The New York Times - „ყაზახეთში უწესრიგობებს რუსეთის „მოკავშირე ქვეყნების“ სამხედროები აღკვეთენ“
ამერიკული გაზეთის - „ნიუ-იორკ თაიმსის“ (The new York Times) 6 იანვრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „ყაზახეთში უწესრიგობებს რუსეთის „მოკავშირე ქვეყნების“ სამხედროები აღკვეთენ“ (ავტორი - ვალერია ჰოპკინსი), რომელშიც ცენტრალური აზიის სახელმწიფოში შექმნილი ვითარებაა განხილული.
არეულობის შედეგები: ვინ არის დამნაშავე?
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ყველაზე მეტად მასობრივი არეულობებით ყოფილი დედაქალაქი - ალმათი დაზარალდა, სადაც ანტისამთავრობო გამოსვლების მონაწილეებმა გადაწვეს სახელმწიფო სტრუქტურების - მერიის, პროკურატურის, პოლიციის, უშიშროების კომიტეტის შენობები, გაძარცვეს და ცეცხლს მისცეს ტელეკომპანიების ოფისები, დაარბიეს მაღაზიები, ბანკები, დაიკავეს აეროპორტი და მისი ინფრასტრუქტურა, ფაქტობრივად, გაანადგურეს. იმავდროულად, სტატიაში ნათქვამია, რომ არეულობების მიზეზი მეტწილად თვითონ ყაზახეთის ხელისუფლებაა, რომელიც ავტორიტარულია და რეფორმების გატარება არ სურს.
ყაზახეთი თავისი 19-მილიონიანი მოსახლეობით, რა თქმა უნდა, ცენტრალური აზიის ყველაზე მდიდარ ქვეყნად ითვლება, სადაც მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) რაოდენობა ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში 27 ათას დოლარამდეა, ხოლო სავალუტო რეზერვები - 35 მილიარდი დოლარი აქვს. და მაინც, ასეთი ქვეყანა ორ-სამ დღეში ქაოსში ჩაიძირა.
რუსეთის ინტერესები
„ვლადიმერ პუტინი იძულებული გახდა, მოწმე ყოფილიყო მორიგი აჯანყებისა იმ ავტორიტარული ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელსაც მხარს კრემლი უჭერს. პირველად მსგავსი მოვლენა უკრაინაში, 2014 წელს მოხდა, როცა პრორუსულად განწყობილი ვ.იანუკოვიჩი დაამხეს, ხოლო მეორედ - ბელარუსში, 2020 წელს, როცა ასევე პრორუსი ა.ლუკაშენკო იმავე ბედს ძლივს გადაურჩა.
ყაზახეთის პროტესტები კრემლისათვის ერთგვარ გაფრთხილებას ნიშნავს. შეიძლება ითქვას, რომ ყაზახეთის მთავრობა რუსეთის მთავრობის შემცირებულ ასლს წარმოადგენს. უეჭველია, მოსკოვს არ სურს იმის დანახვა, თუ როგორ დაუთმობს ხელისუფლება ოპოზიციას და შემდეგ ქვეყნის ლიდერი რუსეთში გაიქცევა. ეს კრემლისთვის და რუსეთის მოსახლეობისათვის ცუდი მაგალითი იქნება. ყაზახეთში მიმდინარე არეულობები ძალიან უსიამოვნოა პირადად ვლადიმერ პუტინისათვის, რომელიც მომავალ კვირაში დასავლეთის ქვეყნების ლიდერებს უნდა შეხვდეს და ცივი ომის შემდგომ საერთაშორისო სიტუაციაზე იმსჯელოს. როგორც ცნობილია, რუსეთი, აღმოსავლეთ ევროპასთან ერთად, თავისი გავლენის ზონად ცენტრალურ აზიასაც მიიჩნევს და ის, რომ უეცრად ამ ზონაში ასეთი უკონტროლო მოვლენები ხდება, კრემლისათვის დასავლეთთან მოლაპარაკების დროს ძალიან ცუდ ფონს წარმოადგენს“, - წერს ავტორი.
აშშ-ის ინტერესები
როგორც ავტორი წერს, ყაზახეთში მიმდინარე დრამატულ მოვლენებს მნიშვნელობა აქვს აშშ-სთვისაც: ყაზახეთში ამერიკას დიდი ენერგეტიკული ინტერესები აქვს. კომპანიებმა „ექსონ მობაილმა“ და „შევრონმა“ ათობით მილიარდი დოლარი ჩადეს ყაზახეთის ნავთობ-გაზის საბადოების ათვისებაში - სწორედ იმ რაიონში, სადაც ანტისამთავრობო პროტესტები დაიწყო. „ყაზახეთი, რომელსაც მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა რუსეთთან, აშშ-ის მიმართაც იმავე სიმპათიებს ამჟღავნებდა. ქვეყნის მთავრობა ამერიკულ ინვესტიციებს რუსეთის გავლენის საპირწონედ ხედავდა, თუმცა, თავის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატები საკმაოდ კრიტიკულად უდგებოდა ყაზახეთის მმართველ სისტემას და მას ისეთივე ავტორიტარულად მიიჩნევდა, როგორც ბელარუსში და რუსეთშია.
ОДКБ-ის საბჭო ყაზახეთის თხოვნას აკმაყოფილებს
სტატიაში ყურადღება აქვს დათმობილი პრეზიდენტ ყასიმჟომართ თოყაევის სატელეფონო საუბრებს ОДКБ-ის წევრი სახელმწიფოების ლიდერებთან - ვლადიმერ პუტინთან და ალექსანდრე ლუკაშენკოსთან და მის თხოვნას, სამხედრო დახმარების გაწევის თაობაზე - ყაზახეთის, როგორც ОДКБ-ის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე სამშვიდობო კონტინგენტის შეყვანის სახით. პრეზიდენტი ყასიმჟომართ თოყაევი თვლის, რომ ყაზახეთი საგარეო საფრთხის - საერთაშორისო ტერორისტული ძალების ზემოქმედების ქვეშ მოექცა, რის შედეგადაც მოხდა ქვეყნის შიდა სიტუაციის დესტაბილიზება და ამიტომ მისი თხოვნა სრულიად შეესაბამება ОДКБ-ის წესდებას. ავტორი ასევე წერს, რომ ამჟამად კრემლს თავისი „მშვიდობისმყოფლები“ ჰყავს მოლდოვაში (დნესტრისპირეთში), მთიან ყარაბაღში, მხარს უჭერს დონბასელ სეპარატისტებს და ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი, აფხაზეთისა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ სახით. (წყარო)
მოამზადა სიმონ კილაძემ