"რადგან მარცხი შეუძლებელია იყოს "ნაციონალების“ მიზანი, მათი მუდმივი წარუმატებლობა მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ამ პარტიას სტრატეგია არა აქვს" - კვირის პალიტრა

"რადგან მარცხი შეუძლებელია იყოს "ნაციონალების“ მიზანი, მათი მუდმივი წარუმატებლობა მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ამ პარტიას სტრატეგია არა აქვს"

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ფსიქოლოგსა და პოლიტოლოგს, რამაზ საყვარელიძესესაუბრა.

- ბატონო რამაზ, 2022 წლის საახალწლო ღამის აღნიშვნამაც ჩაიარა, კარგია, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ქვეყანაში საახალწლო განწყობა მაინცაა, მაგრამ საახალწლო ღამეს თვალში საცემი იყო თუ როგორ აღინიშნა იგი საქართველოში.

ტელევიზიებში საახალწლო ღამის აღნიშვნამაც დაგვანახა, რომ ისევე როგორც მთელი 2021 წელი 2022 წელს ქვეყანა პარალელურ სამყაროებში ყოფნისა და ცხოვრების რეჟიმში შეხვდა.

ქვეყნის პარალელურ სამყაროებში თანაცხოვრების ამ სურათში კორექტივები არც ხელისუფლების პირველი პირების მოლოცვებსაც არ შეუტანია. ამ მოლოცვებზეც ხალხის რეაქციაც განსხვავებული იყო. ცალკე საუბრის თემა შეიძლება იყოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოლოცვა,რომელსაც ცალკე აუცილებლად შევეხებით.

ტელევიზიებში თქვენ როგორი საქართველო დაინახეთ ახალი წლის ღამეს და თქვენს ირგვლივ ამ რამდენიმე დღეში რაც 2022 წელი დადგა?

- უპირველეს ყოვლისა, თქვენ და თქვენი ინტელექტუალური რუბრიკის შესანიშნავ მკითხველს ვულოცავ 2022 წლის მობრძანებას, ვუსურვებ მშვიდობიან და ჯანსაღ ცხოვრებას, ხვავს და ბარაქას ამ წელიწადში.

საახალწლო ღამის შოუებმაც გვანახა ჩვენი პოლიტიკური პოლარიზაცია, რაც გარე თუ შიდა მოკეთეების სალაპარაკო გახდა. პოლიტიკური ოპონენტები არამარტო გასაჭირს ხედავენ სხვადასხვანაირად, სიხარულიც სხვადასხვანაირი აქვთ. რითაც ერთი ზეიმობს, მეორისთვის სათაკილოა და - პირიქით.

დაპირისპირება დიდი სიახლე არაა საქართველოში. მძაფრი დაპირისპირება, სამწუხაროდ, გვინახავს უახლეს ისტორიაში, როცა სამოქალაქო ომამდე მივიდა საქმე. მაშინ პოლიტიკურ დაპირისპირებას უფრო მეტი საფუძველი ჰქონდა - ხელისუფლების კანონიერების საკითხი იდგა, მაგრამ დრომ მაინც გადაფარა მაშინდელი სიმწვავე, დღეს ის დაპირისპირება აღარც ახსოვთ.

ამჟამინდელი დაპირისპირების საფუძველი არის კონკრეტული პირების სამართლებრივი დევნის საკითხი, რაც ნაკლებად ეხება მთელი საზოგადოებას.

მიტინგებზე და არჩევნებშიც გამოჩნდა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილს უნდა ცხოვრება დესტაბილიზაციაში გადასული დაპირისპირების გარეშე და ეს კიდევ ერთი ფაქტორია იმისა, რომ ამ დაპირისპირების სიმწვავეც და ხანგრძლივობაც მცირე იქნება და მალე ამოწურავს საკუთარ თავს.

- რადგან პრეზიდენტის მოლოცვა ვახსენეთ და რადგან მისი ინიციატივით დაწყებული პროცესი დაწყებულია, ალბათ სწორი იქნება, თუ პრეზიდენტ ზურაბიშვილის საახალწლო მილოცვით გავაგრძელებთ საუბარს.

თუნდაც ის, რომ საახალწლო განწყობების მიუხედავად პრეზიდენტის ტექსტზე სასაუბროდ მოიცალა ხალხმა მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი საზოგადოება არა მხოლოდ პოლარიზებულია, არამედ აშკარად ძალიან პოლიტიზებულიცაა.

პრეზიდენტის მოლოცვა საინტერესო და დამაფიქრებელი კი იყო ბევრი თვალსაზრისით, მაგრამ არ დატოვა შთაბეჭდილება, რომ ქალბატონ სალომეს მიერ დაწყებული პროცესის წარმატებით დასრულების იმედი შეიძლება არსებობდეს. ასეთი პირი ამ პროცესს დაწყებისთანავე რომ უჩანდა, ბევრმა შენიშნა, და იგი პროცესის იმიტაციადაც კი შეაფასა

თქვენ როგორ აღიქვით პრეზიდენტის საახალწლო მოლოცვა და თქვენი დაკვირვებით სავარაუდო, როგორ შეიძლება დასრულდეს პრეზიდენტის ინიციატივით დაწყებული პროცესი?

- ჩვენ სადღეგრძელოებმა შეგვაჩვია, რომ თუ კეთილი სურვილი ლაზათიანად ითქმება, უკვე კარგია, რეალობას არა აქვს მნიშვნელობა.

უდავოა, რომ პრეზიდენტის სიტყვა კეთილ მიზნებს ისახავდა, ამიტომ შეუძლებელია არ მოგეწონოს. დაჩაგრულ ბავშვების თემა პოლიტიკოსების გაერთიანების თემას უფრო მკაფიოდ რომ დაკავშირებოდა, სათქმელი მოიგებდა - საქმე ყველაზე უფრო აერთიანებს ადამიანებს.

რაც შეეხება პრეზიდენტის ინიციირებულ პროცესს, მისი ფუნქციები შეიძლება მერე უფრო გამოიკვეთოს. სამომავლოდ შეიძლება, პრეზიდენტთან შეხვედრა გახდეს პარტიების მოლაპარაკების თავისებური ადგილი, ტელეკამერების თვალს მოფარებული პოლიტიკური სათათბირო.

- გასული წლის მოვლენების შეფასებისას თქვენ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში საინტერესო მოსაზრება გამოთქვით -„ადგილობრივი არჩევნების დასრულების შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი კი არა, პოლიტიკური სტრატეგიების კრიზისია.“

წლის ბოლო დღეებმა გვაჩვენა, რომ თქვენი ეს შეფასება სწორი იყო იქამდე, ვიდრე ხელისუფლებამ არ გადადგა იმ ტიპის ნაბიჯები, რომელთა განხორციელების შემდეგ შეიძლება ჩაითვალოს რომ ხელისუფლებამ მის სტრატეგიაში სერიოზულ ცვლილები შეიტანა.

მხედველობაში მაქვს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების თაობაზე საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარებული წესით შემუშავება და მიღება. ეს მიუხედავად იმისა მოხდა, რომ ამ პროცესის შეჩერების მოთხოვნით მმართველ გუნდს ევროკავშირის, აშშ-ს, გერმანიის ელჩებმა, ასევე გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტმა მიმართა.

ამას წინ უძღოდა პარლამენტის სპიკერის კახა კუჭავას გადადგომა. თითქმის 30 წელია თვალს ვადევნებ პოლიტიკურ პროცესებს, მაგრამ არ მახსენდება მაღალი თანამდებობიდან ადამიანის ისე გადადგომა, რომ წამსვლელი არა მარტო იღიმოდა, გახარებულიც კი იყო. საუბარია იმ ყოფილ სპიკერზე, რომელმაც პრორუსული ჯგუფების მიერ პარლამენტის წინ ჩამოგლეჯილი ევროკავშირის დროშა თავისი ხელით აღმართა.

გასაგებია, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში ნამკურნალები მესამე პრეზიდენტი სააკაშვილი იქ დიდხანს ვერ დარჩებოდა, მაგრამ ის რომ, იგი ახალ წლამდე იქნა გადაყვანილი რუსთავის ციხეში, ეს რომ ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, ფაქტია.

თქვენ როგორ აღიქვით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება, კუჭავას წასვლა, მმართველი გუნდის ეს და კიდევ სხვა ნაბიჯები? შეიძლება იყოს ეს იმის ნიშანი, რომ „ქართული ოცნების“ საშინაო და საგარეო პოლიტიკა უფრო ხისტი იქნება?

- რთულია ცალსახა პასუხი თქვენს კითხვაზე, ბევრი რამ წარმატებაზეა დამოკიდებული - რაც წარმატების მომტანია, იქით მიდის ადამიანი, შეიძლება მოუქნელობა იყოს წამგებიანი, შეიძლება მოქნილობაც.

„ოცნებამ“ მოქნილი პოლიტიკით დაიწყო ოპოზიციასთან ურთიერთობა, რასაც კოჰაბიტაცია დაერქვა. შედეგად ოპოზიცია მომძლავრდა და ხისტად შეუტია ხელისუფლებას. მის არსენალში იყო სიძულვილის ენა, სიძულვილის პერფორმანსები, პარლამენტის აყროლება შიგნით და მისი შტურმი გარედან, ყველას ბულინგი, ვინც მათ არ ეთანხმება, უცხოელების ჩათვლით. წლების განმავლობაში მხოლოდ ამის კეთება ოპოზიციის სიხისტეა.

„ოცნებამ“ დაინახა, რომ მისი მოქნილობა წამგებიანი იყო და „ნაციონალების“ სიხისტე მომგებიანი. არ გამიკვირდება, რომ ამგვარი გაკვეთილის შემდეგ „ოცნებაც“ ხისტი გახდეს. განაგრძეთ კითხვა