"თითქოს ამ სიტყვებს ველოდი, გული ყელში მომებჯინა და ავტირდი..." - კვირის პალიტრა

"თითქოს ამ სიტყვებს ველოდი, გული ყელში მომებჯინა და ავტირდი..."

ჯგუფში - "ემიგრანტის დღიურები ამერიკიდან", გვერდის ერთ-ერთმა სულისჩამდგმელმა, ქალბატონმა მზია წულუკიძემ სპეციალურად ემიგრანტებისთვის კონკურსი დააანონსა და საქართველოდან სხვადასხვა ქვეყანაში გაფანტულ ადამიანებს მოტივაცია მისცა საიმისოდ, რომ თითოეულს საკუთარ სიხარულსა თუ სატკივარზე გულახდილად ესაუბრა...

გთავაზობთ ემიგრანტის წერილს (სტილი დაცულია)

ავტორი - მარინა ირემაშვილი:

"ამერიკა, ემიგრანტის ფიქრები.

თბილისის აეროპორტი: დარბაზში ხმაურია, ხალხი სხვადასხვა ქვეყანაში გასამგზავრებლად ემზადება. ოჯახები კი ჯგუფურად შემოკრებილან. ზოგი ხალისიანად ემშვიდობება მგზავრებს, ზოგნიც აცრემლებულან და არ ეთმობათ უცხო ქვეყანაში გასაშვებად თავიანთი ოჯახის წევრები. ვინ იცის, როდისღა დაუბრუნდებიან თავიანთ კერას...

დარბაზის ხმაურმა უსასრულობაში გადამიყვანა და ფიქრებში არეული, თვითმფრინავის ბილეთს ნერვიულად ხელში ვაწვალებ. გამოსავალს ვეძებ, გული ჩემს მიწაზე მრჩება. არ მეთმობა დასატოვებლად. წინ ჩემი კაცები, მეუღლე და შვილი დგანან უხმოდ, უმოძრაოდ, დაბნეულები და თითქოს გამოსავალი დაუკარგავთ, ხმას აღარ იღებენ, თითქოს სათქმელიც გამოელიათ. გამხნევება ვცადე, მაგრამ ძალა დაკარგულს, გული ყელში მებჯინება, ვიცი, ცრემლებს ვერ შევიკავებ და ისევ ვჩუმდები. თითქოს შვილი მიმიხვდაო უხმოდ მომიახლოვდა, გულში ჩამიკრა და ასე უძრავად და უსიტყვოდ ვიდექით. ბოლოს, სიჩუმე დაარღვია და ჩამჩურჩულა: დეე, ნუ ნერვიულობ, მე ყველაფერს შევძლებ უშენოდ, არაფერი გამიჭირდებაო.

beqa-1641671175.jpg

თითქოს ამ სიტყვებს ველოდი, გული ყელში მომებჯინა და ავტირდი... ვერ ვუმხელდი, რომ წასვლა არ მინდოდა და არც ოჯახი მეთმობოდა დასატოვებლად, მაგრამ ცოტა ძალა მომეცა და ვუპასუხე: თქვენი დარდი მიმყვება შვილო... როგორ შეძლებთ უჩემოდ ცხოვრებას?.. მაგრამ მე კიდევ სხვა დარდი და ფიქრები მაწვალებდა... მინდოდა, ამომეთქვა ჩემი დარდი და ისევ ვცადე სიტყვის გაგრძელება: შვილო, მე აქ ამ აეროპორტში, ამ მიწაზე ვტოვებ თქვენზე დარდს, ჩემს სიყვარულს, ჩემს ფიქრებს, ჩემს ტკივილს, ჩემი მშობლების საფლავებს, ჩემს ქალობას და დედობას, ჩემს ახალგაზრდობას, სიხარულს და ამერიკაში მივდივარ მხოლოდ ცარიელი, თვითმფრინავის ბილეთით, სრულიად უემოციო და გამოფიტული.

emigranti-2-1641671988.jpg

აეროპორტშივე გავითავისე ჩემი არჩევანი, შემდგომი წლების სიმარტოვისა და გული გამეყინა! ვცდილობ მხნედ შევხვდე მწარე რეალობას და იძულებით ღიმილით ვემშვიდობები, გულდამძიმებული ჩემებს. ამ ფიქრებში ჩაფლულმა უხმოდ დავაბიჯე ექსკალატორის კიბეს და სადღაც ფიქრებში ჩავიძირე. მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებს და საკუთარ თავს ვებრძვი: ეს ხომ ჩემი ოჯახის კეთილდღეობისთვის გადავწყვიტე და ჩემი შვილების ნათელი მომავლისთვის? ჩემი ფიქრები უცებ ცას შეუერთდა, თვითმფრინავმაც ფრთები ღრუბლებში გაშალა და გუგუნით ცას შეუერთდა.

marina-1641671463.jpg

ასე გაიარა ექვსმა წელმა. იყო მოწყენა, სევდა, სიმარტოვე იმედგაცრუება, და ღალატიც! იყო დაცემაც და წამოდგომა, იყო ცრემლებიც, მაგრამ საკუთარ თავს შემოვუძახებდი: შენ ხომ ძლიერი ხარ! არ დაეცე, ცხოვრება ბრძოლაა, არ დანებდე, ყველაფერი გამოგივა! შენ ბოლომდე უნდა გახვიდე! და მე ეს შევძელი სრულიად მარტომ, დამოუკიდებლად მოვედი დღემდე უცხო ქვეყანაში. ხანდახან ისეთი უცაბედი გადაწყვეტილებები მიმიღია, თვითონ შემშინებია, ალბათ ამ დროს სიმარტოვის, დამოუკიდებლობის ინსტიქტი იღვიძებს და შენს თავს ბრძოლას უცხადებ! დიახ, ზუსტად ამიტომ შეიქმნა ჯგუფები Facebook გვერდებზე და მე როგორც ჯგუფის ადმინი - "ქართველები ფილადელფიაში", ის რაც მე მაკლდა უცხო ქვეყანაში, სითბო, დარიგება თუ გზის გაკვლევა, ახალ ჩამოსულებს ჯგუფიდან შემოვუძახებდით და ვამხნევებდით. ️ყოველ დილას დღემდე სიკეთეს გავცემთ და ვაძლიერებთ ჯგუფის წევრებს! მესენჯერში ვერ წარმოიდგენთ დღემდე რა ხდება და რამდენი ადამიანების გზავნილია პირადში. ეს უკვე შიგნით ხდება, ადამიანებთან ურთიერთობა, ის რაც გარეთ არ უნდათ ღიად აღიარონ, თავიანთი გულიდან ამოსული დარდი და მეც სევდით მევსებოდა გული, მათი ისტორიების მოსმენით და ჩვენ სოციალურ ქსელში, არავის გასაგონად პირადში, ბევრი რამ მოგვიგვარებია.

emigranti-1641672050.jpg

ჯგუფის წევრებთან ურთიერთობისას საქართველოშიც ვაკვირდებოდით მათ მდგომარეობას და შემდეგ, მე პირადად, საშობაოდ ამოვირჩევდი რამდენიმე ოჯახს და გულს ვუთბობდი საშობაო საჩუქრებით თუ დახმარებით. ხანდახან გადავამეტებ ხოლმე და ოჯახი მკიცხავს ამის გამო, მაგრამ მე ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ მუდამ ქველმოქმედებას ვეწეოდი და ჩემი შვილიც დიდი ხანია ქველმოქმედია. ხშირად ხმამაღლაც მითქვამს, არ მინდა ფული, კომფორტი, თუ ჩემს გვერდზე ადამიანებს შიათ. ამით იმის თქმა მინდა, რომ იყო ემიგრანტი, ადვილი არ არის, დიდი პასუხისმგებლობა გაკისრია. ემიგრანტობა მძიმე ტვირთია სატარებლად! არავინ იცის, რამდენი უძილო ღამე გვაქვს გათენებული და როგორი მძიმე შრომით გვაქვს მოპოვებული ეს ფული, რომელსაც სიყვარულით და ღიმილით ვაგზავნით ჩვენს ოჯახებში. არც ამერიკაში მცხოვრები ქართველები მრჩებიან უყურადღებოდ, იქ სადაც ხელი მიმიწვდება, ვცდილობ, ჩემებურად მოვეფერო და გავუხალისო საახალწლო დღეები! მათ ყველაზე მეტად ჭირდებათ სითბო და მოფერება. ამ ყველაფერს სიმბოლური დატვირთვა აქვს, ვზრუნავთ ერთმანეთის გასამხნევებლად!

იმედს ვიტოვებ, უკეთესი წელი შემოაღებს კარს და იმედის მომცემი წელი დაგვიდგება. ემიგრანტებისაგან კი საქართველოს, სიყვარულის მესიჯს გავუგზავნით და ვთხოვთ მეტად დააფასოს ჩვენმა ქვეყანამ ჩვენი გაწეული შრომა და ჩვენ უფრო მეტს შევძლებთ ჩვენი მონატრებული სამშობლოსათვის! ღმერთმა დალოცოს საქრთველო! ღმერთმა დალოცოს ამერიკა და ამერიკელი ხალხი, ვინც კარგი გაგვიღეს, გვენდობიან, შეგვიფარეს უცხო ქვეყნის შვილები და გვაძლევენ შანს თავისუფლად ვიმუშა ოთ და დავეხმაროთ ოჯახებს! და ჩვენი ვალია, ისე მოვიქცეთ უცხო ქვეყანაში, როგორც ჩვენს ქვეყანას შეეფერება, რადგან თითოეული ემიგრანტის სახე და საქციელი,ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათია, უცხო ქვეყანაში!"

New York მარინა ირემაშვილი