ყაზახეთში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს
ყაზახეთის ხელისუფლებამ მასობრივი არეულობის ფონზე ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ Sputnik-ი იტყობინება.
მანამდე საგანგებო მდგომარეობა ალმათში და მანგისტაუში მოქმედებდა.
მედიის ინფორმაციით, ღონისძიება ითვალისწინებს კომენდანტის საათს 07:00 საათიდან 23:00 საათამდე, მასობრივი ღონისძიებებისა და გაფიცვების აკრძალვას, იარაღის, საბრძოლო მასალისა და ალკოჰოლის რეალიზაციის აკრძალვას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვა კი გაძლიერებულია.
ყაზახეთის ხელისუფლებამ 4 იანვარს თხევადი აირის ფასის მნიშვნელოვანი ზრდის შესახებ განაცხადა, რასაც ჯერ მანგისტაუს რეგიონში, შემდეგ კი მთელ ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა. მასშტაბური დემონსტრაციების ფონზე ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი. ამის მიუხედავად საპროტესტო აქციები ქვეყანაში კვლავ გრძელდება.
"ინტერპრესნიუსი"