"ბედის ირონია, ანუ გაამოთ" - ფილმები, რომელთა სიუჟეტიც საბჭოთა კავშირმა დასავლეთს "მოჰპარა" - კვირის პალიტრა

"ბედის ირონია, ანუ გაამოთ" - ფილმები, რომელთა სიუჟეტიც საბჭოთა კავშირმა დასავლეთს "მოჰპარა"

ჩვენი უფროსი თაობის წარმომადგენლებისგან ხშირად მსმენია, რომ საბჭოთა კავშირში ძალიან კარგ ფილმებს იღებდნენ და უამრავი მათგანი მეც მინახავს, თუმცა, უკრაინულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ზოგიერთი ცნობილი საბჭოთა ფილმის მთავარი სიუჟეტი "მოპარულია“.

ჟურნალისტ მაქსიმ მიროვიჩის პუბლიკაციაში, რომელიც უკრაინულ გამოცემა "ობაზრევატელში" გამოქვეყნდა, ვკითხულობთ, რომ რამდენიმე ცნობილი ფილმის სიუჟეტი სხვა დასავლური ფილმის სიუჟეტებს ემთხვევა:

"საიდან გაჩნდა საბჭოთა ხელოვნებაში პლაგიატი? და რატომ ყვაოდა ის ასე მძლავრად? საბჭოთა კავშირში ადამიანების 95%-ს არ ჰქონდა საზღვრის დატოვების საშუალება, ისინი ვერ ეცნობოდნენ დასავლურ კულტურას და იზოლირებული იყვნენ ამ ინფორმაციისგან. ამასთან ერთად, საბჭოთა კავშირში მოღვაწე რეჟისორებსა და მუსიკოსებს საშუალება ჰქონდათ, წასულიყვნენ უცხო ქვეყანაში და გაცნობოდნენ დასავლურ კულტურას.

"კავკასიელი ტყვე ქალი“ 1966 წელი და "თაღლითის სიმღერა“, 1930 წელი

kavk-1641376813.jpg

1966 წელს საბჭოთა კავშირში შედგა რეჟისორ ლეონიდ გაიდაის ახალი ფილმის - "კავკასიელი ტყვე ქალი ანუ შურიკის ახალი თავგადასავლების“ პრემიერა. ფილმი მაყურებელმა ნახვისთანავე შეიყვარა, თუმცა სიუჟეტის მთავარი სამი პერსონაჟი, რომელთაც ცნობილი მსახიობები - ვიცინი, ნიკულინი და მორგუნოვი ასახიერებდნენ, ძალიან ჰგავდა ამერიკული ფილმის - "თაღლითის სიმღერის“ პერსონაჟებს, რომელიც 1930 წელს გადაიღეს.

როგორც ჩანს, პერსონაჟების გარდა, ეს ორი ფილმი შინაარსითაც ერთმანეთის მსგავსია. ამერიკულ ფილმში მოქმედება 1910 წელს კავკასიაში ხდება, სადაც რუს ყაჩაღ იგორს პრინცესა ვერა უყვარდება და მის მოტაცებას გადაწყვეტს, სადაც მისი თანამზრახველები ალი-ბეგი და მურზა-ბეგი არიან. ფილმში იუმორისტულ სცენებთან ერთად, არის მუსიკალური ნომრებიც“.

როგორც ჟურნალისტი ამბობს, შესაძლოა, რეჟისორმა გაიდაიმ ეს ფილმი ნახა, მოეწონა ეპიზოდები, პერსონაჟები და სწორედ ამიტომ გადაიღო ამერიკული ფილმის მსგავსი ფილმი.

"ბრილიანტის ხელი“, 1968 წელი და "პირველმა დაარტყი, ფრედი!“, 1965 წელი

fredi-1641376697.jpg

კიდევ ერთი ფილმი, რომლის სიუჟეტიც რეჟისორმა ლეონიდ გაიდაიმ გამოიყენა, დანიურია: "პირველმა დაარტყი, ფრედი“. ის დანიაში სამი წლით ადრე გადაიღეს, ვიდრე გაიდაი "ბრილიანტის ხელზე" მუშაობას დაიწყებდა.

ფილმში აღწერილია მამაკაცის სასაცილო და მხიარული ცხოვრება, რომლის გემიც აგენტთა ჯგუფმა დააკავა და ფილმის მთავარი გმირიც საიდუმლო აგენტი ჰგონიათ. სინამდვილეში კი სიუჟეტის მთავარი გმირი სათამაშოების გამყიდველია, ამ სათამაშოებით ის სხვა აგენტებს ასულელებს.

ამ ორ ფილმში უამრავი რამ ემთხვევა - სიუჟეტი პერსონაჟები, მათი ხასიათი, მოქმედებები. თუ დანიურ ფილმში ერთ-ერთ ყაჩაღს კოლიკი ქვია, გაიდაის ფილმში მას ლიოლიკი დაარქვეს.

როგორც პუბლიკაციის ავტორი წერს: "სიუჟეტებისა და მოქმედი პირების გარდა, ამ ორ ფილმში მსგავსი მუსიკაა. "ბრილიანტის ხელის“ მუსიკა, რომელიც ფილმს ფონად გასდევს, ისეთივე ატმოსფეროს ქმნის, როგორც დანიური ფილმის მუსიკალური გაფორმება“.

"ძაღლის გული“, 1975 წელი და "ძაღლის გული“, 1988 წელი

"ძაღლის გული“ რომელიც სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის საბჭოთა ფილმია, 1988 წელს გადაიღეს. ფილმის რეჟისორი ვლადიმერ ბორტკოა. ცოტამ თუ იცის, რომ იტალიურ-გერმანული ჯგუფის გადაღებული ამავე სახელწოდების ფილმის ეკრანიზაცია 1976 წელს შედგა. იგი 1975 წელს გადაიღეს.

ბორტკოს გადაღებული ფილმი დაფუძნებულია მიხეილ ბულგაკოვის ამავე სახელწოდების მოთხრობაზე. როგორც ამბობენ, მსგავსება ამ ორ ფილმს შორის საკმაოდ დიდია, მათ შორის - მსგავსის ფილმის შავ-თეთრი გამაც.

"ბედის ირონია“, 1975 წელი და "ბინა“, 1960 წელი

kvartira-1641376697.jpg

"შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ ყველასათვის საყვარელ ფილმს - "ბედის ირონია, ანუ გაამოთ“, დასავლეთში ანალოგი აქვს.

რეჟისორ ელდარ რიაზანოვის საკულტო საახალწლო ფილმი1975 წელს გამოვიდა და წლიდან წლამდე ტრადიციად იქცა მისი საახალწლო ტელეეთერში ჩვენება. რეჟისორმა იგი გადაიღო პიესის მიხედვით, რომელიც 1969 წელს დაიწერა, ხოლო ათი წლით ადრე, აშშ-ში გადაიღეს "ბინა“, რომელიც ძალიან ჰგავს რიაზანოვის ფილმს.

თავად განსაჯეთ - მშრომელი და ყველასათვის შეუმჩნეველი ბადი, რომელიც საბჭოთა ფილმში ლუკაშინის პროტოტიპია, ერთ უბრალო ბინაში ცხოვრობს, რომელსაც ხანდახან აქირავებს კიდეც. ბადს ერთი ქალი - ფრენი მოსწონს, რომელიც თავს იკავებს ბადთან ურთიერთობისგან, რადგან ფირმის დირექტორთან აქვს საიდუმლო რომანი.

ერთხელაც, ახალი წლის ღამეს, ბადი ბინაში ბრუნდება და აღმოაჩენს, რომ ფრენი მის სახლში, ლოგინში უგონოდ წევს. აღმოჩნდება, რომ ფრენი და ფირმის უფროსი ჯეფი დროს ბადის ბინაში ატარებდნენ. სწორედ ამ ბინის ირგვლივ ხდება ყველა სხვა მოქმედებაც.

მსგავსი სიუჟეტია რიაზანოვის ფილმშიც, რომელიც საბჭოთა რეალობასაა მორგებული“, - წერს ჟურნალისტი მაქსიმ მიროვიჩი. (წყარო)