არასწორია იმის თქმა, თითქოს ვიღაც 25 დეკემბერს აღნიშნავს შობას, ხოლო ვიღაც 7 იანვარს. ანუ, ვინ შექმნა მსოფლიოში ყველაზე ზუსტი კალენდარი? - კვირის პალიტრა

არასწორია იმის თქმა, თითქოს ვიღაც 25 დეკემბერს აღნიშნავს შობას, ხოლო ვიღაც 7 იანვარს. ანუ, ვინ შექმნა მსოფლიოში ყველაზე ზუსტი კალენდარი?

ყოველ შობას წამოიწევს ხოლმე გრიგორიანულ კალენდარზე გადასვლის თემა. ეს არის პოლიტიკა, რაშიც ეკლესია არ მონაწილეობს... თუმცა საქმეში ჩახედული ადამიანი ამბობს, რომ არასწორია იმის თქმა, თითქოს ვიღაც 25 დეკემბერს აღნიშნავს შობას, ხოლო ვიღაც 7 იანვარს. ყველა 25-ს აღნიშნავს, მაგრამ სხვადასხვა კალენდარში. მწერალ დავით ჩიხლაძის მასალების დახმარებით დღეს მოგიყვებით ზოგადად კალენდარზე და მასთან დაკავშირებულ უცნობ ამბებზე.

1918 წლის 1 მაისს ახალი სტილის კალენდრის შემოღებით საქართველოც შეუერთდა დანარჩენ მსოფლიოს, ხოლო ამ მნიშვნელოვანი ცვლილების განხორციელებაში ვლადიმერ ლენინს მიუძღვის წვლილი. თვითმპყრობელური რეჟიმის დამხობიდან ოცი დღე იქნებოდა გასული, როდესაც 1917 წლის 16 ნოემბერს მოსკოვში გამართულ სახალხო კომისართა საბჭოს (რომლის შემადგენლობაში სტალინიც შედიოდა) სხდომაზე გაიტანეს კალენდრის რეფორმასთან დაკავშირებული საკითხი... ამრიგად, 1918 წელი 365-ის ნაცვლად 352 დღისგან შედგებოდა. ლენინის რეფორმა რომის პაპის - გრიგოლ მე-13-ს კალენდარს დაეფუძნა, რომელიც იმ დროისათვის, რამდენიმე ქვეყნის გამოკლებით, მთელ მსოფლიოში გამოიყენებოდა. სახალხო კომისართა საბჭოს დადგენილებაში ეს გადაწყვეტილება განმარტებული იყო კიდევ, როგორც აუცილებელი ნაბიჯი, „რათა გაერთიანებულიყვნენ მსოფლიოს ყველა კულტურულ ქვეყანასთან“.

პირველად გრიგორიანულ კალენდარზე, 1582-84 წლებში, ესპანეთი, იტალია, პორტუგალია, ლიეტუვა, პოლონეთი და ავსტრია გადავიდა. ინგლისი - დიდი ხნის დაგვიანებით, 1752 წელს შეუერთდა მათ, იაპონია - 1873 წელს, ჩინეთი - 1911 წელს, ხოლო ბულგარეთი - 1916 წელს.

მხოლოდ რუსეთი, საქართველო, რუმინეთი, სერბეთი, საბერძნეთი და კიდევ რამდენიმე სახელმწიფო მისდევდა ძველ სტილს. ლენინის დეკრეტის შემდეგ ამიერკავკასიის რესპუბლიკები, და მათთან ერთად საქართველოც, 1918 წლის 1 მაისს გადავიდა ახალ სტილზე, 1923 წლისთვის კი კალენდრის ახალი სტილი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, ყველგან შემოიღეს. 1924-1928 წლებში, ჩვენს შემდეგ, ახალ სტილზე გადავიდა რუმინეთი, იუგოსლავია, საბერძნეთი, თურქეთი და ეგვიპტე.

რას გულისხმობდა კონკრეტულად „ახალი სტილი“?! დედამიწა მზეს ერთ წელიწადში შემოუვლის გარშემო, ხოლო საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნავს ერთი დღე-ღამის განმავლობაში. ამდენად, წელიწადში არის 365 ¼ დღე-ღამე. თუმცა, მეოთხედი დღე-ღამის გამოანგარიშება ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალზე მოუხერხებელია. ჩვენ წელთაღრიცხვამდე 46 წელს იულიუს კეისარმა ეგვიპტელი ასტრონომის - სოზიგენის მიერ დამუშავებული კალენდარი შემოიღო, რომელშიც 365 დღე-ღამე იყო, ხოლო ყოველ მეოთხე წელს კი - 366. ამას ეწოდებოდა „იულიონური სტილი“, რომელიც ყველა ქვეყანაში გავრცელდა.

მაგრამ წარმართული რომაული კალენდრის „იულიუსის სტილის“ წელიწადი საშუალოდ 0, 078 დღით უფრო გრძელი გამოდიოდა, ვიდრე მზის წელიწადი. ამიტომ ყოველი 128 წლის განმავლობაში კალენდარი მზის წელს ერთი დღით ჩამორჩებოდა. დროთა განმავლობაში ეს ჩამორჩენა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის გამოც რომის პაპმა გრიგოლ მე-13-მ კალენდრის რეფორმა ჩაატარა და იულიუსის კალენდარი ჩაასწორა: არსებულ დღეთა აღრიცხვას მიუმატა ჩამორჩენილი დღეების რიცხვი და 1582 წელს, 4 ოქტომბრის შემდეგ პირდაპირ 15 ოქტომბერი დადგა. ამ კალენდარს „გრიგორიანული“ ან „ახალი სტილის“ კალენდარი დაერქვა.

თუმცა კალენდართან დაკავშირებული საბჭოთა კავშირის კულტურული რევოლუცია ამით არ დამთავრებულა და 1929 წელს სტალინმა უფრო რადიკალური რეფორმა განახორციელა. შეიმუშავა ახალი კალენდრის პროექტი ხუთდღიანი კვირით, ნაცვლად შვიდდღიანისა, სადაც ოთხი სამუშაო დღე და ერთი უქმე იყო. ყოველი თვე ზუსტად 30 დღისგან შედგებოდა. წლის მთელ კალენდარში 360 დღე იყო და 5 ურიცხვო დამატებითი დღე - ერთი ლენინის ხსოვნის აღსანიშნავი, ორი საპირველმაისო დღესასწაულის და ორიც - დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციისადმი მიძღვნილი. ნაკიან წელიწადს კიდევ ერთი ურიცხვო დღე ემატებოდა ახალი წლის წინადღით.

სტალინმა ხუთდღიანი და ექვსდღიანი კვირის შემოღებით კიდევ უფრო გააუმჯობესა ახალი კალენდარი და მარტივად გადაწყვიტა საუკუნეების მანძილზე გადაუჭრელი ამოცანა მუდმივი და ერთიანი კალენდრის შექმნისა, ყოველი წლისთვის. მსოფლიო კალენდრის ეს პროექტი მრავალმა ქვეყანამ მოიწონა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა რეფორმა არ მიიღეს.

სტალინის ეს უნივერსალური კალენდარი პირველი არ ყოფილა. მსგავსი კალენდარი 5000 წლის წინათ ჰქონდათ ეგვიპტელებს, რომელიც ყველაზე სრულყოფილი იყო და ასევე - ფრანგებსაც, საფრანგეთის რევოლუციის დროს. საფრანგეთის რევოლუციის დროინდელმა კალენდარმა, რომელიც 1793 წლის 22 სექტემბერს შევიდა ძალაში, მხოლოდ 12 წელი იარსება. მასში 30 დღე და სამი დეკადა უნდა ყოფილიყო და წელიწადი მარტში უნდა დაწყებულიყო, როგორც ეს ეგვიპტეში იყო. წელიწადს დამატებული ჰქონდა 5 სადღესასწაულო დღე (ნაკიან წელიწადს 6), რომლებიც სიყვარულს, ქორწინებას, მადლობას, მეგობრობას და დიდ ადამიანებს მიეძღვნებოდა. 1806 წელს ნაპოლეონ პირველმა ეს კალენდარი გააუქმა.

მთელი ისტორიის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი კალენდარი შედგენილი ჰქონდა უდიდეს სპარსელ პოეტს ომარ ხაიამს. თუ ეგვიპტელების კალენდარში 365 დღე იყო და მზის გარშემო დედამიწის ბრუნვას 5 საათით, 48 წუთით და 46 წამით ჩამორჩებოდა - იულიუსის კალენდარი, პირიქით, 11 წუთით და 14 წამით უსწრებდა მზის წელიწადს, რამაც, როგორც აღვნიშნეთ, ახალი სტილის რეფორმა განაპირობა. ყოველ 128 წელიწადში გროვდებოდა ზედმეტი დღე-ღამე, რის გამოც დღესასწაულები არასწორად აღინიშნებოდა. მაგრამ რეფორმის შემდეგაც გრიგორიანულ კალენდარშიც 26 წამი ზედმეტი მოდიოდა. ომარ ხაიამის კალენდრის წელიწადი კი მხოლოდ 19 წამით იყო გრძელი მზის წელიწადზე. ამ კალენდრის საშუალებით მუსლიმანების ნოვრუზის დღესასწაული მხოლოდ 56-ე საუკუნეში დასცილდება გაზაფხულის დღეღამსწორობას - 21 მარტს.

ძველ სტილში განსაკუთრებულ სირთულეს ხომ სწორედ გაზაფხულის დღეღამსწორობის დღის გადანაცვლება ქმნიდა, რომლის მიხედვითაც გამოიანგარიშება რელიგიური დღესასწაულები. 1864 წელს გერმანელმა ასტრონომმა იოჰან მედლერმა კი შეიმუშავა კალენდარი, რომელიც სულ 1 წამით ჩამორჩებოდა მზის წელიწადს.

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ კალენდარი, ისევე როგორც სხვა ბევრი რამ, პირობითია. როდესაც ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გაზაფხულია, იმ დროს სამხრეთ ნახევარსფეროში შემოდგომის სეზონია და ბუნების გამოღვიძებასთან დაკავშირებულ რაიმე დღესასწაულებზე ლაპარაკი მოუხერხებელი ხდება. კალენდრის, ზოგადად, ასეთი პირობითი ხასიათის გათვალისწინებით უნდა ყოფილიყო, რომ ლენინისეულ კალენდარში უქმეებად დაეტოვებინათ რელიგიური დღესასწაულები - შობა, აღდგომა, ხარება, ამაღლება, ფერიცვალება და მიძინება, თუმცა - არა როგორც სადღესასწაულო დღეები.