"საპროტესტო აქციები ყაზახეთში საწვავზე ფასების მატების გამო: პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოაცხადა"
საერთაშორისო მასმედია აქტიურად აშუქებს ბოლო დღეებში ყაზახეთში მომხდარ ანტისამთავრობო გამოსვლებს. მათში მიმოხილულია სიტუაციის განვითარება და განმარტებულია საპროტესტო აქციების მიზეზები.
ყატარის ტელეკომპანია „ალ ჯაზირას“ (Al Jazeera) ვებგვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „საპროტესტო აქციები ყაზახეთში საწვავზე ფასების მატების გამო: პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოაცხადა“. იმავეს წერს ბრიტანული „ბი-ბი-სის“ რუსული სამსახურიც (BBC Russian).
„ყაზახეთში, საწვავზე ფასების მომატების გამო, სამი დღე საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რაც ძალიან იშვიათი მოვლენაა ამ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში.
მღელვარება ჟანაოზენში
დემონსტრაციები ჯერ ქალაქ ჟანაოზენში დაიწყო, რომელიც ნავთობით და გაზით მდიდარ მენგისტაუს ოლქში მდებარეობს. აქციების მიზეზი თხევად გაზზე ღირებულების ზღვრის გაუქმება გახდა.
ჟანაოზენის მოსახლეობის მღელვარება რამდენიმე ქალაქის მცხოვრებლებს გადაედო - მათ შორის - კასპიის ზღვის ნაპირზე მდებარე მსხვილ ნავსადგურს - აქტაუს, რომელიც ერთგვარი „რეგიონული სატრანსპორტო ჰაბის“ როლს ასრულებს. უწესრიგობები გავრცელდა აქტაუს ახლოს არსებულ დასახლებაშიც, სადაც ყაზახეთში ნავთობის უდიდესი მომპოვებლის - კომპანია „თენგიზშევროლოილის“ მუშა-მოსამსახურეები და თანამშრომლები ცხოვრობენ. საპროტესტო აქციებში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა.
ჟანაოზენში, სადაც ჯერ კიდევ 2011 წელს მომხდარი საპროტესტო გამოსვლების დროს ათობით ადამიანი იქნა მოკლული, მოსახლეობამ თხევად გაზზე მომატებული ფასების განახევრება მოითხოვა. დღეს ერთი ლიტრი თხევადი გაზის ფასს 120 ტენგე (27 ამერიკული ცენტი) შეადგენს, 50%-იანი ფასდაკლება კი იმას ნიშნავს, რომ გაზის ღირებულება გასული წლის ფასს დაუბრუნდება.
ყაზახეთის ხელისუფლებამ, რომელსაც პრეზიდენტი ყასიმჟომართ თოყაევი ხელმძღვანელობს, ფასების განახევრებაზე უარი განაცხადა და ამტკიცებდა, რომ დაკლება შეუძლებელია საწვავის თვითღირებულების ზრდის გამო. ჩინოვნიკების თქმით, წინა წლებში ფასები ხელოვნურად რეგულირდებოდა, ახლა კი ისევ დაბალი ღირებულების შემოღება თხევადი გაზის წარმოებას წამგებიანს გახდის.
მღელვარება სწრაფად მოედო ყაზახეთის თითქმის ყველა მსხვილ ქალაქს. სიტუაცია გუშინ განსაკუთრებით დაიძაბა ალმატში (ყოფილ ალმა-ატაში), სადაც მომიტინგეებსა და პოლიციას შორის მწვავე შეტაკება მოხდა. სამართალდამცველებმა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ქალაქის მერიაში შეჭრას ცდილობდნენ, ცრემლმდენი გაზი და სპეციალური, გამაყრუებელი ხმის მქონე ყუმბარები გამოიყენეს. დაკავებულია 200-მდე მოქალაქე.
გადადგა მთავრობა: საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი
ყასიმჟომართ თოყაევი შეეცადა მოსახლეობის დამშვიდებას, მან ყაზახებს მოუწოდა, დესტრუქციულ ძალებს არ დამორჩილებოდნენ, პარალელურად კი, 5 იანვრიდან 19 იანვრამდე მენგისტაუს ოლქში და ალმატში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი შემოიღო. მან, ასევე, მოსახლეობას „ტვიტერით“ აცნობა, მიიღო გადაწყვეტილება თხევად გაზზე, ბენზინსა და დიზელის საწვავზე ფასების შემცირებისათვის.
გავრცელდა ცნობა, რომ ხელისუფლებამ, პროტესტების ჩაქრობის მიზნით, გამორთო ინტერნეტი რიგ ოლქებში, დახურა რამდენიმე საინფორმაციო გამოცემა და დააკავა რამდენიმე რეპორტიორი, „არასწორი“ ახალი ამბების გავრცელების გამო.
დღეს დილით გამოცხადდა მთავრობის გადადგომა. გამოქვეყნდა პრეზიდენტის ბრძანებულება, რომლის თანახმად, პროტესტების დაწყება პრემიერ-მინისტრ ასკარ მამინს და მის მინისტრებს დაბრალდა. დროებით პრემიერის მოვალეობის შესრულება დაევალა პირველ ვიცე-პრემიერ ალიხან სმაილოვს. საკადრო ცვლილებები განხორციელდა რიგ სტრუქტურებში, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტშიც.
ვინ აკონტროლებს ყაზახეთს?
ყაზახეთი მკაცრად კონტროლდება პრეზიდენტის მიერ, პარლამენტში ოპოზიციური პარტიები არ არიან. საჯარო პროტესტები უკანონოდ ითვლება, თუ მათ ჩატარებაზე წინასწარ არ იქნება ნება დართული.
ყასიმჟომართ თოყაევი პრეზიდენტად 2019 წელს აირჩიეს სახელმწიფოს დამაარსებელ-შემქმნელის - ნურსულთან ნაზარბაევის მემკვიდრის სახით.
მაგრამ აქვე ვიტყვით, რომ 81 წლის ნურსულთან ნაზარბაევი, რომელიც ყაზახეთს 1989 წლიდან მართავდა, პრეზიდენტის პოსტიდან წასვლის მიუხედავად, დღემდე ინარჩუნებს ქვეყანაზე კონტროლს - უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის რანგში. მას აქვს, აგრეთვე, ტიტული - „ერის ლიდერი“, რომლის ძალითაც ექსპრეზიდენტს უნიკალური პრივილეგიები ენიჭება პოლიტიკის სფეროში. იგი დაცულია, აგრეთვე, სამართლებრივი დევნისგანაც.
მოამზადა სიმონ კილაძემ