"ღიად ჩანს, რომ ხელისუფლება აღრმავებს იმ ნაპრალს, რაც გაჩნდა საქართველოს და დასავლეთს შორის" - კვირის პალიტრა

"ღიად ჩანს, რომ ხელისუფლება აღრმავებს იმ ნაპრალს, რაც გაჩნდა საქართველოს და დასავლეთს შორის"

"ღიად ჩანს, რომ ხელისუფლება აღრმავებს ნაპრალს, რომელიც საქართველოს და დასავლეთს შორის გაჩნდა", - ამის შესახებ „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა მამუკა გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადება საქართველოს მთავრობისთვის შეიძლება ერთგვარი „წითელი ბარათი“ იყოს. „ამერიკის ელჩის განცხადება იყო უკიდურესად მწვავე და ძალიან ჰგავს „წითელ ბარათს“ საქართველოს მთავრობისთვის. სიტუაცია მეტად დაამძიმა სახელისუფლებო პარტიის ლიდერის საპასუხო განცხადებამ. უკვე ღიად ჩანს, რომ ხელისუფლება აღრმავებს იმ ნაპრალს, რაც გაჩნდა საქართველოს და დასავლეთს შორის. ეს მისაღებია რუსეთისთვის და ძალიან სახიფათოა ჩვენთვის განსაკუთრებით იმ სიტუაციაში, როდესაც რუსეთს და დასავლეთს შორის მძაფრი დაპირისპირებაა და ამ დაპირისპირებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემად უკრაინის და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება განიხილება. ჩვენსა და დასავლეთს შორის ურთიერთობის გაფუჭება არის ერთგვარი „საჩუქარი“ რუსეთისთვის, რადგან ჩვენი დაშორება ევროკავშირისგან და ნატოსგან, პირველ რიგში მათ ინტერესშია.

როგორც ცნობილია, 12 იანვარს დანიშნულია რუსეთისა და ნატო-ს მინისტრების შეხვედრა. ორწელიწადნახევრიანი პაუზის და თითქმის გაწყვეტილი ურთიერთობების შემდეგ ეს არის პირველი შეხვედრა, რომელიც გაიმართება რუსეთის და ნატო-ს საგარეო და თავდაცვის მინისტრების მოადგილეების დონეზე, შესაბამისად, შექმნილ ვითრებაში, ამ შეხვედრას საინტერესო გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მამუკა გამყრელიძის თქმით, საქართველოს მთავრობის ხისტი დამოკიდებულება დასავლეთის მიმართ გრძელდება, რასაც შესაძლოა ამ ურთიერთობების გაციება და გაფუჭება მოჰყვეს.

„კელი დეგნანის განცხადება, არ ყოფილა პირველი მწვავე განცხადება, რაც გაკეთდა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ამერიკის ელჩმა კიდევ უფრო დაამძიმა ნატო-ს გენერალური მდივნის ცოტა ხნის წინანდელი განცხადება, რომ საქართველო პოლიტიკური ნიშნით, სამწუხაროდ, ჯერ ვერ აკმაყოფილებს ნატო-ს სტანდარტს. ამერიკის ელჩის განცხადებით, ჩვენ არა თუ არ ვაკმაყოფილებთ ამ სტანდარტს, უფრო მეტიც ვშორდებით ნატო-ს და ევროკავშირს, რაც ძალიან მძიმე და შემაშფოთებელია.

ამერიკის საელჩოს განცხადებაში, გამოხატული იყო წუხილი, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების განხილვა და კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან არ ხდება იმ საკითხებზე, რაზეც შეთანხმება არსებობდა. ეს ეხება მოსამართლეთა დანიშვნის საკითხსაც. ხელისუფლების ერთპიროვნული გადაწყვეტილებები არ არის მისაღები დასავლეთისთვის.

სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლების გაღიზიანება და შეფასებები, რომ დასავლეთი ჩვენს შიდა საქმეებში ერევა, არ არის სწორი. მაშინ როდესაც ჩვენი მიზანია ევროპულ ოჯახში, ნატო-ში გაწევრიანება, ეს უნდა განვიხილოთ, არა როგორც შიდა საქმეებში ჩარევა, არამედ როგორც პარტნიორების სურვილი, სტრუქტურულად, პოლიტიკურად მოხდეს დაახლოვება იმ სტანდარტებთან, რაც მათთვის მისაღებია. იმ პოლიტიკურ კრიზისში, რომელშიც ჩვენ ვართ უკვე დიდი ხანია, არა თუ ვუახლოვდებით ამ სტანდარტს, პირიქით, ყოველ ნაბიჯზე ვშორდებით მას, რის შესახებაც პირდაპირ მიგვითითა ამერიკის საელჩომ.

იმის ნაცვლად, რომ ამერიკის ელჩის მძიმე და შემაშფოთებელ განცხადებაზე, საქართველოს ხელისუფლებას ადეკვატური რეაქცია ჰქონოდა, ჩვენ მოვისმინეთ სახელისუფლებო პარტიის ლიდერის სრულიად მიუღებელი ტექსტი, სადაც ძალიან საყურადღებო იყო ფრაზა - „ადამიანური ფაქტორი“. როგორც ცნობილია, დეგნანი სკულპულიოზურად არის ინფორმირებული ყველა იმ საკითხის დეტალებზე, რაც ქართულ პოლიტიკაში, შესაბამისად ხდება, როდესაც საუბრობ ადამიანურ ფაქტორზე, ეს ნიშნავს, რომ პირდაპირი დარტყმა მიგაქვს კელი დეგნანზე, რაც არასწორი და არადიპლომატიურია.

სახელისუფლებო პარტიის ლიდერი თავის განცხადებაში უნდა შემოფარგლულიყო იმის ახსნით, თუ რატომ მოხდა პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორის სამსახურის რეორგანიზაცია, რომ ეს განხორციელდა იმ მოთხოვნების მიხედვით, რაც ჰქონდათ საერთაშორისო ორგანიზაციებს ამ სამსახუთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანი და აღსანიშნავია, რომ ეს არ იყო სამთავრობო ორგანო და როგორც დამოუკიდებელი უწყება შეიქმნა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში. იქიდან გამომდინარე, რომ ეს პროცესი ჩატარდა ყველასთან შეუთანხმებლად, კონსულტაციების გარეშე და დაჩქარებულად, სწორედ ამას მოჰყვა ის კრიტიკა, რაც ხელისუფლებამ მიიღო ამ პროცესთან დაკავშირებით“, - აცხადებს მამუკა გამყრელიძე.