"პუტინს მიაჩნია, რომ სპონტანური საპროტესტო გამოსვლები მის სამეზობლოში, შეიძლება მაგალითი გახდეს რუსი ხალხისთვის და საფრთხე შეექმნას მის მმართველობას"
ყაზახეთში საწვავის ფასის გამო დაწყებულ საპროტესტო აქციებს მთავრობის გადადგომა მოჰყვა. პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად მან ალიხან სმილოვი დაასახელა, მანამდე ცენტრალური აზიის უდიდეს ქალაქ ალმათში და დასავლეთ მანგისტაუს პროვინციაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საგანგებო მდგომარეობა საპროტესტო აქციების გამწვავებას მოჰყვა. ნავთობით მდიდარი ქვეყნის მთავრობამ სამშაბათს თხევადი ბუნებრივი აირის ფასის მატების შესახებ განცხადება გაავრცელა, რამაც მანგისტაუს რეგიონში, შემდეგ კი - მთელი ქვეყნის მასშტაბით, საპროტესტო აქციები გამოიწვია. გახდება თუ არა ყაზახეთი მაგალითი რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის, რა გამოწვევის წინაშე აყენებს რუსეთს სამეზობლოში დაწყებული საპროტესტო აქციები და რა შეიძლება დაუპირისპიროს ამ ყოველივეს? ამის შესახებ ანალიტიკოსი ზურა ბატიაშვილი გვესაუბრება:
- მიუხედავად იმისა, რომ ყაზახეთში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი საკმაოდ მაღალია, ხალხს მობეზრდა კორუფცია, განუკითხაობა და ერთპიროვნული მმართველობა. საწვავის ფასის ზრდა იყო ერთგვარი კატალიზატორი, რომელმაც სიტუაციის აფეთქება გამოიწვია.
- თქვენი ვერსიით, ყახაზეთში მთავრობის გადადგომა ფასადური ცვლილებაა თუ რეალურად შეიცვალა მმართველი გუნდი?
- კი ბატონო, ყველაფერი რაც მოხდა ფასადურ ცვლილებას უფრო ჰგავს, ვიდრე - რეალურს, თუმცა ხალხის რეაქციაც შესაბამისია. ქუჩაში გამოსული ხალხი მთავრობის გადაყენების შემდეგ არ დაშოშმინებულა. უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას რომ „მადა ჭამაში მოუვიდათ“, ნახეს, რომ ხელისუფლება შეშინებულია და კიდევ უფრო მეტს ითხოვენ.
- რა შეიძლება იყოს ეს მეტი, რა კონკრეტული მოთხოვნები აქვს ახლა ქუჩაში გამოსულ ხალხს?
- ვინაიდან ხალხი ქუჩაში სპონტანურად, ლიდერის გარეშე გამოვიდა, მათ არ აქვთ ჩამოყალიბებული მოთხოვნები. ნაწილი - ვადამდელ არჩევნებს ითხოვს, ნაწილი კი მოითხოვს, უპირობოდ წავიდეს ხელისუფლებაში მყოფი ყველა ძალა, რომელიც ყაზახეთს უკვე ათწლეულების განმავლობაში მართავს.
- ლიდერის გარეშე, ქუჩაში სპონტანურად გამოსვლა, თავის მხრივ, საინტერესო ფაქტია. რამდენად შესაძლებელია, ყაზახეთის მაგალითი გადამდები იყოს რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის?
- რეალურად ეს ყველგან შეიძლება მოხდეს, სადაც არ არსებობს დემოკრატია, მძვინვარებს კორუფცია და ხალხს არჩევნებზე საკუთარი ნების გამოხატვის საშუალება არ აქვს. ნებისმიერ დიქტატორულ, ავტორიტარულ სახელმწიფოში შეიძლება ერთ დღეს სიტუაცია, უბრალოდ, აფეთქდეს. ასეთი აფეთქების, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეშინია რუსეთის ხელისუფლებას. პუტინს მიაჩნია, რომ სპონტანური საპროტესტო გამოსვლები მის სამეზობლოში, იქნება ეს ბელარუსში, უკრაინასა თუ ყაზახეთში, შეიძლება მაგალითი გახდეს რუსი ხალხისთვის და საფრთხე შეექმნას მის მმართველობას. ამიტომ პროკრემლური მედიასაშუალებები აქტიურად ავრცელებენ მოსაზრებას იმის შესახებ, თითქოს ყაზახეთში განვითარებულ პროცესებში ჩარეულნი არიან უცხო ქვეყნები, განსაკუთრებით - ამერიკის შეერთებული შტატები. ზოგიერთი მათგანი ამ ყველაფერში უკრაინის ხელს ხედავს. ვერსიები ბევრი აქვთ, თუმცა რეალობა არის ის, რომ ხალხი სპონტანურად გამოვიდა ქუჩაში.
- რა შეიძლება დაუპირისპიროს მოსკოვმა ამ ყველაფერს, პროპაგანდის პარალელურად?
- ჯერჯერობით კონკრეტულს არაფერს ველი. ზოგადად, რუსეთს აქვს თავისი მიზნები და იდეები ყაზახეთთან დაკავშირებით, კრემლის სურვილია, ყაზახეთი იყოს ევრაზიის შემადგენელი ნაწილი და დარჩეს მისი გავლენის სფეროდ. შესაბამისად, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ დამთავრდება პროცესი ყაზახეთში. თუ იქ პროდასავლური, დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი ძალა მოვა ხელისუფლებაში და პუტინი დაინახავს, რომ ყაზახეთი ხელიდან ეცლება, იმავე გეგმას განახორციელებს, რაც უკვე განახორციელა უკრაინაში - აამოქმედებს ე.წ. „რუსული მიწების შემოკრების გეგმას“ და ამისთვის ყაზახეთის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებ ეთნიკურ რუსებს გამოიყენებს.
ხათუნა ბახტურიძე
(სპეციალურად საიტისთვის)