"გარკვეულ სიტუაციებში, ალბათ, ემოციებს შევიკავებდი... რაც მგონია, ზუსტად იმას ვამბობ..." - კვირის პალიტრა

"გარკვეულ სიტუაციებში, ალბათ, ემოციებს შევიკავებდი... რაც მგონია, ზუსტად იმას ვამბობ..."

რა კომპლექსის დაძლევას ცდილობს მარიამ გულედანი?

ასაკი: 17 წლის.

ამჟამინდელი საქმიანობა: არის სკოლის მოსწავლე, აბიტურიენტი, ტელეგადაცემა "ჩათის" თანაწამყვანი.

ჰობი: მუსიკის მოსმენა, წერა და დრამზე დაკვრა.

- მარიამ, როცა სარკეში იყურები, ვის ხედავ?

- თავისუფალ ადამიანს, რომელიც ცდილობს, რაღაც შეცვალოს.

- როგორ ფიქრობ, სამყაროსთვის რა სარგებლობის მოტანა შეგიძლია?

- მგონია, რომ რაღაცებს სწორად და განსხვავებულად ვხედავ. ჩემი აზრით, ასეთი განსხვავებული შეხედულებები მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება, რომელიც გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით უკვე ერთ, კონკრეტულ აზრზეა შეთანხმებული, მეორედ დაფიქრდეს.

- ჩახუტება პანდემიამდეც არ გიყვარდა?

- არა. არასოდეს მყვარებია და არც ახლა მიყვარს.

- რატომ? ჩახუტებით ადამიანები ერთმანეთს ხომ დადებით ემოციას უზიარებენ?

- ჩემთვის ასე არ არის. ამას არანაირი დადებითი გრძნობა არ მოაქვს.

- რომელი ზებუნებრივი ძალის ფლობას ისურვებდი?

- ფიქრების კითხვას: ჯერ ერთი, ბევრ რამეს გავიგებდი და მეორე - ჩემი აზრით, საკმაოდ ბევრ ფულს ვიშოვიდი ილუზიონისტური რაღაცებით...

- წარმოიდგინე, რომ მოულოდნელად მილიონი დოლარი მიიღე. როგორ გაანაწილებდი, შენს ცხოვრებას როგორ წარმართავდი?

- ალბათ, ჯერ რაღაცებს ვიყიდდი და ოცნებას ავიხდენდი - ჩემი საყვარელი ბენდის კონცერტზე წავიდოდი; გარკვეულ ნაწილს ოჯახის წევრებს მივცემდი; დანარჩენს იმაში დავხარჯავდი, რაც მინდა.

- და რა გინდა?

- იახტა და რამე მსგავსი არ მინდა, მაგრამ მილიონი დოლარი რომ მქონდეს, რამეს მოვიფიქრებდი (იღიმის).

- ბოლოს რომელი წიგნი წაიკითხე?

- "ჯაყოს ხიზნები". ძალიან კარგი წიგნია. მისი წაკითხვით ვისიამოვნე.

- დაასახელე შენი საყვარელი ტელეგადაცემა...

- გადაცემებს არ ვუყურებ.

- არც იმ გადაცემას უყურებ, რომლის თანაწამყვანიც ხარ?

- საყვარელ გადაცემად ჩემს "ჩათს" ხომ არ დავასახელებ? ალბათ, ვუყურებდი, მისი ერთ-ერთი წამყვანი მე რომ არ ვყოფილიყავი. ახლაც ვუყურებ, მაგრამ ყოველდღე - არა, არც - ბოლომდე... მაინც მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ თავს შეხედო და ნახო, რა გეშლება და რა - არა.

- როგორ აფასებ საკუთარ თავს, რა გეშლება და კარგად რა გამოგდის?

- ალბათ, ცოტათი უფრო გასაგებად უნდა ვისაუბრო: ყველაზე დიდი პრობლემა ეგ არის, რომ გასაგებად არ ვსაუბრობ - გონება წინ მისწრებს და ძალიან სწრაფად "ვბაზრობ", რა... ასევე, გარკვეულ სიტუაციებში, ალბათ, ემოციებს შევიკავებდი... კარგად რაც გამომდის, ისაა, რომ მგონი, საკუთარ აზრს და არა გაზეპირებულს, კარგად, გულწრფელად გამოვხატავ. გულწრფელობა ბევრ რამეს შველის, რადგან თუ გულწრფელი ხარ, ხალხი გისმენს. ადამიანში მთავარი სწორედ გულწრფელობა მგონია.

- როგორ ფიქრობ, ხალხის ნაწილის აგრესიას რატომ იწვევ? ბოლო დროს საზოგადოების განხილვის ეპიცენტრში ხარ...

- ამ მხრივ, მგონი, სულ ეპიცენტრში ვარ, რადგან ყოველთვის ყველაფერს ბარიერის გარეშე ვამბობ. რატომღაც, სოციუმი ამას უზრდელობას, არაეთიკურობას მიაწერს. უბრალოდ, პირდაპირი ვარ: რაც მგონია, ზუსტად იმას ვამბობ და ვერ ვხვდები, სათქმელი ტყუილში რატომ უნდა შევფუთო, როგორც სოციუმის სხვა წევრები ფუთავენ? ყველაზე მეტად პირდაპირობა აღიზიანებთ.

- პირდაპირობის გამო ახლობელ ადამიანთან ურთიერთობა გაგფუჭებია?

- კი. ახლობელმა თავისი მამიდაშვილის - მცირეწლოვანი ბავშვის ფოტო გამომიგზავნა. ვუთხარი, - გულისამრევია-მეთქი. მგონია, რომ საერთოდ, ბავშვები გულისამრევები არიან და მეც ასეთი ვიყავი. ჩემი აზრით, ყველა ასეთი იყო... კონკრეტულად იმ ბავშვს განა რამეს ვერჩი? უბრალოდ, ჩემში ყველა ბავშვი ამ გრძნობას იწვევს... ჩემი ახლობელი ადამიანი ამის გამო გაბრაზდა.

- ფიქრობ, ჩვილობის ასაკში არიან გულისამრევები თუ საერთოდ, ბავშვები ასეთებად მიგაჩნია?

- ალბათ, სანამ ლაპარაკს ისწავლიან, იმ პერიოდამდე... მცირეწლოვან ბავშვებთან დაკავშირებით მაქვს ასეთი დამოკიდებულება. ხალხს ძალიან რომ უყვარს "პატარა ბავშვები", ეგ უფრო მაღიზიანებს - ვერ ვხვდები, ამაში საყვარელი რა არის?!

- მშობლები რა ფორმით მიგანიშნებენ, როცა შენი საქციელი არ მოსწონთ?

- რავი, მეუბნებიან, - არასწორად იქცევიო. ძირითადად, არ ვუჯერებ, რადგან მგონია, რომ ისინიც არასწორები არიან ხოლმე.

- დედ-მამას თუ დაუსჯიხარ და რა ფორმით?

- არა, არ მახსენდება... შეიძლება, პატარა ასაკში ასეთი შემთხვევა ყოფილა, მაგრამ არ მახსოვს.

- შენ მიმართ კრიტიკაზე, შეურაცხმყოფელ კომენტარებზე როგორი რეაქცია აქვთ?

- მგონი, მათაც არ აინტერესებთ, როგორც მე, რადგან ყველა ვხვდებით, რომ ამას ყურადღება არ უნდა მიაქციო: ასეთ კომენტარებს ბოტები ან ეკრანს ამოფარებული ბრაზით სავსე ხალხი წერს. ამიტომ ჩვენ ეგ "გვკიდია" - მეც, ჩემს მშობლებსაც და მგონი, ყველას, ვინც ჩემთან ურთიერთობს.

- ადამიანებს ადვილად უმეგობრდები?

- არანაირად. ადამიანები დიდად არ მიყვარს, ამიტომ მეგობრული არ ვარ, მაგრამ თუ ადამიანი ჩემს აზრებს, ხედვებს, მთავარ პრინციპებს იზიარებს და ცხოვრებაში "დაახლოებით, ჩემ გვერდითაა", ანუ "არც ჩემზე მაღლა და არც - დაბლა", ეგ "ასწორებს", კარგია...

- შენი ცხოვრების მთავარი ფასეულობა რა არის, რაც შენს ქმედებებს განსაზღვრავს?

- თავისუფლება.

- ამჟამად, რომელ სერიალს უყურებ?

- "სასოწარკვეთილ დიასახლისებს".

- სიმართლე გითხრა, ყველაფერს ველოდი, ამის გარდა...

- აუ, იცი, როგორ მიყვარს? ვგიჟდები ამ სერიალზე! ღამით რომ დაწვები და დაძინებამდე უყურებ, ისეთია...

- ამ სერიალით რატომ დაინტერესდი?

- ერთ-ერთ ტელეარხზე გადიოდა. არდადეგების დროს, მე და ჩემი მამიდაშვილი ერთად ვუყურებდით, გასართობად. მერე შევყევი... წარმოიდგინე, ტელეფონში თამაშობ, წერ, თან - "სასოწარკვეთილ დიასახლისებს" უყურებ... მარტივად საყურებელი, "ჩამთრევი" სერიალია.

- მანამდე რომელი სერიალი ნახე?

- "შავი სარკის" ბოლო სეზონი. ეს ზუსტად ისეთი სერიალია, როგორსაც ჩემგან ელი (იცინის)...

- შენს მავნე თვისებად, ჩვევად რას მიიჩნევ?

- როცა ვბრაზდები, აბსოლუტურად უკონტროლო ვხდები; მავნე ჩვევას რაც შეეხება, კანს "ვიჭამ", როცა მისკდება ხელზე, ტუჩებზე...

- დღის განმავლობაში, ყველაზე ხშირად, ვის ესაუბრები?

- რადგან აბიტურიენტი ვარ და სკოლაში ვსწავლობ, თანაკლასელ მეგობრებს. ჩემი სამეგობრო წრე დიდად მრავალრიცხოვანი არ არის.

- ისეთი საქციელი ჩაგიდენია, რომლის გახსენებისას დღესაც გრცხვენია?

- კი, ჩამიდენია, თან - რამდენიმე, მაგრამ ყველაზე მაგრად გაბრაზებისას ჩადენილი საქციელების მრცხვენია. იმდენად ბევრია, რომ კონკრეტული არ მახსენდება.

- შეგიძლია, უცებ დამისახელო ერთი ღირსეული, ქართველი, მოქმედი პოლიტიკოსი?

- ელენე ხოშტარია და ზურა ჯაფარიძე. მგონია, ჩვენი ბევრი პოლიტიკოსისგან განსხვავებით, რასაც ელენე აკეთებს, იმიტომ კი არ აკეთებს, რომ ფული და ძალაუფლება სურს; უნდა, რომ ქვეყანას რაღაცით დაეხმაროს. ძალიან გულწრფელია. ასევე, ზურა ჯაფარიძეც გულწრფელია: მგონია, თავისი იდეების ბოლომდე სჯერა. საერთოდ, "გირჩის" იდეებმა ჩემს თავისუფლებაზე ძლიერი ზეგავლენა მოახდინა.

- შენი ჰონორარის ძირითადი ნაწილი რაში იხარჯება?

- ალბათ - საჭმელში, როგორც ბევრი ადამიანის შემოსავალი (იღიმის).

- როგორ სიზმრებს ხედავ?

- ძირითადად - საშიშს ან საერთოდ არ ვხედავ.

- შენთვის საშიში რა არის, რა გაშინებს?

- ცხოვრებაში - კალიები, მწერები და კიდევ ბევრი რაღაც, მაგრამ სიზმრებში უბრალოდ, შიშის გრძნობა მეუფლება, ვერ ავხსნი... რამე კონკრეტული სიუჟეტი არაა, რაც ჩემში შიშს იწვევს.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი "გზა"