"რუსთაველის თეატრში ისეთი შოკია, ყველა თავის კუთხეში ტირის... ნიკამ გუშინ ისეთი ტექსტები მოგვწერა ჯგუფში..." - რას ჰყვებიან ნიკა ქაცარიძის მეგობრები - კვირის პალიტრა

"რუსთაველის თეატრში ისეთი შოკია, ყველა თავის კუთხეში ტირის... ნიკამ გუშინ ისეთი ტექსტები მოგვწერა ჯგუფში..." - რას ჰყვებიან ნიკა ქაცარიძის მეგობრები

5 იანვრის დილას, მსახიობი ნიკა ქაცარიძე 43 წლის ასაკში, გულის შეტევით, საკუთარ სახლში გარდაიცვალა... მას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა, მეუღლე, დედა, და... რომელთა შესახებაც ნიკა ხშირად აქვეყნებდა პოსტებს სოციალურ ქსელში და მისი იუმორის წყალობით, მათ საზოგადოებასაც თავისებური კუთხით აცნობდა. მოსიყვარულე მამა, მეუღლე, შვილი, მეგობარი, საკუთარ საქმეზე შეყვარებული ადამიანი - ასე ახასიათებენ ნიკა ქაცარიძეს რუსთაველის თეატრის მსახიობები, მისი მეგობრები.

იგი 2005 წლიდან მუშაობდა რუსთაველის თეატრში, სადაც ბევრი საინტერესო სახე განასახიერა და თავისი პერსონაჟებით, მაყურებელს პოპულარული სატელევიზიო სერიალებიდანაც დაამახსოვრა თავი... ნიკას მოულოდნელმა გარდაცვალებამ უამრავ ადამიანს დასწყვიტა გული...

ნიკას kvirispalitra.ge-სთან მისი კოლეგები და მეგობრები - ბექა სონღულაშვილი და მანანა აბრამიშვილი იხსენებენ...

ბექა სონღულაშვილი:

- ნიკა გუშინ თეატრშიც ვნახეთ, ველაპარაკეთ, რეპეტიციაზე იყო და თავს კარგად გრძნობდა. ჩვეულებრივად იყო, როგორც ყველა, ნაახალწლევს, არაფერი განსაკუთრებული. შესანიშნავი განწყობა ჰქონდა, იმედებით სავსე, პოზიტიურად, მხიარულად იყო და უხაროდა, რომ ახალ სპექტაკლზე მუშაობდა.

ამ ამბავმა ყველა შოკში ჩაგვაგდო, ვერ ვხვდებით, რა მოხდა...

ნიკუშა უნიჭიერესი არტისტი იყო, მაგარი მეგობარი და ის ძალიან დააკლდება საქართველოს, თეატრს და თითოეულ მეგობარს, ამ ტკივილით ვიცხოვრებთ მთელი ცხოვრება. ახლა ჰქონდა ყველაზე მაგარი პერიოდი, რომ თავისი მაქსიმუმი გაეკეთებინა და ასე უცბად გაქრა...

გოგა თავაძე დგამს ახალ სპექტაკლს, ნიკუშას მასთან ჰქონდა რეპეტიციები, მე კი - რობერტ სტურუასთან. ბედნიერი იყო, მთელი შემართებით მუშაობდა, არა მხოლოდ თეატრში ყოფნისას, მერეც, სახლშიც რომ მიდიოდა, ცხოვრებაშიც შინაგანად სულ სამუშაო პროცესში იყო.

qacaridze-1-5-1641389612.jpg

- ნიკას კარგი იუმორის გრძნობა ჰქონდა, ეს მის „ფეისბუქ“-პოსტებზეც აისახებოდა ხოლმე, მეგობრების გარემოცვაში როგორი იყო?

- მე ხომ ვიცნობ ნიკუშას, კეთილი, უბოროტო ადამიანი იყო, თუ ვინმესგან რამე ეწყინებოდა, საკუთარ თავში გადახარშავდა და საზოგადოებას ამით არ შეაწუხებდა. თავისთვის ღადაობდა ხოლმე „ფეისბუქზე“.

უკეთილშობილესი ბიჭი იყო, დიდი გულის პატრონი. ყველაზე მეტად ახლა იმას ვნერვიულობ, რომ შვილებმა როგორ უნდა გაიგონ, რა მაგრად უყვარდა ისინი ნიკუშას. საოცრად დიდი სიყვარული ჰქონდა შვილების, მეუღლის, დედის, დის, მეგობრების, ყველასი.

qacaraaa-1641391212.jpg

გუშინ ისეთი ტექსტები მოგვწერა ჯგუფში... მადლობელი ვარ ღმერთისო, რომ ამ თეატრში ვარ, რობერტ სტურუაა რეჟისორი და თქვენ რომ მყავხართ, მეგობრებიო... ეს სიტყვები ადრეც ხშირად უთქვამს, მაგრამ გუშინ რატომ მოგვწერა, არ ვიცი... გვეუბნებოდა ხოლმე, უბრალოდ გააანალიზეთ, რომელ თეატრში ხართ, ვის გვერდით და ამით როგორ არ უნდა იყო ბედნიერი, როცა ამხელა ხალხთან გაქვს ურთიერთობაო.

ნიკა მაგარ საჭმელებს აკეთებდა, ხშირად ვქეიფობდით ხოლმე, ახლაც ვაპირებდით...

რუსთაველის თეატრში რომ შემოიხედოთ, ისეთი შოკია... ყველა თავის კუთხეში ტირის...

nikusha-1641389700.jpg

მანანა აბრამიშვილი:

- ნიკუშა ძალიან ჯანმრთელი ადამიანი იყო, არაფერი აწუხებდა. გარდაცვალების ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად, თრომბს ასახელებენ. არ ვიცი, ვერაფერს ვიტყვი... ეს ამბავი რომ გავიგე, რაღა ნიკა-მეთქი, ვთქვი, ვერ წარმომიდგენია მისი სიკვდილი, ვერ ვეგუები...

qacaridze-4-1641389303.jpg

მე ახლა ბათუმში ვარ, აქ გავიგე ეს ამბავი და უნდა წამოვიდე. გუშინ რომ დავრეკე, თეატრში ყოფილა მთელი დღე, რეპეტიციაზე. ნიკუშა ყოველთვის მოსიყვარულე, დადებითი ადამიანი იყო, მისგან წყენა არავის ახსოვს და ენაკვიმატობის გამო, თუ ვინმეს რამეს ეტყოდა, მერე, დაგირეკავდა და საათობით გელაპარაკებოდა, რომ რამე წყენა არ დაგრჩენოდა. გუშინ განსაკუთრებულად თბილი და მხიარული ყოფილა, ყველას გვეფერებოდა და გვეხუტებოდაო. ძალიან ყურადღებიანი იყო, არ არსებობდა, რამე დღესასწაული გამორჩენოდა და არ მოელოცა. ჩვენ იმერეთიდან ვართ წარმოშობით, ორივე და განსაკუთრებულად ახლო ურთიერთობა გვქონდა, თითქმის ყოველდღე მწერდა, სულ მეუბნებოდა, რა კარგია, თეატრში რომ მყავხარო. ყველაზე თბილი, ყველაზე „შენიანი“, ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მათ შორის, ვინც კი რობიკომ თეატრში მიიღო. იუმორით სავსე ბიჭი, განსაკუთრებულად შეყვარებული მეგობრებზე, ოჯახზე, თავის საქმეზე. ბოლო პრემიერა ერთად ვითამაშეთ - რობერტ სტურუას „ერთხელ მხოლოდ“, 9 იანვარს უნდა გვეთამაშა კიდევ. ისე უხაროდა, პანდემიის მერე, ისევ სპექტაკლები დაგვეწყო და ნელ-ნელა ვაქტიურდებით, ისევ იწყება თეატრში სიცოცხლეო.

ბოლოს, პირველ იანვარს ველაპარაკე, ახალი წელი მივულოცეთ ერთმანეთს... წარმოუდგენლად ცუდი შეგრძნებაა, რომ ნიკუშა ჩვენ გვერდით ვეღარ იქნება...

თამთა დადეშელი (სპეციალურად საიტისთვის)

ასევე დაგაინტერესებთ:

"სასწრაფო დახმარებაც იყო მისული, თუმცა..." - მსახიობი ნიკა ქაცარიძე 43 წლის ასაკში გარდაიცვალა

"მხოლოდ ამიტომ ღირს ცხოვრება" - რა ვიდეო გამოაქვეყნა პირველ იანვარს ნიკა ქაცარიძემ

"არ ვარ ტაშის მსახიობი. მეტ-ნაკლებად პატიოსნად ვაკეთებ ჩემს საქმეს და თუ დამიკრავენ ტაშს, კარგია" - რას ჰყვებოდა ნიკა ქაცარიძე ერთ-ერთ ინტერვიუში