ლევან იოსელიანი სააკაშვილზე: „ძალიან არასერიოზული და არათანმიმდევრულია, როცა ვიგებთ, რომ ადამიანი 1 კვირის წინ წამების მსხვერპლი იყო, მერე იყო ცუდად და ახლა ეკონომიკურ გეგმაზე მუშაობს" - კვირის პალიტრა

ლევან იოსელიანი სააკაშვილზე: „ძალიან არასერიოზული და არათანმიმდევრულია, როცა ვიგებთ, რომ ადამიანი 1 კვირის წინ წამების მსხვერპლი იყო, მერე იყო ცუდად და ახლა ეკონომიკურ გეგმაზე მუშაობს"

ძალიან არასერიოზული და არათანმიმდევრულია, როცა ვიგებთ, რომ ადამიანი ერთი კვირის წინ წამების მსხვერპლი იყო, მერე იყო ცუდად, ხოლო ახლა ეკონომიკურ გეგმაზე მუშაობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

იოსელიანის შეფასებით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" სისტემური ხედვა უნდა ჩამოიყალიბოს, რასაც მათი მხრიდან პარლამენტში მუშაობის დაწყება სჭირდება.

„ამას სჭირდება დებატები პარლამენტში, სადაც პოლიტიკური დისკუსიის ადგილია. აქ უნდა იყოს პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობა თუ აზრთა თანხვედრა. ეს არის ნორმალური პოლიტიკური პროცესი და ეს რომ არ ხდება, ამიტომაც არის, რომ ერთმანეთის ინიციატივებისა და გამოთქმების ასეთი შეფასებები გვიწევს. „ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში რომ იყოს მიხვდებოდნენ, რომ ქვეყანაში მთავარი მარტო მათი პოლიტიკური დღის წესრიგი არ არის და უამრავი სხვა პრობლემა არსებობს", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ამასთან, იოსელიანის თქმით, ის მიხეილ სააკაშვილის საკითხზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ უჭერს.

მისივე ინფორმაციით, საგამოძიებო კომისიის შექმნაზე სხვა ოპოზიციური ჯგუფებიც იკავებენ თავს და კომისიის შექმნის საკითხი კითხვის ქვეშ დგას.

„ზოგადად, „ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციონერი კოლეგების მიმართ კარგად არ იქცევა, რადგან ყოველთვის ფაქტის წინაშე გვაყენებენ და ეს ფაქტი ყოველთვის მათი პარტიული ინტერესია და სხვა არაფერი. ეს იმ პირობებში, როცა თავად პარლამენტში არ არიან. ვისურვებდი, რომ ჯერ შემოვიდნენ და კონსულტაციები დაგვეწყო - ამის შემდეგ შეიძლება რაღაცაზე შევთანხმდეთ ან ვერ შევთანხმდეთ. ჩვენ პარლამენტის საგამოძიებო კომისიას მხარს არ დავუჭერთ არა იმიტომ, რომ ვიღაცებისთვის სამაგიეროს გადახდა გვინდა - უბრალოდ სწორად არ მიგვაჩნია, მხარი საგამოძიებო კომისიას მიხეილ სააკაშვილის საკითხზე დავუჭიროთ, მაშინ როდესაც საუბარი აღარ არის 5 ივლისის საქმის საგამოძიებო კომისიაზე და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გამოძიებაზე - მათ შორის, სუს-იდან გამოჟონილ ინფორმაციებზე. ამ საკითხების დავიწყება სწორად არ მიმაჩნია. თუ მაინცა და მაინც საგამოძიებო კომისია წამებაზე უნდა შეიქმნას, ვისურვებდი, ყველა იმ ადამიანის წამების ფაქტი გამოვიძიოთ, რასაც მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" დროს ჰქონდა ადგილი და დღემდე გამოძიებული არ არის - ეს ყველაფერი კომპლექსურად გამოვიძიოთ!", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ინტერპრესნიუსი