"ვერც სააკაშვილი გამოიყვანს ასი ათას ახალ მიშმორწმუნეს, ვერც ბიძინას გააქცევენ" - მიშმშილობა, ანუ რით უნდა გავიხაროთ? - კვირის პალიტრა

"ვერც სააკაშვილი გამოიყვანს ასი ათას ახალ მიშმორწმუნეს, ვერც ბიძინას გააქცევენ" - მიშმშილობა, ანუ რით უნდა გავიხაროთ?

მიშმშილობა, ანუ რით უნდა გავიხაროთ?

საახალწლო მილოცვაში პრეზიდენტმა ილიასეული სიტყვების გამეორებით გამოიჩინა თავი, - "რა გითხრათ, რით გაგახაროთო", - და მოკლედ მოგვახსენა, რომ შურსა და ბოღმაში ვართ ჩაძირულები, მოკლევადიანი მიზნების გამო გრძელვადიანი პერსპექტივა და სახელმწიფო დაგვავიწყდა, არავინ იცის, როდის აღმოვჩნდებით უფსკრულის ფსკერზე და ეროვნული თანხმობის გზა თუ არ მოვძებნეთ, ცუდად გვაქვს საქმეო.

ქალბატონო პრეზიდენტო, ცუდად რომ გვაქვს საქმე, ეგ კარგა ხანია, ვიცით და ვხედავთ, გამოსავლის გზებია საძებნი, ოღონდ ნუ გვეტყვით იმას, რომ "ნაცქოცთა" შერიგება-თანხმობა მოაგვარებს ყველაფერს. ეგენი კარგა ხანია, მორიგებული არიან და ჩვენ, უბრალო ხალხს, არ გვინდა დავიჯეროთ, რომ "ვინც ჩვენზე ცუდი რამე თქვას, გული გაუპოს დანამა" იმღერეს ერთად, ძმადნაფიცობის "პონტში".

თუ გადავხედავთ ამჟამინდელ პოლიტიკოსთა გამოხდომებს, ყველაზე ადეკვატურები თამარა ჩერგოლეიშვილი და "გირჩები" არიან: ეგენი ამბობენ, ვერც სააკაშვილი გამოიყვანს ასი ათას ახალ მიშმორწმუნეს, ვერც ბიძინას გააქცევენ და, თქვენ წარმოიდგინეთ, მიშა დიდხანს იქნება ციხეშიო. ეგ კი არა და, ისიც კი მოგვახალა თამარამ, მიშა არანაირი აღმაშენებელი, ზეიდეა და მესია არაა, მოდით აზრზეო!.. ეგ მეც ვიცი, მაგრამ იმ ხალხისა რა გითხრათ, მესამე პრეზიდენტის სიტყვაზე ხან შიმშილს რომ იწყებს, ხანაც - ჭამას. მიშას რა უჭირს: უნებს - იშიმშილებს, უნებს - ძვირად ღირებულ რამეებს შეჭამს. და აქვე დავძენ - არავინ ისე კარგად არ თამაშობს "ქართული ოცნების" თამაშს, როგორც სააკაშვილი. მიშას გასტრონომიისა და სხვა ამბებით ისე ვართ გართული, ვერც ვატყობთ, როგორ ავარდა ფასები მედიკამენტებზე, საკვებსა და ენერგომატარებლებზე (განსაკუთრებით მაინტერესებს იმ ლარიანების საკითხი, "ოცნების" მოსვლამდე რომ მიდიოდა საწვავის ფასიდან მიშასთან, ახლა სად მიდის?!). შიგადაშიგ სხვა პოლიტიკოსებიც გვახალისებენ და კი მიდის ეს დრო-ჟამი.

ამას წინათ ელისო კილაძესა და თაკო ჩარკვიანს რომელიღაც ეთერში უჩხუბიათ და ათასობით ნახვა მოუპოვებია ამ ძიძგილაობას. ხალხო! რატომ დარდობთ?! რას აკეთებენ? რას გააკეთებენ?!. ის იგავური არაკი მახსენდება, მარტში საკვების მარაგგამოლეულმა მეცხვარემ გუდაში რომ ჩასვა კატა და დამშეულ ცხვრებს აყურებინებდა, როგორ ფაფხურობდა გამწარებული ციცაი და მინდვრის ამწვანებამდე ამით შეიქცია პირუტყვი კაცმა. ეჰ, ახლა სიძულვილის ენად ჩამეთვლება, თორემ მოგახსენებდით, "მეცხვარე" ისევ გონიერია, ხალხი ცხვარია და გუდაში ჩაგდებული კატა კი არა, კატები გვყავს ბლომად... ბარემ თავსაც დავიზღვევ და ვიტყვი, რომ ეს "ენა" ეზოპესია, ანუ იგავური და არა - სიძულვილის!

აქვე დავამატებ: ვფიქრობ, "ცხვრის" რაოდენობაც შემცირდება ამ აურზაურისა და წესების დაუცველობის გამო. ნორვეგიამ რომ აკრძალა სტუმრების მიმოსვლა, ნიდერლანდებში კიდევ ლოკდაუნია გამოცხადებული და ამ დროს ჩვენ დაკა დოლი, გაწელე გარმონი აგვიტყდა ქალაქების ცენტრში, მერე გვიკვირს "კოვიდის ნამკელი"! ცოტა სახალისო რამეც მინდოდა დამეწერა, მაგრამ რა გვეხალისება, როცა "ომიკრონიზაცია" დაიწყო ქვეყანაში?! მსუბუქი ვერსიაა ეგ ვირუსისო, რომ გვეუბნებიან, ერთი იმერლის სიტყვებს მახსენებს, სოკოთი მოწამვლის შემდეგ: "არყა იყო, ნიყვი იყო, მე ქე მამკლა, რაცხა იყო", ანუ მსუბუქი თუ "მძიმე" შტამი მოგვიღებს ბოლოს, აქვს მაგას მნიშვნელობა?! თავდაცვიდან წამოსული ახალი ჯანდაცვის მინისტრის იმედი გვქონდეს ამ ჩვენი უთავბოლო საქციელების გადამკიდეთ? რა ვიცი, კოლხი მედეა, ზაზა ფანასკერტელი ან ჰიპოკრატე რომ დაენიშნათ მანდ, მაინც არ იქნებოდა იოლი... მინისტრების ცვლა თუ არა, ცაგარელის ასტრორჩევა გვიშველის, "ბელტა ორლარიანები" უნდა მოვაგროვოთ თუ რაღაც ამგვარი!

P.S. საახალწლო მილოცვაში პრეზიდენტმა რომ ახსენა ილიას სიტყვები, რა გითხრათ, რით გაგახაროთო, ეგ რა საკითხავი იყო? გასახარებელი როგორ არ გვაქვს?! მიშამ მოუწოდა თავის მომხრეებს, ახლავე შეწყვიტეთ შიმშილობა, თორემ მე დავიწყებო! აი, ასეთი ვიცი მე ლიდერი! შიმშილითა შიმშილობისა დამმარცხებელი და ნაცმოძრაობასაშინაჭამა-სმისმიმნიჭებელი! ოღონდ ეს შიმშილობა სრულიად სხვაგვარია და მიშმშილობა ჰქვია!