდევ უფრო გააღრმავოს გაზის მიწოდებასთან დაკავშირებული კრიზისი ევროპაში, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

ხელშეკრულებით გათვალისწინებულია რუსული გაზის ექსპორტის გაორმაგება ჩინეთში, რომელიც ახალი მილსადენის - "სილა სიბირი-2"-ის ("ციმბირის ძალა-2") მეშვეობით განხორციელდება: ჩინეთი წელიწადში 50 მილიარდამდე კუბმეტრ რუსულ გაზს მიიღებს. და ეს იმ დროს ხდება, როცა ევროპა სერიოზულ ენერგეტიკულ კრიზისს განიცდის, ფასები კი 800%-იანი ზრდით რეკორდს ამყარებს. ენერგეტიკული კრიზისი ბოლო ხანს განსაკუთრებით გამწვავდა, რადგან საფრანგეთმა თავისი ატომური რეაქტორები გააჩერა, გერმანიაში კი, სადაც ბირთვული ელექტროსადგურები ასევე "ჩახშობილია", ქარის დაბალი სიმძლავრის გამო, არც ქარის ელექტროსადგურები მუშაობს.

რადგანაც ელექტროენერგიის დეფიციტი წარმოიქმნა, ევროპული ქვეყნები იძულებული გახდნენ, გაზის უქონლობის გამო, ნავთობისა და ქვანახშირის წვაზე გადასულიყვნენ, თავიანთი მოქალაქეების ბინებში სითბოსა და სინათლის შესანარჩუნებლად. რასაკვირველია, ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება ამ ორიოდე თვის წინათ გლაზგოს ეკოლოგიურ სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას ატმოსფეროს მავნე ნივთიერებებით დაბინძურების შემცირების თაობაზე.

ევროპელმა ექსპერტებმა ვლადიმერ პუტინი გაზის მიწოდების მანიპულირებაში დაადანაშაულეს - მოსკოვი ევროკავშირზე ზეწოლას ახდენს, რომ "ჩრდილოეთი ნაკადი-2" დროულად ამუშავდესო. იმავდროულად, ანალიტიკოსები თანხმდებიან იმაში, რომ ჩინეთთან ახალი მილსადენის აგებით მოსკოვს ხელში დამატებითი ბერკეტი ეძლევა ევროკავშირის წინააღმდეგ, რაც ბრიუსელს უმწეოს ხდის წინ აღუდგეს კრემლის აგრესიას კიევთან მიმართებით.

რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობების ექსპერტის - დანილ ბუჩკოვის თქმით, მილსადენი "სილა სიბირი-2" იამალიდან იმ გაზს მიაწვდის ჩინეთს, რომელიც "ჩრდილოეთის ნაკადი-2"-ის მეშვეობით ევროპას უნდა მიეღო: "სილა სიბირი-2"-ის მეშვეობით კრემლი წაგებაში არ დარჩება - ის რაც ევროპისათვის უნდა მიეცა, ახლა ჩინეთს მისცემს".

გეოპოლიტიკის ანალიტიკოსის - ბრენდონ ვაიხერტის აზრით, ევროპა იმდენად არის დამოკიდებული რუსულ გაზზე, რომ საბოლოო ჯამში მოსკოვის ზეწოლას ვერ გაუძლებს და დათმობაზე წავა. "ევროპას სხვა არჩევანი არ ექნება, თუ არა რუსეთთან მიმართებით "კარგად მოიქცეს" და გაზის მიღება უზრუნველყოს", - ამბობს ექსპერტი.

რუსეთი და ჩინეთი ენერგეტიკის სფეროში მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობენ. 2019 წელს ექსპლოატაციაში შევიდა გაზსადენის პირველი რიგი - "სილა სიბირი-1". მოსალოდნელია, რომ გაზსადენის მეორე რიგი - "სილა სიბირი-2" 2030 წელს სრული სიმძლავრით ამუშავდება, მანამდე კი ჩინეთი დამატებით გაზს გაზსადენის პირველი მილით მიიღებს. ხელშეკრულება გაფორმდა რუსეთის "გაზპრომსა" და ჩინეთის China National Petroleum-ს შორის.

"ეს რუსეთს საშუალებას აძლევს, მეტი შემოსავალი მიიღოს და თავი აარიდოს სანქციებს, რასაც დასავლეთი მოსკოვს უწესებს 2014 წლიდან, ყირიმის ანექსიის გამო", - ამბობს ბრენდონ ვაიხერტი, - "სამწუხაროდ, ევროპა იძულებული გახდება, რუსეთს დაუთმოს და ვლადიმერ პუტინის მოთხოვნები შეასრულოს, გაზზე სტაბილური ფასის შესანარჩუნებლად". (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ