პუტინი ყაზახეთის „შესანარჩუნებლად“ რუს სამხედროებს აგზავნის... - კვირის პალიტრა

პუტინი ყაზახეთის „შესანარჩუნებლად“ რუს სამხედროებს აგზავნის...

პუტინი ყაზახეთის „შესანარჩუნებლად“ რუს სამხედროებს აგზავნის...

5-6 იანვრის ღამეს ყაზახეთის რამდენიმე დიდ ქალაქში და მათ შორის - ალმათში ნამდვილი ქუჩის ბრძოლები გაიმართა ავტომატური იარაღის გამოყენებით, რაც უკვე გამორიცხავს „მშვიდობიანი რევოლუციის“ ფაქტორს, რადგან როდესაც ოპოზიცია ხელში „კალაშნიკოვს“ იღებს არსებული, რაგინდ კორუმპირებული ხელისუფლების დასამხობადაც კი, ეს უკვე შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაა და არა - მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვა...

ყაზახეთში მოსახლეობის მასობრივი საპროტესტო გამოსვლების საბაბი (რაც მოროდიორობაშიც გადაიზარდა, ბანკების ოფისების ბულდოზერებით შენგრევის ფაქტების თანხლებით) ავტომანქანების გათხევადებული გაზის ერთი ლიტრის საფასურის ორჯერ, 60-დან 120 ტენგამდე გაზრდა გახდა, რაც ჩვენი ფულით 43-დან 85 თეთრამდე გაძვირების შესატყვისია (ისე, საქართველოში ასეთივე გათხევადებული გაზის ერთი ლიტრის ფასი 1,75-1,90 ლარს შეადგენს). ეს იყო მხოლოდ საბაბი, მაგრამ რეალური მიზეზები იმისა, რომ უზარმაზარი ყაზახეთის სახელმწიფო კინაღამ ერთ ღამეში ჩამოიშალა, ბევრია - როგორც ადგილობრივი, კლანური, ისე - გეოპოლიტიკური.

ამ სტატიის დაწერის მომენტისთვის, 6 იანვრის დილას, ალმათის ცენტრში ჯერ კიდევ სროლის ხმა ისმოდა, მაგრამ ყაზახური ქალაქების აეროპორტებისკენ უკვე მიფრინავდნენ რუსი მედესანტეებით სავსე რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავები...

122597737-gettyimages-promo-1641455740.jpg

„ო-დე-კა-ბემ“ ანუ „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ“, რომელშიც რუსეთისა და ყაზახეთის გარდა, სომხეთი, ბელარუსი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთიც შედიან, ერთ ღამეში ძალზე ოპრატიულად მიიღო გადაწყვეტილება, ყაზახეთის ხელისუფლების დასახმარებლად, პირველ ეტაპზე, არანაკლებ 3 600 რუსი, სომეხი და ტაჯიკი სამხედროს გადასასროლად.

გასაგებია, რომ „ო-დე-კა-ბეს“ „სამშვიდობო ძალების“ მთავარი კომპონენტი რუსი მედესანტეები გახდებიან, რითიც რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ეცდება, ყაზახეთის ხელისუფლებაში კრემლის დიდი გავლენა შეინარჩუნოს, რადგან რუსეთის ორბიტიდან ყაზახეთის გასვლა მოსკოვს უდიდეს პრობლემებს შეუქმნის.

ყაზახეთის ტერიტორიაზე ისედაც ფუნქციონირებს რუსული სამხედრო ბაზები და ობიექტები, სარი-შაგანის სამხედრო პოლიგონისა თუ ბაიკანურის კოსმოდრომის სახით, მაგრამ „ო-დე-კა-ბეს“ საფარქვეშ, ყაზახეთის მიწაზე ფეხმოკიდებული „ცისფერჩაფხუტიანი“ რუსი მედესანტეების ბლოკპოსტები კიდევ უფრო გაზრდიან მოსკოვის სამხედრო-პოლიტიკურ გავლენას შუა აზიის ამ მნიშვნელოვან პოსტსაბჭოთა ქვეყანაზე, ისევე, როგორც ეს თავის დროზე კრემლმა გააკეთა საქართველოს, მოლდოვას და ბოლოს - აზერბაიჯანის მიმართებაში ე.წ. სამშვიდობო ძალების შეყვანით.

პუტინისთვის იმ ყაზახეთზე გავლენის დაკარგვა, რომელთანაც რუსეთს ყველაზე დიდი, 7,5 ათას კმ-ზე მეტი სიგრძის სახმელეთო საზღვარი აქვს (რომელიც, სხვათა შორის, ასევე ყველაზე ნაკლებად კონტროლდება, რადგან თვალუწვდენელ სტეპებზეც გადის), სრულიად მიუღებელია და კრემლი ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს არ მოხდეს და ყაზახეთის სათავეში შეინარჩუნოს პრორუსული ძალა „უკვდავი“ ნაზარბაევის „მზის“ ჩასვენების შემდეგაც...

არადა, ყაზახეთის 19 მლნ მოქალაქიდან 4 მლნ-მდე ეთნიკურად რუსია, რაც მოსკოვს ყაზახეთში თავისი გეოპოლიტიკური ინტერესების კიდევ უფრო გაძლიერების კარგ საყრდენს აძლევს, თუმცა ამასთანავე კრემლს მოუწევს იმის გათვალისწინებაც, რომ ბოლო წლებში ყაზახებს შორის ძალიან გაიზარდა ანტირუსული განწყობილება...